განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
330100119003183546
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4214-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – მ----- ც--------ს

ბრალდებულ _ პ----- ხ--–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– პ----- გ-------ს ძე ხ--–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის, დასაოჯახებლის, უმაღლესი განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–--–------------–--------------–------------------------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- ხ--–-–---–მა ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილე პროკურორის შეურაცხყოფით.

პ----- ხ--–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, დ-----------–-----–--------------------–--------ზე მდებარე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ პ----- ხ--–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ამ უკანასკნელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალწარმოების მონაწილე პროკურორს - ვ----– ს--------ეს.

ე.ი. პ----- ხ--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა პ----- ხ--–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პ----- ხ--–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1-----------–ის განაჩენით პ----- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად იმავე დროის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთვა ამავე კანონით დადგენილი ვადით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, ზემოაღნიშნული განაჩენით დაკისრებული ჯარიმა გადახდილია ბრალდებულის მიერ 2018 წლის 13 მარტს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წერილის თანახმად, პ----- ხ--–-–---–ს გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2019 წლის 13 აგვისტოს. შესაბამისად, იგი განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროისათვის (2018 წლის 6 ნოემბერს) იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივნისის განაჩენით პ----- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სამი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1-----------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და პ----- ხ--–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები ამავე კანონით დადგენილი ვადით.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის განმარტებით დგინდება, რომ აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და მიმდინარეობს საქმის განხილვა. იქიდან გამომდინარე, რომ განაჩენი არ არის კანონიერ ძალაში შესული, ხოლო ამავე განაჩენით უკვე გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1-----------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, პ----- ხ--–-–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას იმსჯელოს პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე და საბოლოო სასჯელი განსაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევ პ----- ხ--–-–---–ს კვლავ შეღავათიანი პირობებით, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობით გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1-----------–ის განაჩენით განესაზღვრა არასაპატიმრო სასჯელი. მიუხედავად მასზე გავრცელებული შეღავათებისა, მან გამოავლინა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში. იგი სასამართლო სხდომის დარბაზში არ მოერიდა პროცესის მონაწილის საჯაროდ შეურაცხყოფას, რაც მიუთითებს მის ზღვარგადასულ თავშეუკავებლობაზე და საკუთარი ემოციების მართვის უნარის არქონაზე, რის გამოც სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც კვლავ არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ წარსულში მის მიმართ უკვე იქნა გამოყენებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომელიც შეუსრულებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით შეეცვალა ჯარიმით. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე არასაპატიმრო სასჯელების მიმართ და არწმუნებს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის აუცილებლობაში.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო ასეთ ღონისძიებად ბრალდებულის პიროვნებისა და მისი წარსული ნასამართლობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარისა და ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეადგენს 1 (ერთ) წელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ----- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. პ----- ხ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

3. 2018 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი (სისხლის სამართლის #------------ საქმეზე), განთავსებული კომპიუტერულ დისკზე (გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი