გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-52-2019
(130310019003048036)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ბარბაქაძე
მოსარჩელე - თ----- კ-----ე
წარმომადგენელი - თ----- შ--–--------ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - თ----- ი------–---–ი
მესამე პირი (ასკ-ის მე-16მ. IIნ.) - რ---- ხ--–-–---–ი
მესამე პირი (ასკ-ის მე-16მ. IIნ.) - ქარელის მუნიციპალიტეტი
წარმომადგენელი - ი--- ე---–--ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 9 მარტის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
მოსარჩელე უთითებს, რომ 2016 წლის 10 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მის საკუთრებას წარმოადგენდა ქარელში, რ---------–ის ქ. N12ა-ში მდებარე 641კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად ს/კ 68.10.45.4--. 2019 წლის 11 ივნისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 ივლისს ბათილად ცნო ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
მოსარჩელე უთითებს, რომ მოცემულ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციისას 2016 წელს მის მიერ წარდგენილი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამკვიდრო მოწმობა და ცნობა-დახასიათება. სარეგისტრაციო სამსახურმა შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება რადგან საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში ასახული მონაცემებისაგან და წარდგენილი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა. მან სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა, რის შემდეგად განხორციელდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოსარჩელე განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნუომა სააგენტომ მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია გააბათილა რ---- ხ--–-–---–ის განცხადების საფუძველზე, რომელიც აღნიშნავდა, რომ თ----- კ-----ეს დარეგისტრირებული ჰქონდა საერთო სარგებლობის გზა. მოსარჩელე უთითებს, რომ მან 1991 წელს შეიძინა რ---------–ის ქ. N12-ში მდებარე უძრავი ქონება, ხოლო რ---------–ის ქ. N12ა-ში მდებარე ქონება ეკუთვნოდა მის მამას, რომელიც შემდეგ მან მიიღო მემკვიდრეობით. სადავო ნაკვეთი არის რ---------–ის ქ. N12ა-ში მდებარე სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა, ხოლო რ---------–ის ქ. N12-ში მდებარე ქონებას აქვს სხვა მისასვლელიც. მას შემდეგ, რაც თ----- კ-----ე გახდა ორივე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ეს გზა აღარავისთან იყო საზიარო და შესაბამისად, აღარ წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას. თ----- კ-----ის მიერ 1991 წელს შეძენილი ქონება მდებარე რ---------–ის ქ. N12-ში გაიყიდა აუქციონზე, რადგან იყო დატვირთული იპოთეკით და ვალდებულება ვერ შესრულდა. ამჟამად მისი მესაკუთრე არის რ---- ხ--–-–---–ი, რომელიც ფაქტობრივად არ ცხოვრობს ამ სახლში და არ გააჩნია არანაირი ინტერესი ამ შესასვლელის მიმართ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ რ---- ხ--–-–---–ის განცხადების საფუძველზე სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული წარმოებისას დადგინდა, რომ თ----- კ-----ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის არქივში არსებულ მონაცემებს, რის გამოც შეჩერდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიიდან უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ. სარეგისტრაციო სამსახურში მერიიდან გადმოგზავნილ იქნა წერილი და ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომელთა მიხედვით, იდენტურობა არ დადგინდა. აღნიშნულის საფუძველზე, სარეგისტრაციო სამსახურმა 2019 წლის 27 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირს რ---- ხ--–-–---–ს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს სხდომაზე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას, რომელიც თ----- კ-----ეს არასწორად ჰქონდა მოქცეული თავისი ნაკვეთის შემადგენლობაში. იგი ხელს უშლის ისარგებლოს ამ გზით, რის გამოც არ ეძლევა საშუალება დაასუფთავოს მისი სახლის უკან (აღმოსავლეთ მხარეს) მდებარე მიწის ფართი.
3.2. მესამე პირს ქარელის მუნიციპალიტეტს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს სხდომაზე მისი წარმომადგენლი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ 1986 წელს აღამასკომის თანამშრომლების მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას, რომლითაც თანაბრად უნდა ესარგებლა ორივე მეზობელს. მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის დროს გამოვლინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის საზღვრები და კონფიგურაცია განსხვავებული იყო უფლების დამადსტურებელ დოკუმენტში მითითებულისაგან, ამიტომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სწორად გააბათილა უკანონო რეგისტრაცია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. თ----- კ-----ემ 2016 წლის 22 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ქარელში, რ---------–ის ქ. N12ა-ში მდებარე 641კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სამკვიდრო მოწმობა, ცნობა-დახასიათება. 2016 წლის 10 თებერვალს გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. ქარელში, რ---------–ის ქ. N12ა-ში მდებარე 639კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1964 წლიდან აღრიცხული იყო შ----- კ-----ის სახელზე. სარეგისტრაციო წარმოებაში დაცულია, ასევე, 1987 წელს შ----- კ-----ის სახელზე შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი და სააღრიცხვო დოკუმენტაცია იგივე მონაცემებით. 2016 წლის 10 თებერვალს შედგენილი სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, თ----- კ-----ემ მიიღო 1988 წლის 18 ივნისს გარდაცვლილი მამის შ----- კ-----ის სამკვიდრო ქონება (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის მე-18-57-ე გვერდები).
4.2. ქარელის სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის გვერდების ზომები და კონფიგურაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ დოკუმენტებში ასახული მონაცემებისაგან. განმცხადებელს განემარტა, რომ უნდა წარედგინა კორექტირებული საკადასტრო-აზომვითი ნახაზი ან ნახაზის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმების დოკუმენტი ან მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა და მართზომიერ მფლობელთა წერილობითი დასაბუთება წარდგენილი აზომვითი ნახაზით მისი საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 58-ე გვერდი).
4.3. 2016 წლის 2 მარტს თ----- კ-----ემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და წარუდგინა მეზობლების წერილობითი განცხადება, რომ წარდგენილი ნახაზის შესაბამისი ნაკვეთი ნამდვილად ეკუთვნოდა თ----- კ-----ის მამას შ----- კ-----ეს (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 73-ე გვერდი).
4.4. სარეგისტრაციო სამსახურმა 2016 წლის 5 მარტს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება N8-------------- წარდგენილი მონაცემებით ქ. ქარელში რ---------–ის ქ. N12ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე თ----- კ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 75-78-ე გვერდები).
4.5. 2018 წლის 14 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს მიმართა რ---- ხ--–-–---–მა (განცხადებას ხელს აწერს მისი წარმომადგენლი თ--- თ-----ა, რწმუნებულება ერთვის ადმინისტრაციულ წარმოებას) და მიუთითა, რომ მისი 2015 წლის 28 მაისის განცხადების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 3 ივნისს ბათილად გამოაცხადა N68.10.45.3-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეგისტრაცია, იმის გამო, რომ ქარელში, რ---------–ის ქუჩაზე ი----- მ------–---–ის მიწის ნაკვეთის გეგმაში სამხრეთ მხარეს მოსაზღვრედ მითითებული იყო საერთო გზა. მიუხედავად ამისა, სადავო ნაკვეთი N8----------- სარეგისტრაციო წარმოებით 2016 წელს მაინც დარეგისტრირდა თ----- კ-----ის საკუთრებად საკადასტრო კოდი 68.10.45.4-- ფართი 641კვ.მ. განმცხადებელმა დამატებით მიუთითა, რომ თ----- კ-----ემ წარდგენილი საკადასტრო ნახაზით დასავლეთ მხარეს არსებული ნაკვეთის ხარჯზე მოტყუებით დაირეგისტრირა საერთო სარგებლობის გზა (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის მე-80-81-ე გვერდებ).
4.6. სარეგისტრაციო სამსახურმა 2018 წლის 21 მარტს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ თ----- კ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკ. N68.10.45.4--) სარეგისტრაციო მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს. სარეგისტრაციო სამსახურმა მიუთითა, რომ 2016 წელს განხორციელებული რეგისტრაციისას არ იყო გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რის გამოც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, შეჩერდა რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება, ხოლო დაინტერესბულ პირს განემარტა, რომ 10 დღის ვადაში შეეძლო წარედგინა მოსაზრება, შუამდგომლობები და მტკიცებულებები (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 90-91-ე გვერდები).
4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 21 მარტს და 11 აპრილს მიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ქარელში რ---------–ის ქ. N12ა-ში მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით. (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 92-96-ე გვერდები).
4.8. სარეგისტრაციო სამსახურმა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მიწერა თ----- კ-----ეს და გადაუგზავნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2018 წლის 21 მარტს, 11 აპრილს და 23 აპრილს, თუმცა გზავნილი ადრესატს არცერთხელ არ ჩაბარდა. სარეგისტრაციო სამსახურმა 2018 წლის 23 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადების შესახებ. თ----- კ-----ეს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ დამატებით გადაეგზავნა 2018 წლის 4 მაისს, 15 მაისს, 25 მაისს და 8 ივნისს, თუმცა გზავნილი ადრესატს ამჯერადაც არ ჩაბარდა (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 97-104; 113-167-ე გვერდები, საჯარო შეტყობინება 131-132 გვერდები).
4.9. ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის 27 ივლისს აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ თ----- კ-----ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი არ იყო იდენტური ი/მ ყ----–-- ფ--–-------–---–ის მიერ მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთისა. წერილს ერთვის 2018 წლის 25 ივლისს შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი N00071, რომლის მიხედვით, შედარებულია 1987 წლის 17 სექტემბერს მომზადებულ ტექნიკურ პასპორტში ასახული მონაცემები 2016 წლის 19 თებერვალს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის მონაცემებთან და იდენტურობა არ დადგინდა (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 105-112 გვერდები).
4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა 2018 წლის 27 ივლისს განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და იმავე დღეს მიიღო N8-------------- გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 9 მარტის N8-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 172-174 გვერდები).
4.11. საქმეზე დამატებით წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით, ასევე, სიტუაციური ნახაზებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება შემდეგი:
- 2012 წლის 27 სექტემბერს ქ. ქარელში მდებარე უძრავი ნივთი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დარეგისტრირდა მ--- ზ--------ის საკუთრებად (მხარეების განმარტებით იგი თ----- კ-----ის მეუღლეა). მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია 68.10.45.3--, ხოლო რეგისტრირებული ფართია 931 კვ.მ., რომელიც მოიცავს 2016 წლის 9 მარტს თ----- კ-----ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებასაც - 641კვ.მ ფართსაც. ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 3 ივნისის N135540 გადაწყვეტილებით 2012 წლის 27 სექტემბრის გადაწყვერტილება ბათილად გამოცხადდა და გაუქმდა მ--- ზ--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 68.10.45.3-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე.
- ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით თ----- კ-----ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო ქ. ქარელში რ---------–ის ქ. N12-ში მდებარე 590კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე გათავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკადასტრო კოდი 68.10.45.0--. რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 1991 წლის 8 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, თ----- კ-----ემ ნინა მ------–---–ისაგან იყიდა რ---------–ის ქ. N12 მდებარე საცხოვრებელი სახლი. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულები ბიუროს მიერ 2012 წლის 14 აგვისტოს ჩატარებულ აუქციონზე თ----- კ-----ის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 68.10.45.0-- შეიძინა სს „მ-----------------------------–--------------“. ამ უკანასკნელმა ქონება 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით მიყიდა რ---- ხ--–-–---–ს, რომლის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრიდა 2015 წლის 8 იანვარს.
- მიწის ფართობი, რომელიც მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მდებარეობს რ---- ხ--–-–---–ის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 68.10.45.0--) სამხრეთ მხარეს და წარმოადგენს შესასვლელს რ---------–ის ქუჩიდან თ----- კ-----ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე, რომელიც მან მიიღო მემკვიდრეობით შ----- კ-----ისაგან. ეს შესასვლელი, რეგისტრაციის ბათილად ცნობამდე, შედიოდა თ----- კ-----ეზე რეგისტრირებული 641კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 68.10.45.4--) შემადგენლობაში.
- შ----- კ-----ის სახელზე 1987 წლის 21 სექტემბერს გაცემული ტექნიკური პასპორტის მიხედვით, მიწის ნაკვეთს აქვს ოთხკუთხედის (არამართკუთხა პარალელეპიპედის) ფორმა, ხოლო თ----- კ-----ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი (ი/მ ყ----–-- ფ--–-------–---–ის მიერ მომზადებული) საკადასტრო აზომვითი ნახაზის (რომლის მონაცემების შესაბამისად იყო განხორციელებული ამჟამად გაბათილებული რეგისტრაცია) მიხედვით, მიწის ნაკვეთს აქვს ოთხკუთხედის ფორმა, რომელსაც დასავლეთ მხარეს მიმატებული აქვს დაახლოებით 48 მეტრის სიგრძის და 4 მეტრი სიგანის გასასვლელი. ანუ ტექპასპორტში ასახული და საკადასტრო ნახაზში მოცემული კონფიგურაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
4.12. გარდა ამისა, საქმეს ერთვის ქარელის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის წარმომადგენლების და სხვა ოფიციალური პირების მიერ 1986 წლის 10 დეკებერს შედგენილი აქტი, რომლის მიხედვითაც, რ---------–ის ქუჩიდან შ----- კ-----ის ნაკვეთის მიჯნამდე მისასვლელი გზა წარმოადგენდა საერთო სარგებლობის გზას, რომლით სარგებლობის უფლება ერთნაირად ჰქონდა კ-----ეებსაც და მ------–---–ებსაც (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაგებლის 83-ე გვერდი).
4.13. თვითონ მოსარჩელე მხარეც სარჩელში არ უარყოფს, რომ თავდაპირველად სადავო ნაკვეთი იყო საერთო სარგებლობის ტერიტორია, რომელიც მისი განმარტებით, გახდა მხოლოდ თ----- კ-----ის კუთვნილი მას შემდეგ, რაც მან შეიძინა ნინა მ------–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი (1991წ.) და გახდა როგორც რ---------–ის ქ. N12ა-ში, ისე რ---------–ის ქ. N12-ში მდებარე უძრავი ქონებების ერთადერთი მესაკუთრე.
4.14. საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და სიტუაციური ნახაზების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება, რომ 2016 წლის 9 მარტის N8-------------- გადაწყვეტილებით თ----- კ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად, რეგისტრაციის გარეშე დარჩა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის გარკვეული ფართი რეგისტრირებული ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო სადავო ფართი მოქცეულია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით; „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით; საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ... კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. იმისათვის, რომ გაირკვეს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის (27.07.2018) კანონშესაბამისობის საკითხი, თავდაპირველად უნდა დადგიდეს ამ გადაწყვეტილებით გაბათილებული გადაწყვეტილების (09.03.2016) კანონიერება.
7.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი სარეგისტრაციო დოკუმენტს განმარტავს, როგორც სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
7.3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ახორციელებს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის საკუთრების უფლების რეგისტრაციას. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულმა პირმა, სხვა საბუთებთან ერთად, უნდა წარადგინოს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
7.4. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (რომელიც მოქმედებდა 2016 წლის ივლისის ჩათვლით) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტია ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ... ან/და სხვა დოკუმენტი, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
7.5. მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებაზე თ----- კ-----ის საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად, 2016 წლის 9 მარტს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურმა იხელმძღვანელა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მასალებით - 1987 წლის მონაცემებით, რომლის თანახმადაც მამკვიდრებლის - შ----- კ-----ის სახელზე აღრიცხული იყო საცხოვრებელი სახლი და 639 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ეს დოკუმენტი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საკმარისი იყო 641კვ.მ. ფართის შ----- კ-----ის მემკვიდრეზე - თ----- კ-----ეზე რეგისტრაცისათვის. თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა სრულყოფილად არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ ტექნიკური აღრიცხვის მასალებში არსებული მონაცემები და წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და კონფიგურაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.
7.6. ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს სრულყოფილად რომ გამოეკვლია საკითხი, დადგენდა, რომ სადავო მიწის ფართი (შესასვლელი რ---------–ის ქუჩიდან თ----- კ-----ის კუთვნილ ნაკვეთამდე) არ შედიოდა იმ ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც თ----- კ-----ემ მიიღო მემკვდრეობით შ----- კ-----ისაგან. აღნიშნული დადასტურდა სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეთა განმარტებების, 1986 წლის 10 დეკემბრის შედგენილი აქტის, ტექნიკური აღრიცხვის მასალების და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 25 ივლისის შედგენილი ადგილზე დათვალიერების N00071 ოქმის გამოკვლევის შედეგად. გარდა ამისა, საკადასტრო აზომვითი ნახაზებისა და სიტუაციური ნახაზების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება, რომ 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით თ----- კ-----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შედეგად რეგისტრაციის გარეშე დარჩა მისივე ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის გარკვეული ფართი რეგისტრირებული ნაკვეთის აღმოსავლეთ მხარეს, რის სანაცვლოდ მოხდა სადავო ფართის მოქცევა რეგისტრირებული ნაკვეთის შემაგდენლობაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 2016 წლის 9 მარტს განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტობრივ უზუსტობას.
7.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა, როგორც ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის სამართალმემკვიდრემ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბათილად ცნო მისი წინამორბედის - ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, რადგან დადგინდა, რომ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად სხვა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული - რეგისტრაცია არ უნდა განხორციელებულიყო მოცემული საკადასტრო მონაცემებით. ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 27 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება კანონის შესაბამისადაა მიღებული. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე, არ არის დარღვეული ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა ზომა იქნა მიღებული თ----- კ-----ის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს ვერ განხორციელდა მოპასუხისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო.
7.8. სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ თ----- კ-----ის მიერ 1991 წელს მ------–---–ებისაგან უძრავი ქონების შეძენის შედეგად, იგი გახდა ორივე მომიჯნავე ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი და შესაბამისად, სადავო ნაკვეთის (შესასვლელის) ერთადერთი მფლობელი და მოსარგებლე. მართალია, რომ სიტუაციური ნახაზების მიხედვით, სადავო ნაკვეთით მოსარგებლეები არიან მხოლოდ რ---------–ის ქ. N12-ში და რ---------–ის ქ. N12ა-ში მცხოვრები პირები და ფაქტობრივი მდგომარეობით 1991 წლიდან 2012 წლამდე (თ----- კ-----ის კუთვნილი ორი ქონებიდან ერთ-ერთის აუქციონზე გაყიდვამდე) სადავო ნაკვეთის ერთადერთი ფაქტობრივი მფლობელი და მოსარგებლე თ----- კ-----ე იყო, თუმცა ფაქტობრივი მფლობელი მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს ნივთის მართლზომიერ მფლობელს, რადგან შესაბამისი დოკუმენტი, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის N525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, თ----- კ-----ეს არ გააჩნდა და არც სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილა. განსახილველ შემთხვევაში თ----- კ-----ე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების რეგისტრაციას ითხოვდა როგორც მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულზე, შესაბამისად, მისი განცხადება რეგისტრაციის თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
7.10. იმავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
7.11. სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 27 ივლისის N8-------------- გადაწყვეტილება კანონს არ ეწინააღმდეგება, არც მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი რაიმე მოთხოვნა დაირღვა არსებითად, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით, სასამართლომ
გადაწყვიტა
1. თ----- კ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია მოსარჩელის მიერ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. N7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ქ. ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი