გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2019
საქმის ნომერი
180310019003192719
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/359-19 (180310019003192719)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

0- დეკემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ქე-------------ე

 

მოპასუხე - ს-----------------–---–ი

 

დავის საგანი - არასწორად მიღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების ანაზღაურების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.არასწორად მიღებული თანხის - 120 ლარის მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების (უკან დაბრუნება) დავალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს-----------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე სასამართლოს სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, იგი სხდომაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით უცნობია.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ინ-----------–---–ი იღებდა სახელმწიფო გასაცემელს - სოციალურ პაკეტს 120 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-24.07.2019 წლის წერილი და მასზედ თანდართული დოკუმენტი (ს.ფ. 11-12);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 0-.12.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.2.ბენეფიციარი ინ-----------–---–ი გარდაიცვალა 2-.0-.2019 წელს, რის გამოც სოციალური პაკეტის გაცემა შეწყდა 2019 წლის 01 ივლისს. ინ-----------–---–ის სახელზე 2019 წლის ივნისის თვეში ზედმეტად ჩარიცხული სოციალური პაკეტის ოდენობამ შეადგინა 120 ლარი, რაც მოხმარებული იქნა ინ-----------–---–ის ოჯახის წევრის, შვილის - ს-----------------–---–ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-გარდაცვლილ პირთა რეესტრი;

-სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 04.12.2019 წლის N38------- წერილი;

-24.07.2019 წლის წერილი და მასზედ თანდართული დოკუმენტი (ს.ფ. 11-12);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 0-.12.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2.3.მოპასუხე ს-----------------–---–ს მოსარჩელისაგან გაეგზავნა შეტყობინება ნებაყოფილობით დარჩენილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, თუმცა მის მიერ ვალდებულება შეუსრულებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სარჩელი;

-შეტყობინება (ს.ფ. 13);

-მხარის ახსნა-განმარტება (იხ. 0-.12.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური დახმარება განიმარტება, როგორც ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.

 

აღსანიშნავია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემა, ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირება.

 

სასამართლო მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, მიუხედავად მაძიებლის რეგისტრაციის ადგილისა.

 

იმავე დადგენილების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გარდაცვლილი ბენეფიციარის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას სოციალური პაკეტის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი ბენეფიციარის მემკვიდრის მხრიდან, სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სოციალური პაკეტი შეიძლება დანიშნული იქნეს პერსონალურად, კონკრეტული ცოცხალი პირის სასარგებლოდ და მისი გარდაცვალების შემდგომ, სახელმწიფოს უწყდება სოციალური პაკეტის გაცემის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი დედის - ინ-----------–---–ის ანგარიშზე 2019 წლის ივნისის თვეში ჩარიცხული სოციალური პაკეტის თანხა 120 ლარის ოდენობით, რაც მას კანონით არ ეკუთვნოდა, რადგან მიმღები პირი - ინ-----------–---–ი გარდაიცვალა 2019 წლის 2- მაისს.

 

6.2.სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოყენებას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა გამოყენებულ იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სოციალური პაკეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა ინ-----------–---–ისათვის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სწორედ განსახილველ ვითარებას აქვს მოცემულ შემთხვევაში ადგილი: მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 120 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე ს-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (სოციალური პაკეტის) – 120 ლარის ანაზღაურება;

 

3.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17).

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა