გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210019002873766
N 2/125-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 მაისი 2019 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე შპს ,,მ----–---“
წარმომადგენელი ტ------– გ--------
მოპასუხე რ----- ზ-------–---–-
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ L-193768 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 500 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 250 ლარი, სარგებელი 26 ლარი, პირგასამტეხლო 124 ლარი, გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ L-257325 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 600 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 350 ლარი, სარგებელი 53 ლარი, პირგასამტეხლო 217 ლარი, გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი.
1.3. მოპასუხე რ----- ზ-------–---–ს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2016 წლის 11 ოქტომბერს მოპასუხე რ----- ზ-------–---–სა და შპს ,,ე--------ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული ხელშეკრულება ნომერი L-193768, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 250 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 250 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 26 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 10 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა. მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% ოდენობით, რამაც შეადგინა 1907.5 ლარი, 763 ვადაგადაცილებული დღე. მოპასუხის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
2016 წლის 05 ოქტომბერს მოპასუხე რ----- ზ-------–---–სა და სს ,,ი--------–ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული ხელშეკრულება ნომერი L-257325, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 53 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 04 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა. მსესხებელს ხელშეკრულების დანართის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1% ოდენობით, რამაც შეადგინა 2604 ლარი, 744 ვადაგადაცილებული დღე. მოპასუხის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა:
მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ L-193768 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 500 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 250 ლარი, სარგებელი 26 ლარი, პირგასამტეხლო 124 ლარი, გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი.
მოპასუხეს დაეკისროს შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ L-257325 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 600 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 350 ლარი, სარგებელი 53 ლარი, პირგასამტეხლო 217 ლარი, გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: L-193768 სესხის ძირის 250 ლარის, სარგებლის 26 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო. L-257325 სესხის ძირის 350 ლარის, სარგებლის 53 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის დაიდო L-193768 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 250 ლარის ოდენობით, სარგებლის 26 ლარის დარიცხვით, 30 დღის ვადით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.
3.1.2. მხარეთა შორის დაიდო L-257325 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სესხი 350 ლარის ოდენობით, სარგებლის 53 ლარის დარიცხვით, 30 დღის ვადით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება: მხარეთა განმარტებებით; საგადასახადო დავალებით.
3.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა: L-193768 სესხის ძირი - 250 ლარი, სარგებელი - 26 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.1.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება არ გადაიხადა სესხი, რის გამოც, მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა: L-257325 სესხის ძირი - 350 ლარი, სარგებელი - 53 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება მხარეთა განმარტებებით და დავალიანების შესახებ ცნობით.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. L-193768 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 124 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.
3.2.2. L-257325 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო - 217 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.
ხელშეკრულების დარღვევის დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დენა, რის გამოც, სარჩელის სასამართლოში შემოტანის დროისათვის პირგასამტეხლო, ხელოვნურად გაიზარდა, რაც აღემატება სარგებელს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხე რ----- ზ-------–---–ს, შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს:
L-193768 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სულ 326 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 250 ლარი, სარგებელი - 26 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა.
L-257325 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სულ 473 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 53 ლარი, პირგასამტეხლო - 70 ლარი) გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სარჩელი კმაყოფილდება სარჩელის ცნობის საფუძველზე და, ამ შემთხვევაში, მოსამართლე არ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: L-193768 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირის 250 ლარის, სარგებლის 26 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო. L-257325 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირის 350 ლარის, სარგებლის 53 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მ----–---ი“ პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს: L-193768 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 124 ლარი, ხოლო L-257325 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 217 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში.
მართალია კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწყვევს არა მოსარჩელის უფლებების აღდგენას, არამედ მის გამდიდრებას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
7. საპროცესო ხარჯები
შპს „მ----–---ს“ დაუბრუნდეს შპს ,,მ----–---ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 22.11.2018 წ. საგადასახადო დავალება N1542878697) 39.48 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1.98 ლარის გადახდა, ხოლო 10.52 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,მ----–---ის“ სარჩელი რ----- ზ-------–---–-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე რ----- ზ-------–---–ს, შპს ,,მ----–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
L-193768 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სულ 326 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 250 ლარი, სარგებელი - 26 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი) გადახდა.
L-257325 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სულ 473 ლარის (საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 53 ლარი, პირგასამტეხლო - 70 ლარი) გადახდა.
3. შპს „მ----–---ს“ დაუბრუნდეს შპს ,,მ----–---ის“ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 22.11.2018 წ. საგადასახადო დავალება N1542878697) 39.48 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1.98 ლარის გადახდა, ხოლო 10.52 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე