გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210019003005013
N2/1536-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - ნა------------ე
წარმომადგენელი -ან----რ ჯა---ი
მოპასუხე - ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ა“
წარმომადგენელი- და--თ ჩხ---ე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ დირექტორის 2019 წლის 22 აპრილის N01-05-182 ბრძანება ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ N3- საბავშვო ბაღის მედდის ნა------------ის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. ნა------------ე აღდგენილი იქნეს ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ N3- საბავშვო ბაღის მედდის თანამდებობაზე;
1.3. ნა------------ეს აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან, 2019 წლის 22 აპრილიდან, თანამდებობაზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 336 ლარის ოდენობით (საშემოსავლოს გარეშე);
1.4. ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ას“ ნა------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის სექტემბრიდან მოსარჩელე მუშაობდა ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ N3- საბავშვო ბაღის ექთნის თანამდებობაზე. შრომით მოვალეობებს ასრულებდა ჯეროვნად და მუშაობის პერიოდში არც ერთი დისციპლინური სახდელი არ დაკისრებია.
2019 წლის 16 აპრილს, ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, საბავშვო ბაღში განხორციელებული ინსპექტირების შედეგად, ბაღის შენობის სხვადასხვა ადგილებში გამოვლინდა აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი გადამალული პროდუქტები, რომლებიც არ იყო აღრიცხული სპეციალურ ჟურნალში. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ჩათვალეს, რომ ეს იყო მალულად აღებული პროდუქტები პირადი მოხმარებისათვის და მოითხოვეს ახსნა-განმარტების დაწერა ბაღის თანამშრომლებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ განთავისუფლებით. მოსარჩელის განმარტებით, მართალია ახსნა-განმარტებაში აღიარა, რომ პროდუქტების გადამალვაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და გამოწვეული იყო ინსპექტირების პროცესში შექმნილი მძიმე ემოციური ფონით და ფსიქოლოგიური ზეწოლით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ დისციპლინურმა კომისიამ დაიწყო საქმის წარმოება. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ას“ მიეცა ნა------------ის თანამდებობიდან განთა--სუფლების რეკომენდაცია. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ მიეცა უფლება მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში და დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღიარა არარსებული ფაქტი. მას არავითარი კავშირი ბაღის პროდუქტების გადამალვასთან არ ჰქონია და ახსნა-განმარტების დაწერისას დაეყრდნო გაერთიანების იურისტის დაპირებას, აღიარების შემთხვევაში, მსუბუქი სანქციის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამოცემული ბრძანება უკანონოა, მას სამსახურეობრივად არ ჰქონდა შეხება პროდუქტებთან და შესაბამისად მათ გადამალვაშიც ვერ მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო აღიარება მოპასუხის წარმომადგენლის ფსიქიკური ზემოქმედებითა და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ დაწერა. ამდენად, კომისიას არ უნდა გაეთვალისწინებინა ასეთი აღიარება. ამასთან, შესაძლებელი იყო უფრო მსუბუქი სახდელის დაკისრება, ვინაიდან, მანამდე არასოდეს მის მიმართ დისციპლინარულ საქმის წარმოებას და დისციპლინური სახდელის დადებას ადგილი არ ჰქონია.
მოპასუხის პოზიცია:
ნა------------ის განთავისუფლების საფუძველი გახდა ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 16 აპრილის აქტი, გადამალული და ამოღებული პროდუქტების ფოტოსურათები, ასევე, მოსარჩელის 2019 წლის 16 აპრილის ახსნა-განმარტება და ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ მუდმივმოქმედი დისციპლინური კომისიის 2019 წლის 22 აპრილის N4 სხდომის ოქმი. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი პროდუქტების გადამალვა წარმოადგენს უხეშ დარღვევას, რაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ზ) ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამდენად, გასაჩივრებული ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის სექტემბრიდან განთავისუფლების დღემდე ნა------------ე დასაქმებული იყო ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ ქ. ბათუმის N3- საბავშვო ბაღის ექთნის პოზიციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 16 აპრილის აქტით, ქ. ბათუმის N3- საბავშვო ბაღის ინსპექტირებისას, კომისიამ გამოავლინა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი გადამალული პროდუქტი, რომელიც არ იყო აღრიცხული არც ჟურნალში და არც საწყობში.
ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ დისციპლინური კომისიის 2019 წლის 22 აპრილის სხდომის N4 ოქმის საფუძველზე გაერთიანების დირექტორის მიეცა რეკომენდაცია ქ. ბათუმის N3- საბავშვო ბაღის მედდის ნა------------ის თანამდებობიდან განთა--სუფლების შესახებ.
2019 წლის 22 აპრილის N01-05-182 ბრძანებით შეწყდა შრომითი ურთიერთობები ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ N3- საბავშვო ბაღის მედდასთან ნა------------ესთან და იგი გათა--სუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტები დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა და სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 16 აპრილის აქტი;
-ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ დისციპლინური კომისიის სხდომის ოქმი N4;
-2019 წლის 22 აპრილის N01-05-182 ბრძანება ნა------------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
3.2.2. მოსარჩელემ სადავო გახადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება. მოსარჩელე ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მონიტორინგის კომისიის მიერ საბავშვო ბაღში აღმოჩენილი იქნა აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი გადამალული პროდუქტი. თუმცა, აღნიშნავს, რომ მას ამ ფაქტთან არავითარი შეხება არ ჰქონია და ახსნა-განმარტება დაწერა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ცრუ დაპირების შედეგად.
სასამართლო უთითებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმად სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. აღნიშნული ვალდებულების ფარგლები, გადაწყვეტილების ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს და შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მიხედვით. თუკი კონვენციის მე-6 (§1) მუხლი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ მათი გადაწყვეტილება, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნა (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ,№7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 3-).
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისას, იგი ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ის ფაქტები და გარემოებები შეფასდეს, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. მოცემულ დავაში უნდა დადგინდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც თავისი შინაარსით, შეიძლება გამხდარიყო ნა------------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
როგორ აღინიშნა, სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევა-პროდუქტების გადამალვა, პირადი მოხმარების მიზნით, რომელიც ამავე გაერთიანების დისციპლინური კომისიის მიერ სხვა თანამშრომლებთან ერთად, შეერაცხა მოსარჩელესაც და შეფასებული იქნა როგორც ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. ამდენად, სასამართლოს მსჯელობის საგანია აქვს თუ არა კავშირი მითითებულ ფაქტტან ნა------------ეს და დაარღვია თუ არა ამით შრომის შინაგანაწესით მისთვის დაკისრებული ვალდებულება,ჰქონდა თუ არა ამ დარღვევას უხეში ხასიათი, რაც შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
3.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ზოგადი წესიდან განსხვავებით, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთი „შებრუნებულია“ და მიმართულია მოპასუხე - დამსაქმებლისკენ. შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, შესაბამისად, თუ ყოფილი დასაქმებული მიუთითებს იმის შესახებ, რომ იგი უკანონოდ გაანთავისუფლეს, ამ ფაქტის გაქარწყლება დამსაქმებლის ვალდებულებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებებშიც (2015 წლის 18 მარტი საქმე №ას-1276-1216-2014, 2015 წლის 23 მარტი საქმე №ას-122- 114-2015). ამდენად, მოცემულ შრომითსამართლებრივ დავაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის მატარებელია მოპასუხე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი იმ გარემოებების დადასტურება, რომელთა საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ნა------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას.
3.2.4. მოსარჩელე განმარტავდა, რომ საბავშვო ბაღის მედდას არ აქვს შეხება აღსაზრდელებისათვის განკუთვნილ პროდუქტებთან და მას ევალება მხოლოდ მენიუსა და კალორაჟობის შედგენა.
სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას. დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ დირექტორის 2016 წლის 3 მაისის N98 ბრძანებით დამტკიცდა ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ საბავშვო ბაღის მედდის უფლება-მოვალეობები (შრომითი ინსტრუქცია). აღნიშნული ინსტრუქციის პირველი მუხლის ბ) პუნქტით განსაზღვრულია საბავშვო ბაღის მედდის ფუნქციები, უფლება/მოვალეობები ბავშვთა კვებასთან მიმართებით, რომლის თანახმად საბავშვო ბაღის მედდა: ბ.თ)მონაწილეობას იღებს მენუს შედგენაში; ბ.ლ) თვალყურს ადევნებს უკვე გამზადებული საკვების გაცემას, თითოეულ ბავშვზე გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად, ბ.პ) ვალდებულია აკონტროლოს საბავშვო ბაღში სამაცივრე დანადგარების პროდუქტების შენახვისათვის გათვალისწინებული ტემპერატურის შესაბამისობა და თერმომეტრების გამართული მუშაობა; ბ.ს) ამოწმებს დღის რეჟიმის შესრულებას, ბავშვთა კვების ხარისხიანობას; ბ.უ)საკვების მომზადებისას თვალყურს ადევნებს და კონტროლს უწევს სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვას; ბ.ყ)ზედამხედველობას უწევს მრეცხავის, დამლაგებლის, მზარეულის და მზარეულის თანაშემწის საქმიანობას სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის თვალსაზრისით.
აღნიშნული ინსტრუქციით და მოწმე ლი--------ს ჩვენების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საბავშვო ბაღის მედდის ფუნქციაში შედის არა მხოლოდ აღსაზრდელთა კვების მენიუსა და კალორაჟობის შედგენა, არამედყველა იმ პირის (მზარეულის, მზარეულის თანაშემწის, დამლაგებლის, მრეცხავის) საქმიანობის კონტროლი, რომლებსაც შეხება აქვთ კვების პროდუქტებთან, პასუხისმგებელნი არიან საკვების ხარისხზე, რაოდენობაზე, მისაწოდებელი საკვების მომზადებაზე. ნა------------ის ვალდებულებას წარმოადგენდა საკვები მარაგის ნორმირებულ მიწოდებაზე კონტროლი, ხოლო, აქედან გამომდინარე, საკვების ხარჯვაზე კონტროლი. მისივე ფუნქცია მოიცავდა იმ გარემო-პირობების შემოწმებასაც, სადაც ინახებოდა ან მზადდებოდა საკვები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-2016 წლის 3 მასის ბრძანება ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ საბავშვო ბაღის მედდის უფლება-მოვალეობების განსაზღვრისა და დამტკიცების შესახებ;
-მოწმე ლი--------ს ჩვენება.
3.2.5. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საბავშვო ბაღში ადგილი ჰქონდა აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი პროდუქტების მომზადებას თანამშრომელთა პირადი მოხმარებისათვის და პროდუქტები შესაძლოა ამ მიზნით იყო გადადებული.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გაერთიანებას დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების შრომის შინაგანაწესი კრძალავს აღსაზრდელთა კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტების თანამშრომელთა პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებას. დადგენილია, რომ N3- საბავშვო ბაღში თანამშრომელთა კვების მიზნით გამოიყენებოდა ბავშვთა კვების მარაგიდან აღებული პროდუქტები. მოსარჩელე მხარემ საკუთარ ახსნა-განმარტებაში (იხ. სხდომის ოქმი 26/08/2019წ.) დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისთვის ცნობილი იყო საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მხრიდან ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი პროდუქტების პირადი მოხმარებისათვის გამოყენების ფაქტი. იგივე დაადასტურა მოწმე ნა----–-ა კა---–-–---–-ა. სასამართლო ადგენს, რომ ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა სისტემატურად და საბავშვო ბაღში მიღებულ პრაქტიკად ითვლებოდა. დადგენილია, რომ საბავშვო ბაღის მედდა, რომელიც ვალდებული იყო ეკონტროლებინა ბავშვთა კვების ხარისხი, რაოდენობა და კალორაჟი, ასეთ პრაქტიკას იზიარებდა სათანადო რეაგირების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება
-მოწმე ნა----–-ა კა---–-–---–-ს ჩვენება
-მოწმე ლი--------ს ჩვენება
3.2.6. დადგენილია, რომ მონიტორინგის კომისიამ 2019 წლის 16 აპრილს გამოავლინა საბავშვო ბაღის სხვადასხვა ადგილებში გადამალული საკვები პროდუქტები, რომლებიც მოსარჩელის განმარტებით თანამშრომელთა კვებისათვის იყო განკუთვნილი. წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ №3--ე საბავშვო ბაღში, სამზარეულოსა და საწყობის სხვადასხვა სათავსოში (კარადა, კარადის თავი, კარადის უჯრები, სანაგვე ურნები) :რძე - 6 ლიტრი (2 ლ სანაგვე ურნაში, 4 ლ სამზარეულოს უჯრაში); 1 კოლოფი ხილის ჩაი, მარილი - 0,3 კგ; მწვანილი 0,14 კგ; ვერმიშელი 0,24 კგ სანაგვე ურნაში; ქათამი - 0,680 კგ და კარაქი 0,3 კგ კარადის თავზე; ბრინჯი - 540 გრამი მნის საწყობში; ნამცხვარი - 0,640 კგ; ყველი - 0,790 კგ; მანანის ბურღული - 0,8 კგ; ხახვი - 0,5 კგ; კარტოფილი - 1,76 კგ სამზარეულოს კარადაში; 1 კოლოფი ხილის ჩაი - მნის კარადაში.
დადგენილია, რომ აღნიშნული პროდუქტები სამზარეულოს მიეწოდა საწყობიდან იმ დღის მენიუთი გათვალისწინებული საკვების დასამზადებლად, საბავშვო ბაღში იმ დღეს გამოცხადებულ აღსაზრდელთა რაოდენობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ შემოწმების მომენტისათვის მითითებული პროდუქტი უნდა ყოფილიყო გახარჯული მომზადებულ საკვებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 16 აპრილის აქტი;
-ფოტოსურათები
-მოწმე ლი--------ს ჩვენება
3.2.7. 2019 წლის 16 აპრილს, მონიტორინგის კომისიის მიერ პროდუქტების გადამალვის შესახებ აქტის შედგენის შემდეგ, მოსარჩელის მიერ ა(ა)იპ „ბა-------------–-------------------------ის“ დირექტორის სახელზე შედგენილი იქნა მოხსენებითი ბარათი. ბარათის შინაარსის მიხედვით, პროდუქტების გადამალვაზე სხვა თანამშრომლებთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მოსარჩელეც.
სარჩელში და საქმის ზეპირი მოსმენისას, მოსარჩელემ არაერთხელ მიუთითა, რომ მოხსენებითი ბარათი დაწერა გაერთიანების იურისტის ფსიქოლოგიური ზეწოლის და იძულების შედეგად. ამასთან, განმარტა, რომ ამ შინაარსის მოხსენებითი ბარათის დაწერის შემთხვევაში, დაპირდნენ უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი შეფარდებას ან სხვა საბავშვო ბაღში გადაყვანას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოხსენებითი ბარათის ზეწოლის ქვეშ დაწერასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, სასამართლო მიუთითებს არსებით წინააღმდეგობაზე მოსარჩელის პოზიციაში. სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ მოსარჩელეს არ ჰქონდა შეხება პროდუქტების გადამალვასთან, რატომ იყო მისთვის მისაღები უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელი ან სხვა საბავშვო ბაღში გადაყვანა. ასევე, ფქსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას გამორიცხავს ის გარემოებაც, რომ მოხსენებითი ბარათი დაწერილი იქნა არა საბავშვო ბაღში, კომისიის მუშაობის დასრულებისთანავე, არამედ გაერთიანების შენობაში, სამუშაო საათების დასრულების შემდგომ. სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიის მუშაობისას ემოციური ფონისა და სტრესის მიღების მიუხედავად, რაზედაც მიუთითებდა მოსარჩელე, მოხსენებითი ბარათის დაწერის დროისათვის გასული იყო საკმარისი დროს იმისათვის, რომ ნა------------ეს გაეანალიზებინა მომხდარი, გაეაზრებინა და ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია კომისიის მუშაობასთან და გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ხედავს ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ვერა--თარ ნიშანს, რომლის შედეგად მოსარჩელე საკუთარ თავს იძულებით შერაცხავდა მოხსენებით ბარათში აღწერილ ფაქტს.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მონიტორინგის კომისიის ოქმში მითითებული პროდუქტების პირადი საჭიროების მიზნით გადამალვაში მოსარჩელე ნა------------ე მონაწილეობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნა------------ის მოხსენებითი ბარათი
-მხარეთა ახსნა-განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნა------------ის სარჩელი არ უნდა უნდა დაკმაყოფილდეს.
5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ.
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაცია, ევროპის სოციალური ქარტია, შრომის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ „შრომის უფლება“ ადამიანის სოციალურ უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი ფუნდამენტია. საქართველოს კონსტიტუციის 3--ე მუხლის პირველი ნაწილით „შრომა თავისუფალია“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციური ჩანაწერი „შრომა თავისუფალია“, მოიცავს არა მხოლოდ შრომითი საქმიანობის არჩევის თავისუფლებას, არამედ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას დასაქმებულის ყველა ის სოციალური უფლება, რომელიც გამომდინარეობს შრომითი სამართალურთიერთობიდან, მათ შორის, დაიცვას დასაქმებულის უფლება ჰქონდეს განჭვრეტადი შრომითი ხელშეკრულება, იცოდეს რა პირობებში მოუწევს საქმიანობა და რა ხანგრძლივობით, უფლება მიიღოს სამართლიანი და ადეკვატური ანაზღაურება, ანაზღაურდეს მისი დასვენება, უფლება გაწევრიანდეს პროფესიულ კავშირებში, იყოს დაცული დამსაქმებლის თვითნებობისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოვეთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
ევროპის სოციალურ ქარტიის 24-ე მუხლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები, ასევე, აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს „დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სათანადო საფუძვლები, სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და თანაბარზომიერი ჩადენილი დარღვევისადმი (სუსგ. საქმეზე #ას-1027-981-2013 24.01.14წ.). შრომის კოდექსის 37(1)„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, უზენაესი სასამართლო უთითებს პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპზე, რომლის თანახმად კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება არის უკიდურესი ზომა, ზღვარი, რომლის მიღმა დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთთანამშრომლობა წარმოუდგენელია. სამსახურიდან განთავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული და დამსაქმებლის ინტერესი გაანთავისუფლოს დასაქმებული განპირობებულია გარდაუვალი მიზეზებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები N ას-416-399-16, 2016 წლის 29 ივნისის განჩინება; Nას-812-779-2016, 2016 წლის 19 ოქტომბრის განჩინება; Nას-1276-1216-2014, 2015 წლის 18 მარტის განჩინება; Nას-483-457-2015, 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება).
შრომითი ურთიერთობისას მუშაკის ქმედებისათვის „უხეში დარღვევის“ კვალიფიკაციის შერაცხვა ინდივიდუალური შეფასების შედეგია. თუ ერთ შემთხვევაში კონკრეტული ქმედება მძიმედ ლახავს დამსაქმებლის ინტერესებს, სხვა შემთხვევაში იგივე ქმედებას შეიძლება არც ჰქონდეს შრომით დისციპლინის ან შინაგანაწესის დარღვევის ნიშანი. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, არის თუ არა განთავისუფლება დარღვევის/გადაცდომის ადეკვატური.
6.2. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებდა ორ ძირითად გარემოებაზე: 1) მისთვის შერაცხულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პროდუქტებთან არავითარი შეხება არ ჰქონდა და შესაბამისად, ვერც შეძლებდა პროდუქტების გადამალვას, ხოლო მოხსენებითი ბარათი დააწერინეს ზეწოლით; 2) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მანძილზე არასოდეს ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა, არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი, შესაბამისად გაერთიანება ვალდებული იყო მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და გამოეყენებინა უფრო მსუბუქი სახდელი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნა------------ეს სამსახურეობრივად ევალებოდა იმ თანამშრომელთა კონტროლი, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდა საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა საკვების მომზადებასთან და საკვების ხარისხის შენარჩუნებასთან. მოსარჩელეს ევალებოდა არა მარტო მენიუს შედგენა და კალორაჟობის დათვლა, არამედ კონტროლი მომზადებული საკვების ხარისხზე, მისი შენახვის ნორმების დაცვაზე, შესანახი სამაცივრე დანადგარებისა თუ სხვა ადგილების მოწესრიგებულობაზე. ამდენად, ამ თვალსაზრისით ის წარმოადგენდა საბავშვო ბაღის მზარეულის, მზარეულის თანაშემწის მნის მაკონტროლებელს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის სამსახურეობრივი უფლებამოსილება საკვებ მარაგთან დაკავშირებით იყო მინიმალური და მას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო პროდუქტების გადამალვაში.
აღნიშნული სამსახურეობრივი ქვემდებარეობა გამოიკვეთა მოსარჩელის განმარტებაშიც, როცა მან დაადასტურა, რომ იცოდა თანამშრომელთა მიერ საკვები პროდუქტების პირადი მოხმარებისათვის გამოყენების ფაქტი, თუმცა, არასოდეს აღნიშნულის თაობაზე არ განუცხადებია ადმინისტრაციისათვის და უფრო მეტიც, იღებდა ამ ფაქტს, როგორც დასაშვებს და მართლზომიერს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მონიტორინგის კომისიის მიერ გამოვლენილი პროდუქციის გადამალვასთან უშუალო შეხება ჰქონდა მოსარჩელეს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოხსენებით ბარათში მითითებული ქმედებასთან მისი კავშირი ტყუილია და მას აიძულეს ამ შინაარსის დოკუმენტის დაწერა. ამ თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ნების გამოვლენის თავისუფლების შემზღუდველი არც ერთი გარემოება საქმეში არ მტკიცდება.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მონიტორინგის კომისიის მუშაობისას შეიქმნა დაძაბული ვითარება, რამაც მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. სასამართლოსთვის ეს გარემოება არაა სარწმუნო. მართალია, ნებისმიერ შემოწმებას თან ახლავს გარკვეული ფსიქოლოგიური სტრესი, თუმცა, მოხსენებითი ბარათი დაიწერა არა შემოწმების დასრულებისთანავე, არამედ, რამოდენიმე საათის შემდეგ. ბუნებრივია, სიტუაციის გაანალიზების და რეალური მდგომარეობის გათვითცნობიერების შემდეგ. მოსარჩელის მოსაზრებას აბათილებს ის გარემოებაც, რომ, მისივე განმარტებით, შეპირდნენ უფრო მსუბუქ სახდელს ან სხვა ბაღში გადანაწილებას. რაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის მისაღები იყო. ანუ მოსარჩელე თავად მიუთითებს მის ქმედებაში დისციპლინური გადაცდომის არსებობაზე, რაც, მისივე მოსაზრებით უნდა დაქვემდებარებოდა უფრო მსუბუქ სანქცირებას. საბოლოო ჯამში სასამართლოსთვის გაუგებარია, როდისაა მოსარჩელის პოზიცია სარწმუნო, როცა განმარტავს, რომ საერთოდ არ ჩაუდენია ქმედება, თუ როცა ჩადენილი ქმედების გამო თანახმაა უფრო მსუბუქ სანქციაზე ან სხვა ბაღში გადაყვანაზე.
6.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების უხეში დარღვევის ფაქტი.
როგორც უკვე აღინიშნა, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული 37(1)„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი დაცულია, თუ ჩადელი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების რესურსი არ არსებობს, ხოლო დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა ამოწურულია. .სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უხეში დარღვევის ტერმინი, მოიცავს შემთხვევას, როდესაც დამსაქმებელმა დაკარგა ნდობა დასაქმებულის მიმართ და სამსახურებრივი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ადგენს ნა------------ის უშუალო კავშირს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი პროდუქტების პირადი მოხმარების მიზნით გადამალვის ფაქტთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული პროდუქტები გამიზნული იყო სახლში წასაღებად, თუ ადგილზე, პირადი მოხმარებისათვის, საკვების მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროდუქტები აკლდებოდა ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვების მოსამზადებელ მარაგს, რაც იმ პირის მხრიდან, რომელსაც პირდაპირ ევალებოდა ბავშვთა კვების კალორაჟის დაცვა, ყველა იმ პროდუქტის ბავშვების კვებისათვის გამოყენება, რომლითაც მარაგდებოდა საბავშვო ბაღი, მიუღებელი ქმედებაა და წარმოადგენს შრომის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას.
აღნიშნული ქმედება, თავისი შინაარსით, გამორიცხავდა დამსაქმებლის მხრიდან უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან, სახეზეა მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი პირის მხრიდან საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის არა მარტო შეუსრულებლობა ან/და უხეში დარღვევა, არამედ გაუთვითცნობიერებლობა და ხშირ შემთხევაში ზედაპირული და ფორმალური დამოკიდებულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ შეესაბამება Ultima Ratio - ს პრინციპს და წარმოადგენს მითითებულ დარღვევაზე ადეკვეტურ, პროპორციულ და თანაზომიერ რეაგირებას.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნა------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილისქ 30) მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 დაარაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე