განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
330100119003183828
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4215-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ნ-------- ჭ------ს,ბრალდებულ _ ლ---- ჯ-------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ლ---- ა---------–ის ძე ჯ-------ს, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: ქ------–--–----------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ”ე” ქვეპუნქტებით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- ჯ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ და არაერთგზის;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ლ---- ჯ-------ს მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით, ლ---- ჯ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

მიუხედავად ამისა, ქ------–--–----------------------ში, ლ---- ჯ------- ყოფილ მეუღლეს - მ--- ჯ-------ს და შვილს - ანა ჯ-------ს ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რამაც გამოიწვია მ--- ჯ-------ს და ანა ჯ-------ს ფსიქიკური ტანჯვა.

2019 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ჩ------------------ში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---- ჯ------- ყოფილ მეუღლეს - მ--- ჯ-------ს და შვილს - ა------------ას დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა, რა დროსაც მ--- ჯ-------ს და ანა ჯ-------ს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ე.ი. ლ---- ჯ-------მ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ლ---- ჯ-------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ალკოტესტით შემოწმების ოქმს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით ლ---- ჯ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 2 იანვრიდან 2019 წლის 21 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი. სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს, თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 8 აგვისტოს წერილის თანახმად კი, ლ---- ჯ-------ს გამოსაცდელი ვადა დაუსრულდებოდა 2020 წლის 20 მარტს. ამდენად, ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს ლ---- ჯ------- იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში და სახეზეა ოჯახში ძალადობის არაერთგზის ჩადენა.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ---- ჯ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

მოცემულ შემთხვევაში ლ---- ჯ-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელებულია ოჯახის ორი წევრის - ყოფილი მეუღლისა და შვილის მიმართ, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელი სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვარს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის გათვალისწინებით შეადგენს 1 (ერთ) წელს.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა მსგავსი ტიპის დანაშაულებში, კერძოდ, საქმეზე „ჰალიმე კილიჩი თურქეთის წინააღმდეგ“ (Halime Kilic v. Turkey, განაცხადი №63034/11, 28/06/2016), რომლის მიხედვითაც, განმცხადებლის შვილმა მისი მეუღლის წინააღმდეგ რამდენიმე დამცავი ორდერი აიღო, თუმცა სახელმწიფომ აღნიშნული ორდერების დარღვევისათვის არ დასაჯა ის პირი და შედეგად მან თავისი მეუღლე მოკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლების დარღვევა და დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მომჩივნის ქალიშვილი ქმრის ძალადობრივი ქმედებების პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა. სასამართლოს შეფასებით, განმეორებით ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ მუქარაზე თვალის დახუჭვით, ეროვნულმა ხელისუფლებამ შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ოჯახში ძალადობას.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ჯ-------ს მხრიდან ყოფილი მეუღლისა და შვილის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელებულია პირობითი მსჯავრის პირობებში ყოფნისას, რაც მიუთითებს ბრალდებულის პიროვნების მომეტებულ საშიშროებასა და მისგან მომდინარე საფრთხეების რეალურობაზე, რამდენადაც ოჯახში ძალადობისათვის დანიშნულმა არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და ვერ შეაკავა მისი დანაშაულებრივი ქმედებები, რომლის მსხვერპლიც ხელმეორედ გახდა ყოფილი მეუღლე - მ--- ჯ-------. ამასთან, აღსანიშნავია, ლ---- ჯ-------მ ბრალად წარდგენილი ქმედებები ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მცირე დროში. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს ბრალდებულისაგან მომდინარე რისკების მაღალ ალბათობაზე, რასაც ემატება მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება, კერძოდ, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ლ---- ჯ------- ხშირად იღებს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდება აგრესიული და კარგავს საკუთარ თავზე კონტროლის უნარს. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ სიცოცხლის მოსპობით მუქარისას იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რამაც დაზარალებულებს გაუჩინა მუქარის რეალურად განხორციელების შიში. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე დაზარალებულების დამოკიდებულებას ბრალდებულის მიმართ, კერძოდ, როგორც გამოკითხვის ოქმებით დგინდება, მათ შორის კონფლიქტი უკიდურესად გამწვავებულია და ბრალდებულის მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფისა და მუქარის ფონზე, დაზარალებულებს აქვთ მისგან ძალადობის განმეორების მოლოდინი. მათ არც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე უცნობებიათ სასამართლოსთვის შემრიგებლური პოზიციის შესახებ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულისაგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა შესაძლებელია მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით, რამდენადაც მანამდე გამოყენებულმა არასაპატიმრო სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ეფექტი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი. სასჯელის ზომის განსაზღვრისას კი სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მიმართ ბრალდებულის დამოკიდებულებას (აღიარებას) და საკმარისად მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა მინიმალური ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ქვედა ზღვარის, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილთან მიმართებით ამავე კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით შეადგენს 1 (ერთ) წელს, ხოლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა არა შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ჯ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. ლ---- ჯ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”გ” და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ჯ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ლ---- ჯ-------ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ჯ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. ლ---- ჯ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი