განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-890-19
(#042120919001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20.11.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე:
ადვოკატები: ელგუჯა გავაშელი და ომარ მურადასილოვი,ბრალდებული: რ---------------ი
მამის სახელი: ა-----ი
პირადი ნომერი: 1----------
დაბადებული: 12.07.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ.: დმანისის რაიონი, სოფელი გ-----.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
თარჯიმანი: თალე ალიევა,სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ---------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ,,AKMC” მოდელის 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის და AK-74” მოდელის 5,45 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატები, რომლებსაც ინახავდა დმანისის რაიონის სოფელ გ-----ში მისი დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ განთავსებულ დამხმარე ნაგებობაში, რაც იქნა ამოღებული 2019 წლის 14 სექტემბერს. რ---------------ი ასევე მართლსაწინააღდეგოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილ 60 ცალ ავტომატის ვაზნას, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 13 სექტემბერს დმანისის რაიონის სოფელ გ-----ში მისი დროებითი საცხორვებელი სახლის ჩხრეკისას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, რ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების, ა--------------ის, ბ-–---------------ის, რ---------------ის, ა--------------ის გამოკითხვის ოქმებს, რ---------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმს, დამხმარე ნაგებობიდან ნივთმტკიცების ამოღების ოქმს, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 05 ნოემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ცივ იარაღთან შედარებით ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არ არის საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც; გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის (მაგალითად. ტყვიის) მოქმედების მანძილი, ძალა და სხვა საზიანო თვისება არ არის დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემსა და პროფესიონალიზმზე, ვინც მოახდინა გასროლა; ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების სამართლებრივ განმარტებასთან მიმართებით ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა” ქ/პუნქტის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღი განმარტებულია, როგორც იარაღი რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად კი საბრძოლო მასალა, განმარტებულია, როგორც მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიცირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.
დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება რეალიზებულ იქნეს საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.
მართლსაწინააღმდეგო შეძენა შეიძლება გამოიხატოს კანონის დარღვევით ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში, ვალში გაცვლაში. შეძენა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა პირს მიეცემა განკარგვის შესაძლებლობა.
მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება გამოიხატოს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენაში, იმ პირის მიერ ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს.
სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს და ინახავს სსკ-ის 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ რ---------------მა განზრახ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,AKMC” მოდელის 7,62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, - რომელიც მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ასევე ,AK-74” მოდელის 5,45 კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი, - იგი მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, - რასაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რ---------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის, მისი პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---------------ს უნდა დაენიშნოს სსკ-ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
6.1. რ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს აღნიშნული სს საქმიდან გამოყოფილ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ---------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
2. რ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 14 სექტემბრიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი