განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117002177500
საქმე №1-1019/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----------ს
ბრალდებულის - ი-–------- ქ--------ს
ადვოკატის – მ--–----------–--ის
თარჯიმნის - ი-----------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №075240717001 საქმე:
ბრალდებულ ი-–------- ქ--------ს მიმართ
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: არმქონე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებულის მისამართზე: ხ--–------------------–-------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, ფ-------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2017 წლის 23 ივლისს დაახლოებით 23:45 საათზე, ქ. ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N4-ის მიმდებარედ ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით ი-–------- ქ-------- მოძრაობდა „მერსედეს-ბენცის“ მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით I--------, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის მოთხოვნები, რის გამოც მარცხნივ მოხვევის მანევრირებისას შეეჯახა უკნიდან მის თანმხვედრად მოძრავი „ფოლკსვაგენ პასატი“-ს მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით N--------, რომელსაც მართავდა ზ----- თ---------ე. საგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მ-----–- ფ-------ემ, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მ----- ქ--------მ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და მძიმე დაზიანება გამოიწვია.
2. დაზარალებულმა მ-----–- ფ-------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 23 ივლისს ნაცნობ ქალბატონებთან ერთად მგზავრობდა ზ----- თ---------ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, იჯდა უკანა სავარძელზე, მოძრაობდნენ მარცხენა სამოძრაო ზოლში. მათ წინ იმავე სამოძრაო ზოლში მოძრაობდა მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც ჯერ მარჯვენა ზოლში გადავიდა, შემდეგ გადმოუხვია ისევ მარცხნივ, თ---------ემ ვერ მოასწრო დამუხრუჭება და შეეჯახა მას. მანქანაში მყოფმა ყველა მგზავრმა მიიღო დაზიანება, თავად ფ-------ეს მოტყდა ხელი, დიდი ხნით დაკარგა შრომის უნარი.
3. მოწმე ზ----- თ---------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ 2017 წლის 23 ივლისს ღამის საათებში „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანით მოძრაობდა გორგილაძის ქუჩაზე ფიროსმანის ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 40 კმ/სთ სიჩქარით, მარცხენა მეორე ზოლში. იმავე ზოლში მის წინ მოძრაობდა "მერსედესის" მარკის ავტომობილი. მოძრაობის დროს, ისე რომ არ ჩაურთავს მარჯვენა მაშუქი, "მერსედესი" გადავიდა მარჯვენა ზოლში და შეანელა მოძრაობა. თ---------ემ დააპირა წინ გასულიყო, მოუმატა სიჩქარეს, მიუახლოვდა "მერსედესის" მარკის ავტომანქანას, ამ უკანსკნელის მძღოლმა კი მოულოდნელად, ისე რომ არ ჩაურთავს მარცნივ მოხვევს მაშუქი, მოუხვია მარცხნივ. მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო და შეეჯახა "მერსედესს" მარცხენა უკანა კართან. "მერსედესი" ავარდა გაზონზე, შემოტრიალდა და გაჩერდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში. შეჯახების შედეგად დაზიანდნენ ორივე მანქანაში მსხდომი მგზავრები. მიიჩნევს, რომ თვითონ მოძრაობის წესები არ დაურღვევია, მოძრაობდა თავის სამოძრაო ზოლში "მერსედესის" მძღოლმა მოულოდნელად ჩაუჭრა გზა, რის გამოც ვერ შეძლო დამუხრუჭება და შეჯახების თავიდან აცილება.
4. 2017 წლის 24 ივლისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფიროსმანის ქუჩაძე მოქმედებს საგზაო ნიშნები - მაქსიმალური შეზღუდვა (40) და ქვეითთა გადასასვლელი. არის ორმხრივი მოძრაობის გზა, რომელსაც შუაში ყოფს მწვანე გაზონი. შარტავას ქუჩის მიმართულებით სამოძრაო ზოლი არის 6 მეტრი სიგანის, რომელსაც შუაში ყოფს წყვეტილი ხაზი. მარცხენა სამოძრაო ზოლში ერთმანეთს შეჯახებულია ორი სატრანსპორტო საშუალება, „მერსედეს-ბენცის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით I-------- და „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის, სახელმწიფო ნომრით N--------. ოქმში აღწერილია ავტომობილების ადგილმდებარეობა შეჯახების შემდეგ და დაზიანებები, რომლებიც აღენიშნებათ სატრანსპორტო საშუალებებს. ოქმს ერთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, რომელშიც შემთხვევის ადგილის გრაფიკული სურათია ასახული და ფოტო-ილუსტრაცია.
5. საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა.რ საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის, 2017 წლის 31 აგვისტოს ავტოტექნიკური ექსპერტიზის N198/ა დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მძღოლ ი-–------- ქ--------ს საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32-ე, პუნქტი 1-ის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლი ზ----- თ---------ე მის განკარგულებაში არსებული დროის სიმცირის გამო საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა არ აღინიშნება.
6. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ზ---------–--ემ.
7. საქართველოს შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა.რ საექსპერტო - კრიმინალისტიკური სამსახურის, 2017 წლის 7 სექტემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის Nს/ტ-176 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენ ავტომობილებზე აღნიშნული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილების რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება - ურთიერთქმედებისათვის. ავტოომობილების საჭით მართვის მექანიზმები და სამურუჭე სისტემები გამართულ მდგომარეობაშია. შეჯახების მომენტისათვის „ფოლქსვაგენი“-ს სახელმწიფო ნომრით N-------- და „მერსედესი“-ს სახელმწიფო ნომრით I--------, გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე (შეჯახების კუთხე) შეადგენდა დაახლოებით 50 გრადუსს.
8. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ი-----–-------------ემ.
9. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 18 ოქტომბრის სატრანსპორტო ტექნიკურ - ტრასოლოგიური ექსპერტიზის N006104817 დასკვნის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის მოქმედება არ შეესაბამება "საგზაო მოძრაობის" შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო - სატრანსპორტო შემტხვევა (შეჯახება). მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „ფოლკსვაგენი“-ს მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნატა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება), არ აღინიშნება.
10. აღნიშნული დასკვნის სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ზ-----------------ემ.
11. საქმის არსებითი განხილვისას დათვალიერდა ვიდეო ფირი, რომელზეც ბრალდების მხარის მტკიცებით, ასახულია ავტოავარიის ფაქტი. ფირზე ჩანს მარცხენა სამოძრაო ზოლში მოძრავი ორი ავტომანქანა, ზოლი გაყოფილია წყვეტილი ხაზით. ხაზის მარჯვნივ მოძრავი ოდნავ წინ მყოფი ავტომობილი მოულოდნელად უხვევს მარცხნივ და ძალიან ახლო მანძილზე მარცხენა ზოლში მოძრავი ავტომობილი ეჯახება მას.
12. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 5 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N005813017 დასკვნის თანახმად, მ-----–- ფ-------ე მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს უნიმედი აჭარა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 2017 წლის 24 ივლისს. დიაგნოზი: მარცხენა სხივისა და იდაყვის ძვლების დისტალური ბოლოების მოტეხილობა ცდომით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
13. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2017 წლის 5 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N005825417 დასკვნის თანახმად, მ----- ქ-------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას შპს უნიმედი კახეთი მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 2017 წლის 23 ივლისიდან. აღენიშნებოდა: შუბლის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, სუბდურული სისხლჩაქცევა თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
14. აღნიშნული დასკვნების სისწორე სრულად დაადასტურა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ლ-----------------ემ.
15. ბრალდებულმა ი-–------- ქ--------მ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კატეგორიულიად უარყო ავტოსაგზაო შემთხვევაში მისი ბრალეულობა და განმარტა, რომ წესების სრული დაცვის განახორციელა მანევრი მისთვის კარგად ნაცნობ ადგილზე, რომელზეც ყოველ დღე უწევს გადაადგილება, მისი მხრიდან არ ჰქონია ადგილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და შეჯახება მეორე მანქანის მძღოლის - ზ----- თ---------ის ბრალია.
16. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბრალდებულმა ი-–------- ქ--------მ 2017 წლის 23 ივლისს დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რის გამოც შეეჯახა „ფოლქსვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ზ----- თ---------ე, საგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო მ-----–- ფ-------ემ, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო მ----- ქ--------მ.
17. ”საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: მძღოლმა, რომელსაც განზრახული აქვს რომელიმე მანევრის შესრულება, ეს მანევრი უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ არ შეუქმნის საფრთხეს მის უკან, წინ და გვერდით როგორც თანმხვედრი, ისე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მათი მდებარეობის, მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის გათვალისწინებით.
18. ი-–------- ქ--------ს მიერ სწორედ აღნიშნული ნორმის უგულვებელყოფას მოჰყვა შედეგად ავტოსატრანსპორო შემთხვევა. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ, რომ თავის სამოძრაო ზოლში მიმავალ ზ----- თ---------ის მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანას მოულოდნელად, მოხვევის გამაფრთხილებელი მაშუქის ჩართვის გარეშე, თანხვედრი მიმართულებით მოძრავმა "მერსედესის" მარკის ავტომობილმა, ფაქტიურად, გადაუჭრა გზა, ძალიან ახლო მანძილზე უკან მიმავალი ავტომანქანის წინ გადაუხვია, ამ უკანასკნელის მძღოლმა მცირე მანძილის გამო ვერ მოასწრო დამუხრუჭება და მოხდა შეჯახება.
19. ვიდეო-ფირზე, რომელიც ბრალდების მხარემ წარუდგინა სასამართლოს, სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარებაა ასახული. ამასთან, სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ფირზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარჩევა შეუძლებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასზე ასახული შემთხვევის სურათი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, სქემასა და ფოტო-ტაბულაში ასახულ ადგილმდებარეობას, ისევე, როგორც მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებებში აღწერილ შემთხვევის ფაქტს ზედმიწევნით ემთხვევა. რაც შეეხება მისი მოპოვების კანონიერებას, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფირი დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც აღნიშნული ვიდეო მასალის გარეშეც იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, რაც ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული და მძღოლი ქ--------ს ბრალდებულობას ადასტურებს. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტებმა, ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების ავტორებმა, განმარტეს, რომ მათი დასკვნები ემყარება საქმის მასალებს სრულად და არა მხოლოდ ვიდეო მასალაში გადმოცემულ ინფორმაციას.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მოთხოვნას ბრალდებული ქ--------ს უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედასტურებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. დაცვის მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული ჰქონდა ალტერნატიული ექსპერტიზები, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც საეჭვოს გახდიდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გადმოცემული გარემოებების რეალურად არსებობას და სასამართლოს განსხვავებული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-–------- ქ--------მ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, შედეგად კი ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს მგზავრებმა - მ----- ქ--------მ და მ-----–- ფ-------ემ.
22. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
23. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
24. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
25. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-–------- ქ--------ს ბრალდების დადასტურება.
26. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
28. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული, მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
29. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
30. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
31. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
32. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
34. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ი-–------- ქ--------მ სატრანსპორტო საშუალების მართვისას დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და მ-----–- ფ-------ის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ასევე მ----- ქ--------ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. შესაბამისად, ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
35. ი-–------- ქ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
36. ი-–------- ქ--------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
37. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
38. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
39. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
40. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
41. სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით, ასევე 3 წლამდე ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
42. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–------- ქ--------ს, რომელიც არ არის ნასამართლევი, სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 2500 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
43. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ი-–------- ქ--------ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იყოს დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
44. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - „მერსედეს - ბენცის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I-------- და „ფოლქსვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით N--------, რომლებიც განთავსებულია შპს „ბათ ავტო 23“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ი-–------- მ------ს ძე ქ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 (ორისათასხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-43-ე მუხლების შესაბამისად, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ი-–------- ქ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადეახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ი-–------- ქ--------ს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცებები - „მერსედეს - ბენცის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I-------- და „ფოლქსვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით N--------, რომლებიც განთავსებულია შპს „ბათ ავტო 23“-ის სპეციალურ ავტოსადგომზე - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი