გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8102-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ზა------ ოქ-------–--ე
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მა----- ღუ--–----
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე ზა------ ოქ-------–--ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1649.93 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 2018 წლის 1 ივნისის №MOD 0 18 00539604 ცნობის მიხედვით, მოსარჩელე ზა------ ოქ-------–--ის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანება, 1998-2000 წლებში შეადგენს ხელფასი - 558.65 ლარს, დანამატს - 50.22 ლარს, ფულად ჯილდოს - 222.95 ლარს, ერთჯერად დახმარებას - 41.67 ლარს და კვების კომპენსაციას - 776.44 ლარს, სულ 1649.93 ლარს.
მოსარჩელეს, აღნიშნული დავალიანება მიღებული არა აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 2018 წლის 1 ივნისის №MOD 0 18 00539604 ცნობა (ს.ფ 16);
- მხარის ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ’’საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, ხოლო ”სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის გათვალისწინებით, ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული კანონი.
მითითებული კანონის 1341-ე მუხლის (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას) თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესებული კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
ამრიგად, შრომითი გასამრჯელოს – ხელფასის გაცემის ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევალებოდა კანონის საფუძველზე, ანუ იგი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულება იყო. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს სამართლებრივი ნორმა მოსარჩელეს ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან მიუღებელი შრომითი გასამრჯელო – ხელფასი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 1 ივლისს ძალადაკარგულად გამოცხადდა მითითებული კანონი და მიღებული იქნა ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც არ გაითვალისწინა წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების აღიარება, თუმცა სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 141-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
ამრიგად, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების აღიარებით, შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება, ხოლო მისი ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ, ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო თავიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა უნდა აითვალოს 2017 წლის 1 ივლისიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ (იხ. თუნდაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმის №ბს-1104(კ-18)).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზა------ ოქ-------–--ემ სასამართლოს, სარჩელით მომართა 2019 წლის 19 ოქტომბერს. შესაბამისად, მისი სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა ჩაითვალოს ხანდაზმულად თანამდებობრივი სარგოს, ჯილდოს, დანამატის და ერთჯერადი დახმარების ნაწილში.
ზოგადად, თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. იმავე პაქტის მე-7 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულს ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის, სამართლიანი ხელფასი. „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხლი ეხება შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარეები აღიარებენ მუშაკთა მიერ ისეთი ანაზღაურების მიღების უფლებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ცხოვრების ღირსეულ დონეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მოქალაქეთა შრომითი უფლებები და გარანტირებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურება. შესრულებული სამუშაოსათვის მუშაკმა უნდა მიიღოს შრომის შესაბამისი ანაზღაურება და აღნიშნული დამსაქმებლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში კი მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხელისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისაგან პასუხისმგებლობის აცილებას მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს – სამართალურთიერთობის სტაბილურობას, კეთილსინდისიერებას და კანონიერებას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ქმედება, მოსარჩელის უფლების – მიიღოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება - მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ეწინააღმდეგება ასევე სახელმწიფოს ვალდებულებას, პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება, რადგან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, რომელსაც შეუერთდა საქართველო, ჯერ კიდევ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის №655 დადგენილებით აღიარებულია, რომ ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელე ზა------ ოქ-------–--ის სასარგებლოდ ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების - 1998-2000 წლის ხელფასის (თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და ერთჯერადი დახმარება) - 873.49 ლარის ანაზღაურება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კვების კომპენსაცია და სანივთე ქონების კომპენსაცია ხელფასის თანხისა და დანამატისგან განსხვავებით, არ არის მოქცეული ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში, ვინაიდან, მითითებული ნორმა მხოლოდ წინა წლებში წარმოქმნილ სახელფასო დავალიანებას აღიარებდა, ხოლო აღნიშნული კანონით დეფინიცირებული ხელფასი, კვების კომპენსაციას არ მოიცავდა. ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა - კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია. შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე, 331-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ზა------ ოქ-------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ზა------ ოქ-------–--ის სასარგებლოდ ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების (მიუღებელი ხელფასის, დანამატის, ფულადი ჯილდოს და ერთჯერადი დახმარების) ანაზღაურება 873.49 ლარის ოდენობით;
3. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი