განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2077-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - თ------------------–------------------–---–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული რ--------------–------------------------------------–-------–-–------------------------–----------–---- მცხოვრები: ქ-------–--------------–---------------------------
ადვოკატი - ზ----------–-----
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტები - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევის მცდელობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 03 აპრილს, დაახლოებით 05:45 საათზე, ფასეული ნივთების ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დასაუფლებლად, რ--------------–---, წინასწარი შეთანხმებით, სხვა პირთან ერთად, ცდილობდა თბილისში, ა----–----- №3-ში მდებარე სასურსათო ჯიხურში შეღწევას.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა რა რ--------------–---- ბრალდების საქმე, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და რ------–---- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში რ------–--- უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა რ----–------–----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ქ. თბილისი, ზ------------–----- №3-ში აქვს პატარა, შერეული სასურსათო მაღაზია. მაღაზია არის რკინის ოთხკუთხედი ფირფიტებით შეკრული, წინა მხრიდან აქვს მეტალოპლასტმასის, საკეტიანი კარი, რომელიც დამატებით ე.წ. "ჟალუზითაც“ იკეტება. 2019 წლის 02 აპრილს მაღაზია დაკეტა დაახლოებით 23:00 საათზე, დაახლოებით 07:00 საათზე კი პოლიციის თანამშრომლებმა შეატყობინეს, რომ ადგილი ჰქონდა მისი მაღაზიის გაქურდვის მცდელობას. პოლიციის თანამშრომლების მიერ, მისი მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც მაღაზიასთან ნანახი იქნა, როგორც ჩანს, დამნაშავეთა მიერ მაღაზიის კედლის რკინის ფირფიტის დასაზიანებლად მოშველიებული, შავი ფერის რკინის მილი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და მანამდე არც სადმე უნახავს. ჯიხურის გვერდითა, მარჯვენა კედლის რკინის საფარის ნაწილი იყო დაზიანებული, მის ქვეშ არსებული კედელი კი - გამონგრეული. მაღაზიაში არეულობა დახვდა, დამნაშავის მიერ გადაძრომის დროს გადმოყრილი საქონლისა და ნივთების გამო. წაღებული არაფერი იყო. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებული რ--------------–--- მისი ახლობლის შვილია, იგი პერიოდულად მოდიოდა-ხოლმე მის სავაჭრო ჯიხურში და მისთვის თანხის შემდგომი გადახდის პირობით პროდუქციაც არაერთხელ მიუცია.
მოწმე გ-----------–---–--, გ-–-----------–------- სამმართველოს მ--------------–---- უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვსას განმარტა, რომ 2019 წლის 03 აპრილს თანამშრომელ დ----------–--------- ერთად ახორციელებდა პატრულირებას. დაახლოებით დილის 5-6 საათზე მშვიდობის ქუჩის დასაწყისში, ჯიხურებთან გააჩერეს ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოსულები დაღმართზე ჩადიოდნენ, დაახლოებით 30-50 მეტრის რადიუსში რკინაზე დარტყმის ხმა რომ გაიგონეს და მიხვდნენ, რომ, სავარაუდოდ, ადგილი უნდა ჰქონოდა ქურდობის ფაქტს. გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საიდანაც ხმა მოესმათ, რა დროსაც, მშვიდობის და ავჭალის ქუჩების კვეთაზე მდებარე ერთ-ერთი ჯიხურის გამონგრეულ კედელთან, დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე, ხელოვნური განათების პირობებში, შენიშნეს ორი მამაკაცი, - ერთ-ერთი გამონგრეული ადგილიდან წელამდე იყო შემძვრალი ჯიხურში, მეორე კი რკინის მილით შესასვლელის გაფართოვებას ცდილობდა. მამაკაცებმაც მაშინვე შენიშნეს. დაუძახეს რომ პოლიციელები იყვნენ და შეჩერებულიყვნენ, მაგრამ კედელთან მდგომმა მამაკაცმა მილი დააგდო, ჯიხურში ნახევრად გადამძვრალი კი გამოძვრა და კორპუსების მიმართულებით გაიქცნენ. დაედევნენ. დამნაშავე, რომელიც ჯიხურში შეღწევას ცდილობდა, გაექცათ, მეორეს კი, ბრალდებულს, დაახლოებით 200 მეტრში ახალნაწვიმარზე ფეხი დაუსხლტა და წაიქცა, რის შემდეგაც იგი ადგილზევე დააკავეს. დაკავებულს უფლებები განუმარტეს. მან აღიარა დანაშაული და ბოდიშსაც იხდიდა, რომ ქურდობა ჩაიდინა. დაკავებული, რომელიც რ--------------–--- აღმოჩნდა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ძირითადში, იმავე შინაარსის ჩვენება მისცა მოწმე დ----------–-----, გ-–-----------–------- სამმართველოს მ--------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა. მოწმე დ----------–------------------–---–----- განსხვავებულად მხოლოდ ის ფაქტი განმარტა, რომ რკინის მტვრევის ხმა რომ გაიგეს მშვიდობის ქუჩის დაღმართზე კი არა, ავჭალის ქუჩაზე მდებარე შუქნიშნის მხრიდან მშვიდობის ქუჩაზე ზევით მოძრაონდნენ.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 03 აპრილს, 05:45 სთ-ზე, ქ. თბილისში, ზ----–-, ა----–----- №3-ის მიმდებარედ, ინსპექტორ-გამომძიებლების - გ-----------–---–-------------------–----- მიერ, საქართველოს სსკ 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ბრალდებულის სახით, მიმალვის მცდელობისას, დაკავებული იქნა რ--------------–---.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 03 აპრილს, 07:10-08:15 სთ. პერიოდში, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გ-–-----------–------- სამმართველოს მ--------------–---- გამომძიებელ ნ-----–-------–------ მიერ, რ----–------–----- და ექსპერტების მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც დათვალიერდა ა----–----- N3-ში მდებარე რკინის სავაჭრო ჯიხური. ჯიხური დაკეტილი აღმოჩნდა ორი ბოქლომით, რომლებზეც დაზიანების რაიმე კვალი არ აღინიშნებოდა. მაღაზიის მარჯვენა კედლის თუნუქის საფარი იყო დეფორმირებული და გადაწეული. გადაწეული თუნუქის ადგილას მოჩანდა მაღაზიის კედლის ხის კარკასი, თეთრი პლასტიკატი და კედლის საფარი. დაზიანებულ კედელთან მიყუდებული ნახეს დაახლოებით ნახევარი მეტრის სიგრძის მართკუთხა რკინის მილი, მასში არსებული პატარა ზომის რკინის ნაჭრით. იქვე მიწაზე ეყარა დაზიანებული კედლიდან ჩამოშლილი პლასტიკატის ნატეხები, სხვადასხვა ზომის მწებავი ლენტები, დანები და სხვა ნივთები.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებული მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი არ ეკუთვნის რ--------------–---- და ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვა პირს.
ბრალდებულმა რ--------------–---- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 02 აპრილს, ღამის 02:00 საათის შემდგომ პერიოდში, ძაღლი სასეირნოდ გაუშვა. ძაღლი მალევე რომ არ დაბრუნდა, მის მოსაძებნად წავიდა, ამასთან, ჯიხურებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრისთვის სიგარეტის თხოვნას აპირებდა. დაახლოებით 50 მეტრის მანძილიდან რკინის მტვრევის ხმა გაიგონა და დაიყვირა - რას აკეთებ მანდ, ბიჭოო. დაინახა, რომ მისი დაყვირებისთანავე ვიღაც ჯიხურების მიმართულებით გაიქცა. თავადაც სახლისკენ წავიდა. გზად პოლიციის თანამშრომლები დაინახა, მიხვდა, რომ იმ ტერიტორიაზე მარტო მყოფს არავინ დაუჯერებდა, მას რომ არაფერი დაუშავებია, ამიტომ შეეშინდა და სახლის მიმართულებით გაიქცა. დაახლოებით 200 მეტრი ირბინა და რომ წაიქცა, ადგომა აღარც უცდია. პოლიციის თანამშრომლებმა ბორკილები დაადეს და მანქანაში ჩასვეს. სხვა პოლიციელები კი ქუჩაზე დადიოდნენ და ეძებდნენ თუ რა იყო დაზიანებული და გატეხილი. შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა სხვებს შეატყობინა, რომ იპოვეს, რასაც ეძებდნენ, პირადად მას კი დაემუქრა - შენ თუ არ დაგიჭირო, ნახავო. განყოფილებაში მიყვანისას პოლიციის უფროსმა მონიტორი და კომპიუტერის ნაწილების ადგილსამყოფელი ჰკითხა, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ ეს ნივთები მისი მოპარული იყო. რაზეც, ცხადია, უთხრა, რომ არაფერი იცოდა მის მიერ ჩამოთვლილ ნივთებზე. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ოცდათერთმეტი წელია იმ უბანში ცხოვრობს, სადაც რ----–------–----- მაღაზია მდებარეობს. მაღაზიის მეპატრონეს კარგად იცნობს, მისგან პროდუქცია ნისიად არაერთხელ წაუღია და მაღაზიის გაქურდვა ამ ქალბატონის მხრიდან ასეთი ნდობის გამოც მიუღებელი იქნებოდა მისთვის.
სასამართლომ გამოიკვლია რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალადშერაცხული დანაშაულის რ--------------–---- მიერ ჩადენა კანონით გათვალისწინებული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებული ვერ იქნა. სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
ბრალდების ძირითადი მტკიცებულებები გ-----------–---–-------------------–----- ჩვენებებია, რომელთა თანახმადაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამართალდამცველებმა რ--------------–--- დაადანაშაულეს ქურდობის მცდელობის ჩადენაში, ვინაიდან, მათივე განმარტებით, თავად იყვნენ ამ უკანასკნელის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემსწრენი.
თვითმხილველ მოწმეთა მიერ რ--------------–---- მხილების მიუხედავად, საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, სასამართლოს არ შეჰქმნია მყარი რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა მართლაც ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხული დანაშული, რადგან ბრალდების ორივე მოწმის განმარტება, - რომლის თანახმადაც რ--------------–--- შემთხვევის ადგილზე ნახეს გამონგრეულ კედელთან მდგომი, რკინის მილით ხელში, რომლითაც იგი მაღაზიის უკვე გამონგრეული კედლის გაფართოებას და მისი თანაამსრულებლისათვის მაღაზიაში შეღწევის გაადვილებას ცდილობდა, - არამხოლოდ ბრალდებულის ჩვენებასთან მოდის წინააღმდეგობაში, არამედ, არც სხვა მტკიცებულებით მყარდება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მილზე (რომელიც, ბრალდების მოწმეთა განმარტებით, ბრალდებულ რ--------------–---- ეჭირა) ბრალდების მხარისვე ინიციატივით ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგზე, რომლის თანახმადაც, ნაცვლად რ--------------–---- ბიომასალისა, მილზე აღმოჩნდა მამრობითი სქესის სხვა პირის გენეტიკური პროფილი.
ნიშანდობლივია ისიც, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე პროკურორის მიერ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხელის კვლებზე დანიშნული იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზაც, თუმცა, მოცემული ექსპერტიზის შედეგები სასამართლოსთვის უცნობია. სასამართლო ვარაუდობს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ, როგორც ბიოლოგიური, ისე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნების წარმოუდგენლობა, განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული მტკიცებულებები დანაშაულში რ--------------–---- ბრალეულობას არ ადასტურებს.
რკინის მილსა და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ სხვა ნივთებზე რ--------------–---- კვალის არარსებობის ფაქტი თანხვედრაშია ბრალდებულის პოზიციასთან მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის სხვა პირის მიერ ჩადენისა და მისი უდანაშაულობის შესახებ და წინააღმდეგობაშია სამართალდამცველთა ჩვენებებთან, რომელთა თანახმადაც რ--------------–--- არათუ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, არამედ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აქტიური ქმედებებითაც გამოირჩეოდა (მითუფრო, იმ ვითარებაში, როცა არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ შემთხვევისას მას ხელთათმანები ეკეთა).
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერების (და არა მათი განყენებულად შეფასების) და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევამ ცხადჰყო, რომ ფაქტობრივად დადგენილი გარემოებების ანალიზი არ იძლევა ცალსახა, მხოლოდ პროკურორისეული ინტერპრეტაციით მათი აღქმის შესაძლებლობას, რის გამოც, მათზე დაყრდნობით, ბრალდებულის საწინააღმდეგო, სამართლებრივად მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა, გაუმართლებელია.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ რ--------------–---- მიერ რ----–------–----- მაღაზიის გაქურდვის მცდელობის ფაქტი, გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი ვერ იქნა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი - უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.
„გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში...
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, №41-45 პარაგრაფები)
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში რ--------------–---- უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 271-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ--------------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;
გაუქმდეს რ--------------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდეს სხდომის დარბაზშივე.
გამართლებულ რ--------------–---- განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 2. რ-----–--- ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები და ლითონის ნაჭერი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე