გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210018002665147
საქმე № 2/694-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: ალ---------------–-–---–ი
წარმომადგენელი: ელ------------------ი
მოპასუხე: აზ--–-------------ი
დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე აზ--–-------------ს დაეკისროს ალ---------------–-–---–ის სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული ზიანის 1355 ლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხე აზ--–-------------ს მოსარჩელე ალ---------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გაღებული ხარჯის, კერძოდ საჯარიმოზე სადგომის გადასახადი -1200 ლარი.
2. სარჩელის დასაბუთება
2018 წლის 13 აპრილს ქ. დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე ალ---------------–-–---–ს მისი კუთვნილი მერსედეს-ბენცის ფირმის მანქანა (სახ. ნომრით XX-130-MM) გაჩერებული ჰქონდა უკიდურეს მარჯვენა მხარეს, გზის გვერდულზე, აპირებდა გზის მეორე მხარეს გადასვლას, გაიხედა უკანა ხედვის სარკეში და ვინაიდან ავტომანქანა არ მოძრაობდა გადავიდა გზის მეორე მხარეს, მოძრაობა თითქმის სულ დასრულებული ჰქონდა, რომ მოულოდნელად დაეჯახა ფორდ-ტრანზიტი (სახ. ნომრით WY-9---YW), რომლის მესაკუთრეც არის აზ--–-------------ი. შეჯახების შედეგად მის მანქანას დაუზიანდა უკანა მარცხენა ფრთა, უკანა მარჯვენა კარი აირბალიშით, უკანა მარცხენა ბერკეტები, მორგვი, ამორტიზატორი. მანქანა გადაყვანილ იქნა საგარეჯოს რაიონ, სოფელ ბადიაურის ავტოსადგომზე. შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო ეკიპაჟმა დაათვალიერა მანქანები, შემთხვევის ადგილი, მოისმინა ახსნა-განმარტებები, შეადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, სქემა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N04---- აზ--–-------------ის სახელზე, რომლის თანახმადაც იგი დაჯარიმებულ იქნა საგზაო წესების დარღვევისათვის. ამასთან მისი მანქანა გადაყვანილ იქნა საგარეჯოს რაიონ, სოფელ ბადიაურის ავტოსადგომზე და უსახსრობის გამო 2018 წლის 13 აპრილიდან 2018 წლის 22 სექტემბრამდე ვერ შეძლო მისი კუთვნილი ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოყვანა, რის გამოც მას დაერიცხა საჯარიმო თანხა 1200 ლარი.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოსარჩელის ბრალით, ვინაიდან იგი იყო გადმოსული საპირისპირო მხარეს და მან დამუხრუჭება ვერ შეძლო. ამასთან განმარტა, რომ მან მასზე დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.2018 წლის 13 აპრილს ქ. დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე ალ---------------–-–---–ს მის კუთვნილ მერსედეს-ბენცის ფირმის მანქანას (სახ. ნომრით XX-130-MM) დაეჯახა ფორდ-ტრანზიტის ფირმის ავტომანქანა (სახ. ნომრით WY-9---YW), რომლის მესაკუთრეც არის აზ--–-------------ი. აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N04----, რომლის თანახმადაც, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლად მიცნეული იქნა აზ--–-------------ი.
დამადასტურებელი მტკიცებულებები:
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N04----, სქემა
- მხარეთა ახსნა- განმარტება
4.1.2. ავტოავარიის შედეგად, მოსარჩელის ავტომანქანას დაუზიანდა უკანა მარცხენა ფრთა, უკანა მარჯვენა კარი აირბალიშით, უკანა მარცხენა ბერკეტები, მორგვი, ამორტიზატორი. ავტომობილი საჭიროებს შემდეგი სამუშაოების ჩატარებას, კერძოდ, სათუნუქე/სარობოტე სამუშაოები, სამღებრო სამუშაოები, საპლასტმასე სამუშაოები, სავალი ნაწილების გამართვა, დაშლა/აწყობა, თვლების თანწყვილვა, რაც ზიანი შეადგენს 1355 (ათას სამას ორმოცდახუთმეტი) ლარის ოდენობით.
დამადასტურებელი მტკიცებულებები:
- ექსპერტიზის დასკვნა
-მხარეთა ახსნა- განმარტება
4.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ საჯარიმო სადგომზე მანქანის დაყენებით, მოსარჩელეს მიადგა ზიანი 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. ასევე მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო მანქანა საჯარიმო სადგომზე 4 (ოთხი) თვე და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ გაჭირვების გამო ვერ მოახერხა ავტომანქანის საჯარიმო სადგომიდან გამოყვანა.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი,სამოქალაქო კოდექსის 50, 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია შემდეგი, კახეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამანაშავე მძღოლად მიჩნეულია აზ--–-------------ი. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ზიანი, ნივთების ღირებულების ოდენობით, 1355 (ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია კახეთის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, რომლის თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევაში დამანაშავე მძღოლად მიჩნეული იქნა აზ--–-------------ი და ეს ოქმი აზ--–-------------ის მიერ გასაჩივრებული არ არის და მანვე აღიარა, რომ დაკისრებული ჯარიმა გადახდილი აქვს. ამრიგად, მსჯელობის საგანს წარმოადგენს მიადგა თუ არა მოსარჩელეს მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით მატერიალური ზიანი და როგორია ამ ზიანის ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ავტოსატრანპორტო შემთხვევის შედეგად დამნაშავე მძღოლად მითითებულია აზ--–-------------ი, რომელიც დაჯარიმდა 250 ლარით, და მას ეს არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული ადასტურებს, რომ აზ--–-------------ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია ალ---------------–-–---–ის მიმართ დამდგარ ზიანთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს რომ მოსარჩელემ წარმოუდგენია სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ალ---------------–-–---–ს აზ--–-------------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა ზიანი 1355 ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეს საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
შესაბამისად, მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 1355 (ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი ამ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნა საჯარიმოზე სადგომის გადასახადის 1200 ლარის დაკისრებასთან დაკავსირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. ეს ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მოსარჩელეს ავტომანქანა ედგა საჯარიმო სადგომზე და მას დაუგროვდა საჯარიმო გადასახადი 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა თუ რატომ იყო მისი ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე 4 (ოთხი) თვე. იმ შემტხვევასი, თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, მოპასუხეს მაინც არ ეკისრება საჯარიმო გადასახადის 1200 (ათას ორასი) ლარის ანაზღაურება, რადგან არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი და საჯარიმო გადასახადის დაგროვება გამოწვეული იქნა მხოლოდ მოსარჩელის ბრალით და არა მოსარჩელის ბრალით.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შესაბამისად, აზ--–-------------ს უნდა დაეკისროს ალ---------------–-–---–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯი 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქაქლაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 30916- 30921-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ალ---------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხე აზ--–-------------ს მოსარჩელე ალ---------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1355 (ათას სამას ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.
2.დარჩენილი მოთხოვნილი თანხის 1200 (ათას ორასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
3.მოპასუხე აზ--–-------------ს უნდა დაეკისროს ალ---------------–-–---–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ წინაწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯი 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ნოზაძე