გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002321188
N 2/215-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 მარტი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს ,,ს---–--“
წარმომადგენელი ე---------- ს----–---–-
მოპასუხე კ--- ს--–----- (არ გამოცხადდა)
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე კ--- ს--–-----ს დაეკისროს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ 3961.05 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირი თანხაა 2797.40 ლარი, პროცენტი - 163.65 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
1.2. მოპასუხე კ--- ს--–-----ს დაეკისროს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ სახ. ბაჟის 118.84 ლარის გადახდა.
1.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
შპს ,,ს---–--სა“ და კ--- ს--–-----ს შორის, 2017 წლის 30 ივნისს, ელექტრონული ფორმით დაიდო N60706-10 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, კ--- ს--–-----ზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 361 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71.2 %, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 354.06 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 26 აგვისტოს, გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი არ იქნა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს ფოთის საქალაქო სასამართლოს საჯარო შეტყობინების შესახებ განჩინებით ჩაბარდა სასამართლო უწყება, მაგრამ კ--- ს--–----- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს---–--სა“ და კ--- ს--–-----ს შორის, 2017 წლის 30 ივნისს, ელექტრონული ფორმით დაიდო N60706-10 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, კ--- ს--–-----ზე გაიცა სესხი 3000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 361 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 71.2 %, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 354.06 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარის განმარტებით; საგადასახადო დავალებით.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა: სესხის ძირი თანხა 2797.40 ლარი, პროცენტი - 163.65 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარის განმარტებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ს---–--ს“ სარჩელი კ--- ს--–-----ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე კ--- ს--–-----ს უნდა დაეკისროს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ 3961.05 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირი თანხაა 2797.40 ლარი, პროცენტი - 163.65 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და, ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე კ--- ს--–-----ს უნდა დაეკისროს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ 3961.05 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირი თანხაა 2797.40 ლარი, პროცენტი - 163.65 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
მოპასუხე კ--- ს--–-----ს უნდა დაეკისროს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ სახ. ბაჟის 118.84 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ს---–--ს“ სარჩელი კ--- ს--–-----ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე კ--- ს--–-----ს დაეკისროს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ 3961.05 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირი თანხაა 2797.40 ლარი, პროცენტი - 163.65 ლარი, პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
3. მოპასუხე კ--- ს--–-----ს დაეკისროს შპს „ს---–--ს“ სასარგებლოდ სახ. ბაჟის 118.84 ლარის გადახდა.
4. შპს ,,ს---–--ს“ სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
5. გადაწყვეტილება (განჩინება) გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქტის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე