განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე N1/1273-19
N0-----------
23 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–---–-------,დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----------------–---–- დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები: ქ. თბილისი, ი-----------–---–----------------------ში, პირადი №0----------,ადვოკატები - ზ----------------- გ----------------,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 1------------–ს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, უ-----–---–-----------------------------ში მ-----------------–---–მა თავის არეში ხელი დაარტყა დედას, მ---------------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა მ---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1------------–ს, საღამოს, ვაჟიშვილებთან, მ-----------------–---–თან და ლ-----------–---სთან ერთად იმყოფებოდა სახლში. მ------ი, ჩვეულებისამებრ, იყო აგრესიული და მას და ლ----ს აგინებდა. მისი დაწყნარება სცადა, თუმცა ვერ შეძლო. ამ ინციდენტისას მ------ი მიუახლოვდა, ჯერ ორივე ხელით შებოჭა, შემდეგ კი ხელი გამეტებით დაარტყა მარჯვენა საფეთქელთან, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ---- მათ შორის ჩადგა და მ------ი გაარიდა. საფეთქელთან, თმით დაფარულ ადგილზე, დარტყმისგან კოპი ეტყობოდა. ლ----მ „112“-ზე დარეკა და პოლიციის დახმარება ითხოვა. რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი მოვიდა, რომელთაც დაუმალა შვილის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და განუცხადა, რომ მ------ი იყო აგრესიული და მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა და მისი კლინიკაში გადაყვანა სურდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მ------ი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას რაიმე ფსიქიკური დაავადება არ დაუდგინდა და მეორე დღეს გაწერეს. 2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს, მ------ი კვლავ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა შინ და ჯერ კვლავინდებურად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დაემუქრა - „ეხლა ნახე რას გიზამო“ და სხვა ოთახში გავიდა. რამდენიმე წუთში მათთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, მ------ს გამოუძახებია. პოლიციის თანამშრომლებს მ------მა უთხრა, რომ დედამისი იყო ფსიქიკურად ავად და ითხოვდა მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანას. მ------ის ბრალდებებზე პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ თავად მ------ს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები და უამბო 12 თებერვლის ინციდენტის თაობაზე. შემდეგ პოლიციის განყოფილებაში მისცა ჩვენება, რა დროსაც ასევე განაცხადა, რომ მ------ს წარსულშიც მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე, მისი დაცვის მოტივით, არავისთვის, მათ შორის, არც სამართალდამცველებისთვის, არ განუცხადებია, ამიტომ 2017 წლის 0-----------ს და 2018 წლის 0---------ს შემაკავებელი ორდერები მ-----------------–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა მხოლოდ მისი სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის.
მოწმე ლ-----------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1------------–ს, საღამოს, დედასთან, მ---------------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მ------ი შინ დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი. როცა მ------მა სამზარეულოში ქვაბიდან ხელით ჭამა დაიწყო, დედამ შენიშვნა მისცა, რამაც მ------ი აგრესიული გახადა და გინება დაუწყო მას. კონფლიქტისთვის თავი რომ აერიდებინა, თავის ოთახში შევიდა. მალევე შემოესმა დედის ყვირილი, რომელიც საშველად უხმობდა. მაშინვე გაემართა მის დასახმარებლად და დაინახა, როგორ ურტყამდა მ------ი ხელს დედას თავში. სასწრაფოდ ჩადგა მათ შორის და გააშველა. შემდეგ გამოიძახა პოლიცია. სამართალდამცველთა გამოცხადებამდე მ------ი სახლიდან წავიდა და მხოლოდ მეორე ღამეს დაბრუნდა. დედამისის გადაწყვეტილებით, მისი შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს დაუმალეს, რომ მ------მა დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრეს, რომ მხოლოდ წაკინკლავდნენ. ვინაიდან დედა თვლიდა, რომ მ------ს ჰქონდა გარკვეული ფსიქიკური პრობლემები, პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანა. მათი წასვლიდან მალევე მ------ი შინ დაბრუნდა. მათ კვლავ გამოიძახეს პოლიციის თანამშრომლები და მ------ი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც, ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მას არანაირი ფსიქიური პრობლემა არ ჰქონდა. 2019 წლის 15 თებერვალს, გვიან ღამით, მ------ი არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა შინ და მას და დედას კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მ------ს სთხოვდნენ დამშვიდებულიყო, მაგრამ იგი აგრესიას არ წყვეტდა, აგინებდა და ემუქრებოდა პროვოკაციით. მ------მა მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და, იმდენად მთვრალი იყო, რომ ეგონა, რომ ჩანაწერს აკეთებდა, რეალურად კი ტელეფონი გამორთული ჰქონდა (მ------ი კონფლიქტისას ხშირად მიმართავდა ვიდეოგადაღებას, რადგან თვლიდა, რომ ამ გზით დედის წინააღმდეგ სამხილებს აგროვებდა). ამის შემდეგ მ------მა პოლიცია გამოიძახა და გამოცხადებულ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ის (მოწმე) და დედამისი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები იყვნენ და ძალადობდნენ მასზე. მან და დედამ, თავის მხრივ, პოლიციის თანამშრომლებს უამბეს, რომ მ------ი, რომელიც ალკოჰოლური სასმელის აქტიური მომხმარებელია, ხშირად ძალადობდა ოჯახის წევრებზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც, თუმცა, ამის თაობაზე არასდროს განუცხადებიათ, რადგან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის გახმაურებას და მ------ისთვის პრობლემების შექმნას ერიდებოდნენ.
მოწმე ჯ------–---------მ, თბილისის ს----------–-------–-–--------------------------–-------------–-------------მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1------------–ს პატრულ-ინსპექტორ გ-------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. ადგილზე, ქ. თბ--–--–----------–---–--------------------------–ი გამოცხადებულებს, დახვდათ მ---------------–---–ი და მისი ვაჟები - მ-----------------–---–- და ლ-----------–---. გამოძახების ინიციატორი იყო მ-----------------–---–-, რომელიც დედის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა, რადგან, მისი განმარტებით, ეს უკანასკნელი დაავადებული იყო ფსიქიკურად. მ-----------------–---–ს ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, იგი აგრესიული იყო დედის მიმართ და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა მას, მ---------------–---–იც ეპასუხებოდა შვილს, თუმცა, სიტყვიერად არ შეურაცხყოფდა. მ-----------------–---–- დასცინოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის ძმასაც. ბრალდებულის დედამ განაცხადა, რომ დაახლოებით ოთხი დღის წინ მ------მა მარჯვენა საფეთქელთან დაარტყა ხელი, რა დროსაც მიიღო დაზიანება, თუმცა, იმის გამო, რომ შვილი შეეცოდა, აღნიშნულის შესახებ პოლიციისთვის არ განუცხადებია. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მ-----------------–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ და რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტისას ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქმე საგამოძიებო სამსახურისთვის გადაეცათ.
ოქმით ალკოტესტზე შემოწმების შესახებ დგინდება, რომ 2019 წლის 1------------–ს, 05:48 საათზე ვ---------------–--- სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმებისას, მ-----------------–---–- აღმოჩნდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.
2017 წლის 0-----------ს N0----- შემაკავებელი ორდერის და მისი ოქმის თანახმად, ორდერი გამოცემული იქნა მ-----------------–---–-ს მიმართ, მ---------------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების ფაქტზე, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ მსხვერპლის მოთხოვნით მოძალადე რჩება მისი საცხოვრებელი ბინის ფართში, მსხვერპლი არ ითხოვს მოძალადის მისი სახლიდან გარიდებას.
2017 წლის 0-----------ს N0----- შემაკავებელი ორდერით, მისი ოქმით და რეაგირების ოქმით ირკვევა, რომ ორდერი გამოცემული იქნა მ-----------------–---–-ს მიმართ, სისტემატურად ლ---- უ----–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების ფაქტზე. ოქმსა და რეაგირების ოქმში მითითებულია, რომ მსხვერპლის მოთხოვნით მოძალადე რჩება მისი საცხოვრებელი ბინის ფართში, მსხვერპლი არ ითხოვს მოძალადის მისი სახლიდან გარიდებას.
2018 წლის 0---------ს N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოიცა მ-----------------–---–-ს მიმართ, მ---------------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელების ფაქტზე.
2019 წლის 1-----------–-ს N0----- შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ იგი გამოცემული იქნა თბილისის ს----------–-------–-–--------------------------–-------------–------------- ჯ------–--------ის მიერ, მ-----------------–---–-ს მიმართ, მ---------------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ორდერის საფუძველზე მოძალადეს (მ-----------------–---–ს) აეკრძალა მსხვერპლთან (მ---------------–---–თან) მიახლოვება და კომუნიკაცია, ხოლო „იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს“ არ აკრძალვია.
2019 წლის 1-----------–-ს რეაგირების ოქმით (შემდგენი: პატრულ-ინსპექტორი ჯ------–---------) ირკვევა შემდეგი: შეტყობინების ინიციატორი, მ-----------------–---–- დახვდათ ნასვამ მდგომარეობაში. იგი აცხადებდა, რომ დედა - მ---------------–---–ი საჭიროებს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას; ამასთან, ორი დღით ადრე დედამ ცხვირზე ფრჩხილით დაუზიანა კანი.
დედასთან, მ. ს-------–---–თან გასაუბრებით გაირკვა, რომ დაახლოებით ორი წელია შვილთან აქვს კონფლიქტი და ამ პერიოდში მ. ბ---------–---–ის მიმართ ორჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი. მ. ს-------–---–მა დააფიქსირა მ. ბ---------–---–ის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის N8---- სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ მ------ ს-------–---–ს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 16.02. 2019 წ., 6:47 საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათის ჩანაწერში აღწერილია მარჯვენა საფეთქლის მიდამოში ჰემატომა.
18.02.2019 წ. ჩატარებული პირადი შემოწმებისას მ---------------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება საფეთქლის მიდამოში, მარჯვნივ, სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 1------------–ს.
ამავე დასკვნის გამოკვლევითი ნაწილის თანახმად, შესამოწმებელი პირი ზემოაღნიშნულ დაზიანებას უკავშირებდა 2019 წლის 1------------–ს შვილთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა თავში დაარტყა ხელი.
ბრალდებულმა მ-----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითვისას განმარტა, რომ დედა, მ---------------–---–ი ყველა ხერხით ცდილობდა სახლიდან მის გაგდებას, დაინტერესებული იყო პატიმრობაში მისი ყოფნით და დანაშაულს აბრალებს, რასაც არ მალავს და ყველას ეუბნება. მისი ძმა - ლ-----------–--- კი დედის გავლენის ქვეშ იმყოფება და მის დავალებას ასრულებს. 2019 წლის 12 და 1------------–ს მ---------------–---–ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, იგი აქეთ შეურაცხყოფდა ხოლმე მას, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ჩანაწერებია. 2019 წლის 1------------–ს სახლში რომ მივიდა, ლ---- შინ არ დახვდა, მ---------------–---–ს არ დაკონტაქტებია, დაწვა დასაძინებლად. მ---------------–---–ს სახლიდან მისი გაგდება უნდოდა, დაიწყო მტვრევა და ნგრევა, ემუქრებოდა მოკვლით და განადგურებით. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახების მიზნით დარეკა „112“-ში. გამოცხადდნენ პატრულის თანამშრომლები, რომელთაც დედის ფსიქიატრიულში გადაყვანა სთხოვა, მაგრამ აქეთ მას დასდეს ბრალი მ---------------–---–ის შეურაცხყოფაში.
დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ზ----------–-–---–-ს მიერ დათვალიერდა ბრალდებულ მ-----------------–---–-ს მობილურ ტელეფონში არსებული, ბრალდებულ მ-----------------–---–სა და დაზარალებულ მ---------------–---–ს შორის 2018 წლის 19, 20, 22, 23, 24 დეკემბერს და 2019 წლის 18, 19, 26 იანვარს მიმდინარე კონფლიქტის ამსახველი ჩანაწერები. ჩანაწერები ასახავს კონფლიქტის ეპიზოდებს, სადაც მ-----------------–---–- და მ---------------–---–ი კამათობენ და ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ - ბრალდებული მ. ბ---------–---–ი, ძირითადად, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს მ. ს-------–---–ს და „გიჟს“, „ფსიქიკურად შეშლილს“ და „ნასკების ქურდს“ უწოდებს მას, მ---------------–---–ი კი უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს მ. ბ---------–---–ს და სიტყვიერად შეურაცხყოფს მას.
მოწმე ნ-----–-----–------, დაზარალებული მ---------------–---–ის დედამ და ბრალდებული მ-----------------–---–-ს ბებიამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შვილისა და შვილიშვილებისგან განცალკევებით ცხოვრობს, თუმცა, მათ საცხოვრებელ მისამართზე თითქმის ყოველდღიურად დადის, რადგან იქვე გაშენებულ ბაღს უვლის. შვილსა და შვილიშვილებს სახლში იშვიათად სტუმრობს, რადგან ბაღში მუშაობის შემდეგ, შებინდებისთანავე, სახლში მიდის, რადგან სიბნელეში ცუდად ხედავს. ეზოში მყოფს არაერთხელ გაუგონია სახლში მ------- და მ------ის ჩხუბი. შვილს გამუდმებით ეუბნებოდა, რომ ნასვამ მამაკაცს არ უნდა შედავებოდა, რადგან როგორც კი მ------ი მთვრალი მივიდოდა შინ, მ------ მასთან ჩხუბს იწყებდა, შემდეგ კი პოლიციას იძახებდა. მ---------------–---–ს მხოლოდ უმცროსი ვაჟი - ლ-----------–--- უყვარს, მ-----------------–---–ს კი ყურადღებას არასდროს უთმობდა, საჭმელს უმალავდა და სახლიდან აგდებდა. მ------- და ლ----ს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებიათ მ------ისთვის. მ-------თვის არაერთხელ უსაყვედურია, რომ ხელები გაეჩერებინა და ქალისთვის შესაფერისად მოქცეულიყო. თავად მ------ს რომ ხელი დაერტყა ოჯახის რომელიმე წევრისთვის, ასეთ ფაქტს არასდროს შესწრებია. 2019 წლის თებერვალში ლ----მ შეატყობინა, რომ მ------ი მ------- ეჩხუბა და სამართალდამცველებმა დააკავეს. ეს ფაქტი მ-------აც დაუდასტურა, რა დროსაც მ------ის მიერ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არაფერი უთქვამს. მოწმე ნ. ჩ--–-----მ ასევე განმარტა, რომ მ-----------------–---–- მისი გაზრდილია და ძალიან განიცდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის ყოფნას. იგი განაწყენებულია მ------ზე და თვლის, რომ ქალს, რომელიც შვილს ჩხუბის გამო ციხისთვის იმეტებს, დედა არ ჰქვია, მითუმეტეს, როცა წლების მანძილზე არსებული კონფლიქტის ინიციატორი, თავდაპირველად, სწორედ ის იყო. ასევე ნაწყენია ლ----ზე, რადგან თვლის, რომ იგი დედის გავლენის ქვეშაა, პირადად მისთვისაც უთქვამს, რომ „ქალაჩუნაა“ და მ------ისგან განსხვავებით, მას შვილიშვილად არ მიიჩნევს.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმარის ფაქტებს იმაში დასარწმუნებლად, რომ 2019 წლის 1------------–ს მ-----------------–---–მა დედის, მ---------------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ:
დანაშაულში მ-----------------–---–-ს ძირითად მამხილებელ მტკიცებულებას, ცხადია, მ---------------–---–ის ჩვენება წარმოადგენს, სადაც დაზარალებული განმარტავს, რომ შვილმა - მ-----------------–---–მა ფიზიკურად იძალადა მასზე, რაც თავში მისთვის ხელის დარტყმაში გამოიხატა. დაზარალებულის ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე უტყუარად დასტურდება ინციდენტის შემსწრე პირის, მ---------------–---–ის ვაჟის - ლ---- უ----–---ს ჩვენებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული მ-----------------–---–-ს და მისი დამცველის პოზიციას ზემოაღნიშნულ ჩვენებათა უტყუარობის შეფასებაში. მ---------------–---–ის და ლ---- უ----–---ს ჩვენებათა კრიტიკული ანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნულ პირთა, როგორც მოწმეთა, სუბიექტური კეთილსინდისიერება და მათი ჩვენებების ობიექტური მართებულობა ეჭვს არ იწვევს.
ნიშანდობლივია, რომ მტკიცების საგანში შემავალ უმთავრეს ფაქტობრივ გარემოებებზე, -რომლებიც შეეხება ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისაკენ მიდრეკილი მ-----------------–---–-ს მიერ ოჯახის წევრების მიმართ ზოგად აგრესიასა და დედის, მ---------------–---–ისთვის 2019 წლის 1------------–ს - ფიზიკური, 1------------–ს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, - მ---------------–---–ის და ლ---- უ----–---ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია აბსოლუტურად თანმხვედრია. მათ ჩვენებებში არსებულ, დაცვის მხარის მიერ მითითებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის ამგვარი ხარვეზების არსებობა ყოველთვის იმის მანიშნებელი არ არის, რომ ერთ-ერთი მათგანი ცრუობს და ყოველი მათგანი არ შეიძლება იყოს სუბიექტურად მართალი. რეალობის გადმოცემისას მოწმეთა მართებული (გულწრფელი) ჩვენება შესაძლებელია შეიცავდეს მცდარ პოზიციებს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ხარვეზები შეიძლება გამოწვეული იყოს არა ტყუილით, არამედ კეთილსინდისიერი ცდომილებებით, დაბნეულობით, ფაქტების დავიწყებით და ა.შ. მსგავს შემთხვევებში მოწმეთა ჩვენებები უნდა შეფასდეს მათი წინასწარი და საორიენტაციო ანალიზის საფუძველზე.
მ---------------–---–ის და ლ---- უ----–---ს დაკითხვის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ ორივე მათგანი სასამართლოს წინაშე იყო გულწრფელი. დაკითხვისას არც თავად მ---------------–---–ი მალავდა, რომ ღელავდა და შემთხვევის ზოგიერთ დეტალს ვერ იხსენებდა. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის გარემოება, რომ დაზარალებულმა დაკითხვისას არ დააფიქსირა 2019 წლის 1------------–ს პოლიციის ორჯერ გამოძახების ფაქტი და შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ სწორად ვერ გაიხსენა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის არმქონე სხვა გარემოებები (მ. ბ---------–---–ის მიერ ქვაბიდან კერძის ხელით ჭამის მოტივი 2019 წლის 12 თებერვლის ინციდენტს დაედო საფუძვლად თუ 19 თებერვლისას და სხვ.) - არ წარმოადგენს მის (როგორც მოწმის) სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
სადავო მტკიცებულებათა უტყუარობის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლომ ასევე გააანალიზა დაცვის მხარის განმარტება, რომ ლ-----------–--- მ---------------–---–ის გავლენას განიცდის და ძმას მისი დავალებით აბრალებს დანაშაულს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე ლ-----------–--- არ ტოვებდა დარიგებული მოწმის ან ავტორიტეტული დედის გავლენის ქვეშ მყოფი შვილის შთაბეჭდილებას და ეს აშკარად გამოვლინდა მისი დაკითხვის იმ ეპიზოდში, სადაც ლ-----------–---მ გააპროტესტა დედის შეხედულება ფსიქიკურად მ-----------------–---–-ს ავად ყოფნის თაობაზე. ამასთან, ლ---- უ----–---სა და მ---------------–---–ის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიც კი, სასამართლოს შეფასებით, გამორიცხავს მათ მიერ ჩვენებების წინასწარ შეთანხმების ალბათობას.
სასამართლოსთვის დამაჯერებლობასაა მოკლებული დაცვის მხარის და ბრალდებულის ბებიის - ნ-----–- ჩ--–-----ს განმარტება, რომ მ-----------------–---–-ს დედას და ძმას არაერთხელ ჰქონდათ სახლიდან მისი გაგდების მცდელობა და ამჟამადაც დაინტერესებულნი არიან ბრალდებულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით, რადგან მისი თავიდან მოშორება სურთ. აღნიშნულის საპასუხოდ სასამართლო მიუთითებს საქმეზე გამოკვლეულ, 2017 წლის 0-----------ს N0----- და N0----- შემაკავებელი ორდერების ოქმებსა და 2019 წლის 1-----------–-ს N0----- შემაკავებელ ორდერზე, რომელთა თანახმადაც, მ-----------------–---–ს, როგორც მოძალადეს, არ შეზღუდვია მის საცხოვრებელ ბინაში დარჩენის შესაძლებლობა, რადგან ორივე მსხვერპლმა - მ---------------–---–მა და ლ-----------–---მ, მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის მიუხედავად, არ ისარგებლეს კანონით მინიჭებული შესაძლებლობით და არ მოითხოვეს სახლიდან მ-----------------–---–-ს გარიდება; მეტიც, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ მოძალადე მ-----------------–---–- მსხვერპლთა მოთხოვნით დარჩა მის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის ვერსია, რომლის თანახმადაც დედა და ძმა მ-----------------–---–ს დანაშაულის ჩადენას მისი სახლიდან გარიდებისა და თავიდან მოშორების მიზნით აბრალებდნენ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რომელიც ბრალდების ძირითად მოწმეთა გულწრფელობასა და სასამართლოსთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა სასამართლოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მ---------------–---–ის და ლ---- უ----–---ს ჩვენებების უტყუარობა, რომელთა თანახმადაც მ-----------------–---–მა დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმებისას მ---------------–---–ს მარჯვენა საფეთქლის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და რომლის ხანდაზმულობაც არ ეწინააღმდეგებოდა მ---------------–---–ის და ლ---- უ----–---ს მიერ გაცხადებული, ზემოაღნიშნული ინციდენტის თარიღს - 2019 წლის 1------------–ს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიღებული ინფორმაციის დისკრედიტაციას ვერც დაცვის მოწმის - ნ-----–- ჩ--–-----ს ჩვენება და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი ახდენს, რომელთა თანახმადაც, ბრალდებული მ-----------------–---–-, თითქოს, მსხვერპლია და არა მოძალადე. ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ იგი მხოლოდ იმ ფაქტის დასადასტურებლად გამოდგება, რომ დედა-შვილს, მ-----------------–---–სა და მ---------------–---–ს, ერთმანეთთან არ აქვთ ჯანსაღი ურთიერთობა და მათი კონფლიქტი ერთმანეთთან ყოველდღიურ ჩხუბსა და შეურაცხყოფაში ვლინდება. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მითითებულ იმ ფაქტს, რომ კონფლიქტების ინიციატორი მ---------------–---–ი იყო და იგი ბრალდებულის პროვოცირებას ახდენდა, რათა პოლიციის გამოძახების საბაბი ჰქონოდა, - აღნიშნული ამ ჩანაწერებით არ ვლინდება. მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩანაწერების ფრაგმენტულობის მიუხედავად, მათში აშკარად ჩანს, რომ ბრალდებული არ წარმოადენდა ჩაგვრის ობიექტს, ის კონფლიქტის აქტიური მონაწილეა და დედისთვის შეურაცხმყოფელი სხვადასხვა ეპითეტებით („გიჟი“, „ფსიქიკურად შეშლილი“, „ნასკების ქურდი“) და ბრალდებით („უჩემოდ გაყიდე, გამძარცვე“) მის გამოწვევას ცდილობდა. რაც შეეხება მოწმე ნ-----–- ჩ--–-----ს ჩვენებას, იგი სასამართლოსთვის მცირე მტკიცებულებითი ძალის მქონეა, რადგან, გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული პირი არ არის იმ შემთხვევის თვითმხილველი, რომელიც ბრალად აქვს შერაცხული მ-----------------–---–ს, - ტენდენციური მოწმეა. ნ-----–- ჩ--–-----ს დაკითხვამ ცხადჰყო, რომ იგი მის გაზრდილ შვილიშვილზე გულშემატკივარი ბებიაა, რომელიც ძალიან წუხს საპატიმრო დაწესებულებაში მ-----------------–---–-ს ყოფნის გამო და „ჩხუბის გამო“ ციხისთვის მისი „გამეტებისთვის“ მ---------------–---–ს - ღირსეულ დედად, ლ-----------–---ს კი - საკუთარ შვილიშვილად აღარ მიიჩნევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ 2019 წლის 1------------–ს მ-----------------–---–მა ფიზიკურად იძალადა დედაზე - მ---------------–---–ზე, რაც თავის არეში (საფეთქელთან) მისთვის ხელის დარტყმაში გამოიხატა. მ---------------–---–ის განმარტების, ძალადობის შედეგად არსებული დაზიანების ხასიათის და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმასაც, რომ მ-----------------–---–-ს ქმედებამ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მოშლა). შესაბამისად, ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული მ-----------------–---–-ს ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მ-----------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის საფუძვლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი). სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით („ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“) დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლომ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, ბრალდებული მ-----------------–---–-ს პიროვნება, მისი ნასამართლობა, ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა (დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია) და ის გარემოება, რომ მ-----------------–---–- კონფლიქტში იმყოფება მისი ოჯახის წევრებთან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს, - მივიდა დასკვნამდე, რომ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით გათვალისწინებულ, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით დადგენილ აუცილებლობას, დანაშაულის რეციდივის გამო.
ამასთან, საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ის გარემოება, რომ მ-----------------–---–-ს მიერ განზრახი დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, წარმოადგენს მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის გაუქმების და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ მ-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 1-----------–-დან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი