გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2019
საქმის ნომერი
411310019003039861
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N411310019003039861

(N3/6-2019)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. აბაშა

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე – ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი – თამთა გოგია

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - ნა-----------------ა

 

მოპასუხე - ლე-–--------ა

 

დავის საგანი - სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად აღებული ფულადი დახმარების _ 99.60 ლარის უკან დაბრუნება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს მოპასუხე ლე-–--------ას სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო ფულადი დახმარების 99.60 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ლე-–--------ას ოჯახს, 2--- წლის 05 ოქტომბერს მიენიჭა სარეიტინგო ქულა 48--0 და ოჯახს დაენიშნა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარება. სოციალური დახმარების დანიშვნისას ფორმის შევსებისას ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის 126-ე დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი და 2-ე პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს, მოვალეობებს, მათ სავარაუდო შედეგებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის N04/6---- კორესპონდენციით და მასზე დართული სიით, ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ლე-–--------ას ოჯახის წევრს - ალ-----------ს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი 2018 წლის აგვისტოს თვიდან. ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. ლე-–--------ას მხრიდან არ მომხდარა ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ცვლილებების თაობაზე სააგენტოს ინფორმირება. აღნიშნული ოჯახი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც შეუძლებელია ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნება სააგენტოს გადაწყვეტილებით. ოჯახს გაეგზავნა გაფრთხილებები, შეტყობინებები, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, რის გამოც მოსარჩელეს წარმომადგენლი მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე მუხლებზე მითითებით, ბენეფიციარის მხრიდან ზედმეტად აღებული სოციალური დახმარების, საარსებო შემწეობის 99.60 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას. მოსარჩელეს წარმომდგენლის განმ-----ებით, ოჯახის ზედმეტად აღებულმა თანხამ შეადგინა 100 ლარი, რის შემდეგაც სააგენტოს მიერ განხორციელდა ლე-–--------ას საბანკო ანგარიშზე არსებული/განთავსებული ფულადი თანხის -0,40 (ორმოცი ერთეული) ლარის ჩამოჭრა, აღნიშნულიდან გამომდინარე დღის მდგომარეობით ლე-–--------ას დავალიანება შეადგენს 99.60 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ლე-–--------ას, წერილობითი ფორმით შესაგებელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ლე-–--------ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილების გადაწყვეტილებით ლე-–--------ას ოჯახს (ლე-–--------ა და ალ-----------) დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 48--0 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის თვე არის 12/2---.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლე-–--------ას განცხადება (იხ.ს.ფ. 15);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 16).

 

3.1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/6---- მიმართვითა და მისი დანართით დგინდება, რომ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებს, რომლებსაც სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს მათ წევრებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და აღნიშნული არ აცნობეს სააგენტოს კანონით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

დადგენილია, რომ ასეთ ოჯახს წარმოადგენდა ლე-–--------ას ოჯახი, ვინაიდან მისი ოჯახის წევრი - ალ----------- დასაქმებულია შპს ,,კუ----------------ე" და იღებს შემოსავალს, რომლის შესახებაც არ აცნობა სააგენტოს უფლებამოსილ პირს.

 

მითითებული მიმართვით სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს დაევალათ წერილობით ეცნობებინათ ოჯახებისთვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე (მიზეზის მითითებით) 2 კვირის განმავლობაში და ასევე, განეხორციელებინათ კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 19 დეკემბრის №04/6---- მიმართვა და დანართი (იხ.ს.ფ. 17-21).

 

3.1.3. ლე-–--------ამ ზედმეტად მიიღო 2018 წლის ნოემბრის თვის საარსებო შემწეობის თანხა - 100 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოხსენებითი ბარათი, ინფორმაცია ბანკიდან უკან დასაბრუნებელი თანხების შესახებ (იხ.ს.ფ. 14, 21).

 

3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილების 2019 წლის 01 მ-----ის №04-09-02/4-- წერილით ლე-–--------ას ეცნობა, რომ ვინაიდან სააგენტოს არ აცნობა ოჯახის წევრის - ალ-----------ს მიერ მიღებული შემოსავალი, მისი ოჯახის მხრიდან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენდა 100 ლარს (2018 წლის ნოემბრის თვე). აღნიშნული თანხიდან ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნდა მხოლოდ 0.40 თეთრი. ამავე წერილით ლე-–--------ას ეთხოვა ვალდებულების შესრულების მიზნით ერთი თვის ვადაში გამოცხადებულიყო სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში. ამავე წერილით ლე-–--------ას ეთხოვა მის მიერ არასწორად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აღდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მოხსენებითი ბარათი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილების წერილი (იხ. ს. ფ. 14, 22-24);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილების სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი“; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - ლე-–--------ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 99.60 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი, რომლის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს.

 

მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.

 

2018 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის N672 დადგენილებით, განხორციელდა ცვლილებები „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის 11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობას (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე), უძრავი ქონების ან/და „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.“; ამავე ცვლილებით მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „გ) შემოსავლების გაზრდის/გაჩენის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობასა (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;“;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ ლე-–--------ას ოჯახი რეგისტრირებული იყო ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და იგი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, იღებდა საარსებო შემწეობას. ასევე, დადგენილია ის გარემოება, რომ ლე-–--------ას ოჯახის წევრმა - ალ-----------მ შპს ,,კ-----------------ეში" დასაქმებით მიიღო შემოსავალი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში, არ აცნობა სააგენტოს.

 

2018 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შემოსავლების გაზრდად ან შემოსავლის გაჩენად მიიჩნევა ის გარემოება, როდესაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მიწოდებულ ხელზე აღებული ხელფასის (ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) ოდენობა (საშუალოდ, ბოლო 4 თვეში ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) და „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში − „ხელფასი (ყველა სხვა სახის ანაზღაურების ჩათვლით)“ დაფიქსირებულ (საშუალოდ, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებული) ოდენობას შორის სხვაობა ტოლია ან ნაკლებია 175 ლარზე;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის ლე-–--------ას ოჯახის სოციალური-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესების იმდაგვარი ცვლილება, რომელიც გამოიწვევდა მის ვალდებულებას აღნიშნულის თაობაზე ერთი თვის ვადაში ეცნობებინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილებისათვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონულ განყოფილების სარჩელი ლე-–--------ას მიმართ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად აღებული ფულადი დახმარების 99.60 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა N32) აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: აბაშა, ს. ცომაიას ქუჩა N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ლევან ნუცუბიძე