გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/539-19 (010310019003253136)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
განმცხადებელი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
წარმომადგენელი - ქ----------------
დაინტერესებული პირი - რ-----------------
მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
წარმომადგენელი - ქ----------------
მოთხოვნის არსი - ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. განმცხადებელი მხარის მოთხოვნა:
1.1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №378-378ა-ში მდებარე, მოქალაქე რ------------------ (---------------- საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.35.25.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 05.35.25.2--, საექსპროპრიაციო ფართობის 639.00 კვ.მ-ზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე.
დავის მოკლე შინაარსი: ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ქალაქმშენებლობითი პრობლემების გადაჭრისა და სატრანსპორტო გზების განახლება/განვითარების მიზნით, ქალაქ ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს ახალი გზების მშენებლობა, აგრეთვე არსებული სატრანსპორტო ქსელების გაგრძელება, გაფართოება და რეკონსტრუქცია. ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო კვანძს, წარმოადგენს ქალაქ ბათუმში ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის გაგრძელება. პროექტს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შპს „გზაპროექტის“ მიერ შედგენილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5.7 კმ სიგრძით მონაკვეთზე, ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 8 329 570 ლარს. დღეის მდგომარეობით განხორციელებულია აღნიშნული გზის მშენებლობის ნაწილი 3.5 კმ სიგრძით მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილ 2.2 კმ სიგრძით მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 16 ოქტომბრის №133 განკარგულების 1-ელი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს დაევალა სარეაბილიტაციო გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების, კოორდინატების დადგენისა და შესაბამისი აზომვითი ნახაზების მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 05 მარტის №22 განკარგულებით დამტკიცდა - ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის/ მოსარგებლეებისათვის კომპენსაციის გაცემის წესი“. მითითებული წესი არეგულირებს საავტომობილო გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების იდენტიფიცირების, შესაბამისი აზომვითი ნახაზების მომზადებისა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებისათვის/მოსარგებლეებისათვის კომპენსაციის გაცემის წესსა და პროცედურებს.
,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის/ მოსარგებლეებისათვის კომპენსაციის გაცემის წესის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ პირებზე, რომლებსაც განთავსების ზოლში საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნიათ უძრავი ქონება, კომპენსაცია გაიცემა საბაზრო ფასის 100% ოდენობით. აღნიშნული წესის შესაბამისად, საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან მიღწეული იქნა შეთანხმება და გაიცა შესაბამისი კომპენსაციები. შეთანხმება ვერ შესდგა რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უარს აცხადებენ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებაზე. ერთ-ერთ ასეთ მოქალაქეს წარმოადგენს რ----------------- (პ/ნ 61009014712), რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ქალაქ ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N378-378ა-ში მდებარე, 639.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.35.25.2--),მასზე განთავსებულ 310,93 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად, რომელიც მოქცეული საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 05 მარტის №22 განკარგულებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად: „უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 06 სექტემბრის №01-01-10/3598 წერილით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეთხოვა, დაედგინა ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N378-378ა-ში მდებარე 639.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 05.35.25.2--), მასზე დამაგრებული 310,93 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება, მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეების ოდენობის და ღირებულებების მითითებით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ოქტომბრის №5006255918 და 2018 წლის 09 ოქტომბრის №5006421718 ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 138 020 ლარის ოდენობით (მათ შორის მიწის ნაკვეთის ღირებულება - 33 867 ლარი; შენობა-ნაგებობების - 99 591 ლარი, ხოლო ხე-მცენარეების - 4 562 ლარი).
2019 წლის 20 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარედგინა რ------------------ განცხადება, რომლითაც დაინტერესებული პირი უარს აცხადებს კომპენსაციის მიღებაზე.
გამომდინარე იქედან რომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 05 მარტის №22 განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, რ-----------------სთან ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სახეზეა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოხსენებულ პირზე საკუთრების ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევის საჭიროება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 03 აპრილის №01-01-10/1531 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს №1-1/391 ბრძანებით ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გინიოს ხიდი) საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მშენებლობის ფარგლებში მოქცეული, ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №378-378ა-ში მდებარე, საკადასტრო კოდით №05.35.25.2-- რეგისტრირებულ რ------------------ (---------------- საკუთრებაში არსებულ 639.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს №1-1/391 ბრძანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ გამოქვეყნდა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე გაზეთებში „საქართველოს რესპუბლიკა“ და „აჭარა და ადჟარია“.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 22 აგვისტოს №01-01-10/4232 წერილით, რ-----------------ს (პ/ნ 61009014712) ეცნობა დაწყებული ექსპროპრიაციის პროცედურების თაობაზე, ასევე მისი თანხმობის შემთხვევაში, სამინისტრომ გამოხატა მზაობა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ 05.35.25.2--) სანაცვლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ოქტომბრის №5006255918 და 2018 წლის 09 ოქტომბრის №5006421718 ექსპერტიზის დასკვნებით განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში კომპენსაციის გაცემის თაობაზე. გადაწყვეტილების მისაღებად რ-----------------ს (პ/ნ 61009014712) განესაზღვრა წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 22 აგვისტოს №01-01-10/4232 წერილი რ-----------------ს ჩაბარდა 2019 წლის 23 სექტემბერს, თუმცა მხარეს სამინისტროში შესაბამისი პოზიცია არ წარუდგენია.
უდავოა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოიყენა ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის მიზნით, თუმცა რ----------------- უარს აცხადებს საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ საკუთრების უფლების დათმობაზე, შესაბამისად, არსებობს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოხსენებულ პირზე საკუთრების ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევის საჭიროება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მხარე მოითხოვს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №378-378ა-ში მდებარე, მოქალაქე რ------------------ (---------------- საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.35.25.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 05.35.25.----- საექსპროპრიაციო ფართობის 639.00 კვ.მ-ზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე.
2.დაინტერესებული პირის პოზიცია:
2.1. დაინტერესებული პირი, რ----------------- არ ეთანხმება განცხადებას და განმარტა რომ ამ ეტაპზე არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე რ------------------ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის მინიჭების საფუძველი, ამასთან, საკომპენსაციო თანხა არ არის შესაბამისობაში უძრავი ქონების რეალურ ღირებულებასთან (იხ. 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. მესამე პირების პოზიცია.
3.1. მესამე პირი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, დაეთანხმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ განცხადება როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით საფუძვლიანია (იხ. 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
4. ფაქტობრივი გარემოებები.
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 16 ოქტომბრის №133 განკარგულების 1-ელი პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს დაევალა სარეაბილიტაციო გზის განთავსების ზოლში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების, კოორდინატების დადგენისა და შესაბამისი აზომვითი ნახაზების მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 16 ოქტომბრის №133 განკარგულება;
4.1.2. დადგენილია, რომ რ-----------------ს (პ/ნ 61009014712), საკუთრებაში ერიცხება, ქალაქ ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N378-378ა-ში მდებარე საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი უძრავი ქონება, კერძოდ, 639.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.35.25.2--), მასზე განთავსებულ 310,93 კვ.მ. შენობა-ნაგებობასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის ნახაზი ფოტო-მასალა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
4.1.3. დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ოქტომბრის №5006255918 და 2018 წლის 09 ოქტომბრის №5006421718 ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, ქალაქ ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N378-378ა-ში მდებარე, რ------------------ (პ/ნ 61009014712), საკუთრებაში რიცხული 639.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (ს/კ 05.35.25.2--) და მასზე განთავსებულ 310,93 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 138 020 ლარის ოდენობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 02 ნოემბრის №01-01-10/4377 წერილით, მოქალაქე რ-----------------ს ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 05.35.25.2--) მოქცეულია საავტომობილო გზის მშენებლობის არეალში. რ-----------------ს ეთხოვა 15 კალენდარული დღის ვადაში წერილობით ეცნობებინა სამინისტროსთვის მისი პოზიცია შეთავაზებული თანხის მიღების მიზნით სათანადო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ოქტომბრის №5006255918 და 2018 წლის 09 ოქტომბრის №5006421718 დასკვნები; №01-01-10/4377 წერილი.
4.1.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 20 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წერილობით მიმართა რ-----------------მ და 2018 წლის 02 ნოემბრის №01-01-10/4377 მიწერილობაზე განაცხადა, რომ არ იყო თანახმა საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 20 მარტის წერილი.
4.1.6. დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 03 აპრილის №01-01-10/1531 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 03 აპრილის №01-01-10/1531 წერილი.
4.1.7. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს №1-1/391 ბრძანებით ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გინიოს ხიდი) საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება მშენებლობის ფარგლებში მოქცეული, ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №378-378ა-ში მდებარე, საკადასტრო კოდით №05.35.25.2-- რეგისტრირებულ რ------------------ (---------------- საკუთრებაში არსებულ 639.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს №1-1/391 ბრძანება;
4.1.8. დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2019 წლის 12 აგვისტოს №1-1/391 ბრძანება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ გამოქვეყნდა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე გაზეთებში „საქართველოს რესპუბლიკა“ (2019 წლის 15 აგვისტოს №163) და „აჭარა და ადჟარია“ (2019 წლის 20 აგვისტოს №94).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგაზეთო ამონარიდი;
4.1.9. დადგენილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 22 აგვისტოს №01-01-10/4232 წერილით, რ-----------------ს (პ/ნ 61009014712) ეცნობა დაწყებული ექსპროპრიაციის პროცედურების თაობაზე. წერილში აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით, გადაწყვეტილების მისაღებად რ-----------------ს (პ/ნ 61009014712) განესაზღვრა წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 22 აგვისტოს №01-01-10/4232 წერილი რ-----------------ს ჩაბარდა 2019 წლის 23 სექტემბერს, თუმცა მხარეს სამინისტროში შესაბამისი პოზიცია არ წარუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2019 წლის 22 აგვისტოს №01-01-10/4232 წერილი;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელმა მხარემ დაადასტურა განცხადების საფუძვლიანობა და ის უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც განცხადება შეესაბამება ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონს და საქართველოს კონსტიტუციას, წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 04 ნოემბრის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი. საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, მე-19 მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილი თანხმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. თუმცა ხაზგასასმელია, რომ კონსტიტუციამ ამ კონფლიქტის გადაწყვეტა კანონმდებელს კი არ მიანდო, არამედ თავად გადაწყვიტა მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, რომელთა თანახმად, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დასაშვებია: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. მე-19-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’
7.2. სასამართლო აღნიშნავს, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა და მე-3 პუნქტით დაშვებული საკუთრების ჩამორთმევა წარმოადგენენ პირველი პუნქტით დადგენილ საკუთრების გარანტიაში ჩარევას, მაგრამ ისინი თავისი შინაარსით პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. უმნიშვნელოვანესი სხვაობა ჩარევის ამ ორ ფორმას შორის არის ის, რომ არსებობს განსხვავებული მოთხოვნები მათი კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებისათვის.
მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს. სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ის შესაბამის დასკვნებს აკეთებს ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებებისა და მიზნების საფუძველზე.
საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის მიერ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების განსაზღვრის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. ამ დროს კანონმდებლის მიერ, პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება საკუთრების მიერ შესასრულებელი ფუნქცია. რაც უფრო მეტად არის საზოგადოება, მისი ნორმალური არსებობა და განვითარება სხვის საკუთრებაზე დამოკიდებული, კანონმდებელს მით მეტი უფლებამოსილება აქვს საკუთრების უფლების შეზღუდვის სფეროში.
7.3. საკუთრების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევები ამომწურავად არის განსაზღვრული ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში.
ექსპროპრიაციად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ჩამორთმევა, რომელიც ფორმითა და შინაარსით სრულად დააკმაყოფილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
საკუთრების ჩამორთმევისას, კანონმდებელი პირის საკუთრების მიმართ მოქმედებს ინდივიდუალურად, მიზანმიმართულად, ანუ განსაზღვრული საჯარო ინტერესის მიღწევა ხდება კონკრეტული პირის (პირების) საკუთრების ჩამორთმევის ხარჯზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ექსპროპრიაციის უფლება შეიძლება შეეხოს, როგორც პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მთლიანად ასევე მის ნაწილს, ამ შემთხვევაში განმსაზღვრელ კრიტერიუმს წარმოადგენს მისი უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
7.4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჩამორთმევისას აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება. მართალია, საზოგადოებრივი საჭიროების გამო, მესაკუთრის შეზღუდვა გამართლებულია, მაგრამ ეს შეზღუდვა ზომაზე მეტად იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ასეთ დროს შეზღუდვის გაწონასწორების მიზნით, სახელმწიფოსთვის ფულადი ვალდებულების დაკისრება ემსახურება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის თანაზომიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.
დასახელებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~.
ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
7.5. ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონით განმარტებულია ექსპროპრიაციის დეფინიცია, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერად უფლებას სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით. ამასთან, განსაზღვრულია, რომ ექსპროპრიაცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევას, ჩამორთმეული ქონების კომპენსაციით, ხოლო კომპენსაცია განმარტებულია, როგორც მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.
აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს - განისაზღვროს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. რაც შესაბამისად ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. ამავე კანონის მეორე მუხლით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ სამუშაოების წარმოების მიზნით როგორიცაა - საზოგადოებრივ საჭიროებისათვის გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა, რაც შესაბამისად წარმოადგენს აღნიშნული კანონის თანახმად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის განხორციელების საფუძველს.
7.6. დადგენილია და უდავო, რომ ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ქალაქმშენებლობითი პრობლემების გადაჭრისა და სატრანსპორტო გზების განახლება/განვითარების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ახალი გზების მშენებლობა, აგრეთვე არსებული სატრანსპორტო ქსელების გაგრძელება, გაფართოება და რეკონსტრუქცია. ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო კვანძს, წარმოადგენს ქალაქ ბათუმში ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის გაგრძელება. პროექტს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შპს „გზაპროექტის“ მიერ შედგენილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5.7 კმ სიგრძით მონაკვეთზე, ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 8 329 570 ლარს. დღეის მდგომარეობით განხორციელებულია აღნიშნული გზის მშენებლობის ნაწილი 3.5 კმ სიგრძით მონაკვეთზე, ხოლო დარჩენილ 2.2 კმ სიგრძით მონაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა გზის განთავსების ზოლში მოქცეული რ------------------ კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება, რასთან დაკავშირებითაც შეთანხმება, ამ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვერ მოხერხდა რ-----------------სთან, რადგანაც ქონების მესაკუთრემ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა მიუღებლად მიიჩნია.
სასამართლო იზიარებს განმცხადებელი მხარის მოსაზრებას, რომ ,,ჭოროხის გზის“ (მახოს ხიდი-გონიოს ხიდი) საავტომობილო გზის მშენებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის განვითარებასა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში. შესაბამისად აღნიშნული პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისა და მთელი ქვეყნისათვის, იგი მნიშვნელოვანი და მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც შესაბამისი კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად სასამართლოს მიიჩნია, რომ განცხადება ექსპროპრიაციის მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით, ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიენიჭოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება - რ------------------ (პ/ნ 61009014712) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №05.35.25.2--, პროექტისათვის საჭირო საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთის ფართობი 639.00 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
7.7. სასამართლო განმარტავს, რომ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილია, ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო განმარტავს, რომ სათანადო კომპენსაციის გადახდა წარმოადგენს არა ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების, არამედ უფლების მინიჭების შემდგომ ექსპროპრიაციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მითითებული კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ქონების მესაკუთრესთან საკომპენსაციო თანხის და გადახდის წესის შესახებ წინასწარ შეთანხმებას ახორციელებს ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება.
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულია ქონების საბაზრო ღირებულების და კომპენსაციის შესახებ დავის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონების საბაზრო ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხარეებს უფლება აქვთ სარჩელით მიმართონ სასამართლოს, ასეთ შემთხვევაში სარჩელს თან უნდა დაერთოს სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს, `აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირები, ქონების მესაკუთრეები გათავისუფლებული არიან სასამართლო ხარჯებისაგან. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის `უ~ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 416-ე, 417-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, ქალაქ ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N378-378ა-ში მდებარე, მოქალაქე რ------------------ (პ/ნ 61009014712) საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი №05.35.25.2-- (ნაკვეთის წინა ნომერი 05.35.25.----- საექსპროპრიაციო ფართობის 639.00 კვ.მ-ზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე.
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან, 12 (თორმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე