გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
110210019003202158
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 110210019003202158

N2/554-2019წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _---- ლ--------

წარმომადგენელი- ე-–---- ბ-----------

მოპასუხე _ ბ--- გ--–-–---–--

დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა და ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შეწყდეს მხარეთა შორის 2----–-–-----------–- რეგისტრირებული ქორწინება.

 

მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ დაბადებული ნ----- გ--–-–---–-- აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

გადაწყვეტილება ალიმენტის ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ შეეძინათ შვილი ნ----- გ--–-–---–-. მეუღლეებს ერთმანეთთან კონფლიქტური ურთიერობა ჰქონდათ, რის გამოც უკვე ერთად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე ცხოვრობს მარტო შვილთან ერთად. მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მამა არ ზრუნავს შვილზე და არ ასრულებს მშობლის მოვალეობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არც შესაგებელი შემოიტანა და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნ--- ლ------- და ბ--- გ--–-–---–- 2----–-–-----------–----- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

_ სასამართლო დაეყრდნო ქორწინების მოწმობას.

 

3..2. ნ--- ლ-------სა და ბექა----–-–---–- ერთად ცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ შეეძინათ შვილი ნ----- გ--–-–---–-.

 

_ სასამართლო დაეყრდნო დაბადების მოწმობას.

 

3.3. ნ--- ლ------- და ბ--- გ--–-–---–- კონფლიქტური ურთიერთობის გამო დაშორდნენ ერთმანეთს და ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას.

 

3.4. ნ----- გ--–-–---–- ცხოვრობს დედასთან ნ--- ლ-------სთან და მასზე მხოლოდ დედა ზრუნავს. მამა ბ--- გ--–-–---–-- კი შვილის აღზრდასა და რჩენაში არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას.

 

3.5. ბ--- გ--–-–---–- არ არის დასაქმებული და მას რაიმე შემოსავალი არ გააჩნია.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა- განმარტებას, საქმის მასალებს.

 

3.6. მოპასუხე ბ--- გ--–-–---–- სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოსაგან ღებულობს ყოველთვიურ შემწეობას.

 

_ სასამართლო დაეყრდნო ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ ნ--- ლ-------- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხეს ჩაბარდა საპროცესო კანონით დადგენლი წესით. მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

ამდენად, ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თავისუფალ ნებას ემყარება. ოჯახი იქმნება მათი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით და მისი ხანგძლივობაც მხოლოდ მეუღლეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადაწყვეტს, რომ აღარ სურს საქორწინო კავშირის შენარჩუნება, ეს საფუძველს აცლის ოჯახს და ქორწინების შეწყვეტის საფუძველია.

 

საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებელად მიღებული ზომებისა.

 

ნ--- ლ------- ითხოვს განქორწინებას, ხოლო მოპასუხე ბექა----–-–---–- მის სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანია.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1123-ე, 1127-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას და ნ--- ლ-------- სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. ნ--- ლ------- ითხოვს მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 3 მარტს დაბადებული ნ----- გ--–-–---–-- აღზრდისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან დგინდება, რომ ბ--- გ--–-–---–- სოციალურად დაუცველია, მოქმედი სარეინტინგო ქულაა 57 400 და სახელმწიფოსაგან იღებს ყოველთვიურ შემწეობას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბ--- გ--–-–---–-- შესაგებელი არ წარმოადგინა, სწორედ აღნიშნული მოცემულობის საფუძველზე, დანიშნა სასამართლომ საქმის განხილვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება - არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებულ იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის მოვალეობისაგან.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში,დადგენილია, რომ ბ--- გ--–-–---–- არ არის დასაქმებული და რაიმე შემოსავლები არ გააჩნია, მის შემოსავალებზე ვერც მოსარჩელმე ვერ მიუთითა. ამასთან, დადგენილია, რომ ბ--- გ--–-–---–- სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას, რაც მიუთითებს მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა - თვეში 150 ლარი არის ის ოდენობა, რაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენებს ალიმენტვალდებულ პირს. ამონაწერის თანახმად, მთლიანად მოპასუხის ოჯახზე 01/06/2019 და 01/07/2019 პერიოდის მონაცემების მიხედვით შემწეობის სახით მიღებულმა თანხამ შეადგინა 168-168 ლარი და თვეში 150 ლარის დაკისრება ასეთი პირისათვის ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებსა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილ ოდენობას.

 

ამდენად, სასამართლო ალიმენტის თანხის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ალიმენტის თანხა უნდა იყოს რეალური და შესაბამისი მხარის შემოსავლებთან მიმართებაში. ამასთან, დაკისრებული თანხა არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური ხასიათის და ის უნდა იყოს აღსრულებადი. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და კანონის საფუძველზე საფუძველზე, ასევე ითვალისწინებს სასამართლო პრაქტიკასაც. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა თვეში უნდა განისაზღვროს 100 ლარით.

 

6.3 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა''ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ან ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა''ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები - ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, ხოლო ,,ვ''ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხილს მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ორივე საფუძვლით გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან. ბაჟის გადახდისაგან ასევე უნდა გათავისუფლდეს მოპასუხეც., სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ''ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ--- ლ-------- (პ--------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შეწყდეს ნ--- ლ-------სა (პ--------------- და ბექა----–-–---–- (---------------- შორის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ზესტაფონის სამსახურის მიერ 2013 წლის 5 აპრილის N 2---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

3. ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

4. მოპასუხე ბექა----–-–---–- (---------------- მოსარჩელე ნ--- ლ-------- (პ--------------- სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ დაბადებული ნ----- გ--–-–---–-- (---------------- რჩენა-აღზრდისათვის, დაეკისროს ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 სექტემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

5. გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

6. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.

 

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

8.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

9.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე