განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002802130
N1/6-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-–-- გ--–-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ----- ო------------;
ბრალდებული - ი----- ნ---------, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჭიათურის რაიონი, სოფელი ხ-------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - 2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 1 ივნისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში მცხოვრები ი----- ნ---------, ამავე სოფელში მცხოვრებ ძმის შვილს – ა--–-- ნ---------ს, გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, ა--–-- ნ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ა--–-- ნ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 1 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, დაკავებული იყო საოჯახო საქმეებით. სანამ ცოლის მოსაყვანად წავიდოდა, უნდა მიეხედა ღორისთვის, რომელიც დაბმული ჰყავდა გზის მახლობლად, ი.ნ---------ს სახლთან ახლოს. როდესაც წავიდა, გზაში დაინახა, რომ სადაც ღორი იყო დაბმული და იდგა ე.წ. "სანაკელე ყუთი", ყუთს ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. როდესაც გაიქცა ყუთისკენ, დაინახა ი----- ნ---------, რომელსაც ხელში მომარჯვებული ჰქონდა თოფი და დაუძახა არ მისულიყო თორემ ესროდა, დახოცავდა და მოკლავდა ყველას. აღნიშნულზე შეჩერდა, ნაბიჯებით უკან დაიხია, რა დროსაც, ი-----მა ორჯერ გაისროლა მისი მიმართულებით. შეშინდა, შებრუნდა და წავიდა სახლისკენ. როდესაც სახლს მიუახლოვდა, გაიგო მესამე გასროლის ხმა. ასევე, გაიგო საფანტის მოხვედრის ხმა სახლის კედლებზე. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ი----- ნ--------- დაინახა თოფით ხელში, მას შეშლილი სახე ჰქონდა, პირიდან "დუჟი" სდიოდა, იძახდა "გესვრით, უნდა დაგხოცოთ, მოგკლათ ყველაო, არ მოხვიდე თორე გესვრიო". ი-----ის სიტყვების შეეშინდა და შეჩერდა, დაიხია უკან და შემდეგ წავიდა სახლისკენ.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---- ნ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 1 ივნისს, იმყოფებოდა სახლში, შვილთან ა--–-- ნ---------სთან და შვილიშვილთან ერთად. ა--–--ი გავიდა გარეთ, ღორის მისახედად. რამდენიმე ხანში თვითონაც გავიდა გარეთ და გაიგო გასროლის ხმა. წავიდა ა--–--ის მიმართულებით, რა დროსაც გაიგო ი----- ნ---------ს ხმა, რომელიც იძახდა - "ჩემს შვილებს მტერს არ დაუტოვებო". გზაში შეხვდა ა--–--ი, რომელმაც უთხრა, რომ ი-----ი ისროდა თოფს. მოწმის განმარტებით, როდესაც გარეთ გავიდა, გაიგო სამი გასროლის ხმა, ასევე, ი----- ნ---------ს ხმა, რომელიც იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით. იძახდა "დაგხოცავთ ყველას, ცოცხლებს არ დაგტოვებთო". უშუალოდ მას, ი-----ი არ უნახავს, თუმცა ხმაზე იცნო და ა--–--მაც უთხრა, რომ ი-----ი ისროდა თოფს.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--------- ნ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 1 ივნისს იმყოფებოდა ტყეში, ფიჩხის შესაგროვებლად და როდესაც ბრუნდებოდა სახლში, გაიგო თოფის გასროლის ხმა. დაინახა ი----- ნ---------, რომელსაც ხელში თოფი ეჭირა, ა--–-- ნ---------ს სახელს ახსენებდა, ილანძღებოდა, იგინებოდა და იძახდა სიტყვებს "ამოგწყვიტავთ, მოგკლავთ". როგორც ა--–--ისგან იცის, როდესაც პირუტყვის ასაშვებად მივიდა, ი-----მა ისროლა თოფი.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- ჩ-------მ განაცხადა, რომ მუშაობდა ჭიათურის რაიონული სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად საქმის გამოძიების დროს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო ი----- ნ---------ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ც-------მ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ალ.დ---–---სთან, ბ.დ---------სთან და ი.ნ---------სთან ერთად მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა და ერთ ცალი ე.წ. "პიჟი". ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე. შედგა შესაბამისი ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ჯ---–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა და ერთი ცალი ე.წ. "პიჟი". შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, მოწმის სახით გამოკითხა ა--–--, გ--------- და მ---- ნ---------ები.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი----- ლ------მ განაცხადა, რომ მუშაობს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ი----- ნ---------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებული, ამოიღო თოფი, დანიშნა ექსპერტიზები და ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეზე. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გააცნო ა.ნ---------ს და გამოკითხა.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ი----- ნ---------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 1 ივნისს, ცხენით წავიდა რაჭაში, ნათესავებთან. თან ჰქონდა იარაღიც. როდესაც უკან დაბრუნდა და სასაფლაოსთან გაიარა, გაიგო მისი ძმის ხმა, რომელიც ძაღლს ეძახდა. აღნიშნულზე შელაპარაკდა მასთან. როდესაც სახლში მივიდა, დაინახა, რომ ე.წ. "სანაკელე ყუთი", რომელიც სხვა ადგილზე იდგა, მიახლოებული იყო მის ჭიშკართან. გავიდა, აიღო ასანთი და წაუკიდა ცეცხლი, აინტერესებდა ვისი იყო. შევიდა ეზოში, დაჯდა ქვაზე, იარაღი გვერდით მოიდო და დაელოდა ყუთის მეპატრონის გამოჩენას. როდესაც ცეცხლი აალდა ჰაერში, ძმის თ---------- ნ---------ს სახლიდან გაიგო ხალხის ხმა, ორი ქალის და სამი კაცის "არა მე გამიშვი". გაიხედა და დაინახა ა--–-- ნ---------, რომელიც გულზე იბრახუნებდა ხელებს და ეუბნებოდა მას "ამას რო ჩავაქრობ, შენ დაგინთებ ცეცხლს გვერდებშიო". როდესაც დაინახა მისკენ მიმავალი ა--–--ი, დაუძახა "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, არ შემოხვიდე, შეინარჩუნე სიცოცხლე". როდესაც მიხვდა, რომ ა--–--ი არ ჩერდებოდა და შევიდოდა მის ეზოში, აიღო იარაღი და გაისროლა ჰაერში ორჯერ. გასროლის შემდეგ, ა--–--ი შებრუნდა უკან და ჩაიკეცა. ბრალდებულის განმარტებით, ა--–--ის ნათქვამი სიტყვები "ამას რო ჩავაქრობ შენ დაგინთებ ცეცხლს გვერდებში" აღიქვა რეალურად, რომ ა--–--ი მას სცემდა. სწორედ ამიტომ, გაფრთხილების მიზნით მოახდინა გასროლა ჰაერში.
10. საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების გ------- შ--–------ს, ა-–---------- დ------ს და ბ----- დ---------ს დაკითხვა.
11. 2017 წლის 1 ივნისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ი----- ლ------ს მიერ, ი----- ნ---------სგან ამოღებული იქნა ტოზის ფირმის, ორლულიანი სანადირო, 16 კალიბრის თოფი, რომლის კონდახის ნომერია X---------, ცევიოს ნომერია X---------, ხოლო ლულის ნომერია X---------.
12. 2017 წლის 2 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში, ნ---------ების უბანში და წარმოადგენს ნ---------ების უბანში გამავალი საუბნო გზის მიმდებარე ტერიტორიას. აღნიშნულ ტერიტორიას დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება ი----- ნ---------ს საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც შემოღობილია ქვებითა და ხის ტოტებით. აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება მცირე ზომის ე.წ. ღელე, მინდვრიანი ფერდობი და ი----- ნ---------ს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ი----- ნ---------მ მიუთითა საუბნო ეზოდან მარჯვენა მხარეს დაახლოებით 2 მეტრში დაგდებული ხისგან შეჭედილ ყუთზე, რომელიც დამწვარია სანახევროდ და განმარტა რომ 2017 წლის 1 ივნისს, მან ცეცხლი წაუკიდა და დაწვა აღნიშნული ხის ყუთი. აგრეთვე ი----- ნ---------მ მიუთითა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ადგილზე, სადაც მინდორში დაგდებულია ერთი ცალი მომწვანო ფერის პლასტმასის გარსიანი სანადირო თოფის გასროლილი მასრა და ერთი ცალი მონაცისფრო ფერის გასროლილი მასრის ე.წ. „პიჟი“ და განმარტა, რომ 2017 წლის 1 ივნისს, მან მითითებული ადგილიდან მოახდინა თავისი კუთვნილი სანადირო თოფიდან ორი გასროლა ჰაერში, როდესაც თავისი ძმისშვილი ა--–-- ნ--------- იმყოფებოდა ე.წ. ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა მომწვანო ფერის პლასტმასის გარსიანი ერთი ცალი გასროლილი მასრა და მონაცრისფრო ფერის გასროლილი მასრის ერთი ცალი ე.წ. „პიჟი“, რაც მოთავსდა და დაილუქა სპეციალურ F----------- პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოხდა ფოტოგადაღება.
13. იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ი----- ნ---------ს რეგისტრირებული აქვს - თოფი ცეცხლსასროლი, TOZ BM (ნომრით a------------------------).
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N140/ბ დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი: 1. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო N------- თოფი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
2. 16 კალიბრის სანადირო ვაზნის ერთი ცალი პლასტმასის კორპუსიანი მასრა გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 16 კალიბრის ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის გარეჩახმახიანი სანადირო N------- თოფის მარჯვენა ლულიდან.
15. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს, იარაღის აღრიცხვის განყოფილების 2017 წლის 19 ივნისის N----------------- მიმართვით დასტურდება, რომ 16 კალიბრის, "ТОЗ-БМ" მოდელის N---------------------- თოფი, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია - ი----- ი---------ს ძე ნ---------ს (დ---------------–--–------------------) სახელზე.
16. 2017 წლის 1 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ა--–-- ნ---------მ გამომძიებელს აჩვენა ადგილები, საიდანაც მან დაინახა ი----- ნ---------, რომელსაც ხელში მომარჯვებული ჰქონდა თოფი. ასევე, აჩვენა ადგილი, სადაც გაიგო ორი, ხოლო შემდეგ მესამე გასროლის ხმა. აჩვენა ადგილები, სადაც დაბმული ჰყავდა ღორი და როგორ დაბრუნდა შემდეგ უკან, სახლში.
17. 2017 წლის 18 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ი----- ნ---------მ გამომძიებელს აჩვენა ადგილები, სადაც დილის საათებში მას და ა--–-- ნ---------ს მოუვიდა შეკამათება. ასევე, აჩვენა ადგილი, სადაც განთავსებული იყო ე.წ. "სანაკელე ყუთი". ასევე, აჩვენა ადგილები, სადაც დაჯდა თოფით ხელში ეზოში და დაელოდა როდის მივიდოდა ყუთის მეპატრონე ადგილზე. ასევე, ადგილები, თუ სად იდგა როდესაც დაინახა მისკენ მიმავალი ა--–-- ნ--------- და ის ადგილი, საიდანაც დაუძახა რომ არ შესულიყო, შეენარჩუნებინა სიცოცხლე.
18. 2017 წლის 18 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მ---- ნ---------მ გამომძიებელს აჩვენა ადგილები სადაც გაემართა მისი შვილი 2017 წლის 1 ივნისს. ასევე, ადგილი, სადაც მან გაიგო გასროლის ორი ხმა, ხოლო შემდეგ მესამე გასროლა. სადაც შეხვდა შეშინებულ შვილს ა--–-- ნ---------ს.
19. 2017 წლის 18 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ ექსპერიმენტში მონაწილე გ--------- ნ---------მ გამომძიებელს აჩვენა ადგილები სადაც მოძრაობდა 2017 წლის 1 ივნისს და გაიგო სამი გასროლის ხმა. ასევე, აჩვენა ადგილი, სადაც მან დაინახა ი----- ნ---------, რომელსაც ხელში ეჭირა თოფი, იგინებოდა, ახსენებდა ა--–-- ნ---------ს სახელს და იყო გაბრაზებული.
20. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
21. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ივნისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითში მცხოვრები ი----- ნ---------, ამავე სოფელში მცხოვრებ ძმისშვილ – ა--–-- ნ---------ს გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, განახორციელა გასროლა, რა დროსაც ა--–-- ნ---------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი----- ნ---------მ განხორციელებული ქმედებით, ა--–-- ნ---------ს მიმართ ჩაიდინა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება:
22. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
23. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ ი----- ნ---------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი----- ნ---------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ი----- ნ---------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
26. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ი----- ნ---------ს განმარტებას, რომ მას ა--–-- ნ---------ს მიმართ მუქარა არ განუხორციელებია, არამედ თავის დასაცავად განახორციელა გასროლა სანადირო თოფიდან, ვინაიდან მიხვდა, რომ ა--–--ი, რომელიც მისკენ მიდიოდა და დაუძახა სიტყვები "ამას რო ჩავაქრობ, შენ დაგინთებ ცეცხლს გვერდებში" შეასრულებდა და მიაყენებდა მას დაზიანებებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით. ამასთან, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებში, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად აღწერენ ი----- ნ---------სა და ა--–-- ნ---------ს შორის განვითარებული მოვლენების დეტალებს. კერძოდ, მოწმე მ---- ნ---------მ განაცხადა, რომ გარეთ გასვლის შემდეგ, გაიგო გასროლის ხმა, წავიდა შვილის მიმართულებით, რა დროსაც მას გზაში შემოხვდა შეშინებული ა--–-- ნ---------, რომელმაც უთხრა, რომ ი----- ნ--------- ესროდა. ასევე, გარეთ ყოფნის დროს, გაიგო ი-----ის ყვირილის, ლანძღვა-გინების ხმა და სიტყვები "დაგხოცავთ, ცოცხლებს არ დაგტოვებთ". მოწმე გ--------- ნ---------ს განმარტებით კი, როდესაც ბრუნდებოდა სახლში, გაიგო თოფის გასროლის ხმა. დაინახა ი----- ნ---------, რომელსაც ხელში თოფი ეჭირა, ა--–-- ნ---------ს სახელს ახსენებდა, ილანძღებოდა, იგინებოდა და იძახდა სიტყვებს "ამოგწყვიტავთ, მოგკლავთ". ა--–--მა უთხრა, რომ როდესაც პირუტყვის ასაშვებად მივიდა, ი-----მა ისროლა თოფი. დაზარალებულ ა--–-- ნ---------ს განმარტებით კი, 2017 წლის 1 ივნისს, როდესაც წავიდა ღორის ასაშვებად, დაინახა ი----- ნ--------- რომელსაც შეშლილი სახე ჰქონდა, პირიდან "დუჟი" სდიოდა, ხელში თოფი ეჭირა და იძახდა სიტყვებს "გესვრით, უნდა დაგხოცოთ, მოგკლათ ყველაო, არ მოხვიდე თორე გესვრიო". ასევე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავად ი----- ნ---------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, დადასტურდა ფაქტი იმის შესახებ, რომ 2017 წლის 1 ივნისს, ი----- ნ---------მ, ა--–-- ნ---------ს უთხრა სიტყვები, "გაუფრთხილდი სიცოცხლეს, არ შემოხვიდე, შეინარჩუნე სიცოცხლე" და თოფი გაისროლა ორჯერ. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ნ---------ს განმარტება მისი უდანაშაულობისა და თავდაცვის შესახებ, მოგონილია მის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, არადამაჯარებელია და ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
27. ი----- ნ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
29. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი----- ნ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი----- ნ--------- არ არის ნასამართლევი, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან და არის 73 წლის, პენსიონერი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ი----- ნ---------ს საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი----- ნ---------ს მიმართ დანიშნული სასჯელით - ჯარიმით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
30. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულის საგანი/იარაღი და მისი ჩამორთმევა საჭიროა სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ასევე, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----- ნ---------ს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის, ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის, NX18513, გარეჩახმახიანი სანადირო თოფი (რომელიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- ნ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ი----- ნ---------ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის, ორლულიანი „ТОЗ-БМ“ მოდელის, NX18513, გარეჩახმახიანი სანადირო თოფი (რომელიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში);
ი----- ნ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: მომწვანო ფერის, პლასტმასის ერთი ცალი გასროლილი მასრა და მონაცრისფრო ფერის, გასროლილი მასრის ერთი ცალი ე.წ. „პიჟი“, რომლებიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე