გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
010210119002877129
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210119002877129

№2/596-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

 

მოსარჩელე - და-----–-----–-ა

წარმომადგენელი- პა-----–----ე

მოპასუხე - ირ-----------ე

წარმომადგენელი-კო---------ა

დავის საგანი - სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ირ-----------ეს და-----–-----–-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 32 730 აშშ დოლარი;

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

მოსარჩელის პოზიცია

 

2017 წლის 29 ივნისს, და-----–-----–-ასა და ირ-----------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხი 50 000 აშშ დოლარი. სესხის თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 30 ოქტომბერს. სარჩელის თანახმად, გამსესხებელს დაუბრუნდა სესხის თანხის მხოლოდ ნაწილი 17 270 აშშ დოლარი, ხოლო 32 730 აშშ დოლარი მოპასუხეს არ დაუბრუნებია. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ირ-----------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 26 360 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 29 ივნისს და-----–-----–-ას და ირ-----------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. სესხი იყო უპროცენტო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება;

- ურთიერთშეთანხმება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს აწევთ დასადგენი ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი, ხოლო აღნიშნული ტვირთის რეალიზება ხდება სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, მტკიცების ტვირთის პრინციპის საფუძველზე ფაქტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მითითების შესაძლებლობის რეალიზაცია მხარის უფლებაა, თუმცა ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა იწვევს ამ მხარისათვის არასახარბიელო მატერიალურ-სამართლებრივ სამართლებრივ შედეგს, მხარის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას.

 

მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების გაანალიზებისას სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს რომელი ფაქტი ან გარემოება შედის მტკიცების საგანში, რათა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება გააკეთოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების ირგვლივ, რომელთა დამტკიცება კონკრეტული საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია.

მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. (სუსგ საქმე Nას-1359-2018 02 ნოემბერი, 2018 წელი).

ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამდენად, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს.

 

საკასაციო პალატა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს (მაგ: ვალის მიღების შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი; გადარიცხვის ქვითარი; სალაროს შემოსავლის ორდერი). (№ას-1152-1072-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი).

 

3.2.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სადაოდ ხდიან გადასახდელი თანხის ოდენობას, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს დასაბრუნებელი აქვს სესხის თანხა 32 730 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას გადახდილი აქვს 23 640 აშშ დოლარი და დარჩენილი სესხის თანხა შეადგენს 26 360 აშშ დოლარს.

 

3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საკუთარი პროცესუალური ვალდებულების რეალიზება შეძლო ნაწილობრივ და მის მიერ წარმოადგენილი წერილობითი მტკიცებულებით სარწმუნოდ დაადასტურა ფულადი ვალდებულების შესრულება 21 200 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება დარჩენილ თანხას მის მიერ წარმოდგენილი იქნა, მხოლოდ ზეპირი განმარტება, რომელიც სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნო მტკიცებულებად.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმ საკითხთან მიმართებაში, რომ ირ-----------ის მიერ გადასახდელი სესხის თანხა შეადგენს 32 730 აშშ დოლარს და დადასტურებულად მიიჩნევს გადასახდელი სესხის თანხას 28 800 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის ხელშეკრულება;

- ურთიერთშეთანხმება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ და-----–-----–-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ირ-----------ეს უნდა დაეკისროს და-----–-----–-ას სასარგებლოდ 28 800 აშშ დოლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელე და-----–-----–-ას უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხე ირ-----------ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არ უარყოფს სესხის თანხის გადახდის ვალდებულებას, სადაოა მხოლოდ გადასახდელი თანხის ოდენობა.

 

6.2. სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი სწორედ მოვალის პროცესუალურ ვალდებულებად განიხილავს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას. აღნიშნული მუხლის განმარტების თანახმად, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, რაც ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში უზრუნველყოფს მოვალის შესაძლებლობას, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სათანადო მტკიცებულება ურთიერთშეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს როგორც მოსარჩელე და-----–-----–-ა, ისე მოპასუხე ირ-----------ე. შეთანხმებით დასტურდება, რომ მოვალემ გადაიხადა 21 200 აშშ დოლარი, შესაბამისად გადაუხდელი სესხის თანხა შეადგენს 28 800 აშშ დოლარს. სასამართლო მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს ირ-----------ეს მოსარჩელე და-----–-----–-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარჩენილი სესხის თანხის 28 800 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ირ-----------ეს და-----–-----–-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 2 306.98 ლარი, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად. ასევე, ირ-----------ეს და-----–-----–-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გადახდილი ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი 1 000 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით (საქმე №2/596-19 უზრ) დაკმაყოფილდა და-----–-----–-ას შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით:

- ყადაღა დაედო ირ-----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–----------------------/კ 0-.---1-.----0-.5--).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინენის) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, და-----–-----–-ას სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი. აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი.

9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებლობის აუცილებლობას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დაუსაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. და-----–-----–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ირ-----------ეს და-----–-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს სესხის თანხის 28 800 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. ირ-----------ეს და-----–-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2 306.98 ლარის ოდენობით;

 

4. ირ-----------ეს და-----–-----–-ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის 1 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე და-----–-----–-ას ეთქვას უარი;

 

6. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს საშუალებით;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე