გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2019
საქმის ნომერი
330310019002860019
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002860019

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - ი--------–--ე

წარმომადგენელი - ი---------–---–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------–----

 

მესამე პირი (16.2) - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ი-----–-----------

 

მესამე პირი (16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ა---------–--------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნაწილობრივ, №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან, 30 კვ.მ მიწის ნაკვეთის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში გადაცემის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა; იხ. 2019 წლის 10 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი; ს.ფ. 126-136).

 

მოსარჩელის განმარტებით, 1965 წლიდან კ-------------------–---–- ოჯახთან ერთად ცხოვრობდა მისამართზე: ქ-------–----------–-----–-----------------, სადაც მის მიერ პატარა ნაკვეთზე აშენებულ იქნა შენობა-ნაგებობა, რომლითაც ოჯახი სარგებლობდა წლების განმავლობაში. მოსარჩელე ი--------–--ე არის კ-------------------–---–-ს შვილიშვილი, რომელიც აგრძელებს ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფლობასა და სარგებლობას.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს, მის მფლობელობაში არსებული შენობიდან იძულებითი წესით სცადეს გამოსახლება სსიპ გარემო ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ქონება მათ ეკუთვნით. 2017 წლის 29 სექტემბერს მან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა განცხადებით და მოითხოვა იმ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რომელიც 1965 წლიდან დღემდე მისი ოჯახის მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს, კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის განკარგულებით უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ეს უკანასკნელი კი ირიცხებოდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან 2019 წლის 29 იანვარს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა იმ აქტის გაცნობა, რომლის საფუძველზეც გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაეცა მის მფლობელობაში არსებული ქონება. ეს აქტი არის 2010 წლის 30 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს წერილი, რომლის მიხედვითაც გარემოს ეროვნულ სააგენტოს სარგებლობაში გადაცემული აქვს რამდენიმე უძრავი ქონება, მათ შორის, ქ. თ---–--–--------–-----–--------–- მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართი 172.62 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - №0---------------), რომლის საზღვრებშიც მოქცეულია ი--------–--ის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ზემოაღნიშნული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- აქტი გახდა საკუთრების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც ხელს უშლის მას მოიპოვოს საკუთრების აღიარება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც მისი ოჯახი ფლობს 1965 წლიდან და რომლის აღიარების სამართლებრივ უფლებამოსილებასაც კანონი მას ანიჭებს, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი ფორმით შესაგებელი ი--------–--ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირმა - სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3.2. მესამე პირს - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილობითი ფორმით შესაგებელი ი--------–--ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქმეში წარმოდგენილია საქ. ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოს უფროსის 1965 წლის 12 ნოემბრის №76 ცნობა, რომლის თანახმად, კ------------------–-----------------–---–- თავისი ოჯახით ნამდვილად ცხოვრობდა საქ. ჰიდრომეტსამსახურის ს---–----------––----------------–-------------------- ამავე ცნობის თანახმად, ზემოაღნიშნულ ნაგებობას, სადაც ამჟამად ცხოვრობს მოქ. გ----–---–ი, აკრავს მცირე ზომის ეზო და იმყოფება მოქ. გ----–---–ის სარგებლობაში, ხოლო საქ. ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოს არავითარი საწინააღმდეგო არ აქვს ზემოხსენებულ ეზოში აშენოს მოქ. გ----–---–მა საკუთარი მსუბუქი მანქანისათვის გარაჟი.

 

4.1.2. 1992 წლის 08 დეკემბრის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შ---------------ემ, როგორც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს №24 საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლ--------–---–ს (კ-------------------–---–-ს მეუღლე) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი (ბინა) მდებარე: ქ-------–--–------------–-----–----------- კორპ. ბინა №1-ში, რომელიც იყო სამ ოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართი - 43 კვ.მ., დამხმარე ფართი - 17 კვ.მ., საერთო ფართი 65 კვ.მ.

 

4.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 05 ნოემბრის №2-108 მემკვიდრეობის მოწმობით ირკვევა, რომ ი--------–--ე წარმოადგენს ლ--------–---–ის შვილს და მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი უძრავი ქონება, მდებარე: ქ-------–--------------–-----–--------------------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქ. ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოს უფროსის 1965 წლის 12 ნოემბრის №76 ცნობა (ს.ფ. 14);

- 1992 წლის 08 დეკემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 76-77);

- 2007 წლის 05 ნოემბრის №2-108 მემკვიდრეობის მოწმობა (ს.ფ. 78-80).

 

4.1.4. 2010 წლის 15 ივნისს, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა №16/1720/10-10 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს საკუთრებაში ძველი თ---–------------–-------–----------–--------------–-, დ-------–-----–---------------–- მდებარე 192 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით საერთო ფართით 172.62 კვ.მ.

 

შესაბამისად, 2010 წლის 15 ივნისის №16/1720/10-10 წერილის საფუძველზე, ქ.------–--–--------–-----–-------------- (ნაკვეთი 01/073), მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2010 წლის 29 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 192.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 1;. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართობით 172.62 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 15 ივნისის №16/1720/10-10 წერილი (ს.ფ. 100);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 20.09.2010 (ს.ფ. 24-25);

 

4.1.5. 2010 წლის 09 ივლისს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ №23-15/2131 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა, ქ.------–--–--------–-----–---------------ში მდებარე (ს/კ: №0---------------) 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და ავტოფარეხის სახით მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, სარგებლობის უფლებით გადაცემა.

 

4.1.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- წერილით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებით თანახმა იყო განთავსებულიყო და ესარგებლათ არსებობის ვადით, ქ.------–--–--------–-----–---------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ით (საერთო ფართი 172.62 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარემოს ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 09 ივლისის №23-15/2131 წერილი (ს.ფ. 90);

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- წერილი (ს.ფ. 23).

 

4.1.7. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №21/7969 წერილით ი--------–--ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ამონაწერის შესაბამისად, ქ.------–--–--------–-----–---------------ში (ს/კ: №0---------------) მდებარე ავტოფარეხის მოსარგებლეს წარმოადგენდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სადაც განთავსებული იყო ამავე სააგენტოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - ნივა ,,ვაზ 21213’’ (სახ. ნომერი - VWV232). სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მიუღებელი იყო, რომ მოსარჩელის მიერ ავტოფარეხზე დადებული იყო ჯაჭვიანი ბოქლომი და განთავსებული იყო მისი ნივთები, რაც ზღუდავდა კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის გამოყენებას. შესაბამისად, აღნიშნული წერილით ი--------–--ეს ეთხოვა უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივლისამდე) გაეთავისუფლებინა აღნიშნული ფართი, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

 

4.1.8. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №21/7969 წერილით ი--------–--ისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წლის 26 ივლისს, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ №21/8432 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსს, სადაც დეტალურად იყო განმარტებული სააგენტოსა და ი--------–--ეს შორის არსებული პრობლემის შესახებ, ასევე განყოფილებას გადაეგზავნა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ი--------–--ისადმი მიმართვის წერილი და შესაძლო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით ეთხოვა რეაგირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №21/7969 წერილი (ს.ფ. 68);

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №21/8432 წერილი (ს.ფ. 66-67).

 

4.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №55-01182153525 წერილით სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 ოქტომბრის №423778 წერილობითი მიმართვით, კომისიას წარედგინა ი--------–--ის განცხადება, რომელმაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მის: ქ-------–----------–-----–-------------- (ნაკვ. 01/073, საერთო ფართობი - 31 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარება, თუმცა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, ამასთან, მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს წარმოადგენდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს ეთხოვა კომისიისთვის პოზიციის მიწოდება მითითებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

4.1.10. აღნიშნული წერილის პასუხად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს №21/3789 წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ეცნობა, რომ №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ირიცხებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე, აღნიშნული ტერიტორია დღემდე სარგებლობაში იყო და გამოყენებულია, როგორც ავტოსადგომი. შესაბამისად, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო წინააღმდეგი იყო მომხდარიყო აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

 

4.1.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის №1872 განკარგულებით, ი--------–--ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მის.: ქ-------–----------–-----–-------------- (ნაკვ. 01/073, საერთო ფართობი - 31 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს №55-01182153525 წერილი (ს.ფ. 70);

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 აგვისტოს №21/3789 წერილი (ს.ფ. 71);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 26 ნოემბრის №1872 განკარგულება (ს.ფ. 17-18).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი--------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილება (სადავო აქტის პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ამავე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა არის სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი არის ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი შემუშავებულია ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა (შემდგომში - სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში - ქონება) სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს.

 

დასახელებული წესების მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მოთხოვნის წარმდგენები შეიძლება იყვნენ: ა) სახელმწიფო ორგანოები; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამავე წესების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქონება სახელმწიფო ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეთ უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ.

 

,,სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართავს განცხადებით სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის (შემდგომში – პირველადი გადაცემა) შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის საფუძველია, _ ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ უარის თქმის შემთხვევაში ქონების გადაცემის საკითხს სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. თუ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2 კვირის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს ქონების სახელმწიფო ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქონების სახელმწიფო ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის პირველადი გადაცემა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილობითი თანხმობით.

 

7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 15 ივნისს, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა №16/1720/10-10 წერილით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და სთხოვა დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს საკუთრებაში ძველი თ---–------------–-------–----------–--------------–-, დ-------–-----–---------------–- მდებარე 192 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით საერთო ფართით 172.62 კვ.მ. შესაბამისად, აღნიშნული წერილის საფუძველზე, ქ.------–--–--------–-----–-------------- (ნაკვეთი 01/073), მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2010 წლის 29 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე (ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 192.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 1;. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართობით 172.62 კვ.მ.).

 

დადგენილია ასევე, რომ 2010 წლის 09 ივლისს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ №23-15/2131 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა, ქ.------–--–--------–-----–---------------ში მდებარე (ს/კ: №0---------------) 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და ავტოფარეხის სახით მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, სარგებლობის უფლებით გადაცემა, ხოლო სადავო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- წერილით, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებით თანახმა იყო განთავსებულიყო და ესარგებლათ არსებობის ვადით, ქ.------–--–--------–-----–---------------ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ით (საერთო ფართი 172.62 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 192 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------).

 

ამასთან, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის №21/7969 წერილით ი--------–--ეს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს ამონაწერის შესაბამისად, ქ.------–--–--------–-----–---------------ში (ს/კ: №0---------------) მდებარე ავტოფარეხის მოსარგებლეს წარმოადგენდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სადაც განთავსებული იყო ამავე სააგენტოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება - ნივა ,,ვაზ 21213’’ (სახ. ნომერი - VWV232). სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მიუღებელი იყო, რომ მოსარჩელის მიერ ავტოფარეხზე დადებული იყო ჯაჭვიანი ბოქლომი და განთავსებული იყო მისი ნივთები, რაც ზღუდავდა კანონიერ სარგებლობაში არსებული ფართის გამოყენებას. შესაბამისად, აღნიშნული წერილით ი--------–--ეს ეთხოვა უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 2017 წლის 20 ივლისამდე) გაეთავისუფლებინა აღნიშნული ფართი, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, 2017 წლის 26 ივლისს, სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ №21/8432 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პოლიციის მე-5 განყოფილების უფროსს და შესაძლო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით სთხოვა რეაგირება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაჩივრებული 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- აქტით შეზღუდა ი--------–--ის უფლება, მოიპოვოს საკუთრება მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სარგებლობაში გადასცა ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფაქტობრივად უკვე ყავდა მართლზომიერი მფლობელი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხარე ვერ უთითებს და ვერ ადასტურებს თუ რაში გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ არც 2010 წლის მდგომარეობით, როდესაც მოხდა აღნიშნული ფართის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა და არც დღეის მდგომარეობით, სადავო ფართზე კანონით დადგენილი წესით არ დგინდება რაიმე უფლება, რაც გახდებოდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით ფართის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ 2019 წლის 10 მაისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებზე, სადაც დაადასტურა, რომ მის საკუთრებაში არსებულ სახლსა და სადავო ავტოფარეხს შორის არის პატარა მიწის ნაკვეთი, რომელიც ცნობის საფუძველზე მისცეს მის ბაბუას, ასევე მიუთითა, რომ მისი ბაბუა - კ-------------------–---–- იყო საქ. ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოს ხელმძღვანელი და მან, როგორც სამსახურის ხელმძღვანელმა, და არა როგორც ფიზიკურმა პირმა, ააშენა ავტოსადგომები, რომელთაგან პირველი ავტოსადგომი მასვე გადაეცა (იხ პაექრობა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადავო გარაჟი და მის ქვეშ არსებული 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს იმ ეზოს ნაწილს, რომელთან დაკავშირებითაც 1965 წლის 12 ნოემბრის N76 ცნობაში საქ „ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოს“ უფროსმა გ------------ მიუთითა, რომ არ იყო წინააღმდეგი მოქ. გ----–---–ს აეშენებინა გარაჟი საკუთარი მანქანისათვის და ასევე ცალსახაა, რომ შენობა ნაგებობა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს აშნებული იქნა „ჰიდრომეტსამსახურის სამმართველოს“ მიერ, ხოლო კ. გ----–---–ისა მიერ დაკავებული იქნა მასში არსებული პირველი გარაჟი და ამ გარაჟზე ან მიწის ნაკვეთზე რაიმე უფლების დამდგენი დოკუმენტი კ-------–---–- არ ჰქონია.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სადავო ფართი სარგებლობის უფლებით გადაეცა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო ორგანოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №246 დადგენილების (სადავო აქტის პერიოდში მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2010 წლის 30 აგვისტოს №1----------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გასაჩივრებულ ნაწილში) კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

7.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი--------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, ი--------–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი--------–--ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გ----–---–ი