გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210119002819897
2-153/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04/12/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: სს ,,კ------------ი“
წარმომადგენელი: რ---------–--–ი
მოპასუხეები: შ------- და თ------ ფ---------ეები
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,კ------------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შ------- ფ---------ეს და თ------ ფ---------ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3047.18 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 8 დეკემბერს შპს ,,მ-----------------------------–-----------ს“ და შ------- ფ---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შ------- ფ---------ეს 24 თვის ვადით ასესხა 3000 ლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 2.71 %-ს. მსესხებელს ასევე უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 192 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 4 რიცხვში 179.18 ლარის შეტანის გზით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, კერძოდ გადახდის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5 %, ან, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 % ნაკლებია 5 ლარზე, მაშინ პირველ გადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო დღეებზე 275 დღის განმავლობაში ძირი თანხის 0.27 %. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო თ------ ფ---------ესთან. მან ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა სესხის დაფარვის ვალდებულება. შ------- ფ---------ემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1731.10 ლარი, სარგებელი - 319.52 ლარი, სადაზღვევო პრემია 96 ლარი, ჯარიმა 900,56 ლარი. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც. ვალდებულების შესრულების შეწყვეტის გამო, მოსარჩელემ გამარტივებული წარმოებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და დაიწყო გამარტივებული წარმოება, მაგრამ მოპასუხეები არ დაეთანხმენ გადახდევინების ბრძანების გამოცემას, რის გამოც მოსარჩელეს გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეები სარჩელს სცნობენ მხოლოდ ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. დანარჩენი თანხის ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 8 დეკემბერს შპს ,,მ-----------------------------–-----------ს“ და შ------- ფ---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შ------- ფ---------ეს 24 თვის ვადით ასესხა 3000 ლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 2.71 %-ს. მსესხებელს ასევე უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 192 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 4 რიცხვში 179.18 ლარის შეტანის გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 8 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ.25-29.
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 8 დეკემბერს მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო თ------ ფ---------ესთან. ხელშეკრულების საფუძველზე თ------ ფ---------ემ ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა სესხის დაფარვის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება. ს.ფ. 30-31
3.1.3. სადაო არაა ის გარემოება, რომ შ------- ფ---------ემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 1731.10 ლარი სარგებელი 319.52 ლარი (სხვა თანხების ოდენობა სადაოა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების შესახებ. ს.ფ. 32-33
- მხარეთა განმარტებები
3.1.4. სესხის დაფარვის მიზნით, თავდებ პირს მოსარჩელისათვის თანხა გადახდილი არ აქვთ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებანი.
3.1.5. შპს ,,მიკრო საფინანსო ორგანიზაცია კრედომ“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და საქმის განხილვის მომენტისათვის მისი სახელია სს ,,კ------------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 22-23
3.1.6. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ მოსარჩელემ გამარტივებული წარმოებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი და დაიწყო გამარტივებული წარმოება, მაგრამ მოპასუხეები არ დაეთანხმენ გადახდის ბრძანების გამოცემას, რის გამოც გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. ს.ფ. 37
-საგადახდო დავალება ს.ფ.38-40
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს და სადაზღვევო პრემიის ნაწილში მოთხოვნას.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. კერძოდ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5 %, ან, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, 5 ლარზე ნაკლებია, მაშინ პირველ გადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო დღეებზე 275 დღის განმავლობაში ძირი თანხის 0.27 %.
იხ. 2016 წლის 8 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ. 25-29.
3.2.2. პირგასამტეხლოს მსგავსდ, 2016 წლის 8 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას სადაზღვევო პრემიის შესახებ. ხელშეკრულებით მსესხებელს უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 192 ლარი.
იხ. 2016 წლის 8 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება. ს.ფ.25-29.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი ტანხის, სარგებელისა და სადაზღვევო პრემიის თანხის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში საფუძვლიანია ნაწილობრივად. პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისროთ შემცირების შედეგად დარჩენილი თანხა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ისინი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ შ------- ფ---------ემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირების მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ სს ,,მ-----------------------------–-----------“ საკრედიტო დაწესებულებაა. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ შ------- ფ---------ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის წარმოიშვა სესხის სამართლებრივი ურთიერთობა, რაზეც 2016 წლის 8 დეკემბერს შპს ,,მ-----------------------------–-----------ს“ და შ------- ფ---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შ------- ფ---------ეს 24 თვის ვადით ასესხა 3000 ლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 2.71 %-ს. მსესხებელს ასევე უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 192 ლარი. სესხი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 4 რიცხვში 179.18 ლარის შეტანის გზით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვნენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი- სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. მას ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. შ------- ფ---------ემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია სესხის დაფარვის ვალდებულება. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 1731,10 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შ------- ფ---------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად 2.71 %-ს. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. შ------- ფ---------ეს ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. მან გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით შ------- ფ---------ეს გადასახდელი აქვს სარგებელი 319,52 ლარი. გარდა ამისა შ------- ფ---------ეს უნდა გადაეხადა დაზღვევისათვის გადასახდელი სადაზღვევო პრემია 192 ლარი, მან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სადაზღვევო პრემია 96 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5 %, ან, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, 5 ლარზე ნაკლებია, მაშინ პირველ გადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო დღეებზე 275 დღის განმავლობაში ძირი თანხის 0.27 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ შ------- ფ---------ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა სესხის დაფარვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 900,56 ლარი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 5 %, ან, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5 %, 5 ლარზე ნაკლებია, მაშინ პირველ გადაცილებულ დღეზე ჯარიმა 5 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო დღეებზე 275 დღის განმავლობაში ძირი თანხის 0.27 %, ეწინააღმდეგება გონივრულობას. მოპასუხე ძირ თანხას ვერ იხდის და დამატებით მაღალი პროცენტით გაანგარიშებული პირგასამტეხლო, უფრო გადახდისუუნაროს გახდის. ამასთან არც მოპასუხის პოზიცია არაა ლოგიკური. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობაში მოყვანის მიზნით იგი უნდა შემცირდეს 500 ლარამდე.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შ------- ფ---------ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო თ------ ფ---------ესთან. მან იკისრა ვალდებულება შ------- ფ---------ესთან ერთად პასუხი აგოს სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
შ------- ფ---------ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევისა და სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო, ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ შ------- ფ---------ეს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც შ------- ფ---------ის, ასევე თ------ ფ---------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი, ანუ 50 ლარით ზედმეტი. მოპასუხეებმა სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სცნეს 2050,62 ლარის ნაწილში (67,29%). საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივად სცნეს, ამიტომ ისინი ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 33,64 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ. დარჩენილი ბაჟის თანხა - 16,34 ლარი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 8,34 ლარის, ხოლო მოპასუხეს 8 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი, ამიტომ მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზრაუროს წინასწარ გადახდილი 8 ლარი, ასევე გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 200 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის თანხა 50 ლარი და სხვა საპროცესო ხარჯები 32 ლარის ოდენობით.
7.2. სახ. ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეებს აეკრძალათ ქ. ბათუმში ზედა ღელის ქ. №46-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად შესაბამისად სახეზეა აღსასრულებელი გადაწყვეტილება. საქ. სსკ-ის 1991 -ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. შ------- ფ---------ეს და თ------ ფ---------ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
· ძირთადი თანხის - 1731,10 ლარის გადახდა.
· სარგებელის - 319,52 ლარის გადახდა.
· პირგასამტეხლოს სახით - 500 ლარის გადახდა.
· დაზღვევის პრემიის - 96 ლარის გადახდა.
3. შ------- ფ---------ეს და თ------ ფ---------ეს სს ,,კ------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 8 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის თანხის 50 ლარის, აღსრულების ბიუროში გადახდილი აპლიკაციის საფასურის - 200 ლარის და სხვა საპროცესო ხარჯის 32 ლარის ანაზღაურება.
4. სს ,,კ------------ს“ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 8,34 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 83,66 ლარი (საგადასახადო დავალება N207377, გადახდის თარიღი - 06/03/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს საქართველოს ბანკი, მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150)
6. მოსარჩელეს უარი ეთქვას პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
7. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტისქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30)
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე