გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15206-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - მ----ა ლ--------------ე
წარმომადგენლები - შ--–-- გ-–--ე, ს------- ქ--------ა
მოპასუხე - ნ----ა ჯ------ა
წარმომადგენელი - მ-----ა გ---–----–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნოტარიუსის მიერ 2019 წლის 31 მაისს გაცემულ №--------- სააღსრულებო ფურცელში შევიდეს ცვლილება და ძირი თანხა განისაზღვროს 21600 ლარის ოდენობით, გაუქმდეს პროცენტი 840 ლარი და პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, 2018 წლის 28 აპრილიდან.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 28 ოქტომბერს მ----ა ლ--------------ესა და ნ----ა ჯ------ას შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №---------, რომლის თანახმად იპოთეკარმა ნ----ა ჯ------ამ მოსარჩელეს ასესხა 33 600 ლარი, რის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა მ----ა ლ--------------ის კუთვნილი ქონება, მდებარე თბილისი, ნ----–---–ის ქუჩა №--, ფართი 47.84კვ.მ, ს/კ 0----------------------.
მოსარჩელე ყოველთვიურად იხდიდა პროცენტს - 840 ლარს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი ვალდებულებას შეასრულებდა 2019 წლის მაისის თვეში. აღნიშნული შეთანხმება მოიცავდა ასევე დათქმას 2018 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის მაისის თვემდე ყოველთვიურ შენატანზე 1000 ლარის ოდენობით, რომელითაც დაიფარებოდა სესხის ძირი თანხა. აღნიშნული შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო წერილობით, თუმცა დაიდო ზეპირსიტყვიერად. ერთი წლის მანძილზე შეთანხმებისამებრ მოსარჩელე იხდიდა 1000 ლარს, რაც გადაეცემოდა მოპასუხეს ხელზე. საერთო ჯამში მოსარჩელემ მოპასუხეს 2018 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 28 აპრილის ჩათვილით გადაუხადა 12000 ლარი.
2019 წლის მაისის თვეში გამსესხებელმა მოითხოვა 33600 ლარისა და ასევე 2019 წლის მაისის თვის პროცენტის - 840 ლარის გადახდა.
ნ----ა ჯ------ამ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ნოტარიუსმა 2019 წლის 31 მაისს გასცა სააღსრულებო ფურცელი №--------, სადაც ვალდებულების ძირი თანხის ოდენობა განისაზღვრა 33600 ლარით, სარგებელი - 840 ლარით, ხოლო 2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე პირგასამტეხლო - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2019 წლის 05 ივნისს დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი ნაწილობრივ.
შესაგებელში განმარტებულია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი აქვს ძირი თანხის 5 თვის ყოველთვიური პროცენტი 2.5%, 840 ლარი, ჯამურად 4200 ლარი. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით რაიმე შეთანხმება არ ყოფილა (იხ. 2019 წლის 04 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:21:29-13:23:45).
სესხის ძირითადი თანხის 33 600 ლარის ყოველთიური 0,05% ვადაგადაცილებულ 402 დღეზე (2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულების დაწყებამდე - 2019 წლის 05 ივნისამდე) მთლიანობაში შეადგენს 6753,6 ლარს, რასაც ცნობს მოპასუხე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 28 ოქტომბერს მ----ა ლ--------------ესა („მსესხებელი“, „მესაკუთრე“) და ნ----ა ჯ------ას („გამსესხებელი“, „იპოთეკარი“) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №---------, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 33 600 ლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 2,5% სარგებლის დარიცხვით.
მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, თბილისი ნ----–---–ის ქუჩა №--, ფართი 47.84 კვ.მ, საკადასტო კოდი 0----------------------.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).
3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის არ დაბრუნების შემთვევაში) მსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).
3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-19 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).
3.1.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წლის 31 მაისს ნოტარიუსმა (ი--- ხ-------მა) გასცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების შესრულების დროა 2018 წლის 28 აპრილი; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 33 600 ლარით, დარიცხული ერთი თვის სარგებელი - 840 ლარით, პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე.
აღსასრულებელი ვალდებულების სახედ განისაზღვრა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
კერძო აღმასრულებლის ე-----–- ღ--------ის 2019 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადებით (A----------------) მოვალეს, მ----ა ლ--------------ეს ეცნობა სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და კრედიტორის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად კრედიტორის მოთხოვნა შეადგენდა 48 074,64 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
2019 წლის 31 მაისის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 23-25).
გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება (ს.ფ. 26-28).
3.1.6. მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ მ----ა ლ--------------ეს ნ----ა ჯ------ას სასარგებლოდ გადახდილი აქვს 4 200 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 46-48).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არ დგინდება მ----ა ლ--------------ის მიერ ნ----ა ჯ------ას სასარგებლოდ 12 000 ლარის გადახდის ფაქტი.
მოსარჩელის განმარტებით - მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ მსესხებლის მიერ ვალდებულების 2019 წლის მაისის თვეში შესრულაზე, რაც მოიცავდა ასევე დათქმას 2018 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის მაისის თვემდე ყოველთვიურ შენატანზე 1000 ლარის ოდენობით, რომელითაც დაიფარებოდა სესხის ძირი თანხა; საერთო ჯამში მოსარჩელემ მოპასუხეს 2018 წლის 28 აპრილიდან 2019 წლის 28 აპრილის ჩათვილით გადაუხადა 12000 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 28 ოქტომბერს, 6 თვის ვადით, შესაბამისად, 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სარგებელი და სესხის ძირითადი თანხა.
იმ პირობებში როცა, მოპასუხე მხარემ სადავოდ გადახა მხარეთა შორის რაიმე ზეპირი შეთანხმების არსებობა, ხოლო საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით (არაპირდაპირ) არ დგინდება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო, სსსკ-ის 102-ე და მე-4 მუხლის შესაბამისად, ვერ მიიჩნევს დადგენილად მხარეებს შორის რაიმე პირობებზე შეთანხმებას, გარდა 2017 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს, მოვალეს. სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.
მ----ა ლ--------------ეს ამგვარი წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა 12 000 ლარის გადახდას (გარდა მოპასუხის მიერ აღიარებული 5 თვის სარგებლის - 4200 ლარისა), არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარე დაეყრდნო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება, სსსკ-ის 102-ე და სსკ-429-ე მუხლების შესაბამისად არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 28 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად ნ----ა ჯ------ამ მ----ა ლ--------------ეს ასესხა 33 600 ლარი ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით. დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 28 აპრილი. სესხის თანხის მსესხებლის მიერ მიღების ფაქტი არ არის სადავო მხარეებს შორის.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2019 წლის 31 მაისს ნოტარიუსმა (ი--- ხ-------მა) გასცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულების შესრულების დროა 2018 წლის 28 აპრილი; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 33 600 ლარით, დარიცხული ერთი თვის სარგებელი - 840 ლარით, პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე.
დადგენილია, რომ მსესხებელმა მ----ა ლ--------------ემ ნანა ჯ------ას სასარგებლოდ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე გადაიხადა 4200 ლარი, რითიც დაიფარა 5 თვის საპროცენტო სარგებელი. შესაბამისად, მსესხებელს ერიცხება ერთი თვის სარგებელი - 840 ლარი. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 12 000 ლარის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს სესხის ძირითადი თანხის შემცირებისა და საპროცენტო სარგებლის (840 ლარის) გაუქმების ფაქტობრივი საფუძვლები.
6.2. სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილია პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალეს შეთანხმებულ ვადაში - 2018 წლის 28 აპრილამდე ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მსესხებელს დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო მ----ა ლ--------------ის სარჩელი სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 0,05%-მდე შემცირების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0,05%-მდე (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლო ნაცვლად 0,1%-ისა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) უნდა განისაზღვროს 0,05%-ით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელე განსახილველ შემთხვევაში განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის 769,32 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----ა ლ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი--- ხ-------ის მიერ 2019 წლის 31 მაისს გაცემულ №--------- სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 0,05%-ით ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე 2018 წლის 28 აპრილიდან აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი.
3. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 769,32 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე