გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13053-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - თ-------------ე
წარმომადგენელი - მ--–--------–------
მოპასუხე - სს „კ-------------“
წარმომადგენლები - ლ----------------------------–---
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ც---------------–--ის მიერ 2019 წლის 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მხარეებს თ-------------ესა და სს კ-----------–--------------ს შორის 2013 წლის 19 ივნისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელის სასარგებლოდ გაიცა სესხი 20000 აშშ დოლარი, წლიური 24%-60%-მდე% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N--.
კრედიტორმა სს „კ------------მა“ (სს კ-----------–--------------ს უფლებამონაცვლემ) 2019 წლის 6 მარტს მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დავალიანება არის: სესხის ძირითადი თანხა 20 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 394,52 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 13949,85 აშშ დოლარი.
მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა. სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე უნდა დაკისრებოდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა მსესხებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მას რეაგირება არ ჰქონია დამდგარ შედეგზე და არც კრედიტის თანხის გადახდის ნება გამოუვლენია. ამასთან, პირგასამტეხლო იყო ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის საშუალება და ხელშეკრულების საფუძველზე თ-------------ეს ჰქონდა მასთან დაკავშირებით ინფორმაცია. მოპასუხემ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და მათზე დაყრდნობით განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, მთავარია დადასტურდეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი, კრედიტორის ინტერესებში შედის აღნიშნული დავალიანების დაფარვა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ფინანსური დანაკლისი განიცადა, ასევე იმიტომ, რომ პირგასამტეხლოს თავისი ფუნქცია არ დაეკარგოს, შემცირება არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი არ გახდეს და შესაბამისად, კრედიტორმა მიიღოს სამართლიანი დაკმაყოფილება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ-------------ესა და სს „კ-----------–--------------ს“ შორის 2013 წლის 19 ივნისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2017 წლის 25 ივლისს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ ისესხა 20000 აშშ დოლარი, 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით, წლიური 24% სარგებლის, ხოლო გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის (გრაფიკით გათვალისწინებული ვადაგადაცილებული ყოველთვიური შენატანი) 0,3% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით.
სესხის გადახდა უზრუნველყოფილი იქნა თ-------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ბათუმი, გორგილაძის ქ. N--, სართლი 3, ბინა N44. საკადასტრო კოდი N-------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 25.07.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულება;
- კრედიტის გადახდის გრაფიკი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 19.06.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება.
3.1.2. 2018 წლის 11 ივლისს სს „კ-----------–--------------ს“ და სს „კ------------ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის N001 ხელშეკრულება, რომლის თანხმად სს „კ------------ს“ გადაეცა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული მოთხოვნის უფლება, მათ შორის თ-------------ესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება;
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტი
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.1.3. კრედიტორის, სს „კ-------------ს“ მოთხოვნის საფუძველზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს ცირა დუდებულიძის მიერ 2019 წლის 6 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის თ-------------ის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა, შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 20000 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი - 394,52 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 13949,85 აშშ დოლარს. სულ 34344,97 აშშ დოლარი. ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 102 ლარი.
აღნიშნული თანხებიდან მსესხებელს სადავოდ არ გაუხდა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში დავალიანების ოდენობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.03.2019 წლის სააღსრულებო ფურცელი N---------;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სააღსრულებო ფურცელი 2019 წლის 7 მარტს აღსასრულებლად წარედგინა კერძო აღმასრულებელს. აღსრულება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით. ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 ივნისის ბრძანების საფუძველზე სააღსრულებო საქმეზე მიმდინარე აუქციონი შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კერძო აღმასრულებლის განცხადება;
- 07.06.2019 წლის განჩინება;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 12.06.2016 წლის N---- ბრძანება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის, 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 11 ივლისს სს „კ-----------–--------------ს“ და სს „კ------------ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „კ-----------–--------------მ“ მოსარჩელეს დაუთმო მოვალის მიმართ მის საკუთრებაში არსებული მოთხოვნები, მათ შორის თ-------------ესთან 19.06.2013 წელს დადებული გენერალური და მის ფარგლებში 25.07.2017 წელს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. ამდენად, სს „კ-------------“ წარმოადგენს მოცემულ საქმეზე სათანადო მოსარჩელეს.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მხარეებს შორის სადავო არაა, რომ სს „კ-----------–--------------ს“ (მოთხოვნის დათმობის შემდგომ სს „კ------------ს“) და თ-------------ეს შორის 2013 წლის 19 ივნისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, ასევე იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში 2017 წლის 25 ივლისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა 20000 აშშ დოლარი. მხარეთა შორის შეთანხმდა პროცენტისა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების პირობა. თ-------------ე ადასტურებს, რომ მისი მხრიდან კრედიტოს სასარგებლოდ ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე).
420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის მიზანს წარმოადგენს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი კონკრეტული ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერი უნდა იყოს, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდა ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს და ამავდროულად, მხარეებს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას აიძულებდეს. მოქმედი სსკ-ით სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ უნდა იქნას გაგებული იმდაგვარად, რომ სასამართლოს სუბიექტური შეხედულებით ნებისმიერ დროს შეუძლია შეამციროს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არის თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ნების თავისუფლების ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო კანონის საფუძველზე უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და
არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს.
კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0,3%-ის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს დაკისრება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ვალდებულების დარღვევის არათანაზომიერია, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,1%-მდე, ე.ი. მესამედამდე და განისაზღვროს შესაბამისად - 4649,95 აშშ დოლარით.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1155,69 ლარი. დავის საგნის ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ ზედმეტად გადახდილია სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 4,83 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე სს“კ------------ს“ თ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა დაკმაყოფილებული წილის პროპორციულად 383,62 ლარი, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი დანარჩენი თანხა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ც---------------–--ის მიერ 2019 წლის 6 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოვალე თ-------------ის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე თ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს - ც---------------–--ის მიერ 2019 წლის 06 მარტს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში და აღსასრულებელი ფულადი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 4,649.95 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში;
3. მოპასუხე სს „კ------------ს“ მოსარჩელე თ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 383,62 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე თ-------------ეს (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 05/06/2019 წ. N7 საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1,155.69 ლარიდან - 4,83 (ოთხი ლარი და 83 თეთრი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, (გადამხდელი - თ-------------ე, პ/ნ 6----------, გადამხდელის ბანკი - სს „ბ-------------’’; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22);.
5. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1,155.69 ლარიდან - 767,24 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე