გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2019
საქმის ნომერი
330210016001617126
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/35882-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ივლისი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნ---- მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელეები - ნ---------------ი

წარმომადგენელი - მ-------------–---–ი

მოპასუხე - რ----------------–---–ი

წარმომადგენელი - პ---–--------ე

მოპასუხე - შ-------–--------ი''

წარმომადგენელი - ე-–------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შ-------–--------ს“ და რ----------------–---–ს დაეკისროთ 6000 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ნ---------------ს დასჭირდა სტომატოლოგიური სამედიცინო დახმარება, 2012 წლის 21 მაისს მის კანონიერ წარმომადგენლებს, მშობლებსა და შპს „D---------------------”-თან, დაიდო ხელშეკრულება სტომატოლოგიური მომსახურებისათვის. ხელშეკრულების მე-12 მუხლიდან გამომდინარე სტომატოლოგიური მომსახურების უნდა მიეღო ნ---------------ს კომპანიის მიერ მითითებულ კლინიკაში. კომპანიამ მიუთითა მათ კლინიკა „ე-–---------" და ნ----ს ექიმი გახდა რ----------------–---–ი. ექიმმა მკურნალობა დაუწყო ნ----ს 2012 წლის მაისიდან. ექიმი რ----------------–---–ი იბარებდა ნ----ს სხვადასხვა კლინიკებში. ყველა კლინიკაში, რომლებშიც ნ----ს იბარებდა ექიმი მშობლები იხდიდნენ გარკვეულ საფასურს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღმოჩნდა რომ მკურნალობას არანაირი შედეგი არ ჰქონდა.

ნ----ს დედამ, თ----–---------–---მა ექიმ რ----------------–---–ს მოსთხოვა უკან დაებრუნებინა გადახდილი თანხა, რათა გაეგრძელებინა შვილის სხვა კლინიკაში მკურნალობა. ექიმი დაეთანხმა და 2015 წლის 25 აპრილს მათ ნოტარიუსთან გააფორმეს სანოტარო აქტი, სადაც ჩანს რომ ექიმმა რ----------------–---–მა დააბრუნა პაციენტის მიერ გადახდილი თანხიდან 1800 ლარი. ამის შემდეგ მშობლებმა მიმართეს სხვა კლინიკებს, სადაც აუხსნეს რომ მდგომარეობა გართულებული იყო და ვერ აიღებდნენ პასუხისმგებლობას ნ----ს მკურნალობაზე, რის შემდეგაც ნ---------------ის დედამ, თ----–---------–---მა 2015 წლის 17 ივლისს მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შესწავლა ექიმ რ----------------–---–ის მიერ მისი შვილის, ნ---------------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. სამინისტრომ აცნობა 2016 წლის 23 თებერვალს პასუხი გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესახებ, სადაც წარმოდგენილია საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნა ნ---------------ის კლინიკური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პაციენტი ნ---------------ი საჭიროებს ორწლიან ორთოდონტულ მკურნალობას. ასოციაციის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გამოტანილ სარეცენზიო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნ---------------ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე გამოვლენილი იქნა დარღვევები.

არასწორი მკურნალობის შემდგომი წინა სარეაბილიტაციო სტომატოლოგიური მკურნალობის საფასური რომელიც ესაჭიროება ნ---------------ს შეადგენს 3500 ლარს, ხოლო ძირითადი მკურნალობის საფასური კერძო სტომატოლოგიურ კლინიკებში შეადგენს 3000-3500 ლარს; რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ჯამში 6000 ლარის დაკისრებას. (იხ. სარჩელი ს/ფ 3-5)

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. რ----------------–---–მა და შ-------–--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

 

მოსარჩელის მკურნალი ექიმის, მოპასუხე რ----------------–---–ის განმარტებით, კომპანია "დ------–-----------------თან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პაციენტ ნ---------------ის მშობლებმა გადაიხადეს მკურნალობის საფასური 550 ლარი. პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, დაისვა დიაგნოზი და მოხდა სამკურნალო აპარტის ფიქსირება პირის ღრუში. შემდგომ, კომპანია "დ------–-----------------თან" გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა და მუშაობა განაგრძო რამდენიმე კლინიკაში. ვინაიდან მოსარჩელ მხარეს ხელშეკრულება გაფორმებული ქონდა ზემოაღნიშნულ კომპანიასთან მის ვალდებულებას არ წარმოადგენდა ნ---------------ის მკურნალობის გაგრძელება, თუმცა მოსარჩელის მშობლების თხოვნას მკურნალობის გაგრძელების თაობაზე, დაეთანხმდა. მოსარჩელემ კომპანია "დ------–-----------------იდან" გამოითხოვა პაციენტის სამედიცინო ბარათი, ანაბეჭდი, რენდგენის კვლევები, მაგრამ ეს მონაცემები ვერ მოიპოვა. მან პაციენტთან განაგრძო ორთოდონტიული მკურნალობა – თვეში ერთხელ ვიზიტი ექიმთან ფიქსირებულ ორთოდონტიულ აპარატზე (ბრეკეტ სისტემაზე) კორექციები.

ორთოდონტიული მკურნალობა არაა მხოლოდ ექიმზე ან მხოლოდ პაციენტზე დამოკიდებული. ეს არის ურთიერთშეთანხმებული მკურნალობა, პაციენტი დანიშნულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დაზარალდეს. პაციენტს ყოველ ვიზიტზე მშობელთან ერთად მუდმივად აფრთხილებდა ჰიგიენის დაცვაზე და კვების რეჟიმის დაცვაზე, რის დაუცველობაც იწვევდა პირის ღრუს ანთებით პროცესს და სამკურნალო აპარატის დაზიანებას, რაც აფერხებდა მკურნალობის პროცესს. სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე მოპასუხეს უწევდა რამდენიმე კლინიკაში მუშაობა და შესაბამისად პაციენტს უწევდა სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტი, რომელიც ყოველთვის მთავრდებოდა რეგისტრატურაში სკანდალით თანხის გადახდასთან დაკავშირებით.

ორთოდონტიული სამკურნალო აპარატით მიღებული იქნა სასურველი შედეგი ბრეკეტ სისტემა მოიხსნა, რითიც კმაყოფილი იყო ორივე მხარე. ჩატარდა რენდგენოლოგიური კვლევა, ექიმ თერაპევტის მიერ წმენდა, აღებული იქნა ანაბეჭდი. ამის შემდეგ გაგრძელდა ე.წ. რეტენციული პერიოდი რეტეინერების საშუალებით. პაციენტი დანიშნულების საფუძველზე მშობელთან ერთად რეტეინერების მოვლა მოხმარებასთან დაკავშირებით გაფრთხილებულები იყვნენ რომ დანიშნულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიღებული შედეგი არ შეუნარჩუნდებოდა. დანიშნულება მოიცავდა რეტეინერების მუდმივ ტარებას და ოთხივე მერვე კბილის ამოღებას (ექსტრაქციას), რაც არ შეასრულეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსარჩელეს მშობელმა კლინიკაში ვიზიტისას მოაწყო სკანდალი, უკავშირდებოდნენ ტელეფონზე და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამავდროულად თხოვდნენ თანხას. ამ მდგომარეობამ მიიღო ინტენსიური ხასიათი და იძულებული გახდა მისი პირადი თანხა გადაეხადა მათთვის მიუხედავად იმისა, რომ მათ თანხები გადახდილი ქონდათ არა პირადად მოპასუხისათვის, არამედ სხვადასხვა კლინიკებში.

2.2. შ-------–--------ის“ განმარტებით, ნ---------------ის კანონიერ წარმომადგენელ ვ------------------სა და შპს "დ------–-----------------ი“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება პაციენტ ნ---------------ისათვის ზედა და ქვედა ყბის ბრეკეტ-სისტემით მკურნალობის ჩასატარებლად, რის საფუძველზეც ნ---------------ს დაესვა დიაგნოზი და მკურნალობა დაიწყო სწორედ შპს „დ------–-----------------ი“-ს სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც მოხდა მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემის დაფიქსირება. პაციენტ ნ---------------ის "შპს ე-–--------ში" პირველი ვიზიტის დროს, რ----------------–---–ი აღარ მუშაობდა აღნიშნულ კლინიკასთან, რის გამოც თ----–---------–---მა მიმართა რ----------------–---–ს თხოვნით, გაეგრძელებინა მკურნალობა მისი შვილისთვის, რაზედაც რ----------------–---–მა თანხმობა განუცხადა და ბრეკეტ-სისტემის კორექციის მიზნით კლინიკა „ე-–--------ში“ მიიღო და მომსახურება გაუწია აღნიშნულ პაციენტს.

„საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის“ მიერ მომზადებულია სარეცენზიო დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში აღმოჩენილია რამდენიმე უზუსტობა: დასკვნაში წერია, რომ პაციენტ ნ---------------ს ექიმმა რ----------------–---–მა დაუსვა პროგნათიის დიაგნოზი, რა დროსაც კლინიკა „ე-–--------ში“ დაიგეგმა და დაიწყო აღნიშნული პაციენტის მკურნალობა, რაც აბსოლიტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოთ ხსენებულმა პაციენტმა მკურნალობა დაიწყო შპს „დ------–-----------------ი“-ს კლინიკაში, სწორედ იქ იქნა დასმული აღნიშნული დიაგნოზი, დაიგეგმა მკურნალობა, მოხდა ზედა და ქვედა ყბის მოუხსნელი ბრეკეტ სისტემის დაფიქსირება. „შპს ე-–--------ში“ პაციენტი იმყოფებოდა მხოლოდ რამდენიმე ვიზიტით, რა დროსაც ჩაუტარდა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული ბრეკეტის კორექცია. საქართველოს სტომატოლოგიური ასოციაციის სარეცენზიო დასკვნა ეყრდნობა მოსარჩელე მხარის ზეპირ განცხადებებს, აღნიშნულ დასკვნაში წერია, რომ თითქოს თ----–---------–---ის გაცხადებიდან ირკვევა, რომ შპს „დ------–-----------------ი“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მისი შვილი ნ---------------ი გამოგზავნილი იყო ,,შპს ე-–--------ში“ სადაც მოხდა ზედა და ქვედა ყბის მოუხსნელი ბრეკეტ-სისტემის დაფიქსირება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

შპს „დ------–-----------------ი“-თან არასდროს არანაირი საქმიანი ან რამე სხვა სახის შეხება არ ქონია „შპს ე-–--------ს“, რომელიც დაფუძნებული და რეგისტრირებულია რეესტრში 2013 წლის 2 აგვისტოს. შესაბამისად, პაციენტი ვერანაირად ვერ იქნებოდა გამოგზავნილი შპს „დ------–-----------------იდან“ მოპასუხე კლინიკაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქმეზე დადგენილია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2012 წლის 21 მაისს შპს „D---------------------”-სა და ვ------------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ, რომლის მიხედვითაც;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ (ს.ფ. 16-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.1.2. 2015 წლის 25 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილის მიხედვით, თ----–---------–---ი აცხადებს, რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება ექიმ რ----------------–---–თან, რომელმაც სრულად გადაუხადა თ----–---------–---ს შვილისთვის გაწეული მკურნალობის თანხა 1800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

 

3.1.3.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, კომისიური წესით შესწავლილ იქნა ექიმ რ----------------–---–ის მიერ, პაციენტ ნ---------------ის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულ იქნა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ექიმ-სპეციალისტთა მიერ. ნ---------------ის კლინიკური მდგომარეობა შეფასებულ იქნა რეცენზენტების მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 28)

- სარეცენზიო დასკვნა (ს.ფ. 30-39);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლის დანაწესზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს და განსაზღვრავს, რომ: სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

 

3.2.1. საქმის მასალებით მოპასუხეთა მხრიდან პაციენტისათვის არაკვალიფიციური სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის ფაქტი არ დასტურდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმციის პრინციპი, შესაბამისად ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება მხარეთა შორის: დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა თავის მხრივ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების პრინციპზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარე მართლაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არაწორად განხორციელებული მკურნალობა და დიაგნოსტიკა, რამაც ზიანი გამოიწვია, ხოლო მტკიცების ტვირთი, რომ ზიანი სამედიცინო დაწესებულების პერსონალთა ქმედების შედეგად არ დამდგარა აკისრია სამედიცინო დაწესებულებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების გარდა რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც მხარე დაადასტურებდა სადავო ფაქტობრივი გარემოებების არსებობას უტყუარად, საქმეში წარმოდგენილი არ არის; ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება სტომატოლოგიური მომსახურების ჩატარების შემდგომ, რამდენად გამოიწვია არასწორმა დიაგნოსტიკამ და შემდგომმა მკურნალობამ, რისთვისაც არსებითია სპეციალური ცოდნით აღჭურვილი და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირთა დასკვნების შეფასება. განსახილველ შემთხვევაში საკუთარი პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად, პროცესის ორივე მხარე, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე აპელირებენ საქმეში არსებულ ერთიდაიმავე წერილობით მტკიცებულებებზე _ “საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციების“ ექიმ-სპეციალისტთა სარეცენზიო დასკვნებზე; კერძოდ,სარჩელს თან ერთვის საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის 2015 წლის 29 ოქტომბრის სარეცნზიო დასკვნა, სადაც აღწერილია მოსარჩელეების ახსნა-განმარტება, ასევე მითითებულია, რომ სიტუაციის სრულფასოვანი შეფასებისთვის სასურველია პაციენტის კლინიკური გამოკვლევა.

 

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის 2015 წლის 8 დეკემბრის დასკვნის მიხედვითა, შესწავლილ იქნა ნ---------------ის კლინიკური მდგომარეობა, პაციენტს აღენიშნება ენგლესს მეორე კლასის პირველი ქვეკლასის თანკბილვის ანომალია, ფრონტალურ კბილებს შორის მანძილი დაახლოებით 10 მმ-ია, ფრონტალურ კბილთა გადმოკბილვაა 20%. პაციენტს აღენიშნება ქვედა ცენტრალური კბილების ცვეთა და კარიესები 1.6; 2.5; 2.6; 4.6 კბილებზე. ანემნეზის შეკრებამ ცხადყო, რომ ნ----ს წარსულში აღენიშნებოდა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, რაც გამოიხატებოდა მარჯვენა მხარეს საკვების მიღების დროს სახსრის ტკივილსა და მის ხშირ ამოვარდნილობაში. ამჟამად მას რემისიის ფაზა აქვს, თუმცა დიდი ალბათობა იმისა, რომ სახსრის პრობლემებმა თავი კვლავ იჩინონ. პაციენტის მონაცემებს თან არ ახლდა მკურნალობის საწყისი და საბოლოო პანორამული რენტგენი და ცეფალოგრამა, ასევე თაბაშირის სადიაგნოსტიკო მოდელები და პაციენტის ფოტოები, შესაბამისად სრულყოფილად ვერ იმსჯელებს წარსულში ჩატარებული ორთოდონტული მკურნალობის ავკარგიანობაზე. პაციენტს ჩაუტარდა კლინიკური და ფოტოგრაფიული გამოკვლევა, ასევე პაციენტს გადაუღეს პანორამული რენტგენი. კოლეგა სტომატოლოგების ობიექტური კვლევის მონაცემების მიუხედავად, პაციენტს არ აღენიშნება კბილების მორყევა, რენტგენოლოგიური სურათიც დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სტომატოლოგის მიერ დანიშნულ კალციუმის პრეპარატების მიღებას, ამ მედიკამენტების დანიშვნა ექიმი პედიატრის ან თერაპევტის პრეროგატივაა. ისე კი თვლიან, რომ ამის საჭიროება არც არსებობს. საბოლოოდ დასკვნის შედგენის დროის მდგომარეობით, პაციენტი - ნ---------------ი საჭიროებს 2 წლიან ორთოდონტულ მკურნალობას, რათა მომავალში ადგილი არ ჰქონდეს კბილთა შემდგომ ცვეთას, ოაროდონტისა და საფეთქელქვედა ყბის სახსრის დაზიანებებს.

 

აღნიშნული დასკვნის შეფასებისა და დასკვნის ავტორთა სასამართლო პროცესზე დაფიქსირებული პოზიციის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ შესთავაზა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობა იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებაში და ასევე მკურნალი ექიმის მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შედეგად, მოსარჩელის მდგომარეობა გაუარესდა, რაც უშუალო კავშირშია დამდგარ ზიანთან. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ გარდა მოპასუხედ დასახელებული სტომატოლოგიური კლინიკისა, პაციენტს 2012-2015 წლებში მომსახურება გაეწია და მკურნალობა ჩაუტარდა რამოდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკაში (შპს “დ----------ი“, შპს ვ-----------ში“, შპს „ს-----------–---------–----------“-ში“, შპს“დ----------ში“ და სხვა) რომელთაგან უმრავლესობა აღარ ფუნქციონირებს და სრულყოფილი დასკვნის შედგენისათვის საჭირო დოკუმენტაცია, რომელშიც სრულყოფილად და თანმიმდევრულად იქნებოდა ასახული პაციენტის ორთოდონტული მკურნალობის შეფასებისათვის საჭირო მონაცემები, სარეცენზიო დასკვნის ავტორებს ხელთ არ ქონიათ.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურების კუთხით მოსარჩელემ დამაჯერებელ არგუმენტებზე ვერ მიუთითა, ვინაიდან საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტთა სარეცენზიო დასკვნებითა და სხვა მტკიცებულებათ, არ დგინდება მოპასუხე სამედიცინო დაწებულების და სტომატოლოგის რ----------------–---–ის მიერ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების განხორციელები ფაქტი, რომელიც უშუალოდ განაპირობებდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 28)

- სარეცენზიო დასკვნა (ს.ფ. 30-39);

 

3.2.2. სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, სწორედ მოსარჩელე მხარეა ვალდებული ამტკიცოს არა მხოლოდ ზიანის არსებობის ფაქტი, არამედ მისი ოდენობაც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნევს მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერი განმარტებას, 6000 ლარის ოდენობით სამომავლო ხარჯის გაწევის აუცილებლობის თაობაზე.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი რ----------------–---–ის და შ-------–--------ის“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 413-ე, 408-409-ე, 992-ე, 1007-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახედ დელიქტურ ვალდებულებას განსაზღვრავს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, ანაზღაურდება არასახლშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით იმდენად რამდენადაც დელიქტური სამართლის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების გამწევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ირღვევა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დამცავი სამართლის ნორმები, დაზარალებულის ჯანმრთელობის აბსოლიტური უფლება; შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, ხოლო დამხმარე ნორმებს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“.

 

განსახილველ შემთხვევაში ნ---------------ი (პაციენტი) შპს“ე-–---------ს“ და მკურნალი ექიმის მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვს არასწორი მკურნალობის შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ასევე შემდგომი მკურნალობისათვის საჭირო ხარჯის მათთვის დაკისრებას, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გაეწია არასათანადო სამედიცინო მომსახურება რაც გამოიხატა არასწორ მკურნალობაში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქოსამართლებრივი პასუხიმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, თითოეული ამ კომპონენტის თავისებურება სამედიცინო საქმიანობის ხასიათით განისაზღვრება. იმავე პირობების არსებობას მოითხოვს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი, რომლის ძალითაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ხოლო ზიანის მიმყენებლი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია, დადგინდეს საექიმო შეცდომა.

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 „ჩ1“ მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობა (მომსახურება) გულისხმობს საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასთან, გაუმჯობესებასთან და აღდგენასთან (ფსიქიკური, სოციალურ, სამედიცინო და ფიზიკურ რეაბილიტაციასთან), პალიატიურ მზრუნველობასთან, პაციენტის სამედიცინო მოვლასთან, პროტეზირებასთან, პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირებასთან, პაციენტის სამედიცინო განათლებაასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, ფსიქიატრიულ ექსპერტიზასტან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებთან და სამედიცინო დაწესებულებებში გაწეულ სამედინო საქმიანობასთან დაკავშირებულ თანმხლებ მომსახურებასთან და ხორციელდება დადგენილი წესით;

 

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად მცდარ სამედიცინო ქმედებად განმარტებულია ექიმის მიერ უნიებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ექიმის მიერ პაციენტისათვის ზიანის მიყენება არ უნდა იყოს წინასწარ განზრახული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება აღარ მოექცევა ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში მოცემული მცდარი სამედიცინო ქმედების ფარგლებში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს: ,,პაციენტთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე და აღნიშნავს, რომ: პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. არ არის მიღწეული სამედიცინო საქმიანობის მიზანი (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მედიცინის მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამედიცინო მაჩვენებლებს.

 

შესაბამისად, პაციენტისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევებში, საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერებასა და ყურადღებიანობაში იგულისხმება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულება. ამასთან, მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ უმოქმედობასაც. არასათანადო სამედიცინო მომსახურება ხასიათდება არა მხოლოდ დიაგნოსტიკური და სამკურნალო ჩარევების მეთოდურად და ტექნიკურად განხორციელებით, არამედ სამედიცინო დანიშნულებით დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების სავალდებულო მოცულობის შეუსრულებლობით, რომელიც ავადმყოფის სათანადო დაკვირვებითა და მოვლით უზრუნველყოფილი არ არის. თუ ექიმი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ის არ არღვევს არც ერთ ვალდებულებას და ბრალი არ მიუძღვის. ანუ ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებელი, როდესაც ზიანი, რომელიც პაციენტს მიადგა, გამომდინარეობს დიაგნოტიკის ან მკურნალობის დროს დაშვებული ბრალეული შეცდომიდან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლში მითითებული შემთხვევების არსებობისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი აწევს სამედიცინო დაწესებულებას. ასეთ დროს, პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის არსებობა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს (სუსგN260-244-2014, 28.05.2014წ).

 

სადავო შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაემტკიცებინა მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების, ექიმის მტკიცების ტვირთი იყო დაემტკიცებინა რომ მისმა მუშაკებმა ყველა მართლზომიერი საექიმო ქმედება განახორციელეს პაციენტის დაავადების სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალსწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქმეზე გამოკვლეული ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.2.1-3.2.2. პუნქტებში განვითარებული მსჯელობის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ, კონკრეტული საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებისა და მკურნალი ექიმის მხრიდან პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო ისეთი სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების განხორციელების ფაქტი, რაც განაპირობებდა ზიანის ანაზღაურებისთვის სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას და შესაბამისად ნ---------------ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 180 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნ---------------ის სარჩელი რ----------------–---–ის და შ-------–--------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნ---- მამულაშვილი