გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310019002832416
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002832416

საქმე №3-------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - რ----------–-–---–-

წარმომადგენელი - გ--------------

 

მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

წარმომადგენლები - რ------------–---–-, ე-------------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის №------- გადაწყვეტილება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 18 დეკემბერს №Q-------- განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შესყიდვა. მისივე განმარტებით, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, რომელიც არის სახელმწიფო საკუთრება. აღნიშნულ მოთხოვნაზე მოსარჩელემ მიიღო სააგენტოს 03.01.2019წ. №------- გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა მხოლოდ იმ მოტივით, რომ დაინტერესებაში არსებული ტერიტორიის რამდენიმე საკადასტრო ერთეულად დაყოფა მიზანშეწონილი არ არის.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე. ამასთან, ის მოტივი, რომელიც მითითებულია უარის საფუძვლად, არ შეიძლება ჩაითვალოს არგუმენტად, რადგან, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მიღებულია მანამდე №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რამდენიმე ერთეულად დაყოფის შედეგად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ №------------ გადაწყვეტილებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

ქ-------–--–---------------------–- მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, 2012 წლის 08 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე, ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2108458.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 09 ნოემბრის №------------ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 62);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 09.11.2015 (ს.ფ. 20-21).

 

3.1.2. რ----------–-–---–მა №Q-------- განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ-------–--–---------------------–- მდებარე №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით შეძენა.

 

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის №------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ ქ-------–--–---------------------–- №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის კანონით დადგენილი ფორმით განკარგვა ქონების მართვის სააგენტოს შესაძლებლად არ მიაჩნდა, ვინაიდან დაინტერესებაში არსებული ტერიტორიის რამოდენიმე საკადასტრო ერთეულად დაყოფა (გამიჯვნა) მიზანშეწონილი არ იყო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის №------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 12).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----------–-–---–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის №------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.

 

დასახელებული კანონის 1181 მუხლით კი განისაზღვრება თბილისის ქონების პრივატიზების წესი, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, თბილისის ქონების აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით საკუთრებაში გადასცემს თბილისის ქონებას.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულება, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება.

 

ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 19-72 დადგენილების შესაბამისად, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების სააუქციონოდ მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ----------–-–---–მა №Q-------- განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და მოითხოვა ქ-------–--–---------------------–- მდებარე №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით შეძენა, თუმცა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის №------- სადავო გადაწყვეტილებით ქ-------–--–---------------------–- №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის კანონით დადგენილი ფორმით განკარგვა ქონების მართვის სააგენტომ შესაძლებლად არ მიიჩნია, ვინაიდან დაინტერესებაში არსებული ტერიტორიის რამოდენიმე საკადასტრო ერთეულად დაყოფა (გამიჯვნა) მიზანშეწონილი არ არის.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის №------- გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, თუმცა მხარე ვერ უთითებს და ვერ ადასტურებს თუ რაში გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა ან/და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ-------–--–---------------------–- მდებარე 2108458.00 კვ.მ. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №----------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს საკუთრების უფლების ცნებასა და შინაარს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით.

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 109-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააგენტო, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით განკარგვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, აუქციონის ფორმით ქონების შეძენის შესახებ განცხადებების განხილვის პროცესში, მოქმედებდა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე, რაც მას ანიჭებდა თავისუფლებას, მიეღო გადაწყვეტილება, უძრავი ქონების განკარგვის ან განკარგვაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის 19-72 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ქონების სააუქციონოდ მომზადება დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე არის სააგენტოს უფლება და არა ვალდებულება.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არაერთი ფაქტორის, მათ შორის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართობის, სამშენებლო განვითარებისა თუ საინვესტიციო პოტენციალის გათვალისწინებით. მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება მოიაზრება მსხვილ საინვესტიციო ობიექტად, რის გამოც, მისი რამდენიმე საკადასტრო ერთეულად დაყოფა (გამიჯვნა) და განკარგვა, იმ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, აუქციონის ფორმით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების შეძენაზე სააგენტოს უარი არ შეიძლება შეფასდეს განმცხადებლისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვად ან მხარის მიმართ დისკრიმინაციული ზომების მიღებად.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2019 წლის 03 იანვრის №------- გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სააგენტო მოქმედებდა კანონმდებლობის სრული დაცვით, მისთვის მინიჭებული/დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რის გამოც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 03 იანვრის №------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----------–-–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული სადავო აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, რ----------–-–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----------–-–---–-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლეილა გოგიშვილი