განაჩენი

სისხლის სამართლის 11.12.2019
საქმის ნომერი
110100119003115983
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
11.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100119003115983

N1/186-2019

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი---- ა-–-------;

 

ბრალდებული - შ---- ფ------–---, დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–-- გ------–-----, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.ტყიბული, ზ.კუპრაშვილის ქუჩა N-, ბინა N--; ფაქტობრივად მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ს---------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

ბრალდების არსი: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

სხდომის სახე - ღია;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შ---- ფ------–---მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ----- ჭ---------ეს მკლავებში ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შემდეგადაც ნ----- ჭ---------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ნ----- ჭ---------ემ განაცხადა, 8 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა შ---- ფ------–---სთან და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 2019 წლის 27 ივნისს, იმყოფებოდა თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში, საცხოვრებელ სახლში და საუბრობდა მობილური ტელეფონით, ესაუბრებოდა დედას - ფ------ ს--------ეს. აღნიშნული საუბარით გაღიზიანებულმა შ---- ფ------–---მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი ძლიერად მოუჭირა მკლავებზე, რის გამოც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ------ ს--------ემ განაცხადა, რომ ნ----- ჭ---------ე არის მისი ქალიშვილი, ხოლო შ---- ფ------–--- სიძე. 2019 წლის 27 ივნისს, ტელეფონზე ესაუბრებოდა შვილს, ნ----- ჭ---------ეს, რა დროსაც, გაიგო, რომ ოთახში შევიდა სიძე, შ---- ფ------–---, დაუყვირა ნ-----ს და ტელეფონი გაითიშა. საღამოს, როდესაც შეეხმიანა შვილს, ნ----- ჭ---------ემ განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ შ---- ფ------–---მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძო მკლავებში მოუჭირა ხელი, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. 2019 წლის 28 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში და წარმოადგენს ამავე სოფელში მცხოვრები შ---- ფ------–--ის საცხოვრებელ სახლს...... ნ----- ჭ---------ემ მიუთითა ოთახი, სადაც მეუღლემ შ---- ფ------–---მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 28.06.2019წ. 02:43-02:50სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ----- ჭ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. მარცხენა მხარის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 6,2x5,1სმ. მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 4,4X2,5სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

6. N002009 შემაკავებელი ორდერით და ორდერის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 27 ივნისს, თერჯოლის რაიონის სოფელ ს---------ში მცხოვრებმა შ---- ფ------–---მ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ნ----- ჭ---------ეს.

 

7. 2016 წლის 16 დეკემბრის ბ--- ფ------–--ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ნ----- ჭ---------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია შ---- ფ------–---.

 

8. 2014 წლის 24 აპრილის ნინო ფ------–--ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ნ----- ჭ---------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია შ---- ფ------–---.

 

9. 2019 წლის 11 დეკემბრის, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, შ---- ფ------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამავე სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების მ------- ფ------–--ის, გ--–- მ-------ის, ე----- პ--------ის, ა---------– ბ-----–---–ის და გ---------------ს დაკითხვა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

10. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

12. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ". სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

13. შესაბამისად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია შ---- ფ------–--ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261 მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე, პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულს ფიზიკურ ტკივილს აყენებს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (გარტყმა სახეში, ჩარტყმა, მოქაჩვა, მოჭერა, ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღნეთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე, საქმის სხვა გარემოებებს. დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით იგი განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით შ---- ფ------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

16. შ---- ფ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ისეთი ხასიათის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ჩადენილი ქმედებების ფარგლებს - არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

18. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ---- ფ------–---ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - ნასამართლობის არ მქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების გათვალისწინებით, შ---- ფ------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 27 ივნისიდან, 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით), დანიშნული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს და მოსახდელად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ სასჯელად მიაჩნია შ---- ფ------–--ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიმართ სხვა, უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

19. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ---- ფ------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

 

2. საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 27 ივნისიდან, 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით;

 

3. შ---- ფ------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

4. საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მავთული - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე