განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119002909356
საქმე #1/114-19 (082100219001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--- გ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ----- კ------–---–- (დაბადებული 1----–-–---------------–-, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–----–-------ში)
ადვოკატი - ს---–--- კ-------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია)
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:25 საათზე, გორის რაიონი სოფელ ხელთუბნის საავტომობილო გზაზე, გორის მიმართულებით მოძრაობისას, ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა ზ----- კ------–---–მა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და ავტომობილით გადაუარა გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე თ-------- მ------–---–ს, რომელიც ამ შემთხვევის დროს მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
3. მტკიცებულებები და სამართლებრივი შეფასება:
3.1. 2018 წლის 19 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თ-------- მ------–---–ის გვამს აღენიშნებოდა საკვები მასების ასპირაცია სასუნთქ გზებში, სისხლში 4,68 % ეთილის სპირტი, სხეულის შერწყმული ბლაგვი ტრავმა თხემ-კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობის, ქალას რბილი საფარის ქსოვილში სისხლჩაქცევის, ქალას სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობის, თავის ტვინის ნივთიერებაში სისხლჩაქცევის, მარჯვენამხრივი I-II–III-IV ნეკნთა მოტეხილობების, მარცხენამხრივი V–VI ნეკნთა მოტეხილობების, მოტეხილობის მიდამოებში - ნეკნთაშუა კუნთებსა და რბილ ქსოვილებში - სისხლჩაქცევების, ღვიძლზე ნახეთქის, ღვიძლის ქსოვილში სისხლჩაქცევის, მარჯვენა თირკმლის სუბკაფსულარულად სისხლჩაქცევის, სხეულზე ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით. დაზიანებები სიცოცხლისდრინდელია, განვითარებული არიან მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დროის შუალედი 6-7 საათი. სიკვდილის მიზეზის და დაზიანებების სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სათანადო სპეციალისტის მონაწილეობით (ტ.5, ს.ფ. 3-17);
2019 წლის 30 იანვრის კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ არსებული ჭრილობა, აღნიშნული ჭრილობიდან კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირის ზედა მესამედამდე დვრილისებრ მორჩამდე გარდამავალი ნაჭდევი, ჭრილობის ირგვლივ ნაჭდევის ჩათვლით სისხლჩაქცევა და მარჯვენა თხემ-საფეთქლის მიდამოში ხაზოვანი მოტეხილობა, გარდამავალი საფეთქლის ძვალზე, თავისი ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. ნახეთქი ღვიძლის დიაფრაგმულ ზედაპირზე, სისხლჩაქცევა ღვიძლის ქსოვილში განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. მარჯვნივ 1-2-3-4 ნეკნების და მარცხნივ 5-6 ნეკნების მოტეხილობები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. სხეულზე გარეგნულად არსებული სხვა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც იზოლირებულად, ისე ერთობლიობაში, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს;
დაზიანებათა თანმიმდევრობის /რიგითობის/ განსაზღვრა ექსპერტიზას არ შეუძლია;
რა ვითარებაში მიიღო თ-------- მ------–---–მა მის სხეულზე არსებული დაზაინებები, ამის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის /საგნების/ ან საგანზე /საგნებზე/ ზემოქმედებით. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს სხეულზე არსებული დაზიანებების მოძრავი ავტომობილის შეჯახების და შემდგომ რაიმე მკვრივ ბლაგვ საგანზე დაცემის შედეგად განვითარებას. მარჯვენა ბეჭზედა მიდამოდან სამხრე მორჩის მიდამოზე გარდამავლად მხრის გარეთა და წინა ზედაპირზე ზედა მესამედამდე კონტურირებულ კიდეებიანი სისხლჩაქცევები შესაძლებელია განვითარებული იყოს აღნიშნულ მიდამოზე რაიმე მოძრავი ავტომობილის საბურავის კონტაქტის შედეგად, შესაძლებელია გადავლით. გადავლის მიმართულების დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
თ-------- მ------–---–ს გონების სრულ დაკარგვამდე შესაძლებელია შეესრულებინა გარკვეული მოქმედებები. თუ რა მოქმედებების შესრულებას შესძლებდა, აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია. სიცოცხლისდროინდელი ჭრილობიდან სიცოცხლის პერიოდში აღინიშნება სისხლდენა. თ-------- მ------–---–ის გვამზე არსებული ჭრილობა სიცოცხლისდროინდელია (ტ.7, ს.ფ. 60-71);
ექსჰუმირებული გვამის სამედიცინო, ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-------- მ------–---–ის სიკვდილის მიზეზის და სიკვდილის ხანდაზმულობის დადგენა მხოლოდ ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევის მონაცემებით, გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილების გამო, ექსპერტიზას არ შეუძლია;
გვამის პირველადი გამოკვლევის მონაცემებისა და მოწვეული სპეციალისტების (ნეიროქირურგის, თორაკოქირურგის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ტოქსიკოლოგის, ზოგადი ქირურგის) მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის მონაცემების გათვალისწინებით, თ-------- მ------–---–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ალკოჰოლის მოქმედების და სასუნთქ გზებში პირნაღები მასების ასპირაციის ფონზე;
თ-------- მ------–---–ის გვამის პირველადი გამოკვლევის მონაცემებით, გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე უნდა იყოს დროის შუალედი 6-7 საათი;
გვამის პირველადი გამოკვლევის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-------- მ------–---–ის ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, თ-------- მ------–---–ის გვამზე აღინიშნება დაზიანებები: მარჯვენა თხემ-კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობა, აღნიშნული დაჟეჟილი ჭრილობიდან კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირის ზედა მესამედამდე დვრილისებრ მორჩამდე გარდამავალი ნაჭდევი, მათ ირგვლივ სისხლჩაქცევა, ასევე - მათ შესაბამისად სისხლჩაქცევა ქალას რბილი საფარის ქსოვილში, მარჯვენა თხემ-საფეთქლის ძვლების მოტეხილობა, გარდამავალი საფეთქლის ძვალზე, დიფუზური სისხლჩაქცევა თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს რბილ გარსებში, სისხლჩაქცევები ტვინის ნივთიერებაში (ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევით: მარჯვენა თხემ-საფეთქლის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მოტეხილობის ქალას ფუძეზე - მარჯვენა შუა ფოსოში გავრცელებით). სისხლჩაქცევები ნეკნთაშუა კუნთებში. მარჯვენა ბეჭის ძვლის მრავალფრაგმენტოვანი დამსხვრეული მოტეხილობა; ნახეთქი ღვიძლის დიაფრაგმულ ზედაპირზე, სისხლჩაქცევა ღვიძლის ქსოვილში; თავისუფალი სისხლი და სისხლის კოლტები მუცლის ღრუში 400 მლ-ის მოცულობით; სისხლჩაქცევა მარჯვენა თირკმლის სუბკაფსულარულად; მენჯის ძვლების მოტეხილობა; ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე;
დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვის საგნის მოქმედებით, ცოცხლა პირთა სხეულის დაზიანებათა სიმძიმის ხარისხის შეფასებისას, ერთად აღებული განისაზღვრებიან, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების (06.07.2018) თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
თავის მიდამოში არსებული დაზიანებები: მარჯვნივ თხემ-კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობა, აღნიშნული დაჟეჟილი ჭრილობიდან კისრის მარჯვენა გვერდითი ზედაპირის ზედა მესამედამდე, დვრილისებრ მორჩამდე გარდამავალი ნაჭდევი, მათ ირგვლივ სისხლჩაქცევა, ასევე - მათ შესაბამისად სისხლჩაქცევა ქალას რბილი საფარის ქსოვილში, მარჯვენა თხემ-საფეთქლის ძვლების მოტეხილობა, გარდამავალი საფეთქლის ძვალზე, დიფუზური სისხლჩაქცევები თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს რბილ გარსებში, სისხლჩაქცევები ტვინის ნივთიერებაში (ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევით: მარჯვენა თხემ-საფეთქლის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, მოტეხილობის ქალას ფუძეზე - მარჯვენა შუა ფოსოში გავრცელებით) - ცოცხალ პირთა სხეულის დაზიანებათა სიმძიმის ხარისხის შეფასებისას, იზოლირებულად აღებული განისაზღვრებიან, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები;
ნახეთქი ღვიძლის დიაფრაგმულ ზედაპირზე, სისხლჩაქცევა ღვიძლის ქსოვილში იზოლირებულად აღებული განისაზღვრება, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება;
დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები;
მარჯვენა ბეჭის ძვლის მოტეხილობა იზოლირებულად აღებული განისაზღვრება, როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით;
მენჯის ძვლების მოტეხილობა იზოლირებულად აღებული განისაზღვრება, როგორც ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით;
ექსპერტიზა გამორიცხავს იზოლირებულად თავზე არსებული დაზიანებების განვითარების შესაძლებლობას მოძრავი ავტომობილის საბურავის უშუალოდ თავზე გადავლით და ვერ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას რაიმე შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის (მათ შორის - ავტომობილის სხეულზე შეჯახება-გადავლის მომენტში ავტომობილის ნაწილის) უშუალო ზემოქმედებით;
მენჯის ძვლების მოტეხილობა განვითარებულია რაიმე ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის (შესაძლებელია გრუნტსა და ავტომობილის საბურავს შორის) მენჯის მიდამოს საგიტალურ სიბრტყეში კომპრესიის (ზეწოლის) შედეგად, მიმართულებით წინიდან უკან სხეულის მიმართ, რაც დასტურდება მენჯის ძვლებზე არსებული მოტეხილობების დამახასიათებელი სურათით;
ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მარჯვენა ბეჭის ძვალზე არსებული მოტეხილობის განვითარებას, თ-------- მ------–---–ის სხეულზე უშუალოდ მარჯვენა ბეჭზედა მიდამოდან სამხრე მორჩის მიდამოზე გარდამავლად, მხრის გარეთა და წინა ზედაპირზე ზედა მესამედამდე კონტურირებული სისხლჩაქცევების საპროექციო მიდამოზე ავტომობილის საბურავის შეჯახება-გადავლით;
ამდენად, თ-------- მ------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებების ერთიან სქემაში განილვისას, გადავლის ფაზების გათვალისწინებით, ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ სხეულზე ავტომობილის საბურავის შეჯახება-გადავლის შედეგად თ-------- მ------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ერთობლივად განვითარებას, მიმართულებით წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ - სხეულის სიგრძივი ხაზის მიმართ;
კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება არ შედის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციაში;
გვამზე მარჯვენა ბეჭზედა მიდამოდან სამხრე მორჩის მიდამოზე გარდამავლად მხრის გარეთა და წინა ზედაპირზე ზედა მესამედამდე არსებული კონტურირებულ კიდეებიანი სისხლჩაქცევები წარმოადგენს თუ არა საბურავის პროტექტორის რელიეფურ ანაბეჭდს, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება შესაბამისი საექსპერტო კვლევით, გვამზე არსებული კონტურირებულ კიდეებიანი სისხლჩაქცევების და კონკრეტული საბურავის კვალის ურთიერთშეთავსების გზით;
ექსპერტი მ--- ნ-----–--–---–-: ექსპერტიზას ამ ეტაპზე არ შეუძლია დაადგინოს, ბეჭის ძვალზე არსებული მოტეხილობები განვითარებულია თუ არა მოძრავი ავტომობილის საბურავის ამ მიდამოზე გადავლით და სახელდობრ, კონკრეტული ავტომობილის გადავლით. თუმცა, ბეჭის ძვალზე არსებული მოტეხილობების, თ-------- მ------–---–ის გვამზე არსებულ დაზიანებებთან ერთიან სქემაში განხილვისას, გადავლის ფაზების გათვალისწინებით, ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მათი ერთობლივად განვითარების შესაძლებლობას, თუ შესაბამისი საექსპერტო კვლევით მოხდება მარჯვენა ბეჭზედა მიდამოდან, სამხრე მორჩის მიდამოზე და მხრის გარეთა და წინა ზედაპირზე ზედა მესამედამდე გარდამავალი კონტურირებულ კიდეებიანი სისხლჩაქცევების და კონკრეტული ავტომობილის კონკრეტული საბურავის კვალის ურთიერთშეთავსება (დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულება);
2018 წლის 15 სექტემბრის სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მძღოლ ზ----- კ------–---–-ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანპორტო ემთხვევას ადგილი არ ექნებოდა (ტ.4, ს.ფ. 233-236);
სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების კამერის ხილვადობის ზონაში გადაადგილების მანძილის და მოძრაობის დროის მიხედვით:
ა) ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის მოძრაობის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 37 კმ/სთ-ს (ცდომილება 10%);
ბ) ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის შემხვედრად მოძრავი დაუდგენელი ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე შეადგენს დაახლოებით 50 კმ/სთ-ს (ცდომილება 10%);
2. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, თუ რა მანძილში შეეძლო ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის მძღოლს ავტომობილის ფარების შუქზე მის წინ გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ქვეითის შემჩნევა საექსპერტო გამოკვლევის გზით დადგენა შეუძლებელია და ასეთი უნდა დადგინდეს საგამოძიებო ექსპერიმენტით;
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის მძღოლს მის წინ გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ქვეითის გარკვევით დანახვა შეეძლო 55 მეტრ მანძილში;
3. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის ფრთასხმულობაზე მრავლობითად აღინიშნება საექსპლუატაციო ხასიათის მექანიკური დაზიანებების უმნიშვნელო კვლები ჩაჭყლეტილობების, ნაჭდევებისა და განაკაწრების სახით. ამასთან, ადამიანის სხეულზე დაჯახებისათვის დამახასიათებელი მექანიკური დაზიანებების კვლები ავტომობილს თუნუქის ფრთასხმულობაზე არ აღინიშნება, ხოლო სავალი ნაწილების დეტალებისა და კვანძების თვისობრიობიდან გამომდინარე, მათ ზედაპირებზე ადამიანის სხეულზე დაჯახებისათვის დამახასიათებელი მექანიკური დაზიანებების კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა;
4. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის საჭის მექანიზმი, სამუხრუჭე სისტემა და სავალი ნაწილები მთლიანად დაკომპლექტებულია კონსტრუქციული დეტალებითა და კვანძებით, რომელთა მთლიანობა დარღვეული არ არის და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია;
5. მოცემულ შემთხვევაში, შექმნილ საგზაო სიტუაციაში საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის მძღოლ ზ----- კ------–---–ს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ ქვეითზე გადავლის ) თავიდან აცილება შეეძლო;
6. მოცემულ შემთხვევაში შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ავტომობილ „Mercedes benz” C-------ის მძღოლ ზ----- კ------–---–-ს მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ტ.6, ს.ფ. 87-105);
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმმა ნ-----–- კ----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01 საათის შემდეგ, ,,112“-დან შესული შეტყობინების საფუძველზე (ხელთუბნის შესასვლელთან იყვნენ დაჭრილები), მორიგე ექთან ლ---- თ------–---–თან ერთად გავიდა გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის შესასვლელთან. გზის სავალ ნაწილზე, შუაში, მოხრილი, პირქვე იწვა მამაკაცი. სახე ჰქონდა პირნაღებ სისხლიან მასაში. იგი იყო უგონოდ, კომა-შოკურ მდგომარეობაში. ცხვირიდან და ყურებიდან აღენიშნებოდა სისხლიანი გამონადენი, რაც სავარაუდოდ მიანიშნებდა ქალა-ტვინის დახურულ ტრავმაზე. იგი გადაიყვანეს მანქანაში, დაიწყეს მისი ტრანსპორტირება და დახმარება, ახდენდნენ სუნთქვის რეგულაციას, თუმცა პაციენტმა მალევე შეწყვიტა სუნთქვა, შეუწყდა გულისცემა და გულ-ფილტვის რეანიმაციის მიუხედავად, გულის მუშაობის აღდგენა ვერ მოხერხდა, რადგან მდგომარეობა იყო კრიტიკული. პაციენტს სხეულზე ხილული ჭრილობა არ ჰქონია, თავზე ჰქონდა მცირე სისხლნაჟღენთები (2019 წლის 2 ივლისის სხდომის ოქმი);
იგივე გარემოებები დაადასტურა ამავე ბრიგადის მორიგე ექთანმა ლ---- თ------–---–მა. მან განმარტა, რომ გზაზე მწოლიარე ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა პულსაცია. იგი გადაიყვანეს ავტომანქანაში. პაციენტს ტანსაცმლის გახდისას ტანზე დაზიანება არ ჰქონია, მხოლოდ თავი ჰქონდა გატეხილი და სისხლიანი. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა (2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი);
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მ--- ნ-----–--–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ექსჰუმირებული გვამის ექსპერტიზაში, როგორც კომისიის წევრმა. ესწრებოდა ექსჰუმაციის პროცესსაც. გვამი იყო ნაწილობრივ ლპობით მდგომარეობაში. აღმოჩნდა დაზიანებები, რომელთაგან ნაწილი აღწერილი იყო პირველადი ექსპერტიზის დასკვნაში. დამატებით ნანახი იქნა მენჯის ძვლების ორმხრივი სიმეტრიული მოტეხილობა, საკმაოდ მნიშვნელოვანი, დარღვეული იყო მენჯის რკალის მთლიანობა. კვლევის შედეგად ერთსულოვნად მივიდნენ დასკვნამდე: მენჯის ძვლებზე ნამდვილად არის სიმეტრიული, ორმხრივი, კომპრესიული მოტეხილობა და რა თქმა უნდა, შესაძლებელია მოძრავი ავტომობილის საბურავების გადავლის შედეგად იყოს განვითარებული. ერთსულოვნება იყო თავის ქალას ძვლების მოტეხილობასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად ლოკალური მოტეხილობაა, ანუ, იყო ფრაგმენტი, რომელიც არის ამოტეხილი და მოტეხილობის ხაზები ვრცელდებოდა ქალას ფუძეზე. გადავლა კატეგორიულად გამორიცხეს თავის ქალაზე. იგი მიყენებულია შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე (თავის ქალასთან შედარებით ბევრად მცირე საკონტაქტო ზედაპირის მქონე) მკვრივ-ბლაგვი საგნით. მან დატოვა გარკვეული ანაბეჭდიც კი კანზე, ნაჭდევის სახით. ეს მოტეხილობა უმნიშვნელო არ არის, გარკვეული ძალით არის ზემოქმედება, ვინაიდან ბზარები განვითარდა. ქალა-ფუძის მოტეხილობა რომ განვითარდა, ე.ი. გარკვეულად მნიშვნელოვანი ძალა მოქმედებდა და მიყენებულია შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნით, მათ შორის - არ გამოირიცხება ავტომობილის გარკვეული წაზიდული ნაწილების ზემოქმედება, მაგრამ რომლის - ამას ექსპერტიზა ვერ ადგენს. ბეჭის ძვლის მოტეხილობა იყო თავისებური, მრავალფრაგმენტოვანი, ანუ ბეჭის ძვალი ბევრ ფრაგმენტად იყო დამსხვრეული. ბეჭის ძვლის ასეთი მოტეხილობა შესაძლებელია პირდაპირი ზემოქმედებით, ანუ ამ ადგილზე იმოქმედა გარკვეულმა ძალამ. იყო საუბარი - გადავლა თუ პირდაპირი ზემოქმედება - რაღაცის დარტყმა. ამ ეტაპზე, ვინაიდან არ არის ჩატარებული, იდენტიფიცირებული არ არის კვალი, რომელიც ძალიან დამახასიათებელი იყო მარჯვენა მხარეს, საკმაოდ დამახასიათებელი გეომეტრიული ნახატია. ექსპერტებმა არ გამორიცხეს ავტომობილის ზემოქმედება და გადავლა ან შედგომა, ანუ საბურავთან კონტაქტი. თავად ვერ გამორიცხავს ავტომობილის ზემოქმედებას და მისი აზრი არ ეწინააღმდეგება სხვა ექსპერტების აზრს. მ--- ნ-----–--–---–-ს განმარტებით, ამ საკითხის დაზუსტება თამამად ათქმევინებდა მექანიზმს, კერძოდ, რჩება ხოლმე საბურავის ნახატის ნეგატიური ანაბეჭდი და მისი ხედვით, თუ იქნებოდა ეს კვალი ნეგატიური ანაბეჭდის მსგავსი, მოხდებოდა კონკრეტული ავტომობილის იდენტიფიცირებაც. მენჯის ძვლებთან მიმართებაში აბსოლუტურად კატეგორიულია დასკვნა, რომ იქ ,,გადავლაა“. მართალია, ნახეს ექსჰუმირებული გვამი, გამოიყენეს პირველადი ექსპერტიზის დასკვნა და გადავლის შემთხვევაში, ტანსაცმელზეც არის ძალიან დამახასიათებელი დაზიანებები - ნახეთქები, რომლებიც არის ბარძაყის მიდამოში, საჯდომის მიდამოში ტანსაცმელზე და გადავლის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ როდესაც ხდება გადავლა, მას აქვს ფაზები: შედგომა, შემდეგ ჩათრევა, გადაგორება და გადავლა (გადასვლა) და ძალიან დამახასიათებელი კვლებია ხოლმე. ტანსაცმლის ეს ნახეთქები, არა განივი, არამედ სიგრძივი, ექსპერტის პირადი მოსაზრებით, კიდევ უფრო ამყარებს ,,გადავლას“. ექსპერტი შედარებით ნაკლებად არის დარწმუნებული პოზასა და გადავლაში ბეჭთან მიმართებაში, ამიტომაც ისაუბრა პროტექტორის კვალზე კონკრეტულ ავტომობილთან მიმართებაში, რადგან კითხვა სწორედ კონკრეტულ ავტომანქანასთან მიმართებაში იყო. იგი ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, თავი შეიკავა მხოლოდ კონკრეტული სანომრე ნიშნის ავტომანქანასთან მიმართებაში. მიუხედავად გვამის საკმაოდ გამოხატული ლპობისა, სისხლჩაქცევები მიკროსკოპულად ნანახი იქნა და თვალითაც ნახეს აშკარა განსხვავება ფერებში. კუნთები უფრო გამომშრალი იყო და იქ ჩანდა ადგილები, სადაც სიხლჩაქცევები იყო. ამიტომ მენჯის ძვლებზე ,,გადავლა“ სიცოცხლისდროინდელია. ასევე სიცოცხლისდროინდელია დაზიანებები მარჯვენა გულმკერდის მიდამოზე. პირველადი ექსპერტიზის მონაცემებით (რადგან თავის ტვინი ამ ექსპერტიზის დროს ვეღარ ნახეს ლპობის გამო) თავის მიდამოს დაზიანებაც სიცოცხლისდროინდელია. მენჯის ძვლების ასეთი რთული მოტეხილობა, ორმხრივი, სიმეტრიული გარდაუვლად იწვევს ტრავმულ შოკს. უბრალოდ ვერ წერენ, რადგან მორფოლოგები არიან. მუცლის ღრუში 400 მილილიტრი სისხლი, ღვიძლზე ნახეთქი, ელენთის კაფსულაში სისხლჩაქცევა, აქედან გამომდინარე, აქ სიკვდილის მიზეზი ამ ტრავმით რომ არის გამოწვეული და მითუმეტეს ასეთი, იმდენად დიდი დეფორმაციაა, ეს ორივე მოტეხილობა, მენჯის ძალიან დიდი დეფორმაციის შედეგად უკვე ხდება ორგანოების დაჭიმვა იმ დონემდე, რომ ნახეთქები წარმოიქმნება დისტანციაზე, კომპრესიიდან 5-10 სმ-ის მოშორებით. ეს ჩვეულებრივ ახასიათებს ასეთ მძიმე ტრავმას და ამ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი დაადგინეს თამამად - თ-------- მ------–---–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ალკოჰოლის მოქმედებისა და სასუნთქ გზებზე პირნაღები მასების ასპირაციის ფონზე. შესაძლებელია მოხდეს გარკვეული დაზიანებების მიღება და შემდეგ განვითარდეს პირღებინება და პირნაღები მასები გადავიდეს სასუნთქ გზებში, რაც მიკროსკოპულად დასტურდება, მაგრამ როდესაც არის ალკოჰოლის ასეთი ფონი, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, ქალა-ტვინის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს და შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლმაც კი დამოუკიდებლად, თუ უყურადღებოდ არის. თან აქ ალკოჰოლის კონცენტრაცია ძალიან მაღალი იყო, მაგრამ პირნაღები მასები შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებში ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროსაც. ხელოვნური სუნთქვა და გულმკერდის მასაჟი თავითავად ხდება ხოლმე პირნაღები მასებით ასპირაციის წყარო. თუმცა პირნაღები მასებით ასპირაცია თუ ხდება, იქ პირღებინების აქტი აღარ ხორციელდება. პირნაღები მასების ასპირაცია ფილტვებში ხდება მაშინ, როდესაც ეს მასები გარეთ ვერ გამოდის. როდესაც გარეთ ხდება გამოსვლა იქ ასპირაციის ალბათობა კიდევ უფრო იკლებს (2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა ნ----- ჯ-------მ განმარტა, რომ მ--- ნ-----–--–---–-ს აზრი ექსპერტიზის დასკვნის დებულებებთან არსებით წინააღმდეგობაში არ მოდის. კომისიურმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ თ-------- მ------–---–ის სიკვდილის ძირითად მიზეზად განსაზღვრა სხეულის ბლაგვი ტრავმა. ტრავმა რომ არ ყოფილიყო და მხოლოდ ასპირაცია ყოფილიყო, იქნებოდა ასპირაციული ასფიქსია და იქნებოდა სწრაფი სიკვდილის სურათი შინაგან ორგანოებში, ის, რაც ახასიათებს აპირაციულ ასფიქსიებს ზოგადად კუჭის შიგთავსით სასუნთქი გზების დახშობის შედეგად. პირღებინება შეიძლება გამოეწვია როგორც ქალა-ტვინის ტრავმას, ასევე - ალკოჰოლის მაღალ დოზას. ეს ახასიათებს ასევე ტრავმებს და პირნაღები მასები შეიძლება გადავიდეს სასუნთქ გზებში, როცა რეანიმაციას უტარებენ პაციენტს და ხელოვნურად ასუნთქებენ, მით უმეტეს, როცა კუჭი გადავსებულია, თუ მასში საკვები მასები დიდი რაოდენობით არის, შეიძლება პასიურადაც გადავიდეს. ეს არ არის კატეგორიული მტკიცება, კატეგორიულად ვერ მტკიცდება, რეანიმაციის დროს გადავიდა, ქალა-ტვინის ტრავმის გამო აღებინა თუ ალკოჰოლის გამო, თუმცა ფაქტია, ექსპერტი წერს, რომ სასუნთქ გზებში ნახა მცირე რაოდენობით კუჭის შიგთავსი, მაგრამ კონკრეტულად როდის და რის გამო იყო, არ იცის. პირღებინებას ადგილი რომ ჰქონდა - ეს ფაქტია. პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, პასუხობს, ზოგადად როცა ასპირაციული ასფიქსიით კვდება ადამიანი, ორივე ფილტვში, ორივე მხარეს, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და წვრილი კალიბრის ბრონქები არის თითქმის სრულად დახშული, დიდი რაოდენობის საკვები მასებია გადასული, რომლებიც სასუნთქი გზების ძირითად ნაწილს მთლიანად ახშობს. თავის ქალაზე ნანახი იქნა ლოკალური მოტეხილობა მარჯვნივ თხემ-საფეთქლის ძვლების, სადაც ხაზოვანი მოტეხილობა გადადიოდა ქალას ფუძის შუა ფოსოში მარჯვნივ, საფეთქლის ძვლის პირამიდულ ნაწილზე. ასეთი ლოკალური დაზიანება უშუალოდ თავზე გადავლის დროს არ ვითარდება. უშუალოდ თავზე გადავლის დროს ორმხრივი ფრაგმენტოვანი მრავლობითი მოტეხილობები ვითარდება, იქიდან გამომდინარე, რომ ქალას ძვლები ბრტყელია. ასეთი ლოკალური მოტეხილობა შეიძლება განვითარებულიყო შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის ადგილობრივი მოქმედებით ქალაზე. ამიტომ ვერ გამოირიცხება გადავლის დროს მანქანის კონკრეტული ნაწილი, იმიტომ რომ ისიც შეიძლება იყოს შემოსაზღვრული ზედაპირის და კონკრეტულად იმ ადგილას მოქმედებდეს. უშუალოდ თავზე გადავლა კი იმიტომ გამოირიცხა, რომ მოტეხილობა არის ასეთი სახის. ,,ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ სხეულზე ავტომობილის საბურავის შეჯახება-გადავლის შედეგად თ-------- მ------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ერთობლივად განვითარებას, შესაბამისად, მიმართულებით წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ - სხეულის სიგრძივი ხაზის მიმართ“ - გულისხმობს, რომ თ-------- მ------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებების ერთიან სქემაში დალაგების შესაბამისად, არ გამოირიცხება, რომ თ-------- მ------–---–ი ყოფილიყო გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში, ,,წინიდან უკან” ნიშნავს გულმკერდიდან ზურგის მხარეს, ხოლო ,,მარჯვნიდან მარცხნივ” ჩვეულებრივ მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში მარჯვნიდან მარცხნივ, გულმკერდიდან ზურგის მხარეს ზეწოლა ზემოდან ქვემოთ. თ-------- მ------–---–ი უნდა ყოფილიყო მწოლიარე მდგომარეობაში, გულაღმა, პირსახით ზემოთ, შესაძლებელია ოდნავ გადაბრუნებული ჰქონოდა თავი, რადგან დაზიანება არის მარჯვნივ თხემ-კეფის მიდამოში, შესაბამისად, ჭრილობაც აქ არის და ნაჭდევი კისერზე გადმოდის. თუ გავითვალისწინებთ შემდეგ უკვე სავარაუდო სიხლნაჟღენთებს კონტურირებულს ბეჭზე, გავითვალისწინებთ მენჯის ძვლების მოტეხილობას სიმეტრიულს, რომელიც წინიდან უკან ზეწოლით არის განვითარებული, მაშინ სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო თავით ოდნავ მანქანისკენ, შეიძლება ცოტა დიაგონალურად, ოდნავ გადაბრუნებულ მდგომარეობაში. თავის მიდამოს მანქანის რომელიღაც ნაწილი ფაქტია, რომ უნდა შეხებოდა, იმიტომ რომ შემოსაზღვრული ზედაპირის მკვრივი-ბლაგვი საგანი წერია და შემდგომ ერთიან სქემაში განხილვისას მარჯვნიდან მარცხნივ გადავლით, წინიდან უკან, ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ. ავტომობილის გადავლის შემდეგ შესაძლებელია თ-------- მ------–---–ის პოზის არა რადიკალური, არამედ უმნიშვნელო ცვლილება ყოფილიყო. მენჯის ძვლების მოტეხილობა განვითარდებოდა ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის ზეწოლის შედეგად, შესაძლებელია გრუნტსა და ავტომობილის საბურავს შორის. რაც შეეხება შეჯახება-გადავლას, მას თავისი ფაზები აქვს - პირდაპირ გადავლას ვერ დაიწყებს ავტომობილი, ჯერ მისი ნაწილი ეჯახება სხეულს, შემდეგ ხდება შედგომა და გადავლა, გათრევის ფაზა და მოიაზრება ეს ფაზები. პირველმა კომისიურმა ექსპერტიზამ ვერ გამორიცხა სხეულზე არსებული დაზიანების მოძრავ ავტომობილზე შეჯახების და შემდეგ რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე დაცემის შედეგად განვითარებას. ამ დროს არ იყო დადგენილი მენჯის ძვლების მოტეხილობა, სადაც კატეგორიულად შეიძლება ითქვას, რომ ეს ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის მოყოლაა. ამიტომ არ არის გამორიცხული დაცემის ფაზაც, იმიტომ, რომ განიხილეს ფეხზე მდგარი მდგომარეობაც. ექსჰუმირებული გვამის კვლევისას დადასტურდა ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის კომპრესია, აქედან გამომდინარე, არის ეს შედეგი (2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტ გ------- ც--–--ის განმარტებით, თ-------- მ------–---–ს ჰქონდა პოლიტრავმა - თავის, გულმკერდის და მუცლის ღრუს დაზიანებები, ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა და ეს ერთიანობაში აღებული იყო სიკვდილის მიზეზი. ეს არის კატეგორიული მოსაზრება. რაც შეეხება პირნაღებ მასებს, ეს ისეთი მასები არ იყო, რომლებსაც შეეძლო მთლიანად გადაეკეტა სასუნთქი გზა და ადამიანს ვერ ესუნთქა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა წასულიყო ასფიქსიური სურათი, ქსოვილებშიც ცოტა სხვანაირი ცვლილებები იქნებოდა და შეიძლება გადაეწყვიტა ექსპერტს, რომ ამან გამოიწვია სიკვდილი. როდესაც ასფიქსია კლავს ადამიანს, იქ ფილტვების შეშუპების გარდა, უნდა იყოს თვითონ ფილტვის ქსოვილშიც ჩაქცევები, გულის პერანგის ქვემოთ სისხლჩაქცევები, შეიძლება სისხლჩაქცევები იყოს თვალის კონიუნქტივაზე, რადგან ჰაერი როდესაც არ მიეწოდება, წნევა იწევს და წნევის ზემოქმედების გამო ასეთი ცვლილებებია შინაგან ორგანოებში. მხოლოდ შეშუპება რომ იყოს, ეს იშვიათობაა. ამ შემთხვევაში კლასიკური ასფიქსიური სურათი არ ჰქონდა თ-------- მ------–---–ს. ალკოჰოლური მდგომარეობის მხრივ მას ჰქონდა მძიმე ხარისხის სიმთვრალე და შეიძლება მას მოჰყვეს სიკვდილი, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. თუმცა ალკოჰოლის დიდი კონცენტრაციის გამო სიკვდილის შემთხვევაში, ექსპერტი არ დაწერდა ,,ფონს“, ამ შემთხვევაში სიკვდილი ალკოჰოლსა და პირნაღებ მასებს იმდენად არ გამოუწვევია, ეს გამოიწვია ტრავმამ, მაგრამ სიმთვრალე ეხმარება. ნებისმიერი ტრავმის დროს სიმთვრალე ეხმარება სიკვდილის დადგომას, მაგრამ წამყვანი არ არის. კისრის და თავის მარჯვენა არეში არსებული დაზიანებები (მარჯვნის თხემ-კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობა, აღნიშნული დაჟეჟილი ჭრილობიდან კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირის ზედა მესამედამდე დვრილისებრ მორჩამდე გარდამავალი ნაჭდევი, მათ ირგვლივ სისხლჩაქცევა, ასევე მათ შესაბამისად სისხლჩაქცევა ქალას რბილი საფარის ქსოვილში, მარჯვენა თხემ-საფეთქლის ძვლების მოტეხილობა, გარდამავალი საფეთქლის ძვალზე) ერთჯერადი მოქმედებით, ერთდროულად არის განვითარებული. ბეჭის ძვალზე არსებული დაზიანებები - მოტეხილობები - მიმართულია სხეულის მიმართ შიგნით, ანუ ძალა მოქმედებდა გარედან შიგნით. ის სისხლნაჟღენთები, რაც კისერზე ჰქონდა თ-------- მ------–---–ს, აშკარად გამოხატული, სრული სურათი მანქანის საბურავის - პროტექტორის, მთლიანად არ იყო, მაგრამ იყო ნაწილობრივ (რაც ექსპერტს აქვს აღწერილი) - ერთი რომბი და კიდევ ნახევარი მის გვერდით. ასეთი ფორმის სისხლნაჟღენთი მიუთითებს, რომ აქ უფრო მეტად ჰქონდა კონტაქტი საბურავის პროტექტორს. მას შეუძლია ასეთი კვალის დატოვება. თუმცა შეიძლება ასეთივე ფორმის საგნის დარტყმამაც ასეთივე კვალი დატოვოს, მაგრამ საბურავი არ გამოირიცხება. თ-------- მ------–---–მა დაზიანებები რა ვითარებაში მიიღო კატეგორიულად ვერ დგინდება, მაგრამ როგორც პირველი, ასევე მეორე კომისიური ექსპერტიზის დროს არ გამოირიცხა, რომ ადგილი ჰქონდა ავტომობილის გადავლას სხეულზე. ავტომობილის შეჯახებისას პირველი კონტაქტი ხდება საბურავით ან ავტომობილის ყველაზე გამოშვერილი ნაწილით. ფეხზე მდგომ ადამიანზე კონტაქტში შედის ჯერ ავტომობილის გამოშვერილი ნაწილი და შემდეგ იწყება გადავლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთ სურათი არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში პირველი კონტაქტი ხდება საბურავით სხეულზე - შეეჯახა საბურავი, რომელიც შემდეგ იწყებს ავლას სხეულზე, ადის, შემდეგ სხეული მოყვა ორ ბლაგვ საგანს შორის, ამიტომაც დაიმსხვრა მენჯის ძვლები, შემდეგ ხდება ჩამოსვლა და გავლა. პირველი კომისიური ექსპერტიზის ფარგლებში გვამის მხოლოდ პირველადი მონაცემების გამო დასტურდებოდა გადავლა, მაგრამ იდგა თუ იწვა კაცი, ეს არ იცოდნენ. როდესაც დადგინდა, რომ მენჯის ძვლებია დამსხვრეული, მოტეხილობების მონაცემებით დადგინდა, რომ უნდა ყოფილიყო ორ საგანს შორის მოყოლა. თ-------- მ------–---–ის თავზე ჭრილობა, ასევე რომბისებური პროტექტორის მსგავსი კვალი, არ გამორიცხავს, რომ საგანი, რომელიც მოქმედებდა, თავისი გვერდითი ნაწილით მიაწვა და დაარტყა ქალა-სარქველს და ჭრილობაც მიაყენა და ძვალიც გატეხა. ამიტომაც ჩაითვალა, რომ ეს ჭრილობები, ჩაქცევები და მოტეხილობები, რაც პირველი კომისიური ექსპერტიზით დადგინდა, არის ერთჯერადი მოქმედებით. ამას დაემატა ბეჭის ძვლის მოტეხილობა ზემოდან ქვემოთ. მენჯის ძვალი ისეა მოტეხილი, რომ ორ საგანს შორის უნდა ყოფილიყო - ეს ყველაფერი ერთობლიობაში არ გამორიცხავს ავტომობილის შეჯახება-გადავლას, არ გამოირიცხა როგორც პირველი, ისე მეორე კომისიური ექსპერტიზის დროს. მეორე ექსპერტიზის დროს გამოირიცხა ნეკნების მოტეხილობა. დაზიანებებისა და საქმის მასალების გათვალისწინებით, მოძრავ ავტომობილთან მიმართებაში მის წინ სხეული უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად ირიბად განლაგებული გუნტზე, თავით მარცხენა საბურავის მხარეს. ამ ადგილას მოვიდა საბურავი კონტაქტში, გადაუარა, დააწვა ბეჭს და გადავიდა. ამიტომ გამოდის, რომ უნდა ყოფილიყო ირიბად, მარცხენა საბურავით კი გადაუარა, მაგრამ მარჯვენა არ მოყვა. უფრო განივად რომ ყოფილიყო გზაზე, შეიძლება გულმკერდზე და ფეხებზე გადაევლო მანქანას და სხვაგან აღარ. აქ რახან მენჯია, გამოდის, დიაგონალზე დევს გვამი მანქანის სიგრძივი ღერძის მიმართ. ამიტომაც არის, რომ მარცხენა საბურავით, არ არის გამორიცხული, რომ გადასულიყო, გადავლა მომხდარიყო და ფეხებზე არ გადაევლო, რადგან გვამი იდო ირიბად. ექსპერტის განმარტებით, თავისი 58-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ იყო იმგვარი ასპირაცია, რომ მოეკლა ადამიანი (2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა მ--–---- მ----------მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა. მან განმარტა, რომ გვამის გამოკვლევა დაიწყო 2019 წლის 6 ივლისს, 08:10 საათზე. შერწყმული ბლაგვი ტრავმა ნიშნავს, რომ მრავლობითი დაზიანებებია და არა ერთი. პირველადი ექსპერტიზის დროს აღწერილია ნეკნების მოტეხილობა, ექსჰუმაციის დროს - ბეჭის ძვლის მოტეხილობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტმა განმარტა, რომ პირველადი ექსპერტიზის დროს და ექსჰუმაციის დროს აღმოჩენილი დაზიანების აღწერილი უბანი ლოკალურად ერთი და იგივეა. განვითარებულია სისხლჩაქცევა ნეკნთაშორის კუნთებში და კუნთის შემომფარგვლელ რბილ ქსოვილში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თუ ნეკნსაც ხელით შეხებისას აქვს პათოლოგიური მოძრაობა, არის ნეკნის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. პირველადი ექსპერტიზის დროს მოტეხილობა თვალსაჩინოა, თუ შეცილებულია ნეკნები. ხაზოვანი მოტეხილობის შემთხვევაში, ისინჯება პათოლოგიური მოძრაობა, სისხლჩაქცევებს ნახულობ და ჩაითვალა, რომ არის მოტეხილი. ექსჰუმაციის დროს ხდება ძვლების მთლიანად გაშიშვლება და სუფთა ძვალზე ნახულობენ არის თუ არა მოტეხილობა. ამ შემთხვევაში, პირველადი ექსპერტიზის დროს ნეკნთაშუა კუნთებში მრავლობითმა, მასიურმა სისხლჩაქცევებმა და პალპაციით პათოლოგიურმა მოძრაობამ მიიყვანა ექსპერტი დასკვნამდე, რომ სახეზე იყო ნეკნების მოტეხილობა. ბეჭის ძვალი სრულად დაფარულია რბილი ქსოვილით და პალპაციით მისი მოტეხილობის იდენტიფიკაცია არ მოხერხდა, ამიტომაც დავიდა ნეკნებზე. მენჯის ძვლების შემთხვევაში, გვამური გაშეშება იმდენად ძლიერი იყო, რომ მენჯის ძვლებში პათოლოგიური მოძრაობა არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში რენდგენისა და ძვლის აბსოლუტურად გაშიშვლების გარეშე მისი ნახვა ვერ ხდება. პირველადი ექსპერტიზის დროს, თუ ექსპერტს არ აქვს მითითება ტრავმაზე, ძვალს არ გააშიშვლებდა. თ-------- მ------–---–ის გვამზე ყველაზე თვალსაჩინო იყო თავის მიდამოში არსებული დაჟეჟილი ჭრილობა, რომელიც გადადიოდა ნაჭდევში და შემდეგ სისხლჩაქცევაში. შემდეგ სიგრძივი იყო, შემდეგ მხრის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში იყო გამოხატული სისხლჩაქცევა, რომელიც შეიძლება მიაყენოს კონტურირებული ზედაპირის მქონე საგანმა. ფაქტიურად, სისხლჩაქცევით გამოხატული იყო უბანი, დახატული იყო. იდენტიფიკაციის საშუალება არ ჰქონია, თუმცა მისი წარმოსახვით, ეს სისხლჩაქცევა აბსოლუტურად ჰგავს პროტექტორის კვალს. მთლიანობაში, თ-------- მ------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებები იყო მკვრივი-ბლაგვი ტრავმა. თუ გარდაცვალების მიზეზი იქნებოდა არა მკვრივი-ბლაგვი ტრავმა, არამედ ასპირაცია, სულ სხვა სურათი იქნებოდა, რომელიც ამ შეთმხვევაში არ იყო მკაფიოდ გამოხატული. მსხვილი კალიბრის ბრონქებსა და ბრონქიოლებში არ ყოფილა პირნაღების მასები ისეთი რაოდენობით, რაც რიგ შემთხვევებში იწვევს დახშობას და აბსოლუტურ ასფიქსიას. ანუ ეს არის წვრილ ფრაქციებად დაშლილი პირნაღები მასა, რომლებიც მოფენილი იყო მსხვილი კალიბრის ბრონქიოლებში. იმის გამო, რომ პირნაღები მასები იყო წვრილი კალიბრის ბრონქიოლებში, კატეგორიულად ვერ მოხდება იმის დიფერენცირება, რომ პირნაღები მასები არ იმოქმედებს. უშუალოდ სიკვდილის მიზეზის დადგენისას, ექსპერტი იხრება მკვრივ-ბლაგვი ტრავმისაკენ სიკვდილის წამყვან მიზეზად, მაგრამ არ შეიძლებოდა პირნაღები მასების გამორიცხვა, რადგან არსებობდა ის და პირნაღები მასების არსებობის შემთხვევაში ფილტვის მცირედი პროცენტის დახშობა რომ მოხდეს, უკვე ჟანგბადის უკმარისობაა, მითუმეტეს, ტრავმის დროს სისხლის რაოდენობაც შემცირებულია და ჟანგბადის უკმარისობის გამო ფონი ეძლევა იმ ტრავმას ისეთი, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოიხატოს, განვითარდეს და მიაღწიოს სასურველ შედეგს იმ ტრავმამ, ანუ დააყენოს სიკვდილი. სწორედ ამიტომ ვერ განსაზღვრა ექსპერტმა მიზეზობრივი კავშირი. როდესაც მან ნახა, რომ სიკვდილის მიზეზი იყო ტრავმა, მაგრამ ვერ უგულებელჰყო პირნაღები მასები, ამიტომ საჭიროდ ჩაითვალა კომისიური ექსპერტიზის ჩატარება. თუმცა ამ შემთხვევაში პირნაღები მასები იმდენად მცირე რაიოდენობით იყო, რომ მას წამყვანი როლი არ აქვს, ტვინზე კვების მოკლებაში, ჰიპოქსიაში უფრო მიეხმარებოდა, ვიდრე მოკლავდა. მანქანის გადავლის შემთხვევაში, მუცლის ღრუსა და მენჯის ძვლების ტრავმის გათვალისწინებით, წნევა ისეთი შეიკვრებოდა, რომ ნაწლავები და გასწვრივი კოლინჯი ძალიან მასიურად მიაწვებოდა კუჭს, აუცილებლად შეკუმშავდა და კუჭში არსებულ შიგთავსს გამოდევნიდა გარეთ (2019 წლის 28 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა ი-----–- გ--------მ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) განმარტა, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მულტიტრავმა - რამდენიმე ორგანოს ან სხეულის რამდენიმე ნაწილის ერთდროულად დაზიანება. პაციენტს აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ტრავმა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს დაზიანება. ქალა-ტვინის ტრავმა იყო მძიმე დაზიანება, რომელსაც იზოლირებულად შეეძლო გამოეწვია სიკვდილი, რამდენ ხანში - ეს ინდივიდუალურია, თუმცა ამ დაზიანებით ერთი საათის განმავლობაში სპეციალიზირებულ კლინიკაშიც კი გარდაცვალების რისკი ძალიან მაღალია, მკურნალობის გარეშე კი თითქმის 100%-ია. გულმკერდის ტრავმა იყო საშუალო დაზიანების, მის გამო გარდაცვალების რისკი უფრო ნაკლებია, მუცლის ღრუს ტრავმაც საშუალო რისკის ტრავმებში ჯდება. სასუნთქ გზებში იყო ასპირირებული მასები, რამაც შეიძლება ასევე დაამძიმოს მდგომარეობა და გამოიწვიოს გარდაცვალება ჰიპოქსიის გამო. ასპირაციული მასების წარმოშობა შეიძლება მოხდეს ქალა-ტვინის ტრავმის გამო, ალკოჰოლის ჭარბი გამოყენების დროსაც, ღებინების რეფლექსი ამ დროს მომატებულია. შეიძლება მოხდეს ნაღები მასების კუჭიდან ამოსვლა და სასუნთქ გზებში გადასვლა, რაც თავისთავად იწვევს ასფიქსიას და შემდეგ ჰიპოქსიას, ანუ ჟანგბადის შემცველობის დონის ვარდნას სისხლში და, შესაბამისად, სიკვდილს. თავის ასეთი დაზიანებები იწვევს ღრმა კომას და ღრმა კომაში მყოფ ადამიანს არანაირი მიზანმიმართული მოძრაობისა და მოქმედებების შესრულება არ შეუძლია. თ-------- მ------–---–ი იყო კიდეც ღრმა კომაში, როდესაც სასწრაფო მივიდა. იგი ეთანხმება დასკვნას, რომ გარდაცვალება გამოიწვია მულტიტრავმამ (2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა ს----- კ----------მ განმარტა, რომ ორგანიზმში ალკოჰოლის დოზა იყო 4,68 %. ითვლება, რომ ეს არის მაღალი კონცენტრაცია. ამ შემთხვევაში, იმის თქმა, რამდენად იყო ეს ამ ადამიანისათვის მომაკვდინებელი, რთულია. ეს დამოკიდებულია თვით მაკროორგანიზმზე. თ-------- მ------–---–ის შემთხვევაში რომ არ ყოფილიყო ასპირაცია და ტრავმა, ალკოჰოლით ინტოქსიკაცია სიკვდილს არ გამოიწვევდა. შესაძლებელია გადასულიყო კომატოზურ მდგომარეობაში. თუ ასპირაცია არ იქნებოდა, შესაძლებელია ყოფილიყო ცნობიერების მყარი მოშლა, მაგრამ სამედიცინო დახმარების შემდგომ ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჩადგებოდა. ამ შემთხვევაში ცალსახად იმის თქმა, რომ ალკოჰოლმა გამოიწვია ღებინება და ასპირაცია, რთულია, რადგან თავის ტვინის დაზიანებამაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინება. ღებინებისას, როდესაც ადამიანის ცნობიერება არის დათრგუნული, შესაძლებელია მოხდეს ასპირაცია. სახეზე რომ ყოფილიყო მხოლოდ საკვები მასების ჩაბრუნება სასუნთქ გზებში ალკოჰოლის ფონზე, ეს გამოიწვევდა თუ არა სიკვდილს, დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობით მოხვდება სასუნთ გზებში ნაღებინები მასა და ფილტვების რა ფართობს დაიჭერს, თუ მოხდა ცენტრალური ბრონქის დახშობა, პრაქტიკულად ჰაერი ფილტვში ვერ ჩავა. ეს გამოიწვევს უეცარ სიკვდილს (2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა გ-- ლ---------–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. მან განმარტა, რომ ჩაატარა კვლევა იმ მიმართულებით, რომ შეიძლება თუ არა გულმკერდის ტრავმა ყოფილიყო სიკვდილის მიზეზი. ნეკნების მოტეხილობას (რომელიც ექსჰუმირებული გვამის კვლევისას არ დაფიქსირდა) და ბეჭის ძვლის მოტეხილობას უშუალოდ იმ ეტაპზე პაციენტის უეცარი სიკვდილი არ უნდა გამოეწვია (2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა ზ------ ჩ-----მ განმარტა, რომ ჩაატარა კვლევა მუცლის ღრუს დაზიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და დაასკვნა, რომ იზოლირებულად, მუცლის ღრუს დაზიანებები, კერძოდ, თავისუფალ მუცლის ღრუში 400 მლ სისხლის არსებობა სავარაუდოდ ვერ იქნებოდა სიკვდილის მიზეზი. ღვიძლზე იყო მცირე ზომის ნახეთქი, რომელიც არ საჭიროებდა გადაუდებელ ჩარევას და სისხლის ეს მცირე რაოდენობაც აიხსნება ამ ნახეთქის არსებობით ღვიძლის პარენქიმაზე (2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა გ---- ჩ---------–---–მა (ნეიროქირურგი) განმარტა, რომ თ-------- მ------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციის ნეიროქირურგიული ასპექტების შესაწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დოკუმენტაციაში აღწერილ ქალა-ტვინის ტრავმას იზოლირებულად შეეძლო სიკვდილის გამოწვევა, მაგრამ სიკვდილი მყისიერად არ დადგებოდა. ასეთი ტრავმები იწვევენ გონების დაკარგვას, ღებინებას, ხუფ-სარქველის მოდუნებას, რის გამოც ხშირად პირნაღები მასა ხვდება ბრონქებში, იწვევს მათ ქიმიურ დამწვრობას და ზოგ შემთხვევაში, სრულ დახშობას, რაც თავის მხრივ იწვევს ასფიქსიას. ეს ზოგჯერ თავის მხრივ, ხდება სიკვდილის მიზეზი. აღნიშნულ შემთხვევაში ღებინებისა და ასპირაციის გამოწვევა ხდება როგორც ქალა-ტვინის ტრავმის, ისე ალკოჰოლური სიმთვრალის დროს, რასაც იზოლირებულად, ქალა-ტვინის ტრავმის გარეშეც შეეძლო გამოეწვია ასპირაციული სინდრომი. გარდა ამისა, ქალა-ტვინის ტრავმას თან დაერთო სხვა ორგანოთა შერწყმული დაზიანება, კერძოდ, ნეკნების მოტეხილობისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმისა, ყველაფერმა ერთად კი დააჩქარა ბიოლოგიური სიკვდილი (2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა თ---------- ქ----–---მ განმარტა, რომ ალკოჰოლმა და ასპირაციული მასების მოხვედრამ სასუნთქ გზებში დააჩქარა გარდაცვალება. თ-------- მ------–---–ის სიკვდილის მიზეზი ცალსახად არის თავის ქალას ტრავმა და შინაგანი ორგანოების, კერძოდ, ღვიძლის დაზიანება. ექსჰუმაციის დროს აღმოჩენილი დაზიანებები ნაკლებად მძიმე ხარისხისაა და მან სიკვდილის სურათი არ შეცვალა. პირნაღებმა მასებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი, მაგრამ გააჩნია რაოდენობას და რას დაახშობს სასუნთქ გზებში. ამ შემთხვევაში, სასუნთქ გზებში პირნაღები მასები იყო, მაგრამ ჰისტოლოგიურად ასფიქსიის სურათი არ ყოფილა, სუნთქვის უკმარისობაც რომ იყოს, იგი უკვე დამხმარეა იმის, რაც მოხდა (2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა კ--- ა---–--–-–---–მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. პირველ კომისიურ დასკვნაში აღწერილი დაზიანებებიდან გამომდინარე, ექსპერტებმა დაუშვეს მანქანის დაჯახების შესაძლებლობა, მაგრამ ექსჰუმირებული გვამის მონაცემებიდან გამომდინარე, უფრო მეტი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ აქ იყო უკვე ავტომანქანის გადავლა. ექსჰუმაციის დროს ხდება ყველა ძვლის გაშიშვლება და ყველა ძვლის ნახვა, რაც არ ხდება პირველადი ექსპერტიზის დროს. მეორადი ექსპერტიზის დროს ინახა მენჯის ძვლების მოტეხილობები, რომელთა ხასიათიდან გამომდინარე, დაადგინეს სხეულზე მოქმედი ძალის მიმართულება. ამ მიმართულებიდან გამომდინარე, უფრო მეტად სარწმუნოა, რომ მოხდა გადავლა, ვინაიდან მოქმედი ძალის მიმართულებაა მარჯვნიდან მარცხნივ, წინიდან უკან. თ-------- მ------–---–ის სიკვდილის ძირითადი მიზეზია ბლაგვი ტრავმა. ქალა-ტვინის ბლაგვის ტრავმა - ქალა-სარქვლის ძვლების მოტეხილობა არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, ასევე ღვიძლის დაზიანებაც - ტრავმული ნასკდომი არის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება. იზოლირებაულად, ერთსაც და მეორე დაზიანებასაც და მით უმეტეს, ორივეს ერთად, შეუძლია გამოიწვიოს სიკვდილი. რაც შეეხება ფონს, აქ არის ალკოჰოლის მაღალი მაჩვენებელი და სასუნთქ გზებში არის პირნაღები მასების გარკვეული ნაწილი - ასპირაცია, მაგრამ ამ შეთხვევაში სასუნთქი გზების სრულად დახშობა არ მომხდარა და ასპირაციამ არ დაასწრო სიკვდილს. ალკოჰოლის ჭარბმა დოზამ და სასუნთქ გზებში უცხო მასებმა უფრო დააჩქარა სიკვდილის დადგომა. რომ ყოფილიყო სასუნთქი გზების სრული დახშობა, მაშინ სიკვდილის მიზეზი იქნებოდა ასფიქსია და იქნებოდა ასფიქსიისათვის დამახასიათებელი სურათი, რაც ამ შემთხვევაში არ ყოფილა. სიკვდილის მიზეზია ბლაგვი ტრავმა. ღებინება ახასაითებს ქალა-ტვინის ტრავმას, ალკოჰოლის ჭარბ მიღებას. იგი შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ღრუს ტრავმამაც (ღვიძლზე დაზიანება). თ-------- მ------–---–ის ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და ხასიათიდან გამომდინარე, ისინი გამოწვეულია სხეულზე მკგვივი-ბლაგვი საგნის ერთჯერადი მოქმედებით. დაზიანებების ერთობლიობიდან გამომდინარე - მენჯის ძვლების მოტეხილობა, ღვიძლის დაზიანება, თავზე არსებული და ბეჭის ძვლის მოტეხილობა - უნდა შეფასდეს, როგორც გადავლა, ერთი მიმართულებით წასვლა. ის ფაქტი, რომ ექსჰუმირებული გვამის კვლევისას არ დადგინდა ნეკნების მოტეხილობა და დადგინდა მენჯის ძვლების მოტეხილობა, ეს სიკვდილის მიზეზს არ ცვლის. სულ რომ არ ყოფილიყო არც ნეკნების და არც მენჯის ძვლების მოტეხილობა, სიკვდილის მიზეზი მაინც ის იქნებოდა, რაც არის დაფიქსირებული - თავის ტრავმა და შინაგანი დაზიანებები, მაგრამ მენჯის ძვლების მოტეხილობამ შეცვალა გარდაცვლილის სხეულზე ძალის მოქმედების მექანიზმის შესახებ სურათი. მენჯის ძვლების მოტეხილობის ხაზებიდან გამომდინარე, მოქმედი ძალის მიმართულებაა წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ და ასეთი სახის მენჯის ძვლების მოტეხილობა მიღებულია ორ საგანს შორის მოყოლის შედეგად. საკმაოდ ძლიერი, მძიმე საგანი იყო და ქვეშაც იყო მკვრივი საგანი, რომ მენჯის ძვლებმა ასეთი მოტეხილობა განიცადა და აქ უნდა ყოფილიყო გადავლა. პირველ კომისიურ დასკვნაშიც უშვებდნენ საბურავის კონტაქტს და გადავლის შესაძლებლობას. ექსჰუმირებული გვამის კვლევამ უფრო მეტო ალბათობა წარმოშვა, რომ ადგილი ჰქონდა გადავლას. თავის არეში გადავლა გამოირიცხა, უბრალოდ შეეხო გადავლის პერიოდში ის საგანი, რამაც გადაუარა. გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში. ძალა მოქმედებდა წინიდან უკან, მარჯვნიდან მარცხნივ. პირველადი ექსპერტიზის დროს, გვამური გაშეშება ხელს შეუშლიდა მენჯის ძვლების მოტეხილობის დადგენას. თავზე არსებული კონტურებიანი ჭრილობა, ექსპერტის პირადი მოსაზრებით, უფრო ჰგავდა საბურავის შეხების კვალს (2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ განმარტა, რომ მონაწილეობდა ექსჰუმირებული გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში. მან დაადასტურა, რომ თ-------- მ------–---–ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა, ჩონჩხის ძვლების მოტეხილობით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით, ალკოჰოლის მოქმედებისა და სასუნთქ გზებში პირნაღები მასების ასპირაციის ფონზე. ფონი გულისხმობს, რომ აძლიერებს ძირითადი მიზეზით გამოწვეულ დაზიანებას, კიდევ უფრო ამძიმებს მას. ის მოცემულება, რომ პირველი ექსპერტიზის დასკვნისას დადგინდა ნეკნების მოტეხილობა, ექსჰუმირებული გვამის კვლევისას კი იგი გამოირიცხა, მაგრამ დადგინდა ბეჭისა და მენჯის ძვლების მოტეხილობა, სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით არაფერს ცვლის. რაც შეეხება ასპირაციას, მან რომ ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს, მთლიანად უნდა იყოს ჩაკეტილი სასუნთქი გზები. თ-------- მ------–---–ის შემთხვევაში სასუნთქი გზები მთლიანად დახშული არ იყო. მენჯის ძვლების მოტეხილობა განვითარებულია ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის კომპრესიის შედეგად, რაც ნიშნავს, რომ მოქმედებდა ორი მკვრივი-ბლაგვი საგანი, ერთი იყო საყრდენი ზედაპირი, მეორე - ზემოდან ზეწოლით. ასეთი ტიპის დაზიანებები ვითარდება სამშენებლო ტრავმის დროს, როცა ნანგრევებში მოყვება სხეული; ავტოავარიის დროს სალონში, როდესაც ავტომობილის დეფორმაციის დროს მენჯის ძვლების მოყოლა ხდება სხვადასხვა მკვრივ-ბლაგვ საგნებს შორი; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადავლას; შეჯახების დროს - მკვრივ ბლაგვ საგანსა და მანქანას შორის სხეულის მოყოლით (კედელთან მყოფ ადამიანს რომ შეეჯახოს ავტომანქანა). თავის დაზიანებები გამორიცხულია, განვითარებულიყო უშუალოდ თავის მიდემოზე გადავლის შედეგად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მარჯვენა ბეჭის მიდამოზე არის კონტურირებულ კიდეებიანი სისხლჩაქცევა, რაც შესაძლებელია წარმოადგენდეს საბურავის ანაბეჭდს, თავის მიდამო იქვეა ბეჭის მიდამოსთან, ამიტომ უშუალოდ ამ მიდამოზე ზემოქმედების შემთხვევაში, ერთმომენტიანად ავტომობილის ნაწილს შესაძლებელია ემოქმედა საფეთქელ-თხემის მიდამოზე და მიეყენებინა დაზიანებები. ამიტომ ყველა დაზიანების ერთიან სქემაში განხილვისა და შეფასებისას, ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს ვერც ერთი დაზიანების განვითარებას გულაღმა მწოლიარე მდგომარეობში ავტომობილის საბურავის შეჯახება-გადავლის მომენტში განვითარებას. არცერთი დაზიანება ამასთან წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანი გადავლის შედეგად არ განვითარებულა და ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს მათ ერთდროულად განვითარებას. დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში, წინიდან უკან, სხეულის მიმართ - მარჯვნიდან მარცხნივ. თ-------- მ------–---–ის ზურგის არეში არსებული დაზიანებები - ნაჭდევები, შეიძლება განვითარდეს მწოლიარე მდგომარეობაში შეჯახების შემთხვევაში - პირველი ფაზა არის სხეულზე შეჯახება, შემდეგ გარკვეულ ნაწილზე გათრევა სხეულის, ამ დროს შესაძლოა გადაბრუნდეს კიდეც და შემდგომ - გადავლა. ის, რომ გულმკერდის უკანა მარჯვენა ზედაპირზე არის ზოლისებური ფორმის ნაჭდევები, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გადავლის მომენტში სხეული იმყოფებოდა გულაღმა მდგომარეობაში. თ-------- მ------–---–ის სხეულის მარჯვენა გვერდითი ზედაპირი უნდა ყოფილიყო მიქცეული მოძრავი ავტომობილისკენ. პირველ კომისიურ ექსპერტიზაში, იქიდან გამომდინარე, რომ მენჯის ძვლების მოტეხილობა საერთოდ არ იყო მოცემული და მსჯელობა მიდიოდა ქალა-ტვინის, ნეკნებისა და იმ დაზიანებების მიხედვით, რაც აღწერილი იყო პირველადი ექსპერტიზის დასკვნაში, ამის გამო ვერ გამოირიცხებოდა, რომ ეს დაზიანებები მიღებული ყოფილიყო მკვრივ-ბლაგვ საგანზე შეჯახებისა და მკვრივ-ბლაგვ საგანზე დაცემის შედეგად. ექსჰუმირებული გვამის კვლევისას სურათი დაზუსტდა - ისეთი ტიპის მოტეხილობა, რაც მენჯის ძვლებზე იყო, არ განვითარდებოდა შეჯახების შედეგად. ის განვითარებულია ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის ზეწოლით, შესაძლებელია საბურავსა და გრუნტს შორის მენჯის ძვლების მოყოლით. ამას გარდაცვალების სურათი არ შეუცვლია (2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ექსჰუმირებული გვამის ექსპერტიზაში, რომლის ფარგლებში გამოყენებულ იქნა პირველადი ექსპერტიზის დასკვნის მონაცემებიც. თ-------- მ------–---–ის სიკვდილის მიზეზში ფიგურირებს სამი საკვანძო მოვლენა: ერთი - სხეულის ბლაგვი შერწყმული ტრავმა და ორი - ფონური. სამივე მონაწილეობს სიკვდილის ფორმირებაში, მაგრამ წამყვანი არის ბლაგვი შერწყმული ტრავმა, რომელსაც ფონად აქვს ალკოჰოლის მაღალი კონცენტრაცია სისხლში და პირნაღები მასების ასპირაცია სასუნთ გზებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც გამომკვლევი ექსპერტი წერს, მსხვილ ბრონქებში სანათურები თავისუფალია, ალაგ-ალაგ არის მცირე რაოდენობით მასები, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიკვდილის პირდაპირ განმავითარებელი არ არის. უბრალოდ მის განვითარებაში თამაშობს ერთ-ერთ საკვანძო ფუნქციას. ექსჰუმაციის დროს ხდება ყველა ძვლის გაშიშვლება და დეტალური დათვალიერება, ხოლო პირველადი ექსპერტიზის დროს - მხოლოდ თავის ქალას, გულმკერდისა და მუცლის ღრუს გახსნა და შესაძლოა, ყველა დაზიანება ნანახი ვერ იქნეს. ექსჰუმირებული გვამის გამოკვლევის მონაცემებით, ტრავმის მოცულობა გაიზარდა, რამდენადაც მენჯი საკმაოდ სერიოზული კარკასია ადამიანის ორგანიზმისათვის, პრაქტიკულად, მრავალფრაგმენტოვნად არის მოტეხილი. ამასთან, ეს დაზიანება სიცოცხლისდროინდელია, თუმცა სიკვდილის მიზეზზე მას არ გამოუწვევია არანაირი ზეგავლენა. თ-------- მ------–---–ის დაზიანებების თანმიმდევრობის დადგენა ვერ მოხდა იმის გამო, რომ ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ტრავმის მიღების თარიღს. თანმიმდევრობის დადგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი დაზიანება ხანდაზმულობით მეორეს უსწრებს. ანუ, ერთი უფრო ხანდაზმულია, მეორე - ახალგაზრდა. რომელიმე ხანდაზმული დაზიანება რომ ყოფილიყო, მიუთითებდნენ, რომ იგი განვითარებულია ადრე პერიოდში, ვიდრე ის დაზიანებები, რომლებიც სიკვდილის წინა პერიოდშია განვითარებული. თუკი თ-------- მ------–---–ის სხეულზე მოხდა გადავლა, ეს მოხდა სხეულის მიმართ მარჯვნიდან მარცხნივ, მცირედ წინიდან უკან - გამოდის რომ ირიბად უნდა წოლილიყო გარკვეულწილად ან მანქანა უნდა მოდიოდიეს ირიბად. ან მანქანას უნდა ჰქონდეს ირიბი მიმართულება, ან სხეულს. მენჯის ძვლების მოტეხილობის მორფოლოგია მიუთითებს, რომ დაზიანება განვითარდა ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის საგიტალურ სიბრტყეში ზეწოლის შედეგად, რაც შეიძლება იყოს მანქანის საბურავი, როდესაც გადაუვლის მას და ქვემოდან გრუნტი. სწორედ მენჯის ძვლების დაზიანების სპრციფიკა მიუთითებს იმაზე, რომ მიცვალებული გულაღმა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, ვინაიდან გულდაღმა მდგომარეობაში მორფოლოგია სულ სხვა იქნებოდა. ბეჭის ძვალზე არსებული დაზიანება განვითარებულია ერთ მომენტად. ჭრილობა, ზოლისებრი სისხლჩაქცევები და ქვეშ ნაჭდევი კიდევ უფრო აძლიერებას დასკვნას, რომ ორ მკვრივ-ბლაგვ საგანს შორის და სხეულის გულაღმა მდგომარეობაზე უნდა ყოფილიყო მოქმედება. ექსჰუმირებული გვამის ექსპერტიზის დასკვნამ შეავსო პირველადი და კომისიური ექსპერტიზის დასკვნები და არ შეცვლილა, პირიქით, გამყარდა პოზიცია, რომ დაზიანებები შეიძლება იყოს გადავლის შედეგად განვითარებული (2019 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-------- მ------–---–ის მაისურს წინა ზედაპირზე, ქვედა კიდეში მარჯვნივ, ქვედა კიდიდან ზემოთ 5 სმ-ზე და მარჯვენა გვერდით ნაკერიდან წინ მარცხნივ 4,5 სმ-ზე აღენიშნება დაძენძილპირაპირებიანი გამჭოლი, დაახლოებით 0,3 სმ ზომის დაზიანება. უკანა ზედაპირზე ზურგის მიდამოში მარჯვნივ, ქვედა კიდიდან ზემოთ 37 სმ-ზე და მარჯვენა გვერდით ნაკერიდან უკან მარცხნივ 17 სმ-ზე, 5სმX2სმ ლოკალურ ფართზე, ერთმანეთთან ახლოს აღენიშნება დაძენძილპირაპირებიანი ოთხი, დაახლოებით 0,3; 0,2; 0,4 და 0,1 სმ ზომის გამჭოლი დაზიანება. მაისურს უკანა ზედაპირზე, ზურგის მიდამოში, ქვედა კიდიდან ზემოთ 31 სმ-ზე და 31,5 სმ-ზე, ასევე მარჯვენა გვერდით ნაკერიდან უკან მარცხნივ 22,5 სმ-ზე და 29,5 სმ-ზე აღენიშნება მსგავსი ხასიათის და წარმოშობის ორი დაზიანება, შესაბამისად დაახლოებით 0,4 სმ და 0,2 სმ ზომით, რაშიც შეინიშნება ქსოვილის ცალკეული ძაფები - ხიდაკების სახით;
შარვლის მარცხენა ტოტის წინა ზედაპირზე და გარეთა ვერტიკალურ ნაკერზე, ბარძაყის მიდამოში, უშუალოდ ზედა (სათავის) კიდიდან ქვემოთ 19 და 30 სმ-ზე აღინიშნება ვერტიკალურად განლაგებული, დაძენძილკიდეებიანი გამჭოლი ორი დაზიანება, შესაბამისად, დაახლოებით 23,5 სმ და 4,5 სმ სიგრძით. დაზიანებებში შეინიშნება ქსოვილის ძაფების ძლიერი დაჭიმულობა და ცალკეული ძაფები ხიდაკების სახით. შარვალს უკანა ზედაპირზე, საჯდომის მიდამოში, მარცხნივ ჯიბესთან აღენიშნება მსგავის ხასიათის და წარმოშობის დაახლოებით 16 სმ სიგრძის დაზიანება. მარჯვენა ტოტის წინა ზედაპირზე, გარეთა ვერტიკალურ ნაკერთან, მუხლის მიდამოში, სათავის კიდიდან ქვემოთ 35 სმ-ზე აღენიშნება ძლიერ დაძენძილკიდეებიანი გამჭოლი დაზიანება, სიგრძით, დაახლოებით 5 სმ. დაზიანებაში შეინიშნება ქსოვილის ბოჭკოების ძლიერი დაძენძილობა დაჭიმულობით. ამ დაზიანების შესაბამისად უკანა ზედაპირზეც აღინიშნება მსგავსი ხასიათის და წარმოშობის, დაახლოებით 4 სმ სიგრძის დაზიანება;
ტრუსს მარჯვენა ტოტის წინა ზედაპირზე, სათავის კიდიდან ქვემოთ 19 სმ-ზე და მარჯვენა გვერდით ვერტიკალური ნაკერიდან, წინ მარცხნივ 18,5 სმ-ზე აღენიშნება ვერტიკალურად განლაგებული, გამჭოლი დაძენძილკიდეებიანი დაზიანება, დაახლოებით 3 სმ სიგრძით, რომელშიც შეინიშნება ბოჭკოების დაჭიმულობა და ქსოვილის ძაფები ხიდაკების სახით. ტრუსს, საჯდომის მიდამოში მარცხნივ, სათავის კიდიდან ქვემოთ 10,5 სმ-ზე და მარცხენა გვერდით ვერტიკალური ნაკერიდან უკან მარჯვნივ 12 სმ-ზე აღენიშნება მსგავსი ხასიათის და წარმოშობის, დაახლოებით 7,5X5 სმ ლოკალური ფართის დაზიანება;
ქამარს შესაკრავი ბალთის დამაგრების მიდამოში შიგნიდან აღენიშნება დაახლოებით 3სმX2,5სმ ლოკალური ფართის ზედაპირული ხასიათის დაზიანება, სიმეტრიულად განლაგებული ურთიერთპარალელურად მდებარე წერტილების და მცირედი ხაზების სახით, რაშიც შეინიშნება მასალის ბოჭკოების ძლიერი დაძენძილობა. ქამარს გარეთა ზედაპირზე, შესაკრავი ბალთის დამაგრების კიდიდან უკან 15 სმ-ის დაცილებით, დაახლოებით 13სმX3,2სმ ლოკალურ ფართზე აღენიშნება ზედაპირული, დინამიური ხასიათი კვლები ურთიერთპარალელურად მდებარე ხაზების (ტრასების) სახით, რაშიც შეინიშნება მასალის ფრაგმენტალური აქერცვლაც;
თ-------- მ------–---–ის ტანსაცმელზე - მაისურზე, შარვალზე, ქვედა საცვალზე - ტრუსზე და ქამარზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია მაისურზე ხევით, შარვალზე და ქვედა საცვალზე - ტრუსზე როგორც ხევით, ასევე სკდომით - იმპულსური, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის ზემოქმედების შედეგად, ხოლო ქამარზე - გლეჯვით და კვალდამტოვ ობიექტთან დინამიური კონტაქტით - ხეხვით;
თ-------- მ------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებები ლოკალიზაციით შეესაბამება ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებს. სხვაობა ახსნილი უნდა იქნას როგორც ტანსაცმლის და სხეულის ურთიერთგადაადგილებით (დინამიკაში), ასევე დაზიანებათა ადგილმდებარეობით (თავის მიდამო) და ხასიათით (სისხლნაჟღენთები);
ტანსაცმლის მიხედვით დაზიანებების მიმართულების განსაზღვრა შეუძლებელია (ტ.5, ს.ფ. 256-263);
აღნიშნული დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა თ----- შ--–----–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ დაზიანებები განვითარებულია ხახუნის შედეგად, თუმცა რა ვითარებაში, ამის დადგენა სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს (2019 წლის 6 ივნისის სხდომის ოქმი);
ავტოტექნიკური განყოფილების ექსპერტმა თ------ დ--------მ დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 15 სექტემბერს ჩატარებული სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. მან განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მძღოლს სავალი გზაზე არსებული დაბრკოლების შემჩნევა შეეძლო 55 მეტრის მანძილიდან და ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ მძღოლი მიმართავდა ზომებს მანქანის გასაჩერებლად, მოცემულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. აღნიშნული ნორმის თანახმად, მძღოლმა, ყველანაირი პირობების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს (2019 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური სამმართველოს ექსპერტმა ზ------- თ--------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგები, რა დროსაც დაეყრდნო ძირითადად საგამოძიებო ექსპერიმენტს. მან განმარტა, რომ გადავლა მოხდა დამუხრუჭების გარეშე. ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონი მძღოლს არ ავალდებულებს მოძრაობაში საფრთხის შექმნის შემთხვევაში რაიმე მანევრის შესრულებას, ავალდებულებს, რომ დაბრკოლების დანახვისთანავე მიიღოს ზომები ავტომობილის გასაჩერებლად. თუმცა, მანევრის შესრულება (მაგ. გვერდის ავლა) არ ითვლება დარღვევად. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დადგინდა, რომ მძღოლს გზის სავალ ნაწილზე მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დანახვა შეეძლო 55 მეტრის მანძლიდან. მძღოლს დამუხრუჭებისა და გაჩერების ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნდა. ავტომობილის ისეთ საგანთა კონტაქტისას, როგორიც არის ადამიანის სხეული, კვლები ძირითადად რჩება ფრთასხმულებზე - თუნუქის დეტალებზე, ხოლო შასის დეტალებზე, რომელიც მასიური ლითონისაა, როგორც წესი, არ რჩება ან თუ დარჩა, გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს ადამიანის სხეულზე შეჯახების შედეგია, რთულია. შესაძლებელია ავტომობილმა გადაუაროს სხეულს თვლებით და მისი შიდა ნაწილი არ წამოედოს არაფერს, ან პირიქით, წინარე გადავლის შემდეგ, სხეულმა მიიღოს ისეთი მდგომარება (ახტეს ან რაიმე მოქმედება გააკეთოს), შეიძლება მოვიდეს შეხებაში. ყველაზე კომფორტული, რომ დაბრკოლება კარგად დაინახოს არის წინ მჯდომის ადგილი, ხოლო უკან მჯდომისათვის ეს ცოტა უფრო შეზღუდულია. თუმცა, თუ უკან მჯდომი ხედავს, თავისთავად, მძღოლსაც შეუძლია დაინახოს. ზ----- კ------–---–-ს შემხვედრად მოძრავი ავტომობილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იყო გაჩერებული იმ წერტილში, სადაც მძღოლმა მიუთითა, რომ ის შეხვდა და დაინახა და მას ჩართული ჰქონდა შორი მაშუქები. რამდენად შეცვლიდა ეს რეალურ სურათს, ექსპერტი პასუხობს, რომ შემხვედრად მოძრავი ავტომობილის მაშუქი ფარები ქმნიან დაბრკოლებას, ხილვადობის შეზღუდვას და თავისთავად, ეს ხილვადობა იქნებოდა შეზღუდული იმის მიხედვით, როგორია მათ შორის დისტანცია (2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
მოწმე ზ---- შ---–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 6 ივლისს, ღამით, სატვირთო ფურგონით ტვირთი მიჰქონდა თბილისში. საჭესთან იჯდა ზ----- კ------–---–-. ავტომანქანაში იმყოფებოდნენ აგრეთვე გ------- ს-----–---–- და გ------ მ------–---–-. წინ იჯდა გ------- ს-----–---–-, ზ----- კ------–---–-ს უკან - გ------ მ------–---–-, ხოლო თავად, ვინაიდან დაღლილი იყო, უკანა სავარძელზე წამოწვა და დაიძინა. ავტომანქანა მოძრაობდა ნელა, დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით, ხელთუბნიდან გორის მიმართულებით. გაეღვიძა მკვეთრი დამუხრუჭების გამო, რადგან გადმოვარდა სავარძლიდან. მანქანა გაჩერდა მისივე სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს, გვერდულზე. გ------- ს-----–---–- მანქანიდან გადავიდა, დაბრუნდა 7-10 წამში - ,,კაცი გდიაო“. ყველანი გადავიდნენ ავტომანქანიდან და ნახეს, რომ დაახლოებით 10 მეტრში, საავტომობილო გზის შუაში, უფრო მეტად საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ზოლში, იწვა მამაკაცი, მოხრილ მდგომარეობაში, სახით ქვევით. იმ ზოლში, სადაც კ------–---–-ს ავტომობილი მოძრაობდა ექნებოდა ალბათ მუხლები, ფეხები. ზ----- კ------–---–მა ჯერ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ხოლო შემდეგ დარეკა პოლიციაში. დაახლოებით 10 წუთში ,,სასწრაფო“ მოვიდა. როდესაც მათ გზაზე მწოლიარე მამაკაცი გადმოაბრუნეს, ცხვირიდან და ყურიდან, რომელ მხარესაც იწვა, სისხლი მოსდიოდა. ექიმმა პულსი გაუსინჯა და თქვა, რომ სუნთქავდა (2019 წლის 21 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
მოწმე გ------ მ------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 6 ივლისს, ღამით, ზ----- კ------–---–თან, ზ---- შ---–---–სა და გ------- ს-----–---–თან ერთად მგზავრობდა თბილისის მიმართულებით, ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილით. საჭესთან იჯდა ზ----- კ------–---–-, მის გვერდით - გ------- ს-----–---–-, თვითონ იჯდა უკან, მარცხენა მხარეს, ხოლო ზ---- შ---–---–- - მის გვერდით, მარჯვენა მხარეს. ავტომანქანა მძრაობდა დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით, მეჯვრისხევიდან გორის მიმართულებით. შემთხვევის ადგილამდე თანმხვედრი ან საპირისპირო მიმართულებთ მოძრავი ავტომანქანა არ შეუმჩნევია, დაძინებას აპირებდა. გაჩერების დროს მისი ყურადღება მიიქცია გ------- ს-----–---–-ს შეძახილმა - ,,ნელა, კაცი გდიაო“. ზ----- კ------–---–მა მანქანა მარჯვენა გვერდულზე გადააყენა და გააჩერა. ავტომობილიდან ოთხივე ჩამოვიდა. გზაზე ადამიანი იწვა. მის თავთან ახლოს სისხლი იყო. ზ----- კ------–---–-ს ავტომობილი მისგან 7-10 მეტრის მანძილზე იყო გაჩერებული. ადამიანი გზაზე სიგანეზე იწვა, თავი და ტანი ჰქონდა გზის მარცხენა მხარეს, მეჯვრისხევის მიმართულებით, ფეხები - მარჯვენა მხარეს - მათი ავტომობილის სამოძრაო ზოლში. იგი გვერდულად იწვა, სახე ჰქონდა გორის მიმართლებით, ხოლო ზურგი - ხელთუბნის მხარეს. როდესაც ავტომობილიდან ჩამოვიდნენ იქ სხვა პიროვნება ან ავტომობილი არ ყოფილა. თავთან ახლოს, დაახლოებით ნახევარ მეტრში დანა ეგდო. ზ----- კ------–---–მა სამედიცინო დახმარება გამოიძახა, რაც დაახლოებით 10 წუთში მოვიდა. ვიდრე სამედიცინო დახმარება არ მოვიდა გზაზე მწოლიარე ადამიანს არავინ მიკარებია. როდესაც ექიმმა ნახა, თქვა, ,,ცოცხალია და დახმარება მჭირდებაო“. გ------ მ------–---–- მათ ამ ადამიანის ავტომანქანაში გადაყვანაში მიეხმარა. მოწმემ დადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, სადაც განმარტავს: ,,მე წინ არ ვიყურებოდი და ვაპირებდი დაძინებას. უცბად გამომაფხიზლა თითქმის ერთდროულად გ------- ს-----–---–-ს ყვირილმა და დამუხრუჭებამ. გ-------მ დაიყვირა - ,,ნელა, კაცი გდია ძირსო“, ამავდროულად, დაამუხრუჭა კიდეც ზ----- კ------–---–მა. დამუხრუჭების შემდეგ ზ-----მა გააჩერა ავტომანქანა და ოთხივე გადმოვედით ავტომანქანიდან. მე მაშინ მივხვდი, რომ ჩვენმა მანქანამ, რომელსაც ზ----- კ------–---–- მართავდა, ადამიანს გადაუარა. გადავლილ ადამიანს მიუახლოვდით დაახლოებით 7-8 მეტრის მანძილზე. უფრო ახლოს ვერცერთი ვერ მივედით. ადამიანი იწვა გაუნძრევლად, ხმას არ იღებდა და თავიდან მოსდიოდა სისხლი“. ამასთან, მოწმე განმარტავს, რომ გამომძიებელს ეს ჩვენება მისცა ზ----- კ------–---–-სა და გ------- ს-----–---–-ს ნათქვამიდან გამომდინარე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ადამიანს გადავუარეთო. მოწმე ასევე დაეთანხმა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას: ,,როგორც მანქანის შერყევით ვიგრძენი, უნდა გადაევლო მარცხენა საბურავებით, თუმცა როგორც აღვნიშნე, ვიყავი ნასვამი და წინ არ ვიყურებოდი, ასევე, არ დავკვირვებივარ, დაუზიანდა თუ არა რაიმე ავტომობილს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს“. ,,ბავშვი ისეთნაირად იწვა, მარცხენა მხრიდან უნდა გადაევლო“. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ გადავლა ვერ იგრძნო (2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
მოწმე გ------- ს-----–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 00:50 საათზე, თვითონ, ზ----- კ------–---–-, გ------ მ------–---–- და ზ---- შ---–---–- სატვირთო ავტომანქანით მიდიოდნენ თბილისში, სავაჭროდ. მოძრაობდნენ ხელთუბნიდან გორის მიმართულებით. ავტომანქანა მარცხენასაჭიანია. მძღოლის გვერდით იჯდა თვითონ, მის უკან ზ---- შ---–---–-, ხოლო ზ----- კ------–--ის უკან - გ------ მ------–---–-. მანქანა მოძრაობდა დაახლოებით 40-50 კმ/სთ სიჩქარით. მსვლელობისას, დაახლოებით 40 მეტრში, შეხვდათ საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორი განათების მაშუქები. დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძის ,,რაღაც შავი ეგდო პირქვე“. შემდეგ 2 მეტრში ორივემ დაინახა, რომ რაღაც ეგდო, ოდნავ ცერად (ამ დროს შემხვედრის ავტომანქანა უკვე წასული იყო). მათ სამოძრაო ზოლში ჰქონდა ფეხების მხარე, ხოლო მარცხენა ზოლში - ტანი და ,,დანარჩენი“. გ------- ს-----–---–მა იგი ბავშვს მიამსგავსა. მან ზ----- კ------–---–ს უთხრა, ,,ნელა, რაღაც გდიაო“, ზ-----მა შეანელა სვლა, დაიწყო დამუხრუჭება და გადავიდა მარჯვნივ. ვიდრე მარჯვნივ გადავიდოდა, დამუხრუჭების პროცესში, იგრძნო, რომ მანქანა ცოტათი შეირყა. მანქანა გაჩერდა დაახლოებით 15 მეტრში. გ------- ს-----–---–- გადავიდა და დაახლოებით 10 მეტრიდან დაინახა, რომ მამაკაცი იწვა, რაც უთხრა ზ----- კ------–---–ს. ავტომანქანიდან დანარჩენებიც გადმოვიდნენ, მამაკაცს არავინ მიახლოებია. იქ მათ გარდა არავინ იმყოფებოდა. გზის იმ მონაკვეთზე რაიმე სხვა ნივთიც არ ყოფილა. იმ მონაკვეთში გზა ,,კარგი“ იყო. ზ-----მა ჯერ სასწრაფოში დარეკა, შემდეგ - პოლიციაში. პირველად სასწრაფო მოვიდა. ისინი დაეხმარნენ ექიმებს მამაკაცის ავტომანქანაში გადაყვანაში. გ------- ს-----–---–მა დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (ტ.2, ს.ფ. 208-209), სადაც განმარტავს: ,,ზ-----ი მართავდა ავტომანქანას 40-50 კმ/სთ სისწრაფით, სოფლის სამხრეთ მხარეს, იქ, სადაც არის შხამქიმიკატების მაღაზია გზის დასავლეთ მხარეს, ხოლო აღმოსავლეთ მხარეს სასურსათო მაღაზია, წინიდან საპირისპირო მიმართულებიდან შეგვხვდა ავტომანქანა, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 40 მეტრში შევნიშნე, რომელსაც ჰქონდა შორი განათების ფარები ჩართული და თვალებს გვჭრიდა მეც და ზ-----ისაც, ის მანქანა ჩვენგან იმყოფებოდა დაახლოებით 40 მეტრში. ამ დროს ზ-----ი ავტომობილს მართავდა მარჯვენა სავალ ზოლში, მარჯვენა მხარეს და თავიდანვე ჩართული ჰქონდა დაბალი განათების ფარები, შემხვედრი ავტომანქანის შორი განათების შორი განათების ფარები კი თვალს გვჭრიდა. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე არის შემოსახვევი და საპირისპირო ზოლში მოძრავმა ავტომობილის შორი განათების ფარებმა შემოსვლისთანავე მოგვჭრა თვალი. თუმცა, ზ-----მა მოძრაობა გააგრძელა და სისწრაფისთვის არ შეუნელებია გზის სწორ მონაკვეთზე, გზის მარჯვენა ზოლში ასფალტის საფარზე ჩემგან დაახლოებით 15 მეტრში შევნიშნე მუქი ლანდი, თუმცა ვერ მივხვდი, რა იყო და შესაბამისად, არ მითქვამს ზ-----ისთვის, რომ სვლა შეენელებინა. აღნიშნული მუქი ლანდიდან დაახლოებით 2 მეტრში გავარჩიე და დავინახე, რომ გზაზე, ჩვენ სავალ ნაწილზე, ჩვენი ავტომანქანიდან დაახლოებით 2 მეტრში, გზის მარჯვენა ზოლში, ასფალტის საფარზე იწვა ადამიანი. სავარაუდოდ, აღნიშნული დაინახა ზ-----მაც და მაშინვე დამუხრუჭა ავტომობილი“. მოწმე არ დაეთანხმა ამ ჩვენების გაგრძელებას - ,,თუმცა ვერ გააჩერა და ადამიანს გადაუარა“ და განმარტა, რომ ,,რაღაცაზე“ გადაიარა, პატარათი შეჯანჯღარდა მანქანა, უმნიშვნელოდ. ამასთან განმარტა, რომ იქ ადამიანის გარდა სხვა არაფერი იყო. ასევე დაადასტურა: ,,გადავლის შემდეგ ავტომანქანა იქვე მარჯვენა გვერდულზე, გადავლის ადგილიდან დაახლოებით 15-20 მეტრში გააჩერა. გაჩერებისას ოთხივე გადმოვედით ავტომანქანიდან და გადავლილ ადამიანს მივუახლოვდით დაახლოებით 7-8 მეტრის მანძილზე. უფრო ახლოს ვერცერთი ვერ მივედით. ადამიანი იწვა გაუნძრევლად, ხმას არ იღებდა და თავიდან მოსდიოდა სისხლი. იგი დაახლოებით იწვა შუა გზაზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთს გზის გამოყოფი ზოლი არ აქვს. შესაბამისად, ზუსტად განსაზღვრა არ შემიძლია“ (ტ.2, ს.ფ. 209). მოწმე არ დაეთანხმა ჩვენების იმ ნაწილს სადაც განმარტავს: ,,ზ-----მა მაშინვე დარეკა 112-ში, თუმცა სავარაუდოდ შეეშინდა სიმართლის თქმის და ოპერატორს განუცხადა, რომ გზაზე კაცი ეგდო უგონო მდგომარეობაში“. მოწმემ განმარტა, რომ ზ-----მა არ გადაუარა და 112-ში განაცხადა, რომ კაცი იწვა უგონო მდგომარეობაში. დაეთანხმა ჩვენებას, რომ ზ-----მა ხელთუბნის ინსპექტორთან დარეკა, მაგრამ არ დაეთანხმა ჩვენებას ,,არ უთხრა რომ მან გადაუარა ავტომობილით“, რადგან არ ახსოვს. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებასთან დაკავშირებით, რომ - ადგილზე მისულ ხელთუბნის ინსპექტორ მამუკა ზერეკიძეს უთხრეს ,,ბაზარში მივდიოდით და ვერ გავჩერდებოდით და ჩამოსვლისთანავე მივიდოდით პოლიციაში, რის შემდგომაც მამუკა ზერეკიძემ გარეგნულად დაათვალიერა ჩვენი ავტომანქანა და მოინიშნა ჩვენი, ოთხივეს მონაცემები. ჩვენ ჩავსხედით ავტომანქანაში და წავედით, იქ გაჩერების და მომხდარის განცხადების შეგვეშინდა“ - აღნიშნულზე მოწმე პასუხობს, რომ შეეშინდა, ბავშვი რომ ნახა და ვერაფერი თქვა. გ------- ს-----–---–- განმარტავს, რომ პოლიციელებს უთხრა, ,,რაღაცაზე გადავიარეთ, რაზე გადავიარეთ, არ ვიცი, რომ გადმოვედით ბავშვი ეგდო, მამაკაცი“ დაადასტურა ჩვენება: ,,სასწრაფოს მოსვლის შემდგომ, ჩვენ იმის გასაგებად, თუ ვის გადავუარეთ, მართლაც გადავუარე მწოლიარე ადამიანს, თუმცა ვერ ვიცანი. მას რა დაზიანებები ჰქონდა არ მახსოვს. ასევე არ მახსოვს რა ტანსაცმელი ეცვა ან რა ფერის. მომხდარის გამო ძალიან დაბნეულები ვიყავით“. ,,რაღაცაზე მგონი მარცხენა საბურავით გადაიარეს“. შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა იყო თეთრი ფერის მიკროავტობუსი. გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან გ------- ს-----–---–- არ ეთანხმება მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ადამიანს გადაუარეს და გამომძიებლისთვისაც ასე აქვს ნათქვამი, რომ ,,რაღაცას“ გადაუარეს. სხვა ყველაფერს ეთანხმება. როდესაც ეს ,,რაღაც“ დაინახეს იგი იყო პირქვე მდგომარეობაში. იგივე მდგომარეობაში იყო, როდესაც გადმოვიდნენ ავტომანქანიდან. როდესაც მიუახლოვდნენ 2-3 მეტრში, ზ-----მა დაიწყო დამუხრუჭება და გადავიდა მარჯვენა მხარეს, გზის კიდისკენ. ადვოკატის შეკითხვაზე: ეს ფაქტი რომ მოხდა, თუნდაც გამომძიებელთან საუბარში, თუნდაც პოლიციელები რომ მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე, თუნდაც მერე უკვე პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს, რისი შეგეშინდათ, შეგეშინდათ რამესი, რომ არ გეთქვათ სიმართლე? - მოწმე პასუხობს: ,,მიცვალებული რომ ვნახე, ბავშვი რომ ვნახე, იმისი შემეშინდა“. ადვოკატის კითხვაზე მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ,,რაღაცას გადაუარეს“ და ეს ავტომანქანის მანევრი არ იყო (2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
ბრალდებულმა ზ----- კ------–---–მა განმარტა, რომ ავტომობილით ახდენს ხილის რეალიზაციას. 2019 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01 საათის შემდეგ მოძრაობდა სოფელ ხელთუბნიდან თბილისისაკენ. მასთან ერთად ავტომანქანაში იმყოფებოდნენ გ------- ს-----–---–-, გ------ მ------–---–- და ზ---- შ---–---–-. 50 კმ/სთ სიჩქარეზე მეტით არ მოძრაობდა. გზაში შეხვდა ავტომანქანა, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორი განათების მაშუქები. დაახლოებით 10-15 მეტრში გზაზე ,,რაღაც“ დაინახა. დაახლოებით 2-3 მეტრის მანძილზე რომ მიუახლოვდა, დაინახა, რომ ადამიანი ეგდო პირქვე, გზის შუაში, ოდნავ ირიბად, რომელსაც ფეხები მის სამოძრაო ზოლში ჰქონდა, ხოლო თავი - შემხვედრი მიმართულების ზოლში. ამ დროს შემხვედრი მანქანა გასცდა. ზ----- კ------–---–მა მარჯვნივ ,,მისწია“ მანქანა და გააჩერა დაახლოებით 10 მეტრში. მანქანიდან გადმოვიდნენ. ძალიან ახლოს არ მისულა. ადამიანი იწვა პირქვე დგომარეობაში, ისე, როგორც მანამდე დაინახა. თავთან სისხლი ჰქონდა. მამაკაცი იყო, თუმცა ვერ იცნო. მოგვიანებით გაიგო, რომ იგი თ-------- მ------–---–ი იყო. ზ----- კ------–---–მა დარეკა ,,112“-ში და სოფლის უბნის ინსპექტორთან. იმ ადგილას, სადაც ადამიანი იწვა, გზა იყო უდეფექტო. შემხვედრი მანქანის მაშუქების ,,შემონათებამდე“ ზ----- კ------–---–ს მოძრაობის ხელშემშლელი რაიმე გარემოება არ ჰქონია. ავტომანქანა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო. შემხვედრი ავტომანქანა პირველად დაახლოებით 150 მეტრში დაინახა, დაინახა მისი შუქი. დაახლოებით 50 მეტრში მისმა მაშუქებმა მხედველობაში შეუშალა ხელი, რაც ანიშნა შემხვედრ მანქანას და მანქანა მარჯვენა მხარეს ,,მისწია“. შეფერხება გზაზე შემხვედრი მანქანის გაცდენამდე დაინახა 10-15 მეტრში, რის შემდეგაც ,,ალბათ ცოტა მოუნელა“. დაახლოებით 2-3 მეტრში რომ მიადგა, მანქანა გვერდზე ,,გადაწია“ და დამუხრუჭება დაიწყო, მის გვერდით მჯდომმა გ------- ს-----–---–მა დაიყვირა - ,,კაცი გდიაო“, თუ ,,ადამიანი გდიაო“. ჯერ გ-------მ დაიყვირა, თუ ჯერ თვითონ დაიწყო დამუხრუჭება არ იცის, ალბათ ერთდროულად იყო. ამ დროს მანქანის რაიმე მოძრაობა, შერყევა არ უგრძვნია. მას არ დაუნახავს, რომ შემხვედრი მანქანა რამეს შეჯახებოდა ან რამეზე გადაევლო, ასევე არ შეუსრულებია რაიმე მანევრი. შეფერხებამდე მისვლამდე, გარდა შემხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომანქანისა, გზაზე (არცერთ ზოლში) სხვა მანქანა, ასევე ქვეითი არ მოძრაობდა. ზ----- კ------–---–მა განმარტა, რომ მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვის დროს მის მიმართ ზეწოლას, შანტაჟს ან რაიმე უკანონო მოქმედებას ადგილი არ ჰქონია. დაადასტურა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში თავისი ნებით მიიღო მონაწილეობა. იცის, რომ მძღოლი ვალდებულია მანქანა გააჩეროს დაბრკოლების დანახვისას. პროკურორის შეკითხვაზე, რატომ არ გაჩერდა, როცა პირველად დაბრკოლება შენიშნა, ბრალდებული პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში კანონი დაარღვია, რომ არ გაჩერდა (2019 წლის 4 ნოემბრის სხდომის ოქმი);
3.2. გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ზ----- კ------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული შემადგენლობა მოითხოვს, უტყუარად დადგინდეს მძღოლის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა (განზრახ ან გაუფრთხილებლობით - მაგ. შუქნიშნის განგებ უგულვებელყოფა, მართვისას უყურადღებობა), მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად (ამ დროს და სახით) ეს შედეგი არ განხორციელდებოდა;
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა და მიზეზობრივი კავშირი:
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ გზაზე მწოლიარე ადამიანისაგან 20 მეტრიდან, საპირისპიროდ ასევე 20 მეტრის მოშორებით მდგარი და შორი განათების მაშუქების ჩართვის პირობებში (ორ ავტომანქანს შორის სულ 40 მეტრის მანძილზე /ამ მანძილს აღნიშნავს მოწმე გ------- ს-----–---–-ც/), ზ----- კ------–---–-ს განმარტებით, ექმნება გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გზაზე მწოლიარე ქვეითის დანახვა შეუძლია. ამის შემდეგ ზ----- კ------–---–მა ავტომანქანა უკუსვლით წაიყვანა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 42 მეტრში, შემხვედრი ავტომანქანის მაშუქების გამო ბუნდოვნად გაარჩია შეფერხება, მაგრამ ვერ გაარჩია, ეს შეფერხება ადამიანი იყო თუ არა. ავტომანქანა კვლავ უკუსვლით გადაადგილდა და დაახლოებით 55 მეტრში ზ----- კ------–---–ს ბუნდოვნად შეეძლო შეფერხების დანახვა. და ბოლოს, ბრალდებულის მიერ დასახელებული მაქსიმალური სიჩქარით - 50 კმ/სთ-ში წინ მოძრავი ავტომანქანა ზ----- კ------–---–მა გააჩერა გზაზე მწოლიარე ადამიანისაგან 20 მეტრის მოშორებით. მან განმარტა, რომ გზაზე შეფერხება დაინახა იმ მომენტში, როდესაც დაიწყო ავტომობილის გაჩერება, ,,ანუ 20 მეტრს დამატებული ის მანძილი, რაც დასჭირდა 50 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრავ ავტომობილს გასაჩერებლად“. ბრალდებულმა აქვე აღნიშნა, რომ საპირისპირო ზოლიდან შორი განათების მაშუქები უქმნის დისკომფორტს, მაგრამ შეფერხება მაინც დაინახა. ანალოგიური გარემოებები დააფიქსირეს საგამოძიებო მოქმედების სხვა მონაწილეებმაც (ტ. 4, ს.ფ. 166-176);
თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში მონაწილე პირები უარყოფენ ვინმეს მიმართ ზეწოლას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სასამართლოს აზრით, თუკი დავუშვებთ, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მეორე ავტომანქანა არ მოძრაობდა (როგორც მონაწილე პირებმა აღნიშნეს), მძღოლს მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, უფრო შორი მანძილიდანაც დაენახა შეფერხება. ექსპერიმენტის დროს ზ----- კ------–---–მა ავტომანქანა გააჩერა გზაზე მწოლიარე ადამიანისაგან 20 მეტრის მოშორებით - იმ მანძილზე, სადაც საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანის მაშუქებმა ,,გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა“. ამდენად, უფრო შორ მანძილზე, ავტომანქანის გაჩერების დაწყებამდე, როდესაც შეფერხება შეამჩნია, ზ----- კ------–---–ს მხედველობას არაფერი უზღუდავდა, მით უფრო - 55 მეტრის მანძილიდან. თუკი გავითვალისწინებთ, რომ შესაბამისი საექსპერტო კვლევით, 40-50 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსის გაჩერებისათვის საჭიროა დაახლოებით 31-43 მეტრი, ხოლო ექსპერიმენტის დროს მიკროავტობუსი გაჩერდა გზაზე მწოლიარე ადამიანისაგან 20 მეტრში, ცხადია, რომ შეფერხების დანახვა შესაძლებელი იყო 55 მეტრის მანძილიდანაც (როგორც ეს აღნიშნეს ექსპერიმენტის მონაწილეებმა). უფრო მეტიც, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა), რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. ზ----- კ------–---–-ს მიერ მართული მიკროავტობუსის მგზავრების ჩვენებით ირკვევა, რომ მძღოლს არაფერი მოუმოქმედია უსაფრთხობის უზრუნველსაყოფად მანამ, სანამ გზაზე მწოლიარე ადამიანს არ მიუახლოვდა დაახლოებით 2 მეტრში. ამრიგად, ექსპერიმენტისა და საექსპერტო კვლევის შედეგები ურთიერთშესაბამისია და ნათლად მეტყველებს ზ----- კ------–---–-ს მიერ კანონის ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევაზე;
გ------- ს-----–---–-სა და თავად ბრალდებულის ჩვენებით, მძღოლმა გზაზე ადამიანი შენიშნა 2 მეტრში. იგი ,,ოდნავ ცერად“ იწვა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული პროფესიული ცოდნა არ არის აუცილებელი იმ დასკვნისათვის, რომ 40-50 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრავი, დატვირთული მიკროავტობუსი გვერდს ვერ აუვლის მის წინ 2 მეტრში, განივად მწოლიარე ზრდასრულ ადამიანს. გ------- ს-----–---–-ს ჩვენება საყურადღებოა იმ მხრივაც, რომ მის მიერ აღწერილი ვითარება დასტურდება საექსპერტო კვლევის შედეგებითაც - გარდაცვლილი გზაზე ,,ცერად იწვა“ და ზ----- კ------–---–მაც ავტომანქანის საჭე მკვეთრად მარჯვნივ მიმართა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაზიანებები განვითარდა მარჯვნიდან მარცხნივ - სხეულის სიგრძივი ხაზის მიმართ. ამგვარი დაზიანებების განვითარებისათვის ადამიანი ან ,,ირიბად უნდა წოლილიყო გარკვეულწილად გზაზე ან მანქანა უნდა მოდიოდიეს ირიბად. ან მანქანას უნდა ჰქონდეს ირიბი მიმართულება, ან სხეულს“. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი ოდნავ ირიბად იწვა გზაზე, მასთან მიახლოებისას ავტომანქანის მკვეთრად მარჯვნივ მოხვევა სრულად ემთხვევა დაზიანებათა განვითარების ხასიათსა და მიმართულებას, რაც შესაბამისი, არაერთი ექსპერტიზით დადგინდა. ,,გადავლა“ უტყუარად დადგინდა ექსჰუმაციის შემდეგ გვამის გამოკვლევით - ყველა ექსპერტი აღნიშნავს, რომ გარადაცვლილის მენჯის ძვლების მოტეხილობა ცალსახად მეტყველებს სხეულის ორ მკვრივ, ბლაგვ საგანს შორის ძლიერ კომპრესიაზე. ეს ნიშნავს, რომ ,,მოქმედებდა ორი მკვრივი-ბლაგვი საგანი, ერთი იყო საყრდენი ზედაპირი, მეორე - ზემოდან ზეწოლით. ასეთი ტიპის დაზიანებები ვითარდება სამშენებლო ტრავმის დროს, როცა ნანგრევებში მოყვება სხეული; ავტოავარიის დროს სალონში, როდესაც ავტომობილის დეფორმაციის დროს მენჯის ძვლების მოყოლა ხდება სხვადასხვა მკვრივ-ბლაგვ საგნებს შორის; ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადავლას; შეჯახების დროს - მკვრივ ბლაგვ საგანსა და მანქანას შორის სხეულის მოყოლით (კედელთან მყოფ ადამიანს რომ შეეჯახოს ავტომანქანა);
გარდა იმისა, რომ გარდაცვლილის მენჯის ძვლების მოტეხილობა ამ შემთხვევაში უდავოდ მეტყველებს ავტომანქანით გადავლაზე, საგულისხმოა, რომ არაერთი ექსპერტის, მათ შორის - მ--–---- მ----------ის აზრით, გარდაცვლილის სხეულზე სისხლჩაქცევა ,,აბსოლუტურად ჰგავს პროტექტორის კვალს“. ამასთან, ექსპერტთა დასკვნითა და ჩვენებებით, ყველა დაზიანება განვითარდა ,,ერთჯერადი მოქმედებით, ერთდროულად“, რაც ასევე გამორიცხავს ზ----- კ------–---–-ს მიერ მართული ავტომანქანის გადავლამდე სხვა ავტომანქანის შეხებას გარდაცვლილთან ან დაზიანებების გამომწვევ რაიმე სხვა მიზეზს, რომ აღარაფერი ვთქვათ სასამართლოში ასზე მეტი მოწმის დაკითხვაზე, რის შედეგად, თუნდაც მინიშნებით არ გამოიკვეთა ამგვარი დაზიანებების სხვაგვარად მიყენების შესაძლებლობა. რაც შეეხება ასპირაციას (სასუნთქ გზებში სითხის, საჭმლის ნაწილაკის მოხვედრა), გარდა იმისა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ქალა-ტვინის ტრავმაც, ექსპერტებმა გამორიცხავს სიკვდილის ეს მიზეზი, რადგან ასპირაციით გარდაცვალება სულ სხვა სურათს იძლევა. მოცემულ შემთხვევაში თ-------- მ------–---–ის გარდაცვალების მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრავმა, ჩონჩხის ძვლების მოტეხილობით და შინაგანი ორგანოების დაზიანებით. ყველა ეს დაზიანება სიცოცხლისდროინდელია. უდავოდ დადგენილია, რომ ზ----- კ------–---–-ს მიერ ავტომანქანის გაჩერების შემდეგ თ-------- მ------–---–ი ცოცხალი იყო, შესაბამისად, ზ----- კ------–---–-ს მიერ კანონდარღვევით მართული ავტომანქანით (რაც დასტურდება არაერთი ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნითაც) თ-------- მ------–---–ზე გადავლასა და ამ უკანასკნელის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი ეჭვს არ იწვევს;
აღსანიშნავია ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით: ,,თ-------- მ------–---–ის ტანსაცმელზე - მაისურზე, შარვალზე, ქვედა საცვალზე - ტრუსზე და ქამარზე არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია მაისურზე ხევით, შარვალზე და ქვედა საცვალზე - ტრუსზე როგორც ხევით, ასევე სკდომით - იმპულსური, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის ზემოქმედების შედეგად, ხოლო ქამარზე - გლეჯვით და კვალდამტოვ ობიექტთან დინამიური კონტაქტით - ხეხვით;
აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტი მ--- ნ-----–--–---–- აცხადებს, რომ ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები სპეციფიურია და ავტომანქანით გადავლაზე მეტყველებს ნახეთქები, რომლებიც არის ტანსაცმელზე ბარძაყისა და საჯდომის მიდამოში. ,,გადავლის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ როდესაც ხდება გადავლა, მას აქვს ფაზები: შედგომა, შემდეგ ჩათრევა, გადაგორება და გადავლა (გადასვლა) და ძალიან დამახასიათებელი კვლებია. ტანსაცმლის ეს ნახეთქები, არა განივი, არამედ სიგრძივი, კიდევ უფრო ამყარებს გადავლას“. ასევე აღსანიშნავია, რომ ტანსაცმელი დაზიანდა ხეხვითაც - კვალდამტოვებ ობიექტთან კონტაქტით;
აღსანიშნავია ექსპერტ ზ------- თ-------ის განმარტება, რომ ავტომობილის ისეთ საგანთა კონტაქტისას, როგორიც არის ადამიანის სხეული, კვლები ძირითადად რჩება ფრთასხმულებზე - თუნუქის დეტალებზე, ხოლო შასის დეტალებზე, რომელიც მასიური ლითონისაა, როგორც წესი, არ რჩება ან თუ დარჩა, გადაჭრით იმის თქმა, რომ ეს ადამიანის სხეულზე შეჯახების შედეგია, რთულია;
შესაბამისად ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში, გადავლის გამო ავტომანქანას არ აღენიშნებოდა ადამიანთან კონტაქტის კვალი დაზიანების სახით. ამასთან, შესაძლოა დარჩენილიყო ბიოლოგიური კვალი, თუმცა რამდენადაც ზ----- კ------–---–სა და მის თანმხლებ პირებს მომხდარის ღამეს მიეცათ თბილისში გამგზავრების ნებართვა (?!), ბიოლოგიური კვალის აღმოჩენა, ცხადია, შეუძლებელი გახდა;
და ბოლოს, გაუგებარია ზ----- კ------–---–-სა და მისი მგზავრების ქცევა (მათი ჩვენებებიდან გამომდინარე) შემთხვევის ადგილზე - თუკი ავტომანქანას არ გადაუვლია ადამიანის სხეულზე, რამ დააბრკოლა და შეაშინა ისინი, მიახლოებოდნენ განსაცდელში მყოფ ადამიანს და დახმარებოდნენ მას. ნაცვლად ამისა, ისინი იძახებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ისე, რომ თავად არცერთი ცდილობს დახმარებას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ----- კ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ----- კ------–---–-ს წარსულს - იგი არ არის სახდელდადებულიც კი. ასევე აღსანიშნავია მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ხარისხი - სიჩქარის გადაჭარბების გარეშე, ღამით, ავტომანქანის სავალი გზის ნაწილის შუაში დაწოლილ ადამიანზე გადავლა. ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი, უალტერნატივო სასჯელი პირობით მსჯავრად განსაზღვროს სრულად ან ნაწილობრივ, რადგან ზ----- კ------–---–მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, არ არსებობს სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებისათვის შესაბამისი შემამსუბუქებელი გარემოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ----- კ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ზ----- კ------–---–ს 2 (ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
მსჯავრდებულ ზ----- კ------–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების დღიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 9 თებერვლიდან 4 ნოემბრის ჩათვლით;
ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა ,,მერსედესი“, ზ----- კ------–---–-ს ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი, გ------- ს-----–---–-ს, ზ---- შ---–---–-სა და გ------ მ------–---–-ს ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს; ზ----- კ------–---–-საგან აღებული სისხლის ნიმუში, ავტომანქანა ,,მერსედესიდან“ აღებული მიკრონაწილაკების, ანაწმენდების, საბურავების ანაწმენდების ნიმუშები, ავტომანქანის მაყუჩიდან აღებული სისხლისმაგვარი ლაქა, საბურავიდან აღებული მოყავისფრო მასა, საბარგულიდან ამოღებული ლინოლეუმის ნაჭერი - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოყავისფრო ბლანტი სითხის, სისხლის ანაწმენდების, თ-------- მ------–---–ის გვამიდან აღებული ანაწმენდების, ხელის ანაბეჭდების, ფრჩხილის და სისხლის ნიმუშების, თ-------- მ------–---–ის ტანსაცმლისა და მობილური ტელეფონი საკითხი გადაწყდეს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი