განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
330100118002551898
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3371-18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ხ----- ყ------–---–ის

ბრალდებულ _ ზ------ მ-----–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ზ------ ვ----–ის ძე მ-----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ.-----–--–-------------------------------------------------–----------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ------ მ-----–-–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან;

მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზ------ მ-----–-–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:45 საათზე, თბილისში, ალ--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------ მ-----–-–---–მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ---- უ----–---–ს, ასევე ავტობუსის წინა საქარე მინაზე მიარტყმევინა თავი და წააქცია, რითაც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხანგრძლივი მოშლით.

ე.ი. ზ------ მ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 17:45 საათზე, თბილისში, ალ--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------ მ-----–-–---–მა ძლიერად ჰკრა ხელი ლ---- უ----–---–ს და თავი მიარტყმევინა ავტობუსის (სახელმწიფო ნომრით - T-------- წინა საქარე მინაზე. დარტყმის შედეგად დაზიანდა წინა საქარე მინა, რითაც შპს „თ---–----------------------------------- მიადგა 800 (რვაასი) ლარის ქონებრივი ზიანი.

ე.ი. ზ------ მ-----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ზ------ მ-----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ავტობუსის დათვალიერების ოქმს, სასაქონლო ექსპერტიზის №------ დასკვნას, პირის ამოცნობის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ზ------ მ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზ------ მ-----–-–---–ის მიერ ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია საჯარო ადგილას, ამასთან, ბრალდებულის გაღიზიანება და დაზარალებულთან კონფლიქტი განაპირობა უმნიშვნელო საბაბმა, მისი განმარტებით, კონფლიქტი მოჰყვა დაზარალებული მძღოლის მხრიდან არასწორ საგზაო მანევრს, რაც მიუთითებს ბრალდებულის თავშეუკავებლობაზე და მის გაუწონასწორებელ ხასიათზე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, კერძოდ, ზ------ მ-----–-–---–ს დაზარალებულებისათვის - ლ---- უ----–---–ისა და შპს „თ---–----------------------------------ათვის“ მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმა ვერ უზრუნველყოფს ზ------ მ-----–-–---–ის სათანადო ქცევას და მისგან მომდინარე რისკები აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმებით.

სასამართლო მხედველობაში იღებს ზ------ მ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, იგი არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც აქცევს ყურადღებას და ეხმარება ფინანსურად, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება და საკმარისად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება. რაც შეეხება შინაპატიმრობას, სასამართლოს ზ------ მ-----–-–---–ის მიმართ აღნიშნული სასჯელის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან ბრალდებული პერიოდულად მუშაობს და მიღებული შემოსავლით ეხმარება ოჯახს, ხოლო აღნიშნული სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულებაში, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს მის ქონებრივ მდგომარეობაზე.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 30 მაისს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველ ნაწილს სასჯელის სახით დაემატა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ბრალდებულმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პასუხი უნდა აგოს 2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით.

ასევე ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობისა (მისი განმარტებით, პერიოდულად მუშაობს და აქვს ჯარიმის გადახდის საშუალება) და მის მიერ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, რაც გამოიხატა ქუჩაში, საჯარო ადგილას, უამრავი ადამიანის თვალწინ და თანდასწრებით, დაზარალებულის სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებით (სამედიცინო დასკვნის თანახმად, დაზარალებულს დაუდგინდა მარჯვნივ VII ნეკნის მოტეხილობა), სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ დამატებით სასჯელად ჯარიმის დაკისრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ------ მ-----–-–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელის სახით ზ------ მ-----–-–---–ისათვის პირობითი მსჯავრის დანიშვნა და გამოსაცდელი ვადის დადგენა, დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმასთან ერთად, სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, ზ------ მ-----–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. ზ------ მ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ------ მ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. მსჯავრდებულ ზ------ მ-----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზ------ მ-----–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. გაუქმდეს ზ------ მ-----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

7. ავტობუსი, სახელმწიფო ნომრით - T------ (ინახება დაზარალებულთან), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- ავტობუსის დათვალიერების ამსახველი ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და რენტგენოფირი, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი