განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003254270
საქმე №1-1072/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ო-–-----------–---–ის
ბრალდებულის - პ----- გ---–---------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171200719014 საქმე:
ბრალდებულ პ----- გ---–---------ს მიმართ
მამის სახელი: ვ-–-
დაბადებული: 0--------- წელი
მოქალაქეობა: უ--------
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლეობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–---------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 18 ივლისს, საქართველოს შს სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ, პ----- გ---–---------ს მიმართ, 30 (ოცდაათი) დღის ვადით გაცემული იქნა N021575 შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლის - თავისი ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის - ა--------- მ-------ის მიმართ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2. მიუხედავად N021575 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვისა, 2019 წლის 19 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, პ----- გ---–---------მ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაცია დაამყარა ა--------- მ-------ესთან, რითაც დაარღვია N021575 შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
3. სასამართლოს წინაშე ბრალდებულმა პ----- გ---–---------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- გ---–---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ :
6. დაზარალებულ ა--------- მ-------ის ჩვენება, მოწმე ლ-----------ის ჩვენება; 2019 წლის 18 ივლის შედგენილი N021575 შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ---–---------ს აეკრძალა თავისი ოჯახის წევრის, ყოფილი მეუღლის - ა--------- მ-------ის მიმართ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; აზარალებულ ა--------- მ-------ის ელექტრონულ ფოსტაზე არსებული მოკლეტექსტური შეტყობინებების დათვალიერების ოქმი, დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენები პ----- გ---–---------ს მიმართ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
8. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული პ----- გ---–--------- და დაზარალებული ა--------- მ-------ე არიან მეუღლეები, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
9. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
10. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
11. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
12. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პ----- გ---–---------ს ბრალდების დადასტურება.
13. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
16. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
17. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
18. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
19. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
21. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 18 ივლისს, საქართველოს შს სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ, პ----- გ---–---------ს მიმართ, 30 (ოცდაათი) დღის ვადით გამოცემული იქნა N021575 შემაკავებელი ორდერი, რომლისთაც მას აეკრძალა ყოფილი მეუღლის - ა--------- მ-------ის მიმართ, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად N021575 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვისა, 2019 წლის 19 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, პ----- გ---–---------მ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კომუნიკაცია დაამყარა ა--------- მ-------ესთან, რითაც დაარღვია N021575 შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები.
22. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ----- გ---–---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
23. პ----- გ---–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
24. პ----- გ---–---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
26. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
27. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
28. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
29. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
30. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
32. სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
33. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ პ----- გ---–---------ს, რომელმაც აღიარა დანაშაული, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა - 1500 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
34. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პ----- გ---–---------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
35. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ელექტრონული ფოსტის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული პ----- ვ-–-ს ძე გ---–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პ----- გ---–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 1500 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, პ----- გ---–---------ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცება - ელექტრონული ფოსტის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი