განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2953-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ი---------ის
ბრალდებულ _ მ-------------------------–-----
ადვოკატ _ დ-------ნ ბ--------ის
თარჯიმან - ლ--–- ჭ----–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ მ-------------------------–----- (მამის სახელი: მ------------------), დაბადებულის 1----–-–--------------ს, ირანის ი--–------- რესპუბლიკის მოქალაქის (-----ის ი--–------- რესპუბლიკის პასპორტის №---------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ი----–-----------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-------------------------–-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მ-------------------------–-----ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
მ-------------------------–-----მა (M--------------------------) 2019 წლის 16 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „მ--------–---–--“ შესასვლელთან, ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ც--–---ს, ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ხელებით ძლიერი დარტყმებით სცემა, კისერში ხელი წაუჭირა და მეტროსადგურის ექსკალატორამდე გაათრია, ცემისა და ამ ძალადობის გამო ნ---- ც--–---მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. მ-------------------------–-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 16 მაისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „მ--------–---–--“ შესასვლელთან, მ-------------------------–-----მა (M--------------------------), ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ც--–---ს, გენდერული მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუკი იგი გაბედავდა პოლიციისთვის მიმართვას. ნ---- ც--–---ს გაუჩნდა რა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გაქცევით უშველა თავს, მოახერხა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ექსკალატორით მეტროსადგურიდან გამოსვლა და მიმალვა.
ე.ი. მ-------------------------–-----მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა მ-------------------------–-----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: №------ შემაკავებელ ორდერს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ-------------------------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
მოცემულ შემთხვევაში, მ-------------------------–-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. აღნიშნული დადასტურებულია თავად ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „ღამის კლუბი არ იყო ქალისთვის შესაფერისი სამსახური... ქალს მანდ არაფერი ესაქმება“ და სწორედ ამის გამო არ სურდა, დაზარალებულს ემუშავა ღამის კლუბში. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ-------------------------–-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები შეიცავს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებს, რამდენადაც ისინი ჩადენილია ქალის უფლებრივი შეზღუდვის მიზნით. ამასთან, სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელებულია ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ორივე გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 1 (ერთ) წელს და 6 (ექვს) თვეს, ხოლო 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 1 (ერთ) წელს.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, მ-------------------------–-----ის მიერ დაზარალებულის მიმართ ძალადობა განხორციელებულია საჯარო ადგილას და გამოიხატა ხელის დარტყმით და სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებით (კისერში ხელის მოჭერითა და მეტროსადგურის ექსკალატორამდე გათრევით), რაც მიუთითებს მის მომეტებულ საშიშროებასა და არაკანონმორჩილებაზე. ზემოაღნიშნულისა და ქალის უფლებრივი მდგომარეობის მიმართ ბრალდებულის დისკრიმინაციული დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ძალადობის განმეორების რისკი კვლავ მაღალია, რაც აღკვეთილი უნდა იყოს შესაბამისი ეფექტური, შემაკავებელი ხასიათის ღონისძიებით.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება ვერ გახდება მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი. „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად, ასეთ დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის მხრიდან ძალადობრივი დამოკიდებულების განგრძობადი ხასიათი. შესაბამისად, სასამართლოს აუცილებლად მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა მხოლოდ პირობითი მსჯავრის დანიშვნით, ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკის გათვალისწინებით, ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები (მით უფრო, პრევენციის მიზანი).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მ-------------------------–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო მხედველობაში იღებს მ-------------------------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენება, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია საბოლოო სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს დაზარალებულთან მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-------------------------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. მ-------------------------–-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------------------------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
4. მ-------------------------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 17 მაისიდან.
5. მსჯავრდებულ მ-------------------------–-----ის ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მ-------------------------–-----ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი