გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310019002914444
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002914444

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - გ---–-------–---–---

წარმომადგენელი - შ----------------–-–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმომადგენელი - ნ-----------------

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმი (ნაწილობრივ - გ---–-------–---–--ის ნაწილში, საკითხი №23);

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანება გ---–-------–---–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.4. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №0----------- და №0----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ზედდების გაუქმების მიზნით, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 18 ივლისს საჯარო რეესტრში, ქ. რ-------ის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის 266 გადაწყვეტილების შესაბამისად, საკუთრებაში დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი ფართობით 600კვ.მ. მდებარე: ქ---------------------------------------- ტერიტორია, გაიხსნა სააღრიცხვო ბარათი და მიენიჭა საკადასტრო კოდი: №0-----------. მისივე განმარტებით, 2017 წლის 25 მაისს, როდესაც საჯარო რეესტრში წარადგინა ნაკვეთის საკადასტრო ნახაზის ელ. ვერსია და მოითხოვა ცვლილების რეგისტრაცია, წარმოიშვა ზედდება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ: №0-----------, რომლის რეგისტრაციაც განხორციელდა 2010 წლის 14 ივლისის მიამართვის საფუძველზე.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 01 ივნისს №199237 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და გადაუგზავნა ყველა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ს/კ: №0----------- მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რათა განეხილა მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხი, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის აზრით, ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც უტყუარად ადასტურებდა მიწის ნაკვეთის (ს/კ: №0-----------) მის სახელზე რეგისტრაციას და ასევე დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობაც როგორც ძველი, ისე ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2018 წლის 18 აპრილს №1------- წერილით მიმართა საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციისთვის და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის კორექტირების საკითხზე იმსჯელებდა იდენტიფიკაციის შემდგომ.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 29 აგვისტოს საჯარო რეესტრმა კვლავ გადაუგზავნა სრული დოკუმენტაცია ქონების ეროვნულ სააგენტოს და მიუთითა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები. ამის მიუხედავად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა გ---–-------–---–--ის საკითხზე კომისიურად და მიზანშეწონილად არ ჩათვალა ზედდების გაუქმება და მიწის ნაკვეთის საზღვრის კორექტირება, კომისიის გადაწყვეტილება კი დაამტკიცა ბრძანებით, რაზეც საჯარო რეესტრს აცნობა წერილობით (17/63769 2018 წლის 16 ნოემბერი). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმი, მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივარით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანებით გ---–-------–---–--ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.1.2. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქალაქ რ-------ის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №226 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გ---–------–------------–--–---–---- გაუფორმდა გ-----ს ქ----ზე მდებარე №-- მიწის ნაკვეთი.

 

მიწის (უძრავი) ქონების სააღრიცხვო ბარათის თანახმად კი დგინდება, რომ 2005 წლის 18 ივლისს ქ--–------------–-, გ-----ს ქ----ზე განხორციელდა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (№--) გ---–------–---–---- საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი: №0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ რ-------ის გამგეობის 1992 წლის 10 ივნისის №226 გადაწყვეტილება (ს.ფ. 43);

- 2005 წლის 18 ივლისის მიწის (უძრავი) ქონების სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 44-45).

 

3.1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 14 ივლისის №1------ მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში განხორციელდა ქ--–------------–- მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი: №0-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანება (ს.ფ. 36-39).

 

3.1.3. 2017 წლის 25 მაისს გ---–-------–---–---მ №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე: მდებარე, ქ-----------------------------------------.

 

3.1.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №199237 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2017 წლის 25 მაისს №8----------- განცხადებით გ---–-------–---–---მ მოთხოვა რეგისტრირებულ მონაცემებში (საკადასტრო კოდი: №0-----------) ცვლილების რეგისტრაცია. ვინაიდან განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №0-----------) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაეგზავნა მოთხოვნა განეხილა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხი.

 

3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №1------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2017 წლის პირველი ივნისის №199237 წერილით დასმულ საკითხთან დაკავშირებით, სააგენტო იმსჯელებდა მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ---–-------–---–--ის 2017 წლის 25 მაისის №8----------- განცხადეაბ (ს.ფ. 106-107);

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №199237 წერილი (ს.ფ. 22);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №1------- წერილი (ს.ფ. 23).

 

3.1.6. 2018 წლის 24 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №180237 წერილით მიმართა რ-------ის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და გ---–-------–---–--ის №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე.

 

3.1.7. ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №02/6362 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელი პროცედურები, ვინაიდან არ გააჩნდა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №02/6362 წერილი (ს.ფ. 24).

 

3.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №371835 წერილით, ზემოაღნიშნული საკითხი, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ, ფიზიკურ პირების განცხადებებთან (გ---–-------–---–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი: №0-----------) და №8----------- სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ) ერთად კვლავ გადაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განსახილველად და ეცნობა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის 14-ე მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.

 

3.1.9. ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმის (საკითხი №23) თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №371835 წერილით წარდგენილ და მათ მიერ მოძიებულ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში მითითებული უძრავი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა. შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს/კ: №0-----------) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება.

 

3.1.10. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანების თანახმად, გაზიარებული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის გადაწყვეტილება და დამტკიცდა ამავე კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბერს შემდგარი №--- სხდომის შედეგები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №371835 წერილი (ს.ფ. 25);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმი (ს.ფ. 53-55);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანება (ს.ფ. 27-28).

 

3.1.11. 2018 წლის 17 დეკემბერს გ---–-------–---–---მ №20114/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმისა (ნაწილობრივ - გ---–-------–---–--ის ნაწილში, საკითხი №23) და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანებით გ---–-------–---–--ის 2018 წლის 17 დეკემბრის №20114/21 ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანებისა და 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- კომისიის სხდომის ოქმის ნაწილობრივ (გ---–-------–---–--ის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ---–-------–---–--ის 2018 წლის 17 დეკემბრის №20114/21 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 40-42);

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანება გ---–-------–---–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 36-39).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---–-------–---–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანება, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანება გ---–-------–---–--ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ასევე გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმი გ---–-------–---–--ის ნაწილში, ეს უკანასკნელი კი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს და მასზე, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე სასამართლო დამოუკიდებლად არ იმსჯელებს თუმცა აღნიშნული ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის დებულება, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია კომპეტენციის ფარლებში განიხილავს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის (მათ შორის მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდების არსებობისას) შესახებ განცხადებებს და ფიზიკური პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების აღიარებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მომართვებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი კი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.

 

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლში მითითებულია რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, რომლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 14 ივლისის №1------ მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში განხორციელდა ქ--–------------–- მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (საკადასტრო კოდი: №0-----------). აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით ირკვევა, აღნიშნული მიმართვა გასაჩივრებული არ არის და დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 25 მაისს გ---–-------–---–---მ №8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე: მდებარე, ქ-----------------------------------------. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის №199237 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ განცხადებაზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი: №0-----------) და ეთხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების საკითხის განხილვა, ხოლო აღნიშნულის პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 18 აპრილის №1------- წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სააგენტო იმსჯელებდა მას შემდეგ, რაც წარდგენილი იქნებოდა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის თაობაზე.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 24 აპრილს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №180237 წერილით მიმართა ასევე რ-------ის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს №0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და გ---–-------–---–--ის №8----------- განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის თაობაზე, თუმცა ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 მაისის №02/6362 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქალაქ რ-------ის მუნიციპალიტეტი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელი პროცედურები, ვინაიდან არ გააჩნდა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 აგვისტოს №371835 წერილით, ზემოაღნიშნული საკითხი სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირების შესახებ, ფიზიკურ პირების განცხადებებთან (გ---–-------–---–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი: №0-----------) და №8----------- სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნანაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ) ერთად კვლავ გადაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს განსახილველად და ეცნობა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის 14-ე მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.

 

შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმით (საკითხი №23) კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია უძრავ ნივთზე (ს/კ: №0-----------) დაფიქსირებული ზედდების ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანებით კი გაზიარებული იქნა აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილება და დამტკიცდა ამავე კომისიის 2018 წლის 10 ოქტომბერს შემდგარი №--- სხდომის შედეგები.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით ცალსახად დგინდება, რომ სააგენტომ არაერთი წერილით განუმარტა დაინტერესებულ პირს, რომ კორექტირების საკითხის შესახებ იმსჯელებდა იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადასტურებული ადგილმდებარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ არ სააგენტოშიც და არც სარჩელის განხილვის ეტაპზე - სასამართლოში, არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ მითითებული უფლების დამდგენი დოკუმენტით (სააღრიცხვო ბარათი, დაუზუსტებელი რეგისტრაცია) და წარდგენილი საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებული არ არის მიწის ნაკვეთების იდენტურობა, გაუგებარია მოსარჩელე მხარის აპელირება სააგენტოს მიერ მიღებული სადავო აქტების უკანონობასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ფიზიკურ პირთა განცხადებებს (გ---–-------–---–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი: №0-----------) და №8----------- სარეგისტრაციო წარმოებისას წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ), მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ მართალია ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით) ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები, თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენისა და საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოების შესრულების წესებს. დასახელებული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად კი, დასახლებები, სადაც უნდა განხორციელებულიყო საპილოტო პროექტი, განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №351 დადგენილებით და ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი მოცემულ დადგენილებაში დასახელებულ დასახლებებში ვერ ხვდება, მიწის ნაკვეთის იდენტურობის დამადასტურებელ გარემოებად ფიზიკურ პირთა განმარტებების მიჩნევა არარელევანტურია. ამასთან, საყურადღებოა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებშიც კი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი არც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---–-------–---–--ის მოთხოვნა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 ოქტომბრის №--- სხდომის ოქმის (გასაჩივრებულ ნაწილში), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 ნოემბრის №1------- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გ---–-------–---–---ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 15 თებერვლის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–-------–---–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა აქტის გამოცემის დავალების თაობაზეც.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ---–-------–---–--ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გ---–-------–---–--- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი