განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/226-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ი-----–----------ას
ბრალდებულ _ თ-- ხ---–-----ს
ადვოკატ _ ზ----- ტ------ძის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ თ-- ბ------- ასული ხ---–-----ს, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ---------–---------–---–-----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----------–--–----------–----------------------–-–-----------–---------------–----–--–-------, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ-- ხ---–-----მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
თ-- ხ---–-----ს მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, დ------–--–-----------–---------–-–-----------–--------------–----–-–-----აში არსებულ დროებით საცხოვრებელ ბინაში, თ-- ხ---–-----მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ს-----–--ა ხ---–-----ს, კერძოდ, ხელებს ურტყამდა სახის, თავისა და ტანის მიდამოში, ასევე ხელები წაუჭირა ყელში, რის შედეგადაც ს-----–--ა ხ---–-----მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. თ-- ხ---–-----მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი).
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, თ-- ხ---–----- - დედას ს-----–--ა ხ---–-----ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, რის შედეგადაც ს-----–--ა ხ---–----- განიცდიდა ტანჯვას.
ე.ი. თ-- ხ---–-----მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი).
სასამართლოს დასკვნა თ-- ხ---–-----ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: №------ შემაკავებელ ორდერს, ამოღების ოქმს, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ თ-- ხ---–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. თ-- ხ---–-----ს მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბრალდებული გულწრფელად ინანიებს დედის მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებას. ამასთან, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ დაზარალებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და მის მიმართ ძალადობის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს, ხოლო სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ დაზარალებულის გარდაცვალებამდე მათ შორის კონფლიქტი ამოიწურა და შეურიგდნენ ერთმანეთს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ჰყავს სამი არასრულწლოვანი, მათ შორის ექვსი წლის შვილი, რომელთაც ზრდის და უვლის თვითონ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია თ-- ხ---–-----ს მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, სასამართლო არ მსჯელობს ალტერნატიული სასჯელი სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის მიზანშეწონილობაზე, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, ხოლო თ-- ხ---–-----ს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის, 6 წლის ა------- გ----–---- (დადასტურებულია საქმეში არსებული დაბადების მოწმობების ასლებით).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ-- ხ---–-----ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას, რათა მან განაგრძოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-- ხ---–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. თ-- ხ---–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-- ხ---–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. თ-- ხ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 28 დეკემბრიდან - 2018 წლის 2------------- ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. მსჯავრდებულ თ-- ხ---–-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ-- ხ---–-----ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. გაუქმდეს თ-- ხ---–-----ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2------------- განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
7. ს-----–--ა ხ---–-----ს ჯემპრი (ინახება ქ. თბილისის შსს ი----------------------------–--------–-–---------------------------------------------------–--------------------–---ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს თ-- ხ---–-----ს, კანონით დადგენილი წესით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი