განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
170100119003250052
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/80-19

გამოძიების #0-----------

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

10 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------–----------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–---------------–-, პირადი ნომერი - 3----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ქ. წ--–---------------–---------, ამჟამად პატიმარი.

 

ადვოკატი - დ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების ფორმულირება:

 

1. 2019 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ--–--–--–--------------–-------------–- მდებარე სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ნ--------–----- სახლში დაგვიანებით მისვლით გაღიზიანებულმა გ---------------, გაშლილი ხელის სახის, კერძოდ, მარჯვენა ლოყის არეში დარტყმის გზით, ფიზიკურად, ხოლო 2019 წლის მაისის ბოლოდან 20 სექტემბრამდე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების, გინებისა და დამცირების გზით, ფსიქოლოგიურად იძალადა ნ--------–------. აღნიშნულის შედეგად ნ--------–----- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. განსახილველ საქმეში ბრალდებულ გ--------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების და დაცვის მხარის მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა უდავოდ ცნეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

 

3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და დანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, აღსანიშნავია, რომ აქ ძალადობა ცემასაც მოიცავს, ისევე როგორც ძალადობის სხვაგვარ ფორმებს. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება.

 

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: გ--------------- აღიარებითი ჩვენება, დაზარალებულისა და მოწმეების - ნ--------–-----, ლ----------------------- გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ვიზუალური დათვალიერების ოქმები და ფოტოსურათები, სამედიცინო ბარათი #--- და სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ--------------- მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის პირველ პუნქტში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

6. დასტურდება, რომ გ--------------- ხელის ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო 2019 წლის მაისის ბოლოდან 20 სექტემბრამდე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების, გინებისა და დამცირების გზით, ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის ნ--------–----- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ--------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა გ--------------- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მისი ყველა სავალდებულო ელემენტის ჩათვლით. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც გ--------------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

7. გ--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ინანიებს მის ჩადენას, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს მის მიმართ. გ--------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.

 

9. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათის, რაც როგორც ფიზიკურ, ისე სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამოიხატა, სასამართლო გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ძირითად სასჯელად გამოყენებას, ვინაიდან მისი გავლენა გ----------------- სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე ხანმოკლე და იმავე დროს ნაკლებად ეფექტური იქნება, რის გამოც გ--------------- მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

11. გ--------------- მიმართ თავისუფლების აღკვეთის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მართლმსაჯულების პროცესის შემოკლებაში მის აქტიურ როლს, ასევე იმ ფაქტს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს ასევე ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებათა არარსებობას და სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული პერიოდი სრულად საკმარისია სასჯელის მიზნების შესასრულებლად.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ, ერთი მხრივ, სახეზეა ფორმალური საფუძველი - გ--------------- აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი და, მეორე მხრივ, სახეზეა საკმარისი გარემოებები, რათა არ იქნეს მიჩნეული საჭიროდ გ--------------- მიმართ დანიშნული სასჯელის მოხდა პენიტენციურ დაწესებულებაში - გ-------------- ინანიებს ჩადენილს, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, გასათვალისწინებელია მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, ჰყავს 3 შვილი, არ აქვს დამამძიმებელი გარემოებები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------- დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 2 წელი, რაც სასამართლოს შეფასებით, განგრძობითი ზეგავლენის ინსტრუმენტი იქნება სასჯელის მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად, სისტემატური ძალადობის გათვალისწინებით.

 

13. სსკ-ის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ-------------- უმუშევარია, მისი მეუღლე მუშაობს სკოლაში, ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი ჰქონდა ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვების გამო მაშინ, როდესაც ბრალდებული თავად თავისუფალია, ამიტომ დამატებითი სასჯელის სახით საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენება მის მიმართ დამატებით ეფექტს შესძენს სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევას. ამიტომ, გ--------------- დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

14. ვინაიდან სახეზეა სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, რაც ასევე გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაშიც, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------- უნდა დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი, სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი. მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით.

 

2. გაუქმდეს გ--------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სხდომის დარბაზში.

 

3. გ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით, მანვე განსაზღვროს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სახე. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

5. გ--------------- დაევალოს გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.

 

6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი