გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2018-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - ი/მ „გ-------–---–---–ი“
წარმომადგენელი - გ-----------------ა
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - მ-------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე-----–------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28--- ბრძანება.
1.3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება №69--------- საჩივარზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს 15:10 საათზე შედგა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ გ-------–---–---–ის მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით), კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის 2640 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუტქების: დახერხილი ხის მასალა (ფიცარი) (4.4მ3x600 ლარი), ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი Z------, მძღოლი - ზ----------–---–ი, გადამოწმების დრო - 10.09.2018 წლის 14:02სთ), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ამდენად, გ-------–---–---–ი დაჯარიმდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით, 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ.22-23);
3.2. გ-------–---–---–მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, გ-------–---–---–მა მოითხოვა დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28--- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ი/მ „გ-------–---–---–ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------–---–---–ის საჩივარი (ს.ფ.24-26);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28--- ბრძანება (ს.ფ.31-34).
3.3. გ-------–---–---–მა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28--- ბრძანების გაუქმება.
საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28--- ბრძანება არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს სამართალდარღვევის ოქმთან ერთად, რადგან ტრანსპორტირებულ მასალაზე გამოწერილი იყო №0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, 3.57 მეტრ კუბი ხის მასალა იყო იმპორტირებული, ხოლო 1.23 მეტრ კუბი იყო ადგილობრივი წარმოშობის, რომელიც გ-------–---–---–მა შეიძინა ზ----------–---–ისაგან №0--------- სასაქონლო ზედნადებით. ამდენად, გ-------–---–---–ის მხრიდან არ მომხდარა სასაქონლო ზედნადებში რაიმე სახის ინფორმაციის არამართლზომიერად ასახვა, რაც უკავშირდება ხე-ტყის წარმოშობის დადასტურებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ-------–---–---–ის საჩივარი (ს.ფ.27-30);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ.36-43);
3.4. 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (შედგენის დრო 12:53სთ) თანახმად, გ-------–---–---–მა შპს „ვ------–------–---------ას“ 3120 ლარად მიჰყიდა - ფიცარი (იმპორტ./სახელმწ. საკუთრ. მიქცეული) 3.57მ3; ფიცარი 1.23მ3 (ფირნიშის/ცნობის ნომერი 00-----------------1), ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მიეთითა ქ.თბილისი, ა----–ა, ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ქ.თბილისი, დ-----------; სატრანსპორტო საშუალების ნომერი Z------, მძღოლი - ზ----------–---–ი, წარმოშობის დოკუმენტი - 2018 წლის 10 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, 2018 წლის 7 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, 2018 წლის 10 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.89-90).
3.5. 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (შედგენის დრო 12:27სთ) თანახმად, ზ----------–---–მა გ-------–---–---–ს 806 ლარად მიჰყდა ფიცარი 1.3მ3 (ფირნიშის ნომერი 000-----------------1); ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ქ.თბილისი, წერეთლის გამზ.118, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ა----–ის აგარაკები; სატრანსპორტო საშუალების ნომერი Z------, მძღოლი - ზ----------–---–ი, წარმოშობის დოკუმენტი - 2018 წლის 9 მაისის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.91-92).
3.6. 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (შედგენის დრო 11:22 სთ) თანახმად, თ----–--------–--ემ გ-------–---–---–ს 1644.3 ლარად მიჰყიდა ფიცარი (იმპორტ./სახელმწ. საკუთრ. მიქცეული) 2.61მ3; ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ქ.თბილისი, ი--------------ა, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ა----–ა; სატრანსპორტო საშუალების ნომერი Z------, მძღოლი - ზ----------–---–ი, წარმოშობის დოკუმენტი - 2018 წლის 6 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.95-96).
3.7. 2018 წლის 7 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (შედგენის დრო 09:34სთ) თანახმად, შპს „ნ--–-მ“ თ----–--------–--ეს 576 ლარად მიჰყიდა ფიცარი 0.96მ3 (ფირნიშის ნომერი 0001524-2018-328-0001); ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ქ. თბილისი, სოფ.დ------ი ნაკვეთი 01.72.14.035.438, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ა----–ის აგარაკები; სატრანსპორტო საშუალების ნომერი C------, მძღოლი - გ------------ი; წარმოშობის დოკუმენტი - 2018 წლის 4 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 7 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.93-94).
3.8. 2018 წლის 6 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (შედგენის დრო 14:25სთ) თანახმად, შპს „გ-–-----–--“-მა თ----–--------–--ეს 1539.9 ლარად მიჰყიდა ხის მასალა (იმპორტ./სახელმწ. საკუთრ. მიქცეული) 2.61მ3; ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ქ. თბილისი, ა--–-------, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ქ. თბილისი, ი------------; სატრანსპორტო საშუალების ნომერი Z------, მძღოლი - ზ----------–---–ი, წარმოშობის დოკუმენტი - 2018 წლის 3 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 6 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.97-98).
3.9. 2018 წლის 9 მაისის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (კორექტირების თარიღი 10/05/2018 09:22) თანახმად, შპს „ასს“-მა ზ----------–---–ს მიჰყიდა 8800 ლარის ღირებულების ფიცარი 16მ3 (ფირნიშის ნომერი 000-----------------1); ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ბ---------–-----------, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი ქ. თბილისი, წ-------–------; სატრანსპორტო საშუალების ნომერი NPN771, მძღოლი - ბ-–------------; წარმოშობის დოკუმენტი - 2018 წლის 24 აპრილის №0--------0 ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 9 მაისის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ს.ფ.18-19).
3.10. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს 2018 წლის 12 სექტემბრის №D------------- წერილის თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანა, სახ.სანომრე ნიშნით Z--------, რომელსაც მართავდა ზ----------–---–ი. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანა დატვირთული იყო 4.7მ3 ფიცარით. შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში გადამოწმების შედეგადაც დადგინდა, რომ ატვირთულია ელ.ზედნადები №0---------, რომლის თანახმად 3.57მ3 ფიცარი წარმოადგენს იმპორტირებულს, ხოლო 1.23მ3 ფიცარზე მითითებულია სახერხი საამქროს მიერ გაცემული ცნობა 00-----------------1, რომელსაც 2015 წელს რეგისტრაცია გაუქმებელი აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს 2018 წლის 12 სექტემბრის №D------------- წერილი (ს.ფ.76-77);
- 2018 წლის 10 სექტემბრის აქტი (ს.ფ.78);
- ფოტოსურათები (ს.ფ.80-83).
3.11. ზ----------–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, იგი 2018 წლის 10 სექტემბერს ახორციელებდა ქ. თბილისი, წ-------–-------იდან ქ. თბილისი, ა----–ის მიმართულებით ხის მასალის ტრასპორტირებას, რომლის დროსაც გააჩერა გარემოს დაცვის სამსახურმა და გადამოწმდა, აღმოჩნდა, რომ 1.3მ3 ხის მასალაზე არასწორად იყო ატვირთული დოკუმენტაცია, რაც ზ----------–---–ის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, ხოლო დანარჩენი 3.4მ3 ფიცარი იყო იმპორტირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზ----------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ.79).
3.12. ზ----------–---–ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბერს გ-------–---–---–ის კუთვნილი 4.7მ3 ხის მასალის ტრანსპორტირებისას, 1.3მ3 ხის მასალა დაიტვირთა წ-------–-------ში ზ----------–---–ის სავაჭრო ობიექტში. 2.61მ3 დაიტვირთა ნაძალადევის რაიონში, ი--------------აზე, სადაც ზ----------–---–მა აღნიშნული მასალა თავად მიიტანა წინა პერიოდში. დარჩენილი 0.98მ3 ხის მასალა დაიტვირთა ა----–ის აგარაკებზე. ტრანსპორტირების საბოლოო დასრულების ადგილი იყო თბილისი, დ-----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზ----------–---–ის ახსნა-განმარტება (ს.ფ.84).
3.13. გ-------–---–---–ის 2018 წლის 20 სექტემბრის ახსნა-განმარტების თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბერს ზ----------–---–ი ახდენდა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი მისი კუთვნილი დაახლოებით 4.68მ3 ხის მასალის ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალებით (სახ.ნომერი Z------), რომელზეც გამოწერილი იყო 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები. ზედნადების მე-20 გრაფაში მითითებულია სამი სასაქონლო ზედნადები. კერძოდ, 2018 წლის 7 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით გ-------–---–---–მა აღნიშნა, რომ მოცემული მასალა შეიძინა თ----–--------–--ისაგან, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული მასალის წარმოშობის დოკუმენტის ნომრის შესახებ, თავად კი შეცდომით მიუთითა ზედნადებში აღნიშნული ნომერი. 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებთან დაკავშირებით გ-------–---–---–მა მიუთითა, რომ აღნიშნული მასალა შეიძინა ზ----------–---–ისაგან და მოცემული მასალა სჭირდებოდა დამკვეთისათვის მისაწოდებლად. 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებთან დაკავშრებით კი გ-------–---–---–მა განმარტა, რომ ზედნადებში დაფიქსირებული მასალა შეიძინა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა კლიენტმა უარი თქვა მის მიღებაზე, რის საფუძველზე ორი დღის შემდეგ ზ----------–---–ს სთხოვა, თავისი სატრანსპორტო საშუალებით შეეტანა ვაგონმშენის ქარხანაში. ახსნა-განმარტების თანახმად, გ-------–---–---–მა მყიდველთან შეთანხმების შედეგად იკისრა ვალდებულება, ხის მასალა მიეტანა ქ.თბილისში ი--------------აზე, 6 რიცხვში, ამასთან, ტრანსპორტირება განახორციელა გ-------–---–---–მა მისი ხარჯებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ-------–---–---–ის 2018 წლის 20 სექტემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ.86-87).
3.14. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 21 სექტემბრის №4---------- დასკვნის თანახმად, დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალის მოცულობა შეადგენდა 4.4მ3, საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 2640 ლარს დღგ-ის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 21 სექტემბრის №4---------- დასკვნა (ს.ფ.106-110).
3.15. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №10---------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარმოშობის დოკუმენტად მითითებული 2018 წლის 7 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, მყიდველია ი/მ „თ----–--------–--ე“. აღნიშნული დოკუმენტით შემდგომი შეძენა ი/მ „გ-------–---–---–ს“ არ უფიქსირდება.
სამსახურებრივი ბარათის თანახმად, წარმოშობის დოკუმენტად მითითებული 2018 წლის 10 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, გამყიდველია ი/მ „თ----–--------–--ე“, ხოლო მყიდველია ი/მ „გ-------–---–---–ი“. ტრანსპორტირების დაწყების მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ი--------------ა, ასევე ზედნადების მე-20 გრაფაში წარმოშობის დოკუმენტად მითითებული №0---------, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების დასრულების მისამართად მითითებულია ქ. თბილისი ი---------------. საგადასახადო ორგანოს მიერ გადამოწმდა ი/მ „თ----–--------–--ის“ შეძენის და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, გარდა ზემოაღნიშნული ზედნადებებისა, ტრანსპორტირების დაწყებისა ან/და ტრანსპორტირების დასრულების მისამართად ქ. თბილისი ი--------------- არ არის მითითებული. გადამოწმების მიზნით, მისამართზე არსებობდა თუ არა ი/მ „თ----–--------–--ის“ კუთვნილი ობიექტი, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები გამოცხადნენ ქ. თბილისი ი----------------ში. როგორც ზემონახსენებ მისამართზე მცხოვრები ნ------------------–---–ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ის აღნიშნულ მისამართზე აშენებდა ხის სახლს, რისთვისაც ესაჭიროებოდა დახერხილი ხის მასალა. 2018 წლის 6 სექტემბერს მან ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2,61მ3 დახერხილი ხის მასალა, ტრანსპორტირება განახორციელა ავტომანქანით სახ.ნომერი Z--------, რომელსაც მართავდა ზ----------–---–ი. აღნიშნული მასალა 6 სექტემბერსვე მიტანილ იქნა ქ. თბილისში, ი----------------ში და გამოყენებულ იქნა სახლის მშენებლობაში. მისი განმარტებით, არ მომხდარა მასალის სხვა მისამართზე გადატანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №10---------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.73-74);
- ნ-----------------–---–ის 2018 წლის 18 სექტემბრის ახსნა-განმარტება (ს.ფ.99);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.101-102);
- ფოტოსურათი (ს.ფ.103-105).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 136-ე, 269-ე და 286-ე მუხლები; მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციით, რომლის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე ბრძანების 252 მუხლით მოწესრიგებულია ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე: (ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; (ბ.ა) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;
მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ინსტრუქციის 251 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება ამავე ინსტრუქციის №II-013 დანართით დამტკიცებული ფორმის ზედნადებზე.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში –საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; ბ) ხე/მცენარის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე/მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები; გ) იმპორტის შემთხვევაში – იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; დ) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი; ე) სსიპ – ეროვნულის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრებით მიღებული ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე/მცენარის და მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის პირის (მათ შორის, სახელმწიფოს) საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში – სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება; ზ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა(მორის) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის შემთხვევაში – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა ან/და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში იწერება: ა) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებული თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის სპეციალური ფირნიშის ერთი კონკრეტული ნომერი. სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითება ასევე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – პროდუქტი) ტრანსპორტირებისას (გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა მიწოდება, მისი ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, ზედნადების ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ, კონკრეტული დასახელების თითოეულ პროდუქტზე, ზედნადების ცხრილის VIII სვეტში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი ერთი კონკრეტული სპეციალური ფირნიშის ნომერი, რომლით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან/და ხე-მცენარის გადამუშავების შედეგადაც არის მიღებული პროდუქტი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დასახელების პროდუქტი მიღებულია სხვადასხვა სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარისგან, თითოეულისაგან მიღებული პროდუქტი, ასევე ცალ-ცალკე იწერება ზედნადების ცხრილის II სვეტში რიგითი ნომრის მიხედვით; ბ) ამავე ცხრილის II სვეტში ცალ-ცალკე რიგითი ნომრის მიხედვით მითითებულ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების თითოეულ პროდუქტზე, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სპეციალური ფირნიშის ნომრის მითითებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის“ (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში –რეგლამენტი) №14 დანართით გათვალისწინებული, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ცნობის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შემდგომში – ცნობა) ნომერი, თუ რეგლამენტით განსაზღვრული სახერხი საამქროდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტი გატანილია ამავე რეგლამენტით გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ცნობის გენერირების სახერხი საამქროსათვის ვალდებულების დადგენის მომენტიდან.
სასამრთლო განმარტავს, რომ ხე-ტყისა და მისი პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის სპეციფიკისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გარემოსდაცვითი მიზნებიდან გამომდინარე საჯარო ინტერესების დაცულობის უზრუნველსაყოფად კანონმდებელმა, ერთი მხრივ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლიდან ცალკე გამოჰყო ხე-ტყე და მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოუწერლობაზე დააწესა განსხვავებული და უფრო მკაცრი სანქცია, ხოლო, მეორე მხრივ, შემოღებულ იქნა სასაქონლო ზედნადების სპეციალური სახე - ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რომელიც მოიცავს ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამასთან, დამატებულია მე-20 და 21-ე სტრიქონები (პირველადი დოკუმენტი და ფირნიშის ნომერი). სასამართლო მიუთითებს, რომ მე-20 და 21-ე სტრიქონების შევსება ემსახურება ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების გადამოწმებას, რათა გამოირიცხოს პირის მიერ ხე-ტყის მოპოვება კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ამდენად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერა გულისხმობს არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების დაცვას, როდესაც პირი ავსებს ზედნადების ყველა პუნქტს, არამედ მეწარმის მიერ მითითებული მონაცემები უნდა იყოს სწორი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს 15:10 საათზე შედგა №C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ გ-------–---–---–ის მიერ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის 2640 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუტქების: დახერხილი ხის მასალა (ფიცარი) (4.4მ3x600 ლარი), ტრანსპორტირებას (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი Z------, მძღოლი - ზ----------–---–ი, გადამოწმების დრო - 10.09.2018 წლის 14:02სთ), ახორციელებდა კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. ამდენად, გ-------–---–---–ი დაჯარიმდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით, 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების (შედგენის დრო 12:53სთ) თანახმად, გ-------–---–---–მა შპს „ვ------–------–---------ას“ 3120 ლარად მიჰყიდა - ფიცარი (იმპორტ./სახელმწ. საკუთრ. მიქცეული) 3.57მ3; ფიცარი 1.23მ3 (ფირნიშის/ცნობის ნომერი 00-----------------1), ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მიეთითა ქ.თბილისი, ა----–ა, ტრანსპორტირების დასრულების ადგილად ქ. თბილისი, დ-----------; სატრანსპორტო საშუალების ნომერი Z------, მძღოლი - ზ----------–---–ი, წარმოშობის დოკუმენტი - 2018 წლის 10 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, 2018 წლის 7 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, 2018 წლის 10 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
მხარეთა მიერ სადავოდ არ არის ქცეული ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ხე-ტყის ტრანსპორტირებას, რაზედაც გამოწერილი უნდა ყოფილიყო ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები.
სარჩელის თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ის ფაქტი, რომ სადავო საქონელს არ გააჩნდა წარმოშობის დოკუმენტი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს 2018 წლის 12 სექტემბრის №D------------- წერილზე, რომლის თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში მითითებული 3.57მ3 ფიცარი წარმოადგენს იმპორტირებულს, ხოლო 1.23მ3 ფიცარზე მითითებულია სახერხი საამქროს მიერ გაცემული ცნობა 00-----------------1, რომელსაც 2015 წელს რეგისტრაცია გაუქმებელი აქვს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 25 სექტემბრის №10---------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარმოშობის დოკუმენტად მითითებული 2018 წლის 7 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით მყიდველია ი/მ „თ----–--------–--ე“. აღნიშნული დოკუმენტით შემდგომი შეძენა ი/მ „გ-------–---–---–ს“ არ უფიქსირდება.
ამავე სამსახურებრივი ბარათის თანახმად, წარმოშობის დოკუმენტად მითითებული 2018 წლის 10 სექტემბრის №0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მიხედვით, გამყიდველია ი/მ „თ----–--------–--ე“, ხოლო მყიდველია ი/მ „გ-------–---–---–ი“. ტრანსპორტირების დაწყების მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ი--------------ა, ასევე ზედნადების მე-20 გრაფაში წარმოშობის დოკუმენტად მითითებული №0---------, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების დასრულების მისამართად მითითებულია ქ.თბილისი ი---------------. საგადასახადო ორგანოს მიერ გადამოწმდა ი/მ „თ----–--------–--ის“ შეძენის და რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებები, გარდა ზემოაღნიშნული ზედნადებებისა, ტრანსპორტირების დაწყებისა ან/და ტრანსპორტირების დასრულების მისამართად ქ. თბილისი ი--------------- არ არის მითითებული. გადამოწმების მიზნით, მისამართზე, არსებობდა თუ არა ი/მ „თ----–--------–--ის“ კუთვნილი ობიექტი, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები გამოცხადნენ ქ. თბილისი ი----------------ში. როგორც ზემონახსენებ მისამართზე მცხოვრები ნ------------------–---–ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ის აღნიშნულ მისამართზე აშენებდა ხის სახლს, რისთვისაც ესაჭიროებოდა დახერხილი ხის მასალა. 2018 წლის 6 სექტემბერს მან ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა დაახლოებით 2,61მ3 დახერხილი ხის მასალა, ტრანსპორტირება განახორციელა ავტომანქანით სახ.ნომერი Z------, რომელსაც მართავდა ზ----------–---–ი. აღნიშნული მასალა 6 სექტემბერსვე მიტანილ იქნა ქ. თბილისში, ი----------------ში და გამოყენებულ იქნა სახლის მშენებლობაში. მისი განმარტებით, არ მომხდარა მასალის სხვა მისამართზე გადატანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების მე-20 და 21-ე სტრიქონებით გათვალისწინებული ინფორმაცია საჭიროა საქონლის იდენტიფიკაციისა და მასზე უფლების კანონიერად მოპოვების გადამოწმების კუთხით, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რამდენად არის შესაძლებელი საქონლის იდენტიფიკაცია. ამასთან უნდა დადასტურდეს, რომ იგი გაიცა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე. ამრიგად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამოწმების ფაქტი გულისხმობს პირის მიერ მითითებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებთან ტრანსპორტირებული საქონლის შესაბამისობის გადამოწმებასაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს შეეძლება, ხე-ტყის ტრანსპორტირება განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და საქონლის იდენტიფიკაციის გარეშე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების 2018 წლის 21 სექტემბრის №4---------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, დახერხილი ფოთლოვანი ჯიშის ხის მასალის მოცულობა შეადგენდა 4.4მ3.
კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ ზედნადები გამოწერილია ი/მ „გ-------–---–---–ის“ მიერ და ამასთან, საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა ი/მ „გ-------–---–---–ის“ სამეწარმეო მიზნებისათვის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (სახ.ნომერი Z------) ძარაზე განთავსებული ხის მასალა არ არის იდენტური 2018 წლის 10 სექტემბრის №ელ-0--------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული რაოდენობისა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა ტრანსპორტირებული ფიცრების წარმოშობის დოკუმენტები და სადავო ზედნადებში მითითებული ფირნიშის ნომერი ვერ იძლევა სადავო ხის მასალის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება უთანაბრდება სასაქონლო ზედნადების გარეშე მრგვალი ხე-ტყის ტრანსპორტირებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია უნდა შეეფარდოს სადავო ქონების ტრანსპორტირების განმახორციელებელ გადამხდელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სანქციის დაკისრებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტის დადგენას, რომ ხორციელდება საქონლის ტრანსპორტირება წარმოშობის დოკუმენტაციის გარეშე და არა ტრანსპორტირების განმხორციელებელი სუბიექტის ცოდნას სამართალდარღვევის შესახებ.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არ ახდენდა შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით გათვალისწინებული ხის მასალის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის იდენტიფიცირება ვერ ხდება და დაირღვა მისი ტრანსპორტირების წესები, არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. განსახილველ შემთხვევაში ი/მ „გ-------–---–---–ი“ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში ითხოვდა ჯარიმისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენება საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამასთან, საგადასახდო სანქციის სახეებს მიეკუთვნება ჯარიმა და საურავი. ჯარიმა გამოიყენება კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენისას, ამავე კანონით გათვალისწინებული ოდენობით; ხოლო საურავი გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. ამასთან, საგადასახდო პასუხისმგებლობის მიზანია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ჩაიდინა საგადასახადო სამართალდარღვევა, რისთვისაც განესაზღვრა ჯარიმა და საქონლის ჩამორთმევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახდო სანქციისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს ითვალისწინებს საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219(კ-14) და განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ექცევა ი/მ „გ-------–---–---–ის“ საგადასახადო სამართალდარღვევის საფუძველზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების მოთხოვნა.
სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერად მიჩნევის შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხს. დავების განხილვის ორგანოებს, მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ უფლება გაათავისუფლონ გადასახადის გადამხდელი სანქციისგან, რათა გამოჩნდეს ის ფაქტები, გარემოებები, რომელსაც ისინი დაეყრდნობიან გადაწყვეტილების მიღებისას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მართალია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, მაგრამ სადავო საკითხთან მიმართებაში მტკიცების ტვირთის გადატანა ადმინისტრაციულ ორგანოზე, არ უნდა იყოს გამოყენებული, რამდენადაც ამ შემთხვევაში სადავოა და დამტკიცებას ექვემდებარება არა დავის საგნის სამართლებრივი მხარე, არამედ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენა/არ დადგენა. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია მოდავე მხარეებზე მტკიცების ტვირთი პროპორციულად იქნას გადანაწილებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. შესაბამისად, სწორედ საგადასახადო ორგანოზე იქნება მტკიცების ტვირთი დაამტკიცოს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტის ნამდვილობა. თუმცა, სანქციისგან კეთილსინდისიერი გადამხდელის გათავისუფლების მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი კანონმდებლობით არ არის განმარტებული. დოქტრინის მიხედვით ყოველი პროცესუალური კანონმდებლობა აირეკლავს და ითვალისწინებს შესაბამისი დარგის მატერიალური კანონმდებლობის ინსტიტუტებს, პრინციპებს, მიზანს. ადმინისტრაციულ მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავის სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-626-596(კ-07)). სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოების უფლებამოსილებას გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან, რაც თავისთავად გულისხმობს გადამხდელის უფლებას მიმართოს უფლებამოსილ ორგანოებს, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და გათავისუფლდეს სანქციისგან თუ დაამტკიცებს სამართლებრივი ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ მომხდარა იმ გარემოებების დადასტურება, რომელიც გახდებოდა საფუძველი სადავო ჯარიმის ნაწილში მის გათავისუფლების.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტების გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ი/მ „გ-------–---–---–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე