გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.11.2019
საქმის ნომერი
060310118002483220
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
24.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/52-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ-----ა ღ----–--ია;

მოპასუხე - გ------ი პ---–--–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ისათვის 3 000 ლარის დაკისრება.

1.2. მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ისათვის ზედმეტად ჩარიცხული სახელფასო თანხის 308.48 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მოსამსახურე გ------ი პ---–--–---–ს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე. სამხედრო სამსახურის ვადა ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 4 წლით, რომლის ვადის ათვლა იწყებოდა კონტრაქტის გაფორმებიდან ე.ი 2016 წლის 30 მაისიდან და სრულდებოდა 2020 წლის 30 მაისს. კონტრაქტის 7.3 პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ თუ სამხედრო მოსამსახურე ამ კონტრაქტის მოქმედების განმავლობაში ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამსახურიდან პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, მოპასუხე გახდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 10 დღის ვადაში) ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსათვის 3 000 ლარი.

 

2017 წლის 29 ნოემბრის სადისციპლინო საბჭოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N 23 ბრძანების თანახმად, გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

გ------ი პ---–--–---–ს კონტრაქტის დადებიდან იმავე კონტრაქტის დარღვევამდე ნამსახურები აქვს ორ წელზე ნაკლები, შესაბამისად სამინისტროს სასარგებლოდ კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა 3 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მოპასუხეს თავდაცვის სამინისტროსათვის დღემდე არ აუნაზღაურებია.

 

გ------ი პ---–--–---–ი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესაბამისად, მოხსნილ იქნა ყველა სახის კმაყოფიდან, თუმცა მას სახელფასო თანხა დაერიცხა სრულად, კერძოდ გ------ი პ---–--–---–ის ერთი თვის სახელფასო თანხა შეადგენდა 925.44 (ხელზე ასაღები), რომელიც შედგებოდა წოდებრივი სარგოს 771.20 ლარის და წელთა ნამსახურების დანამატის 154.24 ლარისაგან. აღნიშნული ზედმეტად დარიცხული ხელფასი წარმოადგენს 10 (ათი დღის თანხას 308.48 ლარს, რაც განპირობებულია იმით, რომ სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილია 2017 წლის 21 დეკემბრის N8623 ბრძანებით და შესაბამისად ხელფასი დარიცხული იყო აღნიშნული ბრძანების გამოცემის დღისათის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს სხდომაზეც არ გამოცხადებულა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 30 მაისის N 3115 ბრძანებით გ------ი პ---–--–---–ი გაწვეული იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში, იმავე დღეს გ------ი პ---–--–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის N683 ბრძანებით დამტკიცებული N3176/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 30 მაისის N 3115 ბრძანება.(ს.ფ 23)

_2016 წლის 30 მაისის კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.(ს.ფ 15-22)

 

3.1.2 გ------ი პ---–--–---–ის ერთი თვის ხელფასი (ხელზე ასაღები) შეადგენდა 925.44 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიმართვა (ს.ფ. 27 )

 

3.1.3. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2016 წლის 30 მაისის კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.(ს.ფ 15-22)

 

3.1.4. 2017 წლის 29 ნოემბრის სადისციპლინო საბჭოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N 23 ბრძანების თანახმად, გ------ი პ---–--–---–ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 21 დეკემბრის ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.

 

3.1.5. გ------ი პ---–--–---–ის კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 1 წელს, 06 თვესა და 21 დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.(ს.ფ 28)

 

3.1.6. ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან( 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2016 წლის 30 მაისის კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.(ს.ფ 15-22)

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1 გ------ი პ---–--–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად ,,სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს ,,სამინისტრო“-ს სამხედრო სამსახურში.

 

ხელშეკრულების 6.1.2. და 6.1.4. პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მტკიცედ დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის სამხედრო ფიცის, წინამდებარე კონტრაქტისა და საჯარისო წესდებების მოთხოვნები, ერთგულად ემსახუროს საქართველოს, შეასრულოს მხედრული მოვალეობა.გაუფრთხილდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ თუ სხვა ქონებას, თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, არ ჩაიდინოს სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება.

 

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის N124 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44 -ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის გამო, 2017 წლის 29 ნოემბრის სადისციპლინო საბჭოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის N 23 ბრძანების თანახმად, გ------ი პ---–--–---–ი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

3.2.2 გ------ი პ---–--–---–ისათვის ხელფასის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 308.48 ლარს

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე;

 

იმავე კანონის 57-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 ნაწილების მიხედვით, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო; მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს; შრომითი გასამრჯელო მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.

 

დადგენილია, რომ გ------ი პ---–--–---–ი მსახურობდა როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის რ----------- (საშტატო კატეგორია I კლასის რიგითი) და შესაბამისად, მასზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები შრომითი გასამრჯელოს მიღების ნაწილში.

 

უდავოა, რომ გ------ი პ---–--–---–ი დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან 2017 წლის 21 დეკემბრიდან და ამ დროიდან დაკისრებული მოვალეობები აღარ შეუსრულებია, მისი თანამდებობრივი ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო 925.44 ლარით, წოდებრივი სარგო 771.20 ლარი, დანამატი 154.24 ლარი.სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილი იყო 2017 წლის 21 დეკემბრი N8623 ბრძანებით და სესაბამისად ხელფასი დარიცხული იყო ხსენებული ბრძანების გამოცემის დღისათვის, აღნიშნულიდან გამომდინარე ზედმეტად დარიცხული იქნა მასზე 10 დღის ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (ს.ფ 28)

_მიმართვა (ს.ფ 27)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელია ხელშეკრულების მიზანი - საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება (შესრულება). ადმინისტრაციული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ან შეიცავს მმართველობის ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ს შორის სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) და ზედმეტად მიღებული ხელფასის ანაზღაურება. აღნიშნული ხელშეკრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზანს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში 2016 წლის 30 მაისის N3176/16 კონტრაქტის გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ გ------ი პ---–--–---–ი მიერ ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული. გ------ი პ---–--–---–ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხელშეკრულების 7.3. პუნქტით განისაზღვრა ,,სამხედრო მოსამსახურის“ ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ,,სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან( 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------ი პ---–--–---–ი ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან 1 წელი 06 თვე და 21 დღე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე ჯარიმის სახით 3 000 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და გამომდინარეობს კონტრაქტის 7.3 მუხლის პუნქტით განსაზღვრული მხარეთა შეთანხმების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 417–ე მუხლებიდან.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 308.48 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს უფლებამოსილ პირს გ------ი პ---–--–---–ს მოსთხოვოს ჯარიმის სახით 3 000 ლარის ანაზღაურება და ზედმეტად გადახდილი თანხის 308.48 ლარის უკან დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-13, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 3000 ლარის გადახდა.

 

1.2 მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ზედმეტად ჩარიცხული სახელფასო თანხის 308.48 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე გ------ი პ---–--–---–ს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №1).

 

მოსამართლე ნონა ზარქუა