გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1372-16 (140210016001565360)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივნები: ნანა ხინჩიკაშვილი,თამარ ხარიბეგაშვილი, ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე - ი-–----------–-–---–ი
წარმომადგენელი - მ-----–---------–---
მოპასუხე - ნ------------–---–ი
წარმომადგენელი - ტ-------------ე
დავის საგანი - ალიმენტის დავალიანებისაგან გათავისუფლება, ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის (საქმე № 2/482-14) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი-–----------–-–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 200 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 4 თებერვალს დაბადებული ს-----------–-–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდის დაკისრება;
1.2. 2014 წლის 8 ოქტომბრის (საქმე № 2/482-14) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული დაგროვილი საალიმენტო თანხის 5400 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელის განმარტებით, გორის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის 8 ოქტომბერს მის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ნ------------–---–ის სარჩელი განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ დააკმაყოფილა.
მოსარჩელის განმარტებით, შეუღლებამდე მოსარჩელე მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში სამშვიდობო მისიის მსუბუქ ქვეით ბატალიონში - კაპრალის თანამდებობაზე საიდანაც 2014 წლის 9 იანვარს დაითხოვეს და დღეის მდგომარეობით არ გააჩნია შემოსავალი, გარდა ამისა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები კერძოდ, დისოციალური აშლილობის დიაგნოზით მკურნალობას გადიოდა ქ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მოგვიანებით დაავადდა ტუბერკულიოზით, რაზეც 6 თვე გავდიოდა სტაციონალურ მკურნალობას ქ. თბილისის ხუდადოვის ტუბ დისპანსიონში, დღეის მდგომარეობით აღრიცხვაზე იმყოფება შპს ,,გორმედის“ ტუბ დაწესებულებაში, სადაც გადის ამბულატორიულ მკურნალობას და სამედიცინო მეთვალყურეობას. მოსარჩელის მტკიცებით, დღის მდგომარეობით უმუშევარია, რის გამოც ითხოვს მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის ოდენობის 80 ლარამდე შემცირებასა და დაკისრებული დაგროვილი საალიმენტო თანხის 5400 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ------------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ გორის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების დღიდან ი-–----------–-–---–ს არ გადაუხდია არცერთი თვის ალიმენტი, მიუხედავად ამისა იგი თანახმაა შემცირდეს ალიმენტის ოდენობა 100 ლარამდე, ხოლო დაგროვილი ალიმენტის თანხა 2700 ლარამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ი-–----------–-–---–ი და ნ------------–---–ი 2013 წლის 16 მაისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა №67131001393;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ი-–----------–-–---–სა და ნ------------–---–ს 2014 წლის 4 თებერვალს შეეძინათ შვილი, ს-----------–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა №67146000691;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ------------–---–მა მოპასუხე ი-–----------–-–---–ის მიმართ, განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. 2014 წლის 8 ოქტომბერს, შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გასდაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ------------–---–სა და ი-–----------–-–---–ს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის, 2014 წლის 4 თებერვალს დაბადებული ს-----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვუიურად ალიმენტის, 200 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, მდგომარეობის შეცვლამდე ან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე № 2/482-14).
3.1.4. ს-----------–-–---–ი ცხოვრობს დედასთან, ნ------------–---–თან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. ი-–----------–-–---–ი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მკურნალობისათვის იღებს დახმარებას, რამაც შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის ცნობის თანახმად, 2014 წლის 8 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 აპრილის ჩათვლით შეადგინა 1032.01 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება;
- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ი-–----------–-–---–ი 2014 წლის 25 იანვრიდან შემდეგ დარჩა უმუშევარი და აღარ გააჩნია შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 9 იანვრის ბრძანება;
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 7 აპრილის ცნობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს უნდა დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა შეიცვალა და დაკისრებული ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა აღარ აქვს, ხოლო მოპასუხეს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაექარწყლებინა.
ნ------------–---–ი ალიმენტის დაკისრების თაობაზე აღძრულ სარჩელით ითხოვდა ალიმენტის სახით 200 ლარის დაკისრებას, რაც სასამართლომ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის ცნობით დასტურდება, რომ ი-–----------–-–---–ს გარდა სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მკურნალობისათვის განკუთვნილი დახმარებისა შემოსავალი აღარ უფიქსირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მისი მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა და ეს გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული არ იქნა. საწინააღმდეგო მტკიცებულება, მოსაჩელის შემოსავლების შესახებ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ს-----------–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და ნაცვლად 200 (ორასი) ლარისა უნდა განისაზღვროს 100 (ასი) ლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლები;
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
სასამართლო მიუთითებს, რომ კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს როგორც ალიმენტის მიმღების, ისე მისი გადამხდელი პირების როგორც მატერიალურ, ისე ოჯახურ მდგომარეობაში. შესაძლებელია დამატებიტი შემოსავლის წყაროს გაჩენა, კმაყოფაზე მყოფი პირის გარდაცვალება ან ოჯახის ახალი წევრის გაჩენა, პირის ქმედუნარიანად აღიარება, ავადმყოფობა და სხვა. თითოეული გარემოება შეიძლება ალიმენტის ადრე დადგენილ ოდენობაში ცვლილების შეტანის საფუძველი გახდეს. სასამართლოს შეუძლია ალიმენტის მიმღები პირის ან მისი გადამხდელის სარჩელის საფუძველზე შეამციროს ან გაზარდოს ალიმენტის ადრე დადგენილი ოდენობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ჯერ კიდევ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად, ი-–----------–-–---–ს გარდა სახელმწიფოსგან ყოველთვიურად მკურნალობისათვის განკუთვნილი დახმარებისა შემოსავალი აღარ უფიქსირდება, ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი აღძვრის პერიოდისათვის იგი უკვე აღარ იყო დასაქმებული და ეს გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული არ იქნა.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვი
ს ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ვასილ რამაზაშვილის შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი არასრულწლოვანი შვილი აუცილებელ მოთხოვნილებათა ფარგლებში. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება ნ------------–---–თან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები www.geostat.ge ), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის ნოემბრის თვეში - 154.4 ლარს, დეკემბრის თვეში - 155 ლარს და მიაჩნია, რომ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებისა და მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი შემცირდეს 100 ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ი-–----------–-–---–მა სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 232 (ორას ოცდათორმეტი) ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი-–----------–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 117 (ას ჩვიდმეტი) ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი-–----------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ი-–----------–-–---–ს გაუნახევრდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრეველი გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი ალიმენტის დავალიანება - 2014 წლის 8 ივლისიდან 2016 წლის 20 ოქტომბრამდე;
3. შემცირდეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე № 2/482-14) ი-–----------–-–---–ისათვის (პირადი N-----------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და მოსარჩელე ი-–----------–-–---–ს (პირადი N-----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ს-----------–-–---–ის (დაბადებული 04.02.2014წ.) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან (2016 წლის 20 ოქტომბრიდან) ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
4. ი-–----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 117 (ას ჩვიდმეტი) ლარი, რაც 2016 წლის 15 ივლისს N1 საკრედიტო საგადახდო დავალებით განთავსებულ იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე. სახაზინო კოდი: 300833150, ბანკის კოდი: TRESGE22;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი