განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4819-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - ლ-–----------–-----
ბრალდებულ - გ------------------–---–-- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------------------------–---–---------------------------------–-------–-–------------------------–----------–-------–----–----------–------------------------–---------------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–---------–---------------------–-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში,------------------–--–-- კორპუსი №50, ბ-------–- საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკებისას, გაბრაზებულმა გ------------------–---–-- რამოდენიმეჯერ მუშტის დარტყმით დააზიანა და გაანადგურა დის - თ----------------–---–-- კუთვნილი “TCL”-ის ფირმის პლაზმური ტელევიზორი, ხოლო შემდეგ ხელში აიღო „DELL“-ის ფირმის კომპიუტერის მონიტორი და დაახეთქა ძირს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კომპიუტერის მონიტორი და ტელევიზორი წარმოდგენილი სახით გამოუსადეგარია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ------------------–---–-- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ------------------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. გ------------------–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: თ----------------–---–-----------------------–---–-----------------------–---- გამოკითხვის ოქმებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გ------------------–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.4 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნებისათვის. ნივთის დაზიანება ან განადგურება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
4.5 დანაშაულებრივ ქმედებაში, დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი დაზიანებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 830 (რვაას ოცდაათი) ლარს. რაც დადასტურებულია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. გ------------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, არ არის წარსულში ნასამართლევი, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
6.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს რა ბრალდებულის პიროვნებას და იმ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ დგინდება, - მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა სავსებით შესაძლებელია გ------------------–---–-- მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით; მისი ოდენობა კი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და გ------------------–---–-- ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს გ------------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ გ------------------–---–-- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ტელევიზორი და კომპიუტერის მონიტორი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. 3. სუნის კვალის ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე