გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2019
საქმის ნომერი
330210019002840821
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
18.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2251-19

(330210019002840821)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - შ----------------–-–---–-

წარმომადგენელი: გ---------–------

მოპასუხე - შპს „დ----------------“

წარმომადგენელი - ზ--------------- (დირექტორი)

დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე, შპს „დ----------------“ მოსარჩელე, შ----------------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს შრომის ანაზღაურების სახით 1747 ლარისა და 53 თეთრის გადახდა;

1.2. მოპასუხე, შპს „დ----------------“ მოსარჩელე, შ----------------–-–---–-ს სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 2018 წლის 25 აგვისტოდან მიუღებელი შრომის ანაზღაურების 0,07%-ს გადახდა ყოველ დაყოვნებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე, შ----------------–-–---–- 2018 წლის 13 ივლისიდან, 2018 წლის 11 ნოემბრამდე მუშაობდა შპს „დ---------------ში“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. ხელზე მისაღები ხელფასი იყო 450 ლარი. შრომის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა.

შრომითი ხელშეკრულების დადებიდან მის შეწყვეტამდე, მოსარჩელეს არ მიუღია მისი კუთვნილი ხელფასი, რომლის ოდენობა შეადგენს 1747.53 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ ფორმალური შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვის დროს მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა არა 2018 წლის 11 ნოემბერს, არამედ ამავე წლის 10 ოქტომბერს. მოპასუხემ აღიარა, რომ მოსარჩელისათვის ხელფასი არ გადაუხდია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე, შ----------------–-–---–- 2018 წლის 13 ივლისიდან მუშაობდა შპს „დ---------------ში“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 450 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). შრომის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 25 რიცხვისა.

 

3.1.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის შრომითი ურთიერთობის განმავლობაში არცერთი თვის ხელფასი არ გადაუხდია და ასევე არ მოუხდენია მასთან საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.-ები:18-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

სასამართლო დადგენილად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა არა 2018 წლის 10 ოქტომბრიდან, არამედ 2018 წლის 11 ნოემბერს - მოსარჩელის ინიციატივით, რამდენადაც მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები 2018 წლის 10 ოქტომბრის ბრძანების მოსარჩელისათვის ჩაბარებისა და ამ დროიდანვე შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1747 ლარისა და 53 თეთრის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ბრძანების ასლი (ს.ფ.53);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენლის აღიარებით, შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოპასუხეს მოსარჩელისათვის არცერთი თვის ხელფასი არ გადაუხდია და ასევე არ მოუხდენია მასთან საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო თვლის, რომ რამდენადაც მოპასუხემ აღიარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელისათვის ხელფასის გადაუხდელობის შესახებ და ვერ დაადასტურა შრომითი ხელშეკრულების 2018 წლის 10 ოქტომბრიდან მისი ინიციატივით შეწყვეტის ფაქტი, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1747.53 ლარის გადახდა.

 

5.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

რამდენადაც სახეზეა შრომის ანაზღაურების დაყოვნების ფატი, რასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის, შპს „დ----------------“ მოსარჩელე, შ----------------–-–---–-ს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 25 აგვისტოდან და 2018 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით თითოეული თვის შრომის ანაზღაურების - 450 ლარის 0.07%-ის ოდენობით, შესაბამისი თვის 25 რიცხვიდან, ყოველ დაყოვნებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ხოლო ამავე წლის ნოემბრის 11 დღის ხელფასის - 165 ლარის 0.07%-ის გადახდა 2018 წლის 11 ნოემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

6. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

რამდენადაც მოსარჩელე კანონით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. შ----------------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე, შპს ,,დ----------------“ მოსარჩელე, შ----------------–-–---–-ს სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების სახით, დაეკისროს 1747 ლარისა 53 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

3. შპს „დ----------------“ მოსარჩელე, შ----------------–-–---–-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 25 აგვისტოდან და 2018 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით თითოეული თვის შრომის ანაზღაურების - 450 ლარის 0.07%-ის ოდენობით, შესაბამისი თვის 25 რიცხვიდან, ყოველ დაყოვნებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ხოლო ამავე წლის ნოემბრის 11 დღის ხელფასის - 165 ლარის 0.07%-ის გადახდა 2018 წლის 11 ნოემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

4. მოპასუხე, შპს ,,დ----------------“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი