გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119003022290
#2/1360-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.10.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ნ----------------–-–---–ი;
წარმომადგენელი - ე-----–-----–---–ი;
მოპასუხე - მ---------------------ი;
წარმომადგენელი- ნ------–--–----ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე მ---------------------ს მოსარჩელე ნ----------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2600 აშშ დოლარის გადახდა.
1.1. მოპასუხე მ---------------------ს მოსარჩელე ნ----------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 10 დეკემბერს მ---------------------ს სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, თვეში 5%-ის დარიცხვით, სესხი მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 1 წლის ვადაში. მოპასუხე მ---------------------მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს დაუბრუნა მხოლოდ სესხის ნაწილი, გადასახდელი დარჩა 2600 აშშ დოლარი. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ---------------------მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ 2000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2300 აშშ დოლარის მოთხოვნას დაეთანხმა და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ----------------–-–---–ისაგან სესხის სახით აიღო 3000 აშშ დოლარი, რომლის პროცენტი სრულად გადაიხადა ძირითადი თანხის ნაწილთან ერთად. 2018 წლის დეკემბრის თვეში გადახდილი იქნა სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარი. ძირი თანხიდან და პროცენტიდან მის მიერ გადახდილი იქნა 2000 აშშ დოლარი. სესხის აღებიდან 7 თვის შემდეგ დაუბრუნდა 1000 აშშ დოლარი. დარჩენილი 2000 აშშ დოლარის პროცენტს იხდიდა ერთი წელი და 1 თვე, სულ გადაიხადა 1650 აშშ დოლარი პროცენტის სახით, რითაც ამოწურა საპროცენტო ვალდებულება და ძირითადი თანხის დიდი ნაწილი. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 10 დეკემბერს მ---------------------ს სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, თვეში 5%-ის დარიცხვით, სესხი მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 1 წლის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 10 დეკემბრის ხელწერილი.
3.2.2. მოპასუხის მტკიცებით, 2000 აშშ დოლარი მოსარჩელეს დაუბრუნა. სესხის აღებიდან 7 თვის შემდეგ დაუბრუნდა 1000 აშშ დოლარი. დარჩენილი 2000 აშშ დოლარის პროცენტს იხდიდა ერთი წელი და 1 თვე, სულ გადაიხადა 1650 აშშ დოლარი პროცენტის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა განმარტება.
3.2.3. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას თანხის - 2000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო 2300 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამდენად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის - მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ----------------–-–---–ი სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტს ადასტურებს, როგორც ახსნა-განმარტებით ასევე საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, რომლის ნამდვილობა მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე მხარის მიერ დადასტურებული იქნა, რომ სესხის თანხა შეადგენდა 3000 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სადავოდ გახადა გადასახდელი თანხის ოდენობა და მიუთითა, რომ აღნიშნული თანხიდან 2000 აშშ დოლარი მოსარჩელეს დაუბრუნა. სესხის აღებიდან 7 თვის შემდეგ დაუბრუნდა 1000 აშშ დოლარი. დარჩენილი 2000 აშშ დოლარის პროცენტს იხდიდა ერთი წელი და 1 თვე, სულ გადაიხადა 1650 აშშ დოლარი პროცენტის სახით, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე ვალდებულების შესრულების მიღება აღნიშნული ნორმის თანახმად, განიმარტება იმგვარად, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონი მოვალეს აღჭურავს უფლებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ ვალდებულების შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურებას. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მოწმეთა ჩვენებით. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონმდებელი ფულადი ვალდებულების (თანხის გადახდა) შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს კრედიტორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთს და სასამართლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაარწმუნა მის მიერ მითითებული გარემოებების სისწორეში. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ მ---------------------ს ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2600 აშშ დოლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ----------------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 427-ე, 429-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.2. დადგენილია, რომ ნ----------------–-–---–ს და მ---------------------ს შორის არსებობდა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი სადაც მოპასუხე ადასტურებს ხელმოწერით, რომლის თანახმად 2017 წლის 10 დეკემბერს მ---------------------ს სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, თვეში 5%-ის დარიცხვით, სესხი მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 1 წლის ვადაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე განმარტავს, რომ 2000 აშშ დოლარი მოსარჩელეს დაუბრუნა. სესხის აღებიდან 7 თვის შემდეგ დაუბრუნდა 1000 აშშ დოლარი. დარჩენილი 2000 აშშ დოლარის პროცენტს იხდიდა ერთი წელი და 1 თვე, სულ გადაიხადა 1650 აშშ დოლარი პროცენტის სახით, ამის დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეები. ზემოაღნიშნულ ურთიერთობასთან მიმართებაში მხოლოდ მოწმის ჩვენების საფუძველზე შეუძლებელია ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტს. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 2600 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ---------------------მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ 2000 აშშ დოლარის მოთხოვნის, ხოლო მთავარ სხდომაზე 2300 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო. მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 218 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი იქნა სახ.ბაჟი 50 ლარი. ამდენად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 180,6 ლარის ოდენობით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 87,8 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 37,8 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს სასამართლოს გარეშე ხარჯი - ადვოკატის მომსახურების საფასური 300 ლარი. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, კანონით დადგენილი მაქსიმალური ზღვარის ფარგლებში, სასამართლო განსაზღვრავს გონივრულ ოდენობას, რომელსაც წაგებული მხარე ანაზღაურებს.
საქმის სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 150 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მ---------------------ს - ნ----------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2600 აშშ დოლარის გადახდა.
3. მ---------------------ს - ნ----------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 87,8 ლარის გადახდა (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 37,8 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
4. მ---------------------ს - ნ----------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად;
5. მ---------------------ს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 31 მაისს სს 'თ----------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 180,6 ლარი (საგადასახადო დავალება №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე