გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2019
საქმის ნომერი
411310019002880882
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411--------------2

( N3/3-2019)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. აბაშა

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი – თამთა გოგია

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნათია ბაღათურია

 

მოპასუხე - მაია გაბელაია

 

დავის საგანი - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად აღებული სახელწმიფო ფულადი დახმარების 170 ლარის უკან დაბრუნება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს მოპასუხე მაია გაბელაიას სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფულადი დახმარების 170 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილებას წარმოებაში აქვს აბ-–ა, იოსელიანის ქუჩა N37-ში მცხოვრები მაია გაბელაიას საქმე, რომელიც ეხება აწ გარდაცვლილ გულნარა გაბელაიას (პ/ნ 02001007967) ზედმეტად აღებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ფულადი დახმარების 170 ლარის უკან დაბრუნებას. 2018 წლის 03 მაისს სს ,,ლიბერთი ბანკი“-დან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გულნარა გაბელაიას შეუჩერდა სოციალური დახმარება და განხორციელდა სოციალური აგენტის ვიზიტი გულნარა გაბელაიას ოჯახში, რა დროსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე გულნარა გაბელაია გარდაცვლილია (მოხსენებითი ბარათ N227); აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად განყოფილების მიერ აბაშის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და შსს აბაშის რაიონულ სამმართველოს გაეგზავნათ წერილები. 2018 წლის 17 მაისს შსს აბ-–ის რაიონული სამმართველოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ გულნარა გაბელაია გარდაიცვალა 2017 წლის 3- სექტემბერს. სამოქალაქო რეესტრის მიერ გარდაცვალების ფაქტი დარეგისტრირდა 2018 წლის 18 მაისს. გულნარა გაბელაია გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2017 წლის 3- სექტემბერი. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 26 ი--–---- N04/42583 კორესპონდენციით ირკვევა, რომ გულნარა გაბელაიას კუთვნილი დამატებით ბარათის მეშვეობით ზედმეტად ჩარიცხული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი თანხა უკანონოდ აიღო მოქალაქე მაია გაბელაიამ, პ/ნ 02001014758. 2018 წლის 13 აგვისტოს მაია გაბელაიამ განცხადებით მომართა სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილებას და აღიარა სააგენტოს წინაშე არსებული დავალიანება 280 ლარის ოდენობით. მან აიღო პასუხისმგებლობა დაეფარა დავალიანება ყოველი თვის 15 რიცხვამდე სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის 50 ლარის ჩარიცხვის გზით. მაია გაბელაიამ 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში გადაიხადა საარსებო შემწეობის დავალიანება ჯამში 110 ლარის ოდენობით. დასაბრუნებელი თანხა დარჩა 170 ლარი. 2019 წლის იანვარს მაია გაბელაიას გაეგზავნა შეტყობინება 04-09-02/78, თუმცა წერილი დაბრუნდა ვერ/არ ჩაბარდა ადრესატს -მიზეზით. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მცდელობა მაია გაბელაიას უკანონოდ აღებული 170 ლარი დაებრუნებინათ სახელმწიფო ბიუჯეტში, უშედეგოდ დასრულდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეს წერილობითი ფორმით შესაგებელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. გულნარა გაბელაიამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილებას და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილების 2--- წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით გულნარა გაბელაიას (პ/ნ 02001007967) დაენიშნა სოციალური დახმარება და მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 58810 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის თვე არის 9/2006.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (იხ.ს.ფ. 19);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 20).

 

3.1.2. გულნარა გაბელაია, დაბადებული 1--------- წელს, პირადი ნომრით 02001007967, მისამართი: აბ-–ა, დ. კა-------ს 1 შეს. N--, 80 წლის ასაკში - 2017 წლის 3- სექტემბერს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. გულნარა გაბელაიას სამოქალაქო რეესტრის რეგისტრაციიდან მოხსნა განხორციელდა 2018 წლის 19 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინფორმაციო პორტალი (იხ.ს.ფ. 17-18).;

- შსს აბ-–ის რაიონული სამმართველოს მიმართვა MIA 7 18 0------- (იხ.ს.ფ. 26).

 

3.1.3. 2017 წლის 25 ოქ---------ს და 2018 წლის 17 მაისს მაია გაბელაიამ სს ,,ლიბერთი ბანკის“ ანგარიშიდან გაიტანა აწ გარდაცვლილი გულნარა გაბელაიას სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ფულადი დახმარება ჯამში 280 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ბანკიდან უკან დასაბრუნებელი თანხების შესახებ (იხ.ს.ფ. 28)

 

3.1.4. 2018 წლის 13 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს აბ-–ის რაიონული განყოფილების უფროსს განცხადებით მიმართა მაია გაბელაიამ. განცხადების თანახმად, მაია გაბელაიამ სააგენტოს წინაშე აღიარა ფულადი სახის დავალიანება 280 (ორას ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება ფულადი დავალიანების აღიარების შესახებ (იხ. ს.ფ. 29)

 

3.1.5. მაია გაბელაიამ 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში სახელწმიფო ბიუჯეტში დააბრუნა მის მიერ აღებული გულნარა გაბელაიას საარსებო შემწეობის თანხა ჯამში 110 ლარის ოდენობით; მაია გაბელაიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 170 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, საგადასახადო დავალება (იხ.ს.ფ. 3--33 ).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი“; სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2009 წლის 31 დეკემბრის N01/474-ო ბრძანება; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - მაია გაბელაიაისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 170 ლარის (ას სამოცდაათი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ი--–---- №145 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი, რომლის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.

 

მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის - გულნარა გაბელაიასათვის განკუთვნილი ფულადი დახმარება, გულნარა გაბელაიას გარდაცვალების (2017 წლის 3- სექტემბერი) შემდეგ მიიღო მაია გაბელაიამ, აღნიშნულმა თანხამ ჯამში შეადგინა 240 ლარი. მაია გაბელაიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნებულია თანხაა 110 ლარის ოდენობით, დარჩენილი დავალიანება კი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 170 ლარს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი.

 

სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მაია გაბელაიამ გულნარა გაბელაიას გარდაცვალების შემდეგ უსაფუძვლოდ მიიღო გულნარა გაბელაიასათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების თანხა ჯამში 240 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით კი მაია გაბელაიას დავალიანება სახელწმიფო ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 170 ლარს. აღნიშნულის საწინააღმდეგო ინფორმაცია წარმოდგენილი ანდა მოძიებული ვერ იქნა.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ვინაიდან მაია გაბელაიამ გულნარა გაბელაიას კუთვნილი საარსებო შემწეობა მიიღო ზედმეტად, ეს თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას.

 

6.2. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონმდებლობა სოციალური დახმარების შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან მოპასუხემ უსაფუძვლოდ მიიღო გულნარა გაბელაიას საარსებო შემწეობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზედმეტად მიღებული თანხა ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მაია გაბელაიას, (პ/ნ 02001014758) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

3. მხარე(ები) განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა N32) აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: აბაშა, ს. ცომაიას ქუჩა N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ლევან ნუცუბიძე