განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2019
საქმის ნომერი
330100119002949028
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1677-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის ა----------–---–ის,ადვოკატების მუ----------–----–---–ის და ო-–--------–--ის მონაწილეობით,ბრალდებულ გ--------–------ის მონაწილეობის გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------–------ის (პ/ნ 0----------) დაბადებულის 1----–-–-----------------, რეგისტრირებულის: ბაღდათის რაიონის სოფელი ფერსათი; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის ტბა - მიმართ, საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ--------–------ეს ბრალად ედება სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 14:40 საათზე, ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩა №34-ში მდებარე ავტონაწილების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას გ--------–------ემ განზრახ დააზიანა ტ---------------------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მერსედესის E320 კლასის წინა საქარე მინა და ბამპერი, რითაც ტ---------------------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 550 ლარის ოდენობით.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------–------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის უტყუარ და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ გ--------–------ემ ნამდვილად ჩაიდინა ბრალადშერაცხული ქმედება.

დაზარალებულმა ტ---------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩა №34-ში მდებარე ავტონაწილების ბაზრობაზე, სადაც წინა დღეს შეაკეთა თავისი მერსედესის E320 კლასის მარკის ავტომანქანის ბამპერი, ხოლო ამ დღეს მივიდა შესაღებად. პროფილაქტიკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შელაპარაკება მოუვიდა ,,მერსედესის“ მძღოლთან, რომელიც შემდეგ გ--------–------ე აღმოჩნდა, რომელსაც უთხრა, მანქანა უკან დაეწია, რომ მასაც გაეჩერებინა თავისი მანქანა. ამაზე, ,,მერსედესის“ მძღოლმა მას აგრესიულად უპასუხა, - ,,არ მომიშალო ეხლა ნერვებიო“. იგი სავარაუდოდ ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო, რადგან ჯერ მანქანას მივარდა და წიხლების დარტყმა დაუწყო, შემდეგ მასთან მივიდა, მანქანის კარი გამოუღო და მისი გადმოთრევა სცადა. თვითონ იგერიებდა მას. თავად არ გადმოსულა მანქანიდან, რადგან არ სურდა ჩხუბი. გ--------–------ე იქვე მყოფმა პირებმა გაიყვანეს, რა დროსაც ფეხი ჩაარტყა მას. ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური, რის შემდეგაც გარკვეული პერიოდი მკურნალობდა. ამასთანავე დაზიანება მიადგა მანქანის წინა საქარე მინას და ბამპერს, რომლის ანაზღაურებაზე გ--------–------ემ თავდაპირველად უარი თქვა, ხოლო შემდეგ თავად შესთავაზა ზარალის ანაზღაურება. იგი პროფილაქტიკაში ბამპერის გასაკეთებლად იყო მისული.

მოწმე ბ-------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩა №34-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელოსნოში. გ--------–------ე არის მისი სახელოსნოს მომხმარებელი. 2019 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გ--------–------ე მივიდა მასთან და მანქანა გააჩერა მისი ,,ბოქსის“ წინ, რომელიც მისი ტერიტორიაა. ამ დროს უკანა სვლით მოდიოდა დაზარალებული ტ---------------------ე, რომელმაც ყვირილი დაუწყო გ--------–------ეს, - ,,აქ მე უნდა დავაყენო მანქანა და დროზე გამოიყვანეო“. გ--------–------ე მივიდა მის მანქანასთან და ეკითხებოდა, - ,,ძია რა გინდა, რატო მეჩხუბებიო?“ ტ---------------------ე აგრძელებდა ჩხუბს, - ,,გამოიყვანე მანქანა, მანდ მე უნდა გავაჩეროო“. ამ დროს დაიძაბა სიტუაცია, თვითონაც მივიდა ტ---------------------ესთან და აუხსნა, რომ ეს ადგილი მისი მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი და ის ვერ გააჩერებდა მანქანას. მანვე გამოიყვანა გ--------–------ე და უთხრა, რომ გაენებებინა თავი. ამ დროს ტ---------------------ემ მრავლობითშიც დაიწყო გინება და ასევე პირადად აგინა გ--------–------ეს. გ--------–------ემ მას მანქანის კარი გამოუღო და უთხრა, ,,როგორ დაგარტყა, ხნიერ კაცსო?“ გიორგი გამობრუნდა და მოდიოდა, რა დროსაც ხნიერმა კაცმა მას კიდევ შეაგინა. გიორგიმ იგი შეანჯღრია. შემდეგ მან გ--------–------ე გამოიყვანა გვერდით, რა დროსაც შოთაძემ დაზარალებულის მანქანას ხელი დაარტყა, რის შედეგად ჩაიმტვრა მანქანის საქარე მინა. შემდეგ დაზარალებული გადმოვიდა მანქანიდან და უთხრა, ,,გადაგიმტვრევ მუხლზეო“ და აგინებდა. ყველა იქ მყოფი ადამიანი დაზარალებულს აწყნარებდა. ბრალდებულმა მანქანის ბამპერსაც მიარტყა ფეხი, მაგრამ იმ მხრიდან არა რომელი მხრიდანაც ჩამოვარდნილი იყო, მარცხენა მხრიდან მიარტყა, ხოლო მარჯვენა მხარე იყო ჩამოვარდნილი. მანქანის ბამპერი კონფლიქტამდეც დაზიანებული იყო. დარტყმის შედეგად არ გამტყდარა არაფერი. შემთხვევის დროს იგი ყველაზე ახლოს იყო კონფლიქტის მონაწილეებთან. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ათი კაცი იმყოფებოდა.

მოწმე ო------–-------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩა №34-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელოსნოში. 2019 წლის 1 თებერვალს, მამასთან ერთად იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, ე.წ. ,,ბოქსში“, რა დროსაც გარედან შემოესმათ ხმაური, რომელიც მოდიოდა მათი მაღაზიის წინიდან. იგი გავიდა გარეთ და შამჩნია, რომ ბ-------------------ის ,,ბოქსის“ წინ ახალგაზრდა მამაკაცსა და ასაკიან მამაკაცს შორის მიმდინარეობდა კამათი. ბ-------------------ემ ახალგაზრდა მამაკაცი განარიდა სიტუაციას, ადგილზე მივიდა ხალხიც, რის შემდეგაც კონფლიქტი განიმუხტა. კამათის მიზეზი მან არ იცოდა. მოგვიანებით საუბარს ყური მოკრა, რომ ასაკიანი მამაკაცის მანქანის შუშა იყო ჩატეხილი. ძალადობის ან ავტომანქანის დაზიანების ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია.

მოწმე მ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩა №34-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახელოსნოში. 2019 წლის 1 თებერვალს იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე თავის ხელოსან ბ-------------------ესთან ერთად. ამ დღეს მათთან მანქანის გასაკეთებლად მისული იყო გ--------–------ე. დაახლოებით 13:00-14:00 საათზე მას ,,ბოქსის“ გარედან ხმაური შემოესმა. როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა, რომ გ--------–------ეს ეკამათებოდა ასაკიანი მძღოლი, თუ რატომ არ დაუთმო ადგილი. ამ კამათის დროს მან შეაგინა გ--------–------ეს, რომელმაც საპასუხოდ შეანჯღრია ხსენებული ასაკიანი კაცი. ბრალდებულს ბ-------------------ე აკავებდა. გაღიზიანებულმა ბრალდებულმა წინა საქარე მინაზე მუშტი დაარტყა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ბრალდებული მოუწოდებდა ასაკიან კაცს, რომ შეეწყვიტა მისი ლანძღვა.

მოწმე ზ-----------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩა №34-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტობაზრობის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. 2019 წლის 1 თებერვალს, იმყოფებოდა სამსახურში, თუმცა გ--------–------ისა და ტ---------------------ის კონფლიქტს არ შესწრებია. იგი დარეკვიდან დაახლოებით 5 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაახლოებით 10 კაცი დახვდა. მას უთხრეს, რომ კონფლიქტი მოხდა მანქანის გასაჩერებელი ადგილის გამო. ადგილზე ასევე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელთან ერთადაც შეამოწმა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ინახებოდა დაცვის ოთახში. ვიდეოჩანაწერში ჩანს შეხლა-შემოხლა, რა დროსაც გ--------–------ე ხელს ურტყამს მანქანას.

გამომძიებლებმა ნ-----–--–---–---–მა და თა---–------–------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე. თ------–------–---–-- სასამართლოს დამატებით მოახსენა, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულმა გ--------–------ემ მასზე დატოვა ზრდილობიანი ახალგაზრდის შთაბეჭდილება, რომელიც აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ ქმედებას, იგი აღნიშნავდა, რომ დაზარალებულმა გამოიყვანა წყობილებიდან და თავი ვერ შეიკავა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, ფეიქრების ქუჩა №34-ში განთავსებული ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორია, სადაც ბაზრობის შესასვლელიდან ხელმარცხნივ დაახლოებით 15 მეტრში გაჩერებულია ,,მერსედესი ე კლასის“ ავტომანქანა, ვერცხლისფერი სახ ნომრით XX-484-NN, რომლის წინა საქარე მინა მძღოლის მარცხენა მხარეს არის დაზიანებული, კერძოდ, აღენიშნება მრავლობითი ბზარი მიყენებული დარტყმის შედეგად (ს.ფ. 3-5).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ-------------------ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დაეთანხმა მას.

სასაქონლო ექსპერტიზის №5---- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ა/მანქანა ,,MERSEDES-BENZ E320”, სახ. №--------- ექსპლუატაციაში ნამყოფი წინა საქარე მინის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 150 (ას ორმოცდაათი) ლარს, ხოლო წინა ბამპერის საბაზრო ღირებულება შეაგდენს 400 (ოთხასი) ლარს (ს.ფ. 36-38).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი შო-------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ზ-----------–--ის თანდასწრებით დათვალიერდა, ფეიქრების ქუჩა №34-ში მდებარე ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის ოთახში, კუთვნილი ვიდეოკამერების 2019 წლის 1 თებერვლის 16:05 საათიდან 16:25 საათამდე დროის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერში ჩანს ფეიქრების ქუჩა №34-ში განთავსებული ავტონაწილების და სახელოსნოების ნაწილი ტერიტორია. ზ-----------–--ის განმარტებით, კამერებში ასახული დრო დაახლოებით 1 საათი და 30 წუთით განსხვავდება რეალურ დროსთან. ზ-----------–--ის განმარტებით, სახელოსნოს ეზოში შემოდის შავი ფერის მერსედესი, რომელიც იყო იქ მომუშავე ხელოსნის ბ-------------------ის კლიენტი. ამ დროს, როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა და იყო ხ----------ესთან, უკანა სხვლით მიუახლოვდა ვერცხლისფერი მერსედესი, რომლის მძღოლმაც ახალგაზრდა მამაკაცს შავი ფერის მერსედესის დაყენებასთან დაკავშირებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც 16:12 საათზე ახალგაზრდა მამაკაცი თავდაპირველად მიდის ვერცხლისფერი მერსედესის წინა მარჯვენა გვერდის კართან და ესაუბრება მძღოლს, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით მიდის მარცხენა მხრიდან მძღოლის კართან და ესაუბრება მძღოლს. შემდეგ ჩანს როგორ შეარხია ა/მანქანა. იგი მიყავს მის გვერდით მყოფ პირს. ზ-----------–--ის განმარტებით ეს არის ბ-------------------ე და მისი კლიენტი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. როდესაც ორივე პირი უახლოვდება შავი ფერის მერსედესს, ვერცხლისფერი მერსედესის ავტომანქანა კვლავ უკუსვლით მოდის. მარჯვენა წინა გვერდით მინა აქვს ჩაწეული. ვიდეოჩანაწერში ჩანს ბ-------------------ესთან მყოფი იგივე ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ ღიზიანდება და მირბის ვერცხლისფერ ა/მანქანასთან, აღებს წინა გვერდით მარჯვენა კარს, თუმცა ბ-------------------ემ შეაჩერა, რის გამოც აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი ამჯერად მიდის მძღოლის მხრიდან, აღებს მის კარს და ჩანს მისი მხრიდან მისი ხელის მოქმედება. ზ-----------–--ის განმარტებით, იგი ამ დროს ცდილობდა ვერცხლისფერი მერსედესის მძღოლის გადმოყვანას. ამჯერად ბ-------------------ესთან ერთად სიტუაციის განმუხტვას რამდენიმე პირი ცდილობს. ძირითადად ბ-------------------ე ცდილობს მისი კლიენტის დამშვიდებას, რომელიც 16:13 საათზე კიდევ ერთხელ უახლოვდება ვერცხლისფერი მერსედესის ავტომანქანას და ვინაიდან იგი ვეღარ აღებს მძღოლის მხარეს კარს, ურტყამს ა/მანქანის როგორც წინა ბამპერზე, ასევე ასევე წინა საქარე მინაზე. ზ-----------–--ის განმარტებით, სწორედ ამ დროს ჩაამტვრია ახალგაზრდა მამაკაცმავერცხლისფერი ავტომანქანის წინა საქარე მინა (ს.ფ. 48-54).

აღნიშნული ვიდეოჩანაწერი გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა უშუალო მონაწილეობით.

ბრალდებულმა გ--------–------ემ (რომელიც დაიკითხა დისტანციურად, პროგრამა ,,სკაიპის“ მეშვეობით) სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს მანქანა გასაკეთებლად მიიყვანა ფეიქრების ქუჩა №34-ში. როდესაც მანქანა გააჩერა მისთვის განკუთვნილ ადგილას, მოესმა გინება. თავიდან ამას არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ შემდეგ შენიშნა, რომ ასაკიანი მამაკაცი, რომელიც მანქანაში იჯდა, მას აგინებდა. მან ჰკითხა, თუ რატომ აგინებდა, მაგრამ ასაკიანი მამაკაცი არ წყვეტდა გინებას. იმის გამო, რომ უფროსი კაცი იყო და ხელს ვერ დაარტყამდა, გაბრაზებულმა მის მანქანას დაარტყა ხელი, რა დროსაც მანქანის საქარე მინა ჩაიმსხვრა. მას მანქანის ბამპერისთვის ფეხი არ დაურტყამს და არც შემთხვევით დაუზიანებია. იქ მყოფი პირები, ცდილობდნენ სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ ასაკიანი მამაკაცი კვლავ აგინებდა მას. იგი განარიდეს იქ მყოფმა პირებმა, რის შემდეგაც იქვე გაჩერდა და პოლიციის მისვლას დაელოდა. სამართალდამცავები ადგილზე მალევე მივიდნენ, რის შემდეგაც იგი გამოკითხეს. იგი მზად არის, რომ დაზარალებულს საქარე მინის ზიანი აუნაზღაუროს.

სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურდა გ--------–------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

სასამართლომ ყველა ზემოაღნიშნული მტკიცებულება შეაფასა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის. კერძოდ:

მოწმე ბ-------------------ემ სასამართლოს დაუდასტურა, რომ დაზარალებულ ტ---------------------ის ავტომანქანის ბამპერი, კონფლიქტამდეც დაზიანებული იყო, რაც ასევე არ უარყო თავად დაზარალებულმა ტ---------------------ემ, რომელმაც განაცხადა, რომ ავტომანქანა სახელოსნოში მიყვანილი ჰყავდა ბამპერის შესაღებად. მართალია ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ გ--------–------ე ურტყამს დაზარალებულის ავტომანქანის ბამპერს, მაგრამ აღნიშნული ჩანაწერით არ იკვეთება, რომ ის დაზიანება, რაც სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნაშია მოცემული, გ--------–------ის დარტყმის შედეგად იქნა მიყენებული, ვინაიდან ბამპერი დარტყმამდეც დაზიანებული იყო და გასაკეთებლად იყო სახელოსნოში მიტანილი. საქმეზე წარმოდგენილი სხვა არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ გ--------–------ის მიერ დარტყმის შედეგად იქნა დაზიანებული ბამპერი.

შესაბამისად, ეჭვი სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და წარმოდგენილი მტკიცებულებები გ--------–------ის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად ვერ მიიჩნია.

რაც შეეხება გ--------–------ის მიერ ტ---------------------ის ავტომანქანის საქარე მინის ჩატეხვის ფაქტს, აღნიშნული დასტურდება, როგორც დაზარალებულ ტ---------------------ის ჩვენებით, ასევე მოწმეების ბ-------------------ის, ო------–-------–---–ის, მ--------------–---–ის და ზ-----------–--ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერით, მისი დათვალიერების ოქმით და ბრალდებულ გ--------–------ის აღიარებითი ჩვენებით, თუმცა ვინაიდან სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქარე მინის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 150 (ას ორმოცდაათი) ლარს, ჩადენილი ქმედება ვერ შეფასდება დანაშაულად, რადგან საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის მიხედვით, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ზემოთ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცებას მათემატიკური სიზუსტით. გონივრულია ეჭვი თუ ის ეფუძნება ლოგიკას, საღ აზრს, მსჯელობას, მიზეზს და გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც საშუალო სტატისტიკურ გონიერ ადამიანს გაუჩნდებოდა მტკიცებულებათა აწონ-დაწონვის შედეგად.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ--------–------ის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ავტომანქანის ბამპერი, რომელსაც გ--------–------ემ დაარტყა, მანამდეც დაზიანებული იყო.

ასევე, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ ვარაუდია ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ბამპერთან დაკავშირებული ზიანი, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული, სწორედ გ--------–------ემ განახორციელა. რაც შეეხება საქარე მინის დაზიანებას, ნივთის ღირებულებიდან გამომდინარე, ხსენებული ფაქტი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ დანაშაულს.

ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ--------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში - უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------–------ე გამართლდეს საქართველოს სსკ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ--------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

გამართლებულს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ნივთიერი მტკიცებულება - ორი ცალი კომპაქტ-დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი