გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5----19
საქმე № 3-----------------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.11.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო გუგავა
მოსარჩელე - შპს ,,ე--–-------’’
წარმომადგენელი - ლ-------–----–---–ი
მოპასუხე - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი
წარმომადგენელი - მ-------------ე
დავის საგანი - 2019 წლის 27 მაისს წარდგენილ N--- აკრედიტაციის განაცხადზე აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრს მოსარჩელე მხარის 2019 წლის 27 მაისს წარდგენილ N--- აკრედიტაციის განაცხადზე აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების დადგენა და აკრედიტაციის განხორციელება არის აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლი 11), პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (96.4, 97.1. და 99.4 მუხლები), საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის #511 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით (მუხლი 1) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულებით (მუხლი 2). დაინტერესებული პირი, მას შემდეგ რაც მოაწყობს ინსპექტირების ცენტრს, აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. განაცხადის მიღების შემდგომ აკრედიტაციის ცენტრსა და დაინტერესებულ პირს/განაცხადის წარმდგენს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები და აკრედიტაციის/მონიტორინგის პროცედურები. განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, თუკი განაცხადი/საკითხი არის აკრედიტაციის საგანი და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციაზე უარის თქმის/ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს და უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება აკრედიტაციაზე. აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველია აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს ნორმატიული აქტით, გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბრის #01-1 ბრძანებით. მუხლი 5.2, მუხლი 7 და მუხლი 8. შპს „ე--–-------“-მა 2019 წლის 27 მაისს წარადგინა განაცხადი აკრედიტაციაზე, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ კონკრეტული საფუძვლის მითითებისა და დასაბუთების გარეშე უარი უთხრა მოსარჩელე მხარეს აკრედიტაციის გაფორმებასა და დამატებით სფეროში აკრედიტაციაზე, რაც მოსარჩელეს ეცნობა 2019 წლის 02 ივლისის #GAC-03/6-- წერილით.
2. მხარეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის წარმოამდგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს არაერთხელ განემარტა, რომ აკრედიტაციის ცენტრი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაციისთვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, მის განაცხადს ვერ მისცემდა მსვლელობას და შესაბამისად, ვერ გააფორმებდა ხელშეკრულებას დამატებით სფეროს აკრედიტაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 21 მაისს დარეგისტრირებულ იქნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ე--–-------‘’ და მიენიჭა საიდენრიფიკაციო კოდი 4--------. საზოგადოების იურიდიულ მისამართად მიეითა ქ. თბილისი, ვ---- რაიონი, წ-----------------–--–ი N 39, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მისი დირექტორი ლ-------–----–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 21.05.2019 წ. (ს.ფ. 21);
3.1.2. სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის 2019 წ. 02 ივლისის N GAC-03/6-- წერილით შპს ,,ე--–-------’’-ის დირექტორს 2019 წლის 27 მაისის წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N 1-1/330 ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ‘’ დანართი N1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამის კანონმდებლობის და დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანართი N1-ის მე-2 მუხლის შესაბამისად სახეზე არ არის შპს ,,ე--–-------’’-ს ინსპექტირების ორგანოს აკრედიტაციაზე განცხადებისათვის მსვლელობის მიცემის სამართლებრივი საფუძველი - გაფორმებული არ არის ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N 1-1/330 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრი ვერ მისცემს მსვლელობას შპს ,,ე--–-------’’-ის განაცხადს აკრედიტაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წ. 02ივლისის N GAC-03/6-- წერილი (ს.ფ.13);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ე--–-------’’-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური. თუმცა საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური. თუმცა საჭიროებს სახელმწიფოების მიერ სათანადო რეგულირებას, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ უნდა არსებობდეს მხოლოდ თეორიულად, ის ამასთანავე უნდა იყოს ეფექტური. საქმეში „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975.), სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული უფლება, თავისი შინარსით, მოითხოვს რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა, ასეთი რეგულირება არ უნდა არღვევდეს კონვენციით დაცულ სხვა უფლებებს. პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ ნებისმიერი რეგულირება ჩაითვლება კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისად, თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზნებს და თუ დაცულია პროპორციულობის პრინციპი გამოსაყენებელ საშუალებებსა და მისაღწევ მიზნებს შორის.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგროც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეებს, აკეთებს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (მუხლი 2), ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საკითხებს პირველი ინსტანციის სასამართლოში (თავი VIII).
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლი ადგენს კოდექსის მოქმედების სფეროს და ამბობს, რომ ,,ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი''.ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლი კი აკეთებს ჩამონათვალს იმ საქმეებისა, რაც შეიძლება იყოს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ხოლო მე-3 ნაწილი კი განსაზღვავს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირიტად ელემენტად განსაზღრა დავის საგანი, რაც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
კომპეტენციის გამიჯვნის პოზიტიური ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით სზაკ-ის 2.1 მუხლი იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. ამასთანავე, კომპეტენციის განსაზღვრის ზოგადი ნიშნის გამოყენებით (ენუმერაციის მეთოდი) კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (იხ. სუს 11.09.2014 წ. განჩინება საქმეზე N350-316(გ-14)). ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო აქტების გამოცემის საფუძვლებს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (იხ. სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. განჩინება საქმეზე =ბს-132-123(კ-07)).
სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალური მიზნის განსახორციელებლად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის სხვადასხვა ფორმები და საპროცესო მოქმედებები. იმისათვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვა, შეიქმნა სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა ფორმები, როგორც ადეკვატური პროცესუალური საშუალებები, რა ფორმის სარჩელი უნდა იქნეს აღძრული დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნისათვის იღწვის მოსარჩელე. პირმა რომელიც საჭიროებს სამართლებრივ დაცვას პირველ რიგში თვითონ უნდა შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ამავდროულად ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია გაუწიოს ამ პირს სათანადო მხარდაჭერა, ამასთან, დავის საგნის განსაზღვრა მთლიანად მოსარჩელის კომპეტენციაა, იგი განსაზღვავს სარჩელის შინაარსა და მოცულობას. სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში. სარჩელის წარდგენის უფლების არსებობის შესახებ მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერ პირის მიერ შემოტანილი სარჩელები, ანუ ხელი შეეშალოს იმას, რომ ნებისმიერ პირს ვის უშუალო კანონიერი ინტერესიც არ შელახულა არ შეეძლოს სარჩელის აღძვრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წინააღმდეგ, ან მის მიღებაზე უარის თქმის ან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობის შემთხვევაში.
ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი პრინციპის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის არჩევანის თავისუფლება (საქმიანობის ძირთიადი ფორმებია: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რეალაქტი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება). ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც მისივე აზრით უფრო ეფექტურია კონკრეტულ შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფლების ფარგლები მთავრდება იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ზუსტად უთითებს მოცემული ურთიერთობისათვის ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების აუცილებლობას ან ეს გამომდინარეობს კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის თავისებურებიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.
ამავე კანონის მე-7 მუხლის ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვარის №1-1/5 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის №1–1/330 ბრძანებაში. რომლის დანართი N1 „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისათვის განისაზღვრა დამატებითი პირობები.
ზემოაღნიშნული N1 დანართის პირველის მუხლის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის (შემდგომში – ინსპექტირების ცენტრი) აკრედიტაციის დამატებით პირობებს. ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციისთვის დამატებითი პირობების დადგენას, შესარჩევი პროცესის წარმართვას და გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ამ დებულებით დადგენილი წესით. ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობისა და ამ დებულებით განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით.
ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მიღებას დაექვემდებარება: ა) 2017 წლის 11 დეკემბრამდე აკრედიტებული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები (არსებული ხაზების გაფართოების მიზნით) ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა ფიზიკური/იურიდული პირები, რომლებსაც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენის მიზნით 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული აქვთ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით, ამავე თარიღამდე მოპოვებული აქვთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მშენებლობის ნებართვა ან უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილი აქვს განაცხადი აღნიშნული ნებართვის მოპოვების მიზნით და 2018 წლის 25 იანვრამდე სამინისტროში წარდგენილი აქვთ ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული დამატებითი დოკუმენტაცია (შემდგომში – არსებული ცენტრები). ბ) ფიზიკური/იურიდიული პირები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ ამ დებულებით დადგენილი წესით გამოცხადებულ შერჩევის პროცესში და დააკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (შემდგომში – დაინტერესებული პირები).
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის (შემდგომ – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრებში (შემდგომ – ინსპექტირების ცენტრი). ამავე მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ინსპექტირების ცენტრების აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ დამტკიცებული აკრედიტაციის სისტემის წესებისა და პროცედურების შესაბამისად. ხოლო მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
სასამართლო მიუთითებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 3 ოქტომბერის №01-1 ბრძანებაზე, რომლითაც განსაზღვრულია აკრედიტაციის წესები და პროცედურები. აღნიშნული ბრძანების მე-7 მუხლის პირველი მუხლის თანახმად, აკრედიტაციის მაძიებელი პირი განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციისათვის. ამავე ბრძანების მე-8 მუხლის 1 პუნქტის თანახმად, განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ, აკრედიტაციის ცენტრი პირველ რიგში ადგენს: ა) არის თუ არა განაცხადით წარმოდგენილი საკითხი აკრედიტაციის საგანი; ბ) შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი განაცხადი აკრედიტაციის სქემებს, კანონმდებლობასა და დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები არ სრულდება, აკრედიტაციის ცენტრი არ ატარებს აკრედიტაციის შემდგომ პროცედურებს, რის შესახებაც წერილობით განმარტებას აწვდის განმცხადებელს. თუ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში მითითებული პირობები სრულდება, მაშინ აკრედიტაციის ცენტრსა და განმცხადებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება აკრედიტაციაზე. აკრედიტაციის საფასურის დაანგარიშება ხდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი – „აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 8 იანვრის ბრძანებით ცვლილებების შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრისადმი მიმართვის უფლება აკრედიტაციის მაძიებელი პირს წარმოეშობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა, თავად აკრედიტაციის უფლებას სამინისტრო ანიჭებს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრს. ხოლო განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,ე--–-------“-მ განცხადებით პირდაპირ მიმართა აკრედიტაციის ცენტრს და მას არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ხელშეკრულება. შესაბამისად, აკრედიტაციის ცენტრს არ ჰქონდა უფლება, შპს ,,ე--–-------“-სათვის ინსპექტირების ორგანოს მიერ წარდგენილ განაცხადებაზე მიეცა მსვლელობა.
6.4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი მოსარჩელე მხარის 2019 წლის 27 მაისს წარდგენილ N528 აკრედიტაციის განაცხადზე აკრედიტაციის ხელშეკრულების დადება და აკრედიტაციის პროცედურების ჩატარება. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა“. საკასაციო სასამართლომ ამავე განჩინებაში მიუთითა, რომ იგი ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას კანონისა და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრძანების დებულებები ახდენენ კანონში მითითებული დანაწესების კონკრეტიზაციას, რაც ცხადია გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობის არსებობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ,,ე--–-------‘’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი