გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/67-19 (180-1001900-899287)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - შპს ,,ტი---–-------------------ბ’’
წარმომადგენელი - მა----------------რი
მოპასუხეები: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი’’
წარმომადგენელი - თე---------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. N9-----3 განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქპატენტის 1-.0-.2019 წლის N1-----3 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. 11.12.2019 წლის სხდომის ოქმი).
2.მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი.
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოება
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 30.0-.2017 წელს მოსარჩელე შპს ,,ტი---–-------------------ბ’’-მა საქპატენტში წარადგინა N9-----3 განაცხადი, რომლითაც მოითხოვა გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.
მოსარჩელის მიერ განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი განეკუთვნება ნიცის კლასიფიკაციის 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-განაცხადი (ს.ფ. 1-);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. 04.0-.2019 წელს მოსარჩელის სასარგებლოდ N9-----3 განაცხადზე საქპატენტში გადახდილია გაწეული მომსახურების საფასური 398,31 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ქვითარი (ს.ფ. 15);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 1-.0-.2019 წელს საქპატენტის მიერ მიღებულია N1-----3 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე შპს ,,ტი---–-------------------ბის’’ N9-----3 განაცხადზე შეწყდა საქმისწარმოება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო ისე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის წერილობითი შეტყობინება საფასურის გადახდის თაობაზე არ გაუგზავნია და არც 04.0-.2019 წელს საფასურის გადახდის ფაქტი შეუფასებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ქვითარი (ს.ფ. 15);
-ბრძანება (ს.ფ. 16);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 11.12.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოება საქმეზე არ არის
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5.ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენცია’’; ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანება „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2.ვინაიდან განსახილველი დავის საგანი პირდაპირ კავშირშია საკუთრების უფლებასთან, უპირველესად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მიუთითოს, რომ საკუთრების უფლება დაცული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ასევე, ყურადსაღებია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
ამრიგად, საქართველოს კანონმდებლობით განმტკიცებულია საკუთრება, როგორც ძირითადი უფლება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ უფლების რეალურ განხორციელებას. ამისთვის საჭიროა, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ეფექტური სასამართლო სისტემით, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან კანონიერი, სამართლიანი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 200--–-–---------–----------–-------–----------------8 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „სა------------------------“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება (კონსტიტუციის ძველი რედაქცია) პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამია---------–-----------------–-------------–---------–-–--------------–--------–-------–---------------–-------------------–------------------–----–-----------------------------6 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ არსებობს საკუთრების სხვადასხვა სახე, რომელთა შორისაა ინტელექტუალური საკუთრება. საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს, სელექციონერს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 1991 წლიდან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის წევრი სახელმწიფოა და მითითებული კონვენციის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.
ინტელექტუალურ საკუთრება გულისხმობს სამრეწველო საკუთრებას, რის შესახებაც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილად ქცეული ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია’’, რომლის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა; სამრეწველო საკუთრება ფართო მნიშვნელობით არის გაგებული და ეხება არა მხოლოდ უშუალოდ მრეწველობასა და კომერციას, არამედ სოფლის მეურნეობას, მოპოვებით მრეწველობას და ყველა სამრეწველო და ბუნებრივ პროდუქტს, მაგალითად, ღვინოს, მარცვლეულს, თამბაქოს ფოთოლს, ხილს, მსხვილფეხა რქოსან საქონელს, სასარგებლო წიაღისეულს, მინერალურ წყალს, ლუდს, ყვავილებსა და ფქვილს.
„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს.
,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20---–-–-----------------------–-------–---------------------------14).
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტი - ბრძანება, რომლითაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ განაცხადზე შეწყდა საქმისწარმოება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის მოტივით. სადავო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“, კერძოდ, 23-ე მუხლი, რომლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, თუ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ საჩივარზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა შეტანილი ასეთი საჩივარი, ან თუ სრულდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობები, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ; განმცხადებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფასური უნდა გადაიხადოს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში; თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გადაიხდის მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურს, განაცხადი უქმდება და განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.
აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ საქპატენტი ვალდებულია განმცხადებელს გაუგზავნოს წერილობით შეტყობინება მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ, რასაც მოცემულ ვითარებაში, მოსარჩელესთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია ანუ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მითითებული ფორმით შეტყობინება არ გაუგზავნია. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ განაცხადზე გადახდილია მომსახურების საფასური, რაც არ შეუფასებია მოპასუხეს.
6.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტოს N05 ბრძანებით დამტკიცებული ნორმატიული აქტი - ინსტრუქცია „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“, მატერიალური გაგებით წარმოადგენს კანონს და შესაბამისად მისი დარღვევის შემთხვევაში მოქმედებს 601 და 32-ე მუხლებით გათვალისწინებული დებულება.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სახეზეა მოპასუხის მხრიდან უმოქმედობა, რამდენადაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის წერილობითი შეტყობინება არ გაუგზავნია, რაც ეწინააღმდეგება ინსტრუქციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია.
გარდა აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, რაც ასევე წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, შემდეგ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 1-1-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, მოპასუხის პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მცხეთის რაიონული სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების აბსოლუტური საფუძველი.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი, მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-1- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.შპს ,,ტი---–-------------------ბ’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.ბათილად იქნეს ცნობილი N9-----3 განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საქპატენტის 1-.0-.2019 წლის N1-----3 ბრძანება;
3.მოსარჩელე შპს ,,ტი---–-------------------ბს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს შპს ,,ბიელსი''-ს მიერ 14.0-.2019 წელს N- საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 ლარი;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N-7) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა