გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002321009
N 2/202-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი 2018 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს ,,ე--- კ---------“
წარმომადგენელი ტ------– გ--------
მოპასუხე გ------- ლ-–---
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 720.82 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 400 ლარი, სარგებელი 20.82 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი.
1.2. მოპასუხე გ------- ლ-–---ს დაეკისროს შპს ,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების საფასურის 42 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2017 წლის 24 იანვარს მოპასუხე გ------- ლ-–---სა და შპს ე--- კ--------ს შორის გაფორმდა ელექტრონული სესხის ხელშეკრულება N530356 რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 400 ლარის ოდენობით, 2017 წლის 20 თებერვლამდე. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 400 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 20.82 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად მსესხებელს ხელშეკრულების 6.4. პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.41 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 512.82 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 720.82 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 400 ლარი, სარგებელი 20.82 ლარი, პირგასამტეხლო 300 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირის 400 ლარის, სარგებლის 20.82 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 400 ლარის ოდენობით, სარგებლის 20.82 ლარის დარიცხვით, 30 დღის ვადით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა: სესხის ძირი -400 ლარი, სარგებელი - 20.82 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 300 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.
ხელშეკრულების დარღვევის დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დენა, რის გამოც, სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროისათვის პირგასამტეხლო, ხელოვნურად გაიზარდა, რაც აღემატება სარგებელს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხე გ------- ლ-–---ს, შპს „ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 450.82 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 400 ლარი, სარგებელი - 20.82 ლარი, პირგასამტეხლო - 30 ლარი) გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და, ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ სესხის ძირის 400 ლარის, სარგებლის 20.82 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ე--- კ---------“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 300 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.
მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო 30 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწყვევს არა მოსარჩელის უფლებების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 300 ლარი უნდა შემცირდეს 30 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
მოპასუხე გ------- ლ-–---ს შპს ,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 42 ლარის გადახდა.
შპს „ე--- კ--------ს“ დაუბრუნდეს შპს ,,ე--- კ---------ს“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 22.01.2018 წ. საგადასახადო დავალება N605275499) 31.69 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 3.86 ლარის გადახდა, ხოლო 18.31 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ე--- კ---------ს“ სარჩელი გ------- ლ-–---ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ------- ლ-–---ს, შპს „ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 450.82 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 400 ლარი, სარგებელი - 20.82 ლარი, პირგასამტეხლო - 30 ლარი) გადახდა.
3. მოპასუხე გ------- ლ-–---ს შპს ,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 42 ლარის გადახდა.
4. შპს „ე--- კ--------ს“ დაუბრუნდეს შპს ,,ე--- კ---------ს“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 22.01.2018 წ. საგადასახადო დავალება N605275499) 31.69 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 3.86 ლარის გადახდა, ხოლო 18.31 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
5. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე