განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-565-19
( N012080619004)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ბადრი ოთარაშვილის მდივნობით,პროკურორ - ანი ხუბეჯაშვილის;
ადვოკატების - ანნა კეკენაძის, მაკა ბერაძის;
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ:
დავით მალხაზის ძე ჯაშის - (დაბადებული 1988 წლის 14 მაისს, პირადი N35001075347, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. რუსთავი, შარტავას გამზირი N9/122-ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.რუსთავი, მე-12 მ/რ-ნი, კორპუსი N17, ბინა N36-ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2019 წლის 8 ივნისს, შუადღის საათებში, ქ. რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერებასთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, ავტობაზრობის თანამშრომელმა დავით ჯაშმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დავით მიქაბერიძესა და გიორგი კუბლაშვილს, კერძოდ, მანქანაში მჯდომ დავით მიქაბერიძეს მოქაჩა საყელო ხელით, ხოლო მეორე ხელის იდაყვი ჩაარტყა ცხვირის მიდამოში. მანქანიდან გადმოსულ გიორგი კუბლაშვილს კი დავით ჯაშმა დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი ცხვირის მიდამოში. დავით ჯაშის ქმედებით დავით მიქაბერიძემ და გიორგი კუბლაშვილმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება ცხვირის მიდამოში, რასაც არ გამოუწვევია მათი ჯანმრთელობის მოშლა.
აღნიშნული ქმედებისთვის დავით ჯაშს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.
2.სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დავით ჯაშის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: ბარათი შედგენილია საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დავით ომაძის მიერ, 2019 წლის 08 ივნისს. დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ბარათის თანახმად: 2019 წლის 08 ივნისს ქ. რუსთავში ტაბიძის ქ. N60-ში მცხოვრებმა დავით მიქაბერიძემ განაცხადა, რომ მას და მის მეგობარს გიორგი კუბლაშვილს ქ. რუსთავში ავტო ბაზრობის ტერიტორიაზე ზემოხსენებული ავტო ბაზრობის თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ.01 ს.ფ.01)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1483217 შეტყობინების თანახმად: 2019 წლის 08 ივნისს, ქ. რუსთავში, ავტო ბაზრობის ტერიტორიაზე, ავტო დრომის შესასვლელთან, გიგა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მოხდა ჩხუბის ფაქტი და გიორგი კუბლაშვილს ესაჭიროებოდა პირველადი დახმარება. (ტ.01 ს.ფ.02)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1483245 შეტყობინების თანახმად: ქ. ქუთაისი ტაბიძის ქ. N60 მცხოვრებმა დავით მიქაბერიძემ განაცხადა, რომ ქ. რუსთავის ა/ბაზრობის ტერიტორიაზე, ა/სადგომის რამდენიმე თანამშრომელმა მას და მის მეგობარს გიორგი კუბლაშვილს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. (ტ.01 ს.ფ.03)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1483655 შეტყობინების თანახმად: ცენტრალური საავადმყოფოს მორიგე ექიმმა ირმა სულაქველიძემ ელ. სმენით შეატყობინა, რომ მათთან სასწრაფოს მიერ რუსთავის ა/ბაზრობის ტერიტორიიდან მიყვანილი იქნა, 06.08.1987წ. დაბადებული გიორგი კუბლაშვილი, რომელსაც აღენიშნება ტრავმა. (ტ.01 ს.ფ.04)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1484389 შეტყობინების თანახმად: კლინიკა რუსთავის რეგისტრატორმა დეა შუბითიძემ ელ. სმენით შეატყობინა, რომ მათ მიმართა 1987წ. დაბადებული დავით მიქაბერიძემ, რომელმაც განაცხადა რომ რუსთავის ავტო ბაზრობის ,,ავტო პაპას“ ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე ბაზრობის დაცვის თანამშრომელმა დავით ჯაშმა. (ტ.01 ს.ფ.05)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული გიორგი კუბლაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით დილის 08:00 საათისთვის დავით მიქაბერიძესთან ერთად ,,ლექსუსის“ მარკის ავტომანქანის გასაყიდად იმყოფებოდა რუსთავის ავტო ბაზრობაზე. დაახლოებით 15:00 საათისთვის, ავტო ბაზრობიდან წამოვიდნენ, რადგან ვერ გაყიდეს ავტომანქანა. გზად ავტო ბაზრობის გამოსასვლელთან, მონიშნულ პარკინგის ზოლთან წყლის შესაძენად გააჩერეს მანქანა. გიორგი კუბლაშვილი გადავიდა ავტომანქანიდან წლის საყიდლად, (მოწმემ განმარტა, რომ მათ გარშემო გაჩერებული იყო სხვა ავტომანქანებიც და მათვის არავის უთქვამს, რომ აღნიშნულ ადგილიდან გადაეყენებინათ ავტომანქანა) დავით მიქაბერიძე კი დარჩა მანქანაში და ელოდებოდა მას. მანქანის საჭესთან იჯდა დავით მიქაბერიძე, რომელსაც მანქანის ძრავი არ გაუთიშავს ისე ელოდებოდა მას. მოწმის განმარტებით მან წყლის ყიდვას მოანდომა დაახლოებით 03-05 წუთი, ვინაიდან ჯიხურთან იყო რიგი.
მოწმის განმარტებით სანამ ის ყიდულობდა წყალს, მისი მეგობარი დავით მიქაბერიძე, დროის მოგების მიზნით ღრუბლით წმენდა ავტომანქანას, კერძოდ, ახდილი ჰქონდა ძრავის ხუფი და წმენდდა შიდა ნაწილებს. როდესაც წყალი იყიდა და უკან მობრუნდა, დაინახა, რომ მის მეგობართან დავით მიქაბერიძესთან იდგა მისთვის იმ დროისთვის უცნობი პიროვნება, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა დავით ჯაში და თხოვდა, რომ დაუყონებლივ გადაეყვანა ავტომანქანა, რადგან აღნიშნულ ადგილზე არ შეიძლებოდა ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილების გაჩერება. დავით მიქაბერიძემ, დავით ჯაშს უთხრა, რომ ავტომანქანა 05 წუთით ჰყავდა გაჩერებული, დაამთავრებდა თავის საქმეს და გაიყვანდა. გიორგი კუბლაშვილი კონფლიქტის დაწყების მომენტს არ შესწრებია, როდესაც გამოვიდა ჯიხურიდან დახვდა ზემო ხსენებული სიტუაცია. ამის შემდეგ გიორგი კუბლაშვილი და დავით მიქაბერიძე ჩასხდნენ ავტომანქანაში. სანამ დავით მიქაბერიძე ჩაჯდებოდა, დავით ჯაშს უთხრა, რომ პირველ რიგში კაცი უნდა ყოფილიყო და კაცურად უნდა შეესრულებინა თავისი მოვალეობა, როდესაც სთხოვდა მანქანის 05 წუთით გაჩერებას ამხელა ამბავი არ უნდა აეტეხა. დავით ჯაში სიტყვებზე ,,კაცი უნდა იყო“ გაბრაზდა, მივარდა დავით მიქაბერიძეს ავტომანქანის კართან, წარუდგინა თავი, რომ იყო დავით ჯაში და დავით მიქაბერიძეს მარჯვენა ხელი ჩაჭიდა პერანგში, ხოლო მარცხენა ხელის იდაყვი, დაარტყა ცხვირისა და შუბლის არეში, რის გამოც დავით მიქაბერიძეს ცხვირიდან წამოუვიდა ცოტაოდენი სისხლი. ამ დროს თავად გიორგი კუბლაშვილი იჯდა დავით მიქაბერიძის გვერდით სავარძელზე. გიორგი კუბლაშვილი სიტუაციის განსამუხტად ჩავიდა ავტომობილიდან, შემოუარა მარჯვენა მხრიდან და მივიდა დავით ჯაშთან. დავით მიქაბერიძე თხოვდა დავით ჯაშს გაეშვა ხელი, ერთმანეთს უყვიროდნენ, გიორგი კუბლაშვილი ცდილობდა მათ დამშვიდებას, თუმცა დავით ჯაშმა ხელი გაუშვა დავით მიქაბერიძეს და გიორგი კუბლაშვილს ცხვირის არეში დაარტყა ხელი, რის გამოც გიორგი კუბლაშვილს წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ დავით ჯაშს არცერთისთვის აღარ დაურტყავს, ვინაიდან, ისინი გააშველეს იქვე მყოფმა ადამიანებმა. მას შემდეგ, რაც დავით ჯაში მათ ფიზიკურად გაუსწორდა, ადგილზე გამოჩნდნენ დავით ჯაშის მეგობრები, რომლებიც აგინებდნენ მას და დავით მიქაბერიძეს, თუმცა ჩხუბში არ ჩარეულან და ხელი არ დაურტყამთ. მოწმის განმარტებით ჩხუბის ფაქტს დავით ჯაშის მეგობრები არ შესწრებიან, ისინი მივიდნენ მცირე დროის გასვლის შემდეგ. მოწმის განმარტებით დაძაბულობა გრძელდებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, ფაქტის შემდეგ დავით მიქაბერიძემ გამოიძახა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და უთხრა, რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე თავს დაესხა დაცვის თანამშრომელი. საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ დავით ჯაში და მისი მეგობრები შემთხვევის ადგილს გაეცალნენ. პოლიციის თანამშრომლებს შემთხევის ადგილზე მხოლოდ გიორგი კუბლაშვილი და დავით მიქაბერიძე დახვდნენ, ადგილზე მივიდა, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც მათ აღმოუჩინა პირველადი დახმარება და გადაიყვანა სავადმყოფოში. მოწმის განმარტებით მას ცხვირი არ ჰქონია გატეხილი, მხოლოდ მიღებული ჰქონდა დაზიანება. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოიკითხა. მოწმემ განმარტა, რომ ჩვენების მიცემისას არ იყო აღელვებული. ამის შემდეგ ის ისევ გადაიყვანეს სავადმყოფოში, სადაც აუღეს სისხლის ნიმუში. გიორგი კუბლაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში. მოწმის განმარტებით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე ჯერ წაიყვანეს დავით მიქაბერიძე და შემდეგ გიორგი კუბლაშვილი, რა დროსაც გამომძიებელს მოუყვა განვითარებული მოვლენები და მიუთითა იმ ადგილზე სადაც მოხდა შემთხვევა, შემთხვევის ადგილზე იყო სისხლის კვალი, რაც ექსპერტემბა ამოიღეს ნიმუშისთვის. მოწმის განმარტებით საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ავტო ბაზრობის სხვა თანამშრომლებიც. საგამოძიებო მოქმედების დამთავრების შემდეგ გამომძიებელმა გააცნო ოქმი, რომელსაც მოაწერა ხელი.
მოწმის განმარტებით შემთხვევიდან მეორე დღეს მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცო დავით ჯაში. იმავე დღეს მოხდა მისი მაისურის ამოღება, რადგან მაისურზე ჰქონდა სისხლის ლაქები.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ რუსთავში ხშირად არ დადის ის რამდეჯერმე არის ნამყოფი ავტომობილების გაყიდვის მიზნით, ისიც შაბათ-კვირას. 2019 წლის 08 ივნისს ბაზრობაზე იყო ბევრი ხალხი. (ტ.2.ს.ფ.134-149)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული დავით მიქაბერიძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს, შუადღის საათებში, თავის მეგობართან გიორგი კუბლაშვილთან ერთად იყო რუსთავის ავტო ბაზრობაზე თავისი კუთვნილი, ,,ლექსუს J470“-ის მარკის ავტომობილის გაყიდვის მიზნით. გარკვეული დროის შემდეგ შუადღის საათებში, ვინაიდან, ვერ გაყიდეს ხსენებული მანქანა მათ დატოვეს ავტო ბაზრობა, გადაიხადეს საფასური და ბაზრობის გასასვლელთან, მარჯვენა მხარეს მცირე ზომის ჯიხურებთან წყლის ყიდვის მიზნით შეჩერდნენ. გიორგი კუბლაშვილი გადავიდა წყლის საყიდლად. თავად კი ,,ავტო პაპას“ ტერიტორიაზე, დახაზულ საპარკინგე ზოლში შეაჩერა ავტომობილი და ელოდებოდა მეგობარს. სანამ გიორგი კუბლაშვილი გამოვიდოდა ჯიხურიდან, დავით მიქაბერიძემ გადაწყვიტა გაეწმინდა ავტომანქანა, გახსნილი ჰქონდა ავტომობილის ძრავის ხუფი და წმენდდა ნაწილებს. (ჯიხური მისგან დაშორებული იყო დაახლოებით 05-07 მეტრით). მასთან მალევე მივიდა დავით ჯაში (დაახლოებით 02 წუთში) და უთხრა, რომ გადაეყენებინა ავტომობილი, რადგან ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილების გაჩერება აღნიშნულ ადგილას არ შეიძლებოდა. დავით მიქაბერიძემ უთხრა, რომ ელოდებოდა მეგობარს და 05 წუთში გადააყენებდა ავტომობილს. დავით ჯაშმა კი უთხრა, რომ მალე გაეყვანა ავტომობილი და ხელებზე დაახურა ავტომობილის ძრავის ხუფი. დავით ჯაში მას ესაუბრებოდა ხმამაღლა (,,თქვენ თავზე გაგივიდათ“). მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილას მის გარდა იდგენენ ტრანზიტული ნომრებით სხვა ავტომანქანებიც. ამასობაში მისი მეგობარი - გიორგი კუბლაშვილი გამოვიდა ჯიხურიდან, რის შემდეგაც ჩასხდნენ მანქანაში. დავით მიქაბერიძემ მანქანაში ჩაჯდომისას დავით ჯაშს უთხრა, რომ - ,,პირველ რიგში კაცი უნდა იყო და ადამიანი, რას აკეთებო“. ამ სიტყვებზე დავით ჯაში გაბრაზდა, მივიდა მის მხარეს მანქანასთან (ფანჯარა ღია ჰქონდა) თავი შეყო მანქანაში და უთხრა ,,განახებთ მე თქვენ“ ,,დავითი ვარ ჯაშიო“, მარცხენა ხელი ჩაავლო მაისურში, ( გაუხია მაისური) და მარჯვენა ხელის იდაყვი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც მას წამოუვიდა სისხლი. ამასობაში სიტუაციის გასანეიტრალებლად მანქანიდან გადმოვიდა მისი მეგობარი გიორგი კუბლაშვილი, შემოუარა ავტომანქანას და მიუახლოვდა დავით ჯაშს. დავით ჯაშმა მასაც დაუწყო ჩხუბი, დაარტყა ცხვირის არეში მუშტი, რის გამოც გიორგი კუბლაშვილს წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ ავტომანქანიდან ჩავიდა დავით მიქაბერიძეც. ადგილზე ჩხუბის დროს, შეგროვდნენ სხვა პირებიც, კერძოდ, დავით ჯაშის თანამშრომლები, რომლებიც მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდნენ და ეუბნებოდნენ - ,,წადით აქედან, თორე გადაგივლითო“. თანამშრომლები აყენებდნენ მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხელით არავინ შეხებია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ დავით ჯაშმა. მოწმის განმარტებით, გიორგი კუბლაშვილმა მიიღო დაზიანება ცხვირის არეში (ჰქონდა დასიებული და დასისხლიანებული), ასვე დახეული ჰქონდა მაისური.
მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, სადაც წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან, ამოიცნო მარჯვნიდან პირველი - დავით ჯაში. ასევე მისგან ამოიღეს დაზიანებული ტანსაცმელი - მაისური, რომელზეც იყო სისხლის კვალი. მოწმის განმარტებით, მასთან ასევე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და გადაიყვანეს სამედიცინო ექსპერტიზაზე.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ადგილზე იყო სათვალთვალო კამერები, თუმცა იმ დღეს ჩართული არ ყოფილა. ასევე განმარტა, რომ ავტო ბაზრობაზე 10-15 ჯერ არის ნამყოფი. სასჯელთან დაკავშირებით დავით მიქაბერიძე ითხოვს, რომ დავით ჯაში დაისაჯოს კანონის შესაბამისად. (ტ.2.ს.ფ.45-49)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი დავით ომანაძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს, პოლიციის პირველ განყოფილებაში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რის გამოც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ორი დაზარალებული, რომლებმაც განმარტეს, რომ კონფლიქტი მოუვიდათ ერთ პიროვნებასთან და მიუთითეს დავით ჯაშზე, რომელიც მათგან მოშორებით იდგა (ბრალდებულის სახელი და გავრი არ დაუსახელებიათ, მხოლოდ მიუთითეს მასზე). შემთხვევის ადგილზე დავით ჯაშთან ერთად იდგა სხვა მოქალაქეც, დაზარალებულების ჩვენების გასამყარებლად, ჩაატარეს ამოცნობა, რათა დაედასტურებინათ, თუ რის საფუძველზე ამოიცნეს დავით ჯაში დაზარალებულებმა. ამოცნობა ჩატარდა ნებაყოფლობით, ამოცნობის ოქმი მონაწილე პირებმა დაადასტურეს თავისი ხელმოწერებით. მოწმემ განმარტა, რომ ერთ-ერთ დაზარალებულს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილიდან დაზარალებულები, დავით ჯაში და იქვე მყოფი სხვა პიროვნებები (რომლებსაც შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდათ ფაქტთან დაკავშირებით) გადაიყვანეს განყოფილებაში. დავით ჯაშს შესთავაზეს სისხლის აღება, რაზეც უარი განაცხა. მოწმემ განმარტა, რომ სასამართლოსთვის სისხლის აღების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულზე. დავით ომანაძემ აღნიშნულ საქმესთან მიმართებით გამოკითხა მოწმეები, ასევე დანიშნა ექსპერტიზა (სამედიცინო, ბიოლოგიური და ტრასოლოგიური) და ნივთმტკიცებები გადაიტანა ექსპერტიზაზე. ტრასოლოგიური ექსპერტიზისთვის ამოიღეს ერთი დაზარალებულის მაისური და შარვალი, ტანსაცმელი იყო მუქი ფერის, ეტყობოდა მუქი ფერის ლაქები. მეორე დაზარალებულის ტანსაცმელი არ ამოიღეს, რადგან არ ჰქონდა დაზიანებები. ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სისხლის ლაქები. დაზარალებულები გადაიყვანეს სამედიცნო ექსპერტიზაზე. გამოკითხული ჰყავს ასვე დაზარალებული, რომელსაც გააცნო დაზარალებულად ცნობის დადგენილება და განუმარტა უფლებები. გამოკითხული ჰყავს ასევე ბრალდებული, რომელსაც გააცნო თავის უფლებები. მოწმემ განმარტა, რომ გამოკითხვები ჩატარდა ნებაყოფლობით, რაიმე სახის პრეტენზია ბრალდებულს და სხვა გამოკითხულ პირებს არ გამოუთქვამთ.
მოწმის განმარტებით მისთვის ცნობილი იყო, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ვიდეო კამერები, თუმცა მისი ჩანაწერები არ გამოუთხოვიათ, ვინაიდან გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. გამოძიების მიმდინარეობისას, მისთვის დავით ჯაშისგან ცნობილი გახდა, რომ არსებობდა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დავით ჯაშმა აჩვენა თავის მობილურ ტელეფონში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ამოცნობამდე დაზარალებულებს ბრალდებულის სახელი არ დაუსახელებიათ. (ტ.2.ს.ფ.169-179)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების, ინსპექტორ-გამომძიებელი, შოთა ლომიძე, რომელმაც განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მოწმის განმარტებით, თავდაპირველად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დავით მიქაბერიძესთან, რასაც ესწრებოდნენ ექსპერტები ალექსი საძაგლიშვილი და კახაბერ კარტოზია, ასევე ავტო ბაზრობის წარმომადგენელი ჯაბა კუპრაძე. ექსპერიმენტი დაიწყო პოლიციის პირველი განყოფილებიდან, საიდანაც სამსახურეობრივი ავტომობილით გაემართნენ ავტო ბაზრობაზე, შევიდნენ მომსახურების სააგენტოს გზიდან, ჩავიდნენ ზედა შესასვლელიდან. ადგილი, რომელზეც მიუთითა დავით მიქაბერიძემ, გზის მარჯვენა მხარეს იყო, სადაც ასევე იდგა საპირფარეშოს შენობა, მარკეტი, ტროტუარი და შემდეგ ავტომობილის სავალი გზა, სადაც იყო ავტომობილის გასაჩერებლად განკუთვნილი დახაზული ნაწილი. დავით მიქაბერიძემ მიუთითა, რომ ავტომობილი გაჩერებული ჰყავდათ, ზემო ხსენებულ ავტომობილის გასაჩერებლად განკუთვნილ დახაზულ ადგილზე და კონკრეტულ ადგილზე სადაც დავით ჯაშმა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დათვალიერებისას, პარკინგის ზოლთან (დახაზულ ადგილთან), ბეტონის საფარზე, აღმოაჩინეს მუქი ფერის ლაქა, მისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით აღმოჩინეს კიდევ ერთი ლაქა. ლაქები ამოიღეს ექსპერტებმა. იგივე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გიორგი კუბლაშვილთან, რომელმაც მიუთითა ადგილი, სადაც მას დავით ჯაშმა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გიორგი კუბლაშვილმაც მიუთითა იგივე ადგილზე, რომელიც მიუთითა დავით მიქაბერიძემ. ორივე შემთხვევაში შედგენილ იქნა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს გიორგი კუბლაშვილმა და დავით მიქაბერიძემ. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას იღებდნენ სურათებს.
მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე ორივე პირი გამოკითხა დავით ომანაძემ. რომელსაც თავად გაეცნო და ჩვენების გადასამოწმებლად ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი.
მოწმის განმარტებით დაზარალებულებს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კლინიკა ,,რუსთავში“ , ექთანმა, აუღო სისხლის ნიმუშები. მოწმემ განმარტა, რომ ორივე პირის ჩვენება ერთმანეთთან თანხვედრაში იყო. ასვე განმარტა, რომ ორივე პირს დაზიანება ჰქონდა მიღებული ცხვირის არეში. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება დაადასტურა.(ტ.2.ს.ფ.55-57)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის, ექსპერტი ალექსი საძაგლიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს დაუკავშირდა პოლიციის პირველი განყოფილებიდან, გამომძიებელი შოთა ლომიძე და უთხრა, რომ მონაწილეობა უნდა მიეღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. დაახლოებით 21:00 საათზე, თავის მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ დავით მიქაბერიძე, გიორგი კუბლაშვილი და გამომძიებელი. პირველად საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დავით მიქაბერიძესთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე, გამომძიებელმა გამოაქვეყნა დავით მიქაბერიძის ჩვენება. საგამოძიებო ექსპერიმენტი ორივე პირთან ჩატარდა ცალ-ცალკე, დავით მიქაბერიძის ჩვენების გამოქვეყნების დროს, გიორგი კუბლაშვილი ადგილზე არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, თავდაპირველად ავიდნენ ავტო ბაზრობაზე, მომსახურების სააგენტოს მხრიდან, გადავიდნენ მარჯვენა მხარეს და ავტო ბაზრობის ტერიტორიაზე შევიდნენ ,,ავტო პაპას“ მხრიდან, დავით მიქაბერიძემ მიუთითა ადგილი, სადაც მას და მის მეგობარს, ერთმა პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ავტო ბაზრობაზე, სადაც იყო ერთ სართულიანი შენობები, მაღაზიები, ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი. დავით მიქაბერიძის განმარტებით, უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მაღაზიასთან ახლოს, გზის სავალ ნაწილზე. მოწმის განმარტებით დავით მიქაბერიძეს ჰქონდა ცხვირი ჩალურჯებული, ტანსაცმელზე კი ეტყობოდა სისხლის კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მაღაზიასთან, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარიდან 02 მეტრის მოშორებით, აღმოაჩინეს ორი მუქი ფერის ლაქა, რომელიც ამოიღეს ბიოლოგიური ჩხირის საშულებით და დალუქეს, საექსპერტო კრიმინალისტიკური პაკეტში, ამასთანავე დააფოტოსურათეს არსებული ლაქის კვალი. ამის შემდეგ დაბრუნდნენ განყოფილებაში და საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარეს გიორგი კუბლაშვილთან.
გიორგი კუბლაშვილმა მიუთითა ზუსტად ის ადგილი, რომელიც მიუთითა დავით მიქაბერიძემ. კერძოდ ადგილი, სადაც ჰყავდათ გაჩერებული ავტომობილი და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას, ორივე პირის მითითებულ გარემოებებში, რაიმე სახის არსებით სხვაობა არ ყოფილა. გიორგი კუბლაშვილის განმარტებით, ავტო ბაზრობაზე იყვნენ ავტომობილით, კონფლიქტი მოუვიდათ იმასთან დაკავშირებით, რომ სთხოვდნენ ავტომობილის გადაყენებას.
მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას იყენებდნენ ხელოვნურ განათებას, ამასთანავე ადგილი განათებული იყო ლამპიონების საშუალებითაც. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას იღებდნენ სურათებს. ორივე პირი გაეცნო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა, რომელიც დაადასტურეს თავისი ხელმოწერებით. (ტ.2.ს.ფ.54-55)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ექიმი თეონა შალიკიანი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს, იმყოფებოდა კლინიკა ,,რუსთავში“ თავის სამუშაო ოთახში, როდესაც მასთან მივიდა ორი პიროვნება, რომელებისთვისაც უნდა აეღო სისხლის ნიმუში. აღნიშნულ ორ პიროვნებას, თან ახლდა ერთი პოლიციის თანამშრომელი. სისხლის ნიმუში აიღეს 05 მ/ლ-იანი შპრიცით, რომელიც შემდგომ პოლიციის თანამშრომელმა დალუქა მისი თანდასწრებით, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ორ პირს სისხლი აუღეს ნებაყოფლობით. ასევე განმარტა, რომ ერთ-ერთ პირს ჰქონდა სახეზე ჭრილობა, ნაიარევი.(ტ.2.ს.ფ.157-159)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, გიორგი ოქრუაშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 14 ივნისს გაცემული N004054019 და N004054219 ექსპერტიზების დასკვნების სისწორე, რომელთა მიხედვითაც: პირადი გასინჯვისას (09.06.2019წ.) და სამედიცინო საბუთის მონაცემებით (08.06.2019წ.) დავით მიქაბერიძეს აღენიშნება სისხლჩაქცევა და ნაჭდევები ცხვირზე, ნაჭდევები მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ცნობაში მითითებულ თარიღს. (ტ.01.ს.ფ.117-120)
პირადი გასინჯვის (09.06.2019წ.) მონაცემებით გიორგი კუბლაშვილს აღენიშნება სისხლჩაქცევა ცხვირის ფუძეზე. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხის ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. (ტ.01 ს.ფ.121-124)
შესამოწმებელმა პირმა - დავით მიქაბერიძემ განუმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს დაახლოებით 15:00 საათზე, დაცვის თანამშრომლებმა მიყენეს შეურაცხყოფა, კერძოდ სხეულის სხვადსხვა მიდამოში ურტყეს ხელები და ფეხები. გიორგი კუბლაშვილმა კი განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს , 15:00 საათზე დაცვის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ერთხელ ჩაარტყეს მუშტი სახეში და სხეულის სხვადსხვა მიდამოში, ურტყეს ხელები და ფეხები. სისხლ ჩაქცევა და ნაჭდევები სხეულზე არ ჰქონია არცერთ პირს. (ტ.2.ს.ფ.111-115)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ბიოლოგიური განყოფილების მთავარი ექსპერტი დალი ტალიაშვილი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 06 აგვისტოს გაცემული, N209/სბ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც: დავით მიქაბერიძის სისხლი მიეკუთვნება 0αβ/I/ ჯგუფს; გიორგი კუბლაშვილის სისხლი მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს; დავით მიქაბერიძეს მაისურზე აღმოაჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს; დავით ჯაშის მაისურზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, ჯგუფის განსაზღვრაზე გამოკვლევა გაგრძელდება დავით ჯაშის სისხლის ნიმუშის წარმოდგენისას. ბოტასებზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; გიორგი კუბლაშვილის სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ ანაწმენდზე და დავით მიქაბერიძის მაისურზე არსებული სისხლი მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს.
(ტ.02 ს.ფ.85-94)
მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, კვლევაზე წარმოდგენილი იყო, მტკიცებულებები 03 ფუთად, ტანსაცმელი და სისხლის ნიმუშები. კვლევა ჩაატარა ტრასოლოგთან ერთად. კვლევის ფარგლებში დაადგინა, ეკუთვნოდა, თუ არა აღნიშნული სისხლის კვალი ადამიანს და კონკრეტულად რომელი სისხლის ჯგუფი იყო. დავით ჯაშის ტანსაცმელზე არსებული სისხლის ნიმუშის ჯგუფის განსაზღვრა ვერ მოხდა, რადგან არ იყო წარმოდგენილი დავით ჯაშის სისხლის ნიმუში, ამიტომაც დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ ტანსაცმელზე იყო ადამიანის სისხლი, სისხლის ჯგუფი არ დაუდგენია, რადგან მოწმის განმარტებით ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას, თუ არ არის წარმოდგენილი სისხლის ნიმუში, შეუძლებელია სისხლის ჯგუფის დადგენა. ნივთმტკიცების დათვალიერების შემდეგ, 2019 წლის 19 ივლისს გამომძიებელ დავით ომანაძეს სთხოვა დავით ჯაშის სისხლის ნიმუშის წარმოდგენა, რადგან სისხლის ნიმუშის გარეშე შეუძლებელი იყო სისხლის ჯგუფის დადგენა. დავით ომანაძისგან მიიღო უარი, რომელმაც განუმარტა, რომ სისხლის ნიმუშის წარმოდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან ბრალდებული აცხადებდა უარს. 2019 წლის 06 აგვისტოს გაიცა ექსპერტიზის დასკვნა. 2019 წლის 24 სექტემბერს დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელიც განმარტავდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაზე დავით ჯაშთან დასმული კითხვაზე (ეკუთვნოდა თუ არა სისხლის კვალი ადამიანს და რომელი სისხლის ჯგუფი იყო ? ) არ იყო გაცემული პასუხი. რაზეც დალი ტალიაშვილმა განუმარტა, რომ მათ ხელთ არსებული მეთოდიკით, სისხლის ჯგუფის დასადგენად, საჭირო იყო საქმეში არსებული ყველა პირის სისხლის ნიმუში. მოწმის განმარტებით, კვლევის დაწყებამდე პაკეტები დასურათდა. კვლევის ჩატარების შემდეგ ტანსაცმელი გადაეცა ტრასოლოგიურ განყოფილებას, სისხლის ნიმუში კი ჩაბარდა კანცელარიაში. (ტ.2.ს.ფ.99-110)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი ნიკოლოზ კირვალიძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 10 ოქტომბერს გაცემული N996/ტრ. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც:
1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დავით მიქაბერიძის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერების განარღვევის და გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
-დავით ჯაშის ტანსაცმელის და ფეხსაცმელის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუტაციური ცვეთისა არ აღინიშნება. (ტ.02 ს.ფ.123-129)
მოწმემ განმარტა, დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია იმის თქმა ვის მიერ არის გახეული აღნიშნული მაისური. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფიზიკურ ძალის ზემოქმედებად შეიძლება ვიგულისხმოთ ,,მოქაჩვა“ ვინმეს მიერ, ან სხვა რაიმე ძალით მოქმედება. მაისურზე არსებული რამდენიმე დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ერთჯერადი ქმედებით, ასვე მრავალჯერადი ქმედებით. (ტ.2.ს.ფ.156-157)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: ოქმი შედგენილია საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ შოთა ლომიძის მიერ, 2019 წლის 08 ივნისს, 21:00-21:45 საათებს შორის პერიოდში. მოწმე დავით მიქაბერიძისგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტები ალეკო საძაგლიშვილი და კახაბერ კარტოზია, რუსთავის ავტო ბაზრობის წარმომადგენელი - ჯაბა კუპრაძე. საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ-წყნარ გარემოში, ნებაყოფლობით, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობდა. ბეტონის ზედაპირიდან 02 ცალი ბიოლოგიური ჩხირზე ამოღებული იქნა მუქი ფერის ლაქა, რომელიც ჯერ ცალ-ცალკე მოთავსდა სპეციალურ მუყაოს ყუთში, რომელიც მოთავსდა მუყაოს კონვერტში, შემდეგ მოთავსდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პაკეტში და დაილუქა FC1413624 ლუქით. პაკეტზე გაკეთდა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ამოღებული პაკეტი დაერთო საქმეს. ოქმს თან ერთვის ფოტო მასალა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ოქმს თან ერთვის მონაწილე პირთა ხელმოწერები. (ტ.01 ს.ფ.53-62)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: ოქმი შედგენილია საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ შოთა ლომიძის მიერ, 2019 წლის 08 ივნისს, 21:55-22:20 საათებს შორის პერიოდში. მოწმე გიორგი კუბლაშვილისგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტს ესწრებოდნენ ექსპერტები ალეკო საძაგლიშვილი და საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, მშვიდ-წყნარ გარემოში, ნებაყოფლობით, რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ციფრული ფოტოაპარატით გადაღებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობდა. კახაბერ კარტოზია, რუსთავის ავტო ბაზრობის წარმომადგენელი - ჯაბა კუპრაძე. საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობისას არაფერი არ ამოღებულა და არ დალუქულა. ოქმს თან ერთვის ფოტო მასალა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებიათ. ოქმს თან ერთვის მონაწილე პირთა ხელმოწერები.
(ტ.01 ს.ფ.64-70)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოცნობის ოქმის მიხედვით: ოქმი შედგენილია 2019 წლის 09 ივნისს, 14:03-14:22 საათებს შორის პერიოდში, საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დავით ომაძის მიერ. დავით მიქაბერიძეს ამოსაცნობად წარედგინა: 1. დავით ჯაში (14.05.1988წ/ დაბადებული, პ/ნ. 35001075347, მცხოვრები ქ. რუსთავის მე-12 მ/რ-ის N9/122-ში) დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირი სახით, საკმაოდ დიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის სწორი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის სწორი მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილას.
2. გიორგი ასანიძე (19.03.1995 წ/დაბადებული, პ/ნ 01001092469, მცხოვრები: ქ. თბილისის, გლდანის ნაძალადევის რაიონი, სოფ. ზაჰესი, სვიმონ შოთაძის ქ. N1-ში) დაახლოებით 180სმ. სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირ სახით, საკმაოდ დიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მეორე ადგილას.
3. ლაშა ბირკაია (06.03.1994 წ/ დაბადებული, პ/ნ 35001128198, მცხოვრები ქ. რუსთავის 7-ე მ/რ-ის N16/112-ში), დაახლოებით 180სმ. სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირ სახით, დიდი წვერით, მუქი ფერის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილას.
ოქმის მიხედვით ამომცნობის მიერ ამოცნობილ იქნა მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილას მდგომი - დავით ჯაში (14.05.1988წ/ დაბადებული, პ/ნ. 35001075347, მცხოვრები ქ. რუსთავის მე-12 მ/რ-ის N9/122-ში). ამოცნობის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა.(ტ.01 ს.ფ.76-78)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოცნობის ოქმის მიხედვით: ოქმი შედგენილია 2019 წლის 09 ივნისს, 14:27-14:45 საათებს შორის პერიოდში, საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ დავით ომაძის მიერ. დავით მიქაბერიძეს ამოსაცნობად წარედგინა: 1. დავით ჯაში (14.05.1988წ/ დაბადებული, პ/ნ. 35001075347, მცხოვრები ქ. რუსთავის მე-12 მ/რ-ის N9/122-ში) დაახლოებით 180 სმ. სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირი სახით, საკმაოდ დიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის სწორი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის სწორი მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილას.
2. ლაშა ბირკაია (06.03.1994 წ/ დაბადებული, პ/ნ 35001128198, მცხოვრები ქ. რუსთავის 7-ე მ/რ-ის N16/112-ში), დაახლოებით 180სმ. სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირ სახით, დიდი წვერით, მუქი ფერის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ პირველ ადგილას.
3. გიორგი ასანიძე (19.03.1995 წ/დაბადებული, პ/ნ 01001092469, მცხოვრები: ქ. თბილისის, გლდანის ნაძალადევის რაიონი, სოფ. ზაჰესი, სვიმონ შოთაძის ქ. N1-ში) დაახლოებით 180სმ. სიმაღლის, სპორტული აღნაგობის, მრგვალი პირ სახით, საკმაოდ დიდი წვერით, მუქი ფერის საშუალო ზომის თმით, მუქი ფერის წარბებით, მუქი ფერის თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ აცვია თეთრი ფერის მოკლემკლავიანი მაისური, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. დგას ამომცნობიდან მარცხნიდან მარჯვნივ მეორე ადგილას.
ოქმის მიხედვით ამომცნობის მიერ ამოცნობილ იქნა მარცხნიდან მარჯვნივ მესამე ადგილას მდგომი დავით ჯაში (14.05.1988წ/ დაბადებული, პ/ნ. 35001075347, მცხოვრები ქ. რუსთავის მე-12 მ/რ-ის N9/122-ში). ამოცნობის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ დაფიქსირებულა. (ტ.01 ს.ფ.79-80)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გოჩა აბაზაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის ავტო ბაზრობაზე პარკინგის კონტროლიორად. 2019 წლის 08 ივნისს, მომსვლელთა პარკინგის ზოლში, დღის საათებში გაჩერდა ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილი, რომლის აღნიშნულ პარკინგის ზოლში გაჩერება აკრძალულია და აღნიშნული ავტომობილის მძღოლს უთხრა, რომ არ შეიძლებოდა ტრანზიტული ნომრების მქონე ავტომობილის აღნიშნულ ადგილას გაჩერება და მოსთხოვა მანქანა გადაეყენებინა უფასო პარკირების ადგილას, რომელიც მდებარეობდა დაახლოებით 300 მეტრში. თავის მხრივ მძღოლმა უპასუხა, რომ ელოდებოდა მეგობარს და რამდენიმე წუთში გადააყენებდა. დაახლოებით 05 წუთში მოწმე ისევ მივიდა აღნიშნულ პირთან და სთხოვა მანქანის გადაყენება, ვინაიდან, ეს პირი არ აპირებდა მანქანის გაყვანას, უფრო მეტიც ახდილი ჰქონდა მანქანის ძრავის ხუფი და წმენდა ნაწილებს. გოჩა აბაზაშვილმა კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნულ ადგილას ტრანზიტული ნომრის მქონე ავტომობილის გაჩერება, გასაყიდად მომზადება და სხვა მსგავსი ქმედებები, აღნიშნულის გამო შესაძლოა მას პრობლემა შექმნოდა უფროსებთან. მძღოლმა (როგორც შემდეგ დადგინდა - დავით მიქაბერიძემ) უპასუხა, რომ დაასრულებდა თავის საქმეს და მერე გავიდოდა. მოწმემ საქმის კურსში ჩააყენა დავით ჯაში (რომელიც მისგან დაშორებული იყო 05 მეტრით), მოახსენა ვითარება და უთხრა, რომ ,,02 წუთი მთხოვა გაჩერება, 05 წუთით გავაჩერე, გავიხედე და დავინახე, რომ კაპოტი აქვს ახდილი, მეორედ მივედი, კიდევ ავუხსენი და არ დამემორჩილა“. დავით ჯაშმა ჰკითხა, რომელი ავტომობილი იყო, მან კი აჩვენა, რის შემდეგაც გაეცალა აღნიშნულ ადგილს და განაგრძო თავისი საქმიანობა სხვა ადგილას. მოწმის განმარტებით ამის მერე რა მოხდა მან არ იცის, ბოლოს, როდესაც გაიხედა შემთხვევის ადგილისკენ შეამჩნია, რომ შეკრებილი იყო ბევრი ხალხი.
მოწმის განმარტებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაფრთხილებულები არიან, რომ მომხმარებლების მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათთან კონფლიქტში არ შევიდნენ, თუ სიტუაცია დაიძაბება უფროსი ჩააყენონ საქმის კურსში, აღნიშნული შემთხვევა სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა მისი უფროსი უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ტრანზიტული ნომრით ავტომობილის გაჩერება შეიძლება მხოლოდ სპეციალურ უფასო პარკირების ადგილზე.
(ტ.2.ს.ფ.66-71)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ალექსანდრე ჩაფიძე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 13:00-14:00 საათზე, იმყოფებოდა ავტო ბაზრობის ტერმინალზე, ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, მისი ყურადღება მიიპყრო დავით ჯაშმა, რომელიც ელაპარაკებოდა ორ პიროვნებას და ეუბნებოდა, რომ გაეყვანათ ავტომანქანა, ვინაიდან, მათ საკონტროლო პარკინგის ზოლში არ შეიძლება ტრანზიტული ავტომობილების გაჩერება (რადგან ხშირად პირებს არ შეყავთ ავტომობილი ავტო ბაზრობაზე, არ სურთ 25 ლარის გადახდა და აჩერებენ პარკინგის ზოლში, რომელიც ღირს 02 ლარი და იქ ყიდიან ავტომანქანას). დავით ჯაში თხოვდა გაეყვანათ ავტომობილი, აღნიშნული ორი პირი არ აქცევდნენ დავით ჯაშს ყურადღებას, ერთი იჯდა ავტომობილში (გრძელ თმიანი) მეორე (მძღოლი) წმენდდა ავტომობილს. დაახლოებით 05-06 წუთის განმავლობაში დავით ჯაში თხოვდა მანქანის გაყვანას და უხსნიდა მიზეზს რატომ უნდა გაეყვანა ა/მანქანა. აღნიშნული პირი დავით ჯაშს არ აქცევდა ყურადღებას, არ ცემდა ხმას, აგრძელებდა ავტომანქანის ბორბლების წმენდას, შემდეგ ახადა ძრავის სახურავი და გადავიდა ძრავის სახურავის წმენდაზე. აღნიშნულის შემდეგ გაბრაზებულმა დავით ჯაშმა დაუხურა ძრავის სახურავი და ხმამაღალი ტონით მიმართა, რომ დაეტოვებინათ ავტო ბაზრობა. ძრავის სახურავის დახურვისას, დავით მიქაბერიძეს არ მიუღია დაზიანება. იგი ჩაჯდა ავტომობილში, ავტომანქანა დაწია ოდნავ უკან (პარკინგის ადგილი არის ოდნავ დახრილი,) გაასწორა ავტომანქანა და პირდაპირ მათი მიმართულებით დაიძრა, რის გამოც ისინი შეშინებულები გადახტნენ ბორდიურზე, დავით ჯაშმა დაუყვირა - ,,რას შვრები“, ასევე ალექსადრე ჩაფიძემ და სხვა თანამშრომლებმა (დაახლოებით სამი თანამშრომელი), მიმართეს ემოციურად შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ხსენებულმა პირმა გააჩერა ავტომანქანა, მძღოლის გვერდით მჯდომი გადმოვიდა (იყო დაახლოებით ალექსანდრე ჩაფიძის სიმაღლის, ჰქონდა გრძელი თმა), მოუარა მანქანას უკნიდან და დავით ჯაშს დასარტყმელად მოუქნია ხელი. დავით ჯაშმა სცადა დარტყმის აერიდებინა და უკან გადახტა, რა დროსაც დაუვარდა რადიო გადამცემი. ამ დროს ალექსანდრე ჩაფიძე იდგა დავით ჯაშის უკან, აიღო ძირს დავადნილი რადიო გადამცემი, ხოლო ზემო ხსენებული პირი გააჩერა იქ მყოფმა ხალხმა და ჩაუდგნენ შუაში. დავით ჯაში ამ დროს იყო მშვიდად და სხვებსაც მოუწოდებდათ სიმშვიდისკენ. დაზუსტებით უთითებს, რომ ხსენებული პირისთვის დავით ჯაშს არ დაურტყამს. ხალხის გაფანტვის შემდეგ შეამჩნია, რომ ზემოხსენებულ პირს ცხვირიდან სდიოდა სისხლი, მის გვერდით იდგა ავტომაქანის მძღოლიც. ამის მერე ისნი ჩასხდნენ მანქანაში და გაერიდნენ შემთხვევის ადგილს, ხოლო თავად ალექსანდრე ჩაფიძე და დავით ჯაში ავიდნენ ოფისში. დავით ჯაშს მაისურზე ეტყობოდა სისხლის კვალი. ცოტახანში მათთან ოფისში მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც იკითხა დავით ჯაში და წაიყვანა განყოფილებაში. აღნიშნულიდან დაახლოებით 30 წუთში, მას დაურეკა დავით ჯაშმა და უთხრა, რომ დაზარალებულებმა აღწერეს ერთ-ერთი პირი, რომელსაც ეცვა ზოლიანი მაისური (როგორიც ეცვა ალექსანდრე ჩაფიძეს) და პოლიციის თანამშრომლებმა დავით ჯაშს თხოვეს დაერეკა მისთვის და მოეყვანა პოლიციის განყოფილებაში. ალექსანდრე ჩაფიძე იმავე დღეს მივიდა განყოფილებაში, სადაც იყვნენ დაზარებულები, დავით ჯაში და ერთი თანამშრომელი. ერთ-ერთ დაზარალებულებს როცა გვერდით გაუარა, დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომელს უთხრა, რომ ეს ის პირი არ არისო. პოლიციის თანამშრომელმა ა. ჩაფიძეს გადაუღო ფოტო სურათი და აჩვენა მეორე დაზარალებულს, რომელმაც ასევე უთხრა, რომ აღნიშნულ პირს მისთვის არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ პოლიციელმა ა. ჩაფიძეს უთხრა, რომ თავისუფალი იყო და შეეძლო წასულიყო.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ შაბათ-კვირას ხშირად არის კონფლიქტური სიტუაციები. ალექსანდრე ჩაფიძე აღნიშნულ სამსახურში მუშაობს 2009 წლიდან. მისი მუშაობის პერიოდში, ხშირად ყოფილა მომხმარებელთან სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა ფიზიკურ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, რომ აკრძალული აქვთ კონფლიქტში ჩართვა, თუ კი მომხმარებელთან აქვთ პრობლემა საქმის კურსში აყენებენ ხელმძღვანელს. ამიტომ ხშირად მიმართავენ დავით ჯაშს. დავით ჯაში არის წყნარი, გაწონასწორებული ადამიანი. (ტ.2.ს.ფ.185-196)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, დავით თაბაგირი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 08 ივნისს მუშაობდა რუსთავის ავტო ბაზრობაზე, პატრულის თანამდებობაზე, კერძოდ, ევალებოდა ეკონტროლებინა გადახდილი ჰქონდათ, თუ არა ტერმინალზე შემომსვლელ ავტომაქანებს მოსაკრებელი.
2019 წლის 08 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, როდესაც მიუახლოვდა პირველ სალონს გაიგონა დავით ჯაშის საუბარი, რომელიც ესაუბრებოდა მოქალაქეს და თხოვდა მანქანის გადაყენებას, ვინაიდან, აღნიშნულ ადგილზე არ შეიძლებოდა განუბაჟებელი ავტომაქანის გაჩერება. მძღოლი კი მას არ აქცევდა ყურადღებას, უფრო მეტიც გახსნა ავტომანქანის ძრავის ხუფი და დაიწყო ავტომანქანის ძრავის ნაწილების გაწმენდა, ამასთან დავით ჯაშს ეუბნებოდა, რომ მან იცოდა სადაც უნდა გაეჩერებინა ავტომანქანა და ვერავინ ასწავლიდა. აღნიშნულ ავტომანქანაში იჯდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც ჰქონდა გრძელი თმა. ამის შემდეგ დავით ჯაშმა ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ არ შეიძლებოდა ავტომანქანის გაჩერება და დაუხურა ძრავის სახურავი. მოქალაქე, აღნიშნულზე გაბრაზდა, ჩაჯდა ავტომანქანაში, და მიაძახა, რომ ,,არაკაცურად იქცეოდა“, დახია ავტომანქანა უკან დაძრა წინ და დავით ჯაშს ფეხებთან გაუჩერა ,,ლამის დაეჯახა“, რაზეც დავით ჯაშმა და იქ მყოფმა სხვა პირებმა ( შემთხვეის ადგილზე შეგროვებული იყო დაახლოებით 10 კაცი) დაიწყეს ყვირილი - რას აკეთებო და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს დავით თაბაგარი იდგა ბორდიურზე ავტომანქანის წინ, ხოლო დავით ჯაში იდგა მის გვერდით, დაახლოებით 03 მეტრში. მოქალაქემ მათ გინებაზე გააჩერა ავტომანქანა, მძღოლის გვერდით მჯდომი გადმოვიდა ავტომანქანიდან და წავიდა ავტომაქანის უკან. რამდენიმე წუთში დაინახა, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელიც ავტომანქანიდან გადმოვიდა დაშავებული იყო, კერძოდ, ცხვირიდან სდიოდა სისხლი. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნობია ვისგან მიიღო დაზიანებები, დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ დავით ჯაშს მისთვის ხელი არ დაურტყამს, ვინაიდან, ის იდგა მის გვერდით და ხალხს მოუწოდებდა სიმშვიდისკენ. ამის შემდეგ მძღოლმა ამოიღო ტელეფონი და დარეკა პოლიციაში. რის შემდეგაც სიტუაცია დაწყნარდა და დავით თაბაგარი წავიდა დაცვის ოფისში.
მოწმის განმარტებით, პირი, რომელიც იჯდა საჭესთან, იყო მაღალი, ქერა ფერის თმით, ეცვა ღია ფერის ტანსაცმელი. მძღოლის გვერდით მჯდომს ჰქონდა შავი ფერის თმა, იყო საშუალო სიმაღლის, ეცვა მოშავო ფერის ტანსაცმელი
მოწმემ განმარტა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის ვიდეო კამერები, თუმცა მათ ჩანაწერზე ხელი მას არ მიუწვდება.
2019 წლის 08 ივნისს წავიდა სამსახურიდან ადრე, ვინაიდან იყო პრაქტიკანტი და საღამოობით არ მუშაობდა. შესაბამისად მასთან პოლიცია არ ყოფილა. (ტ.2.ს.ფ.195-201)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ბრალდებული დავით ჯაში, რომელმაც განმარტა, რომ 2013 წლის აგვისტოდან მუშაობს რუსთავის ავტო ბაზრობაზე სხვადასხვა პოზიციაზე. 2019 წლის მარტის თვიდან მუშაობს უსაფრთხოების სამსახურში, ავტო ბაზრობის მთავარ პატრულად. მის მოვალეობაში შედის შიდა პარკირების მოწესრიგება, კლიენტების უსაფრთხოების და ზოგადად ავტო ბაზრობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა. 2019 წლის 08 ივნისი იყო შაბათი დღე და მუშაობა დაიწყეს დილის 05:30 საათიდან. იმავე დღეს დაახლოებით 14:00 საათისთვის, ავტო ბაზრობაზე უკვე აღარ იყო შემომსვლელი ავტომაქანები და ეხმარებოდა მოლარეს, ამ დროს მასთან მივიდა თანამშრომელი გოჩა აბაზაშვილი და უთხრა, რომ 06-07 მეტრის მოშორებით იდგა ავტომანქანა, რომლის მძღოლი არ ემორჩილებოდა (მოწმემ განმარტა, რომ ავტო ბაზრობას აქვს ორი შესასვლელი, ერთი ცენტრალური, რომელიც შედის ავტობანიდან და მეორე შესასვლელი მომსახურების სააგენტოს მხრიდან, რომელიც არის ფართო (გაივლის 04 ავტომობილი), თუმცა 2019 წლის 08 ივნისს, სააგენტოს მხარეს ერთ ჩაყოლებაზე გამოყოფილი ჰქონდათ პარკინგის ადგილები, რის გამოც ცენტრალურ გზაზე, მხოლოდ ერთი ავტომანქანის გავლა იყო შესაძლებელი. მოწმის განმარტებით, გამოსასვლელები ბორდიურიდან შეწეულია შიდა მხარეს დაახლოებით 03-04 მეტრით, ასევე იქვე დგას ჯიხური და ბორდიურიდან 02 მეტრის მოშორებით არის ე.წ. შლაგბაუმი. საპარკინგე ზოლი იყო დახრილი 45 გრადუსიანი კუთხით) და მიუთითა ლურჯი ფერის ,,ლექსუსის“ მარკის ავტომობილზე. ავტომანქანა გაჩერებული იყო ბორდიურთან ცხვირით. ის ავტომანქანას მიუახლოვდა შუა მხრიდან, მარცხენა მხარეს იჯდა ერთი პიროვნება, რომელსაც ფეხი ჰქონდა გარეთ ავტომაქანის საფეხურზე დადგმული და კარი ღია. ღია იყო ავტომაქანის უკანა კარიც, რომელთანაც იდგა მეორე პირი, ხელში ეჭირა ჩვარი და საწმენდი სითხე. დავით ჯაში მივიდა ხსენებულ პირთან, მიესალმა, ყოველგვარი აგრესიის და ზედმეტი საუბრის გარეშე და უთხრა, რომ აღნიშნულ ადგილას არ შეიძლებოდა დგომა და განუმარტა ამის მიზეზი, კერძოდ ის, რომ აღნიშნულ ადგილას 5 ლარად დგებოდნენ ტრანზიტული ავტომანქანები და ყიდიდნენ ავტომანქანას, რაზეც პრეტენზიები ჰქონდათ შიდა პარკინგზე მყოფ დილერებს, რადგან ისინი გასაყიდად გამოყოფილ პარკინგზე იხდიდნენ 25 ლარს. აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ ელოდებოდა მეგობარს და 10 წუთში გაიყვანდა ავტომანქანას. რაზეც მან განუმარტა, რომ არსებობდა მე-16 პარკინგი, სადაც დაშვებული იყო ტრანზიტული ავტომანქანების დგომა და ამასთან იყო უფასო. მიუთითა, რომ იქ გადაეყენებინა ავტომობილი და დალოდებოდა მეგობარს. აღნიშნულზე მან არ გასცა პასუხი, გადაიწია წინ და დაიწყო ავტომანქანის წმენდა, იქ სადაც იჯდა გიორგი კუბლაშვილი. მოწმის განმარტებით ის კიდევ ერთხელ მივიდა და უთხრა, რომ ტერიტორიაზე იყო სათვალთვალო კამერები და მისი ქმედების გამო პრობლემები შეექმნებოდა დაცვის თანამშრომლებს. მან ისევ იგნორირება გაუკეთა დავით ჯაშს და არ გასცა პასუხი, დაიწყო საბურავის წმენდა. ამ დროს მათგან 02 მეტრის დაშორებით იდგა გოჩა აბაზაშვილი. ხსენებულმა პირმა თქვა - ,,რამდენჯერ უნდა გამაფრთხილოთ და რამდენმა უნდა მითხრათო“, წავიდა ავტომაქანის უკან და ჩაიცუცქა, მძღოლის მხარეს არსებულ უკანა საბურავთან. დავით ჯაშმა წინიდან შემოუარა ავტომანქანას, მივიდა მასთან და უთხრა, რომ გადაეყენებინა ავტომანქანა და არ შეექმნებოდა არანაირი პრობლემა, რაზეც ხსენებულმა პირმა უთხრა, რომ ,,შენ ვინ ხარ საერთოდ, დავასრულებ ჩემ საქმეს და გავიყვანო“. დავით ჯაშმა უთხრა, რომ იყო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, მიუთითა ბეჯზე და უთხრა, რომ იყო დავით ჯაში. მოწმის განმარტებით, მის ყველა ნათქვამზე ხსენებული პირი ირონიულად იღიმებოდა და ეუბნებოდა, როდესაც დაასრულებდა თავის საქმეს მერე გაიყვანდა ავტომანქანას. დავით ჯაშმა აუწია ტონს, (ხელმძღვანელისგან აქვთ მითითება, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაყენონ კლიენეტებს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ზოგჯერ შეუძლიათ ხმამაღალი ტონით ესაუბრონ, ხმა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ის რაღაცას აშავებს), როდესაც შეატყო ხსენებულ პიროვნებას, რომ არაფერი არ ესმოდა, გააცნო თავისი პიროვნება, თუ ვინ იყო, ამასთანავე შესთავაზა, რომ გადაეხადა საფასური 05 ლარი და როგორც პატრულის უფროსი, პასუხისმგებელი იქნებოდა მასზე 10 წუთის განმავლობაში, სანამ მისი მეგობარი მივიდოდა უპრობლემოდ იდგებოდა და არავინ შეაწუხებდა. დავით მიქაბერძემ ამჯერადაც არ გასცა პასუხი, გადავიდა მანქანის წინ, ახადა ძრავის სახურავი და იქ დაიწყო პლასტმასების წმენდა. დავით ჯაში გაღიზიანდა, გაყვა უკან და უთხრა რა უნდოდა ? შესთავაზა რამდენიმე ვარიანტი, გაყვანა არ უნდოდა, არც თანხის გადახა უნდოდა და რა უნდოდა აეხსნა. აღნიშნულს ისმენდნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებიც იდგნენ დაცვის ოფისთან. მოწმის განმარტებით, ცენტრალური გზის ბორდიურიდან 04 მეტრში არის დაცვის სამსახურის ოფისი, რომლის ნახევარი არის ფასიანი საპირფარეშო და ნახევარი დაცვის ოფისი. ხოლო შენობასა და ბორდიურს შორის არის მარკეტი. მოწმის განმარტებით, მაღაზიასთან ახლოს ყოველთვის არის ხალხი, ზოგი ლუდს სვავს, ზოგი ყავას. იქვე მყოფი ხალხიდან ერთ-ერთმა დაიძახა რა გინდა, რატო უშლი ნერვებსო, ჩვენ აქაურები ვართ და ჩვენ არ გვაძლევენ ტრანზიტული ავტომაქანის გაჩერების უფლებას, გაიყვანე ამდენს რატო ალაპარაკებო. აღნიშნულზე დავით მიქაბერიძეს არ ჰქონდა რეაქცია. დავით ჯაში კიდევ უფრო გაღიზიანდა და უთხრა, რომ მისი საქციელიდან გამომდინარე დაატოვებინებდა საერთოდ ავტო ბაზრობის ტერიტორიას. დავით მიქაბერიძეს არც ამაზე ჰქონია რეაქცია. ავტომანქანიდან გადმოვიდა გიორგი კუბლაშვილი და თავის მეგობარს უთხრა, რომ წასულიყვნენ. არც მეგობარს მოუსმინა, აგრძელებდა თავის საქმეს და თან ირონიულად იღიმოდა. გარშემო იყვნენ სხვა თანამშრომლებიც, ალექსანდრე ჩაფიძე და გოჩა აბაზაშვილი, რომელიც კვლავ ავტომანქანასთან იდგნენ და კიდევ ერთი პირი - დათო ყრუაშვილი. ხსენებული პირის ქმედებებიდან გამომდინარე, დავით ჯაშმა მოკიდა ხელი ძრავის სახურავს და ნელ-ნელა დაწია, ხსენებულმა პირმა კი აუკრა ხელი, რაზეც უფრო გაღიზიანდა დავით ჯაში, კიდევ დაწია სახურავი და ხსენებულმა პირმა კვლავ აუკრა ხელი. ამ დროს გიორგი კუბლაშვილი იდგა მათ უკან, დავით ჯაშს ეუბნებოდა, რომ ნუ საუბრობდა ხმამაღლა და თავის მეგობარს ეუბნებოდა, რომ წასულიყვნენ. დავით მიქაბერიძე გაიწია უკან, რა დროსაც დავით ჯაშმა სწრაფად დახურა ძრავის სახურავი. დავითი წავიდა ავტომანქანისკენ, გიორგი კუბლაშვილმაც გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი და ჩაჯდნენ ავტომანქანაში, დაახლოებით 01 წამში, დაიძრა მანქანა ჯერ უკან და შემდეგ ბორდიურთან მდგომი ხალხის მიმართულებით, იქ მდგომი პირები მოერიდნენ დავით მიქაბერიძის ავტომანქანას, ნაწილი მარჯვნივ გადახტა, ნაწილი კი მარცხნივ. დავით ჯაშმა მიუთითა, რომ თვალები ჰქონდა არასწორ ადგილას და გადავიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დავით მიქაბერიძეც აგინებდა საპასუხოდ. დავითი მიქაბერიძემ კიდევ ერთხელ დაძრა ავტომანქანა და იქ მდგომმა კონტროლიორმა ძლივს გაასწრო და გადახტა ავტომანქანის მარჯვენა კუთხიდან ნახევარი მეტრით. უცებ ისევ გაჩერდა ავტომანქანა, მარჯვენა მხრიდან გადმოხტა გიორგი კუბლაშვილი და პირდაპირ მივიდა მასთან ძალიან ახლოს, ხელები აუკრეს ერთმანეთს, ინერციით ერთმანეთს გაერიდნენ, მეორე ცდაზე გიორგი კუბლაშვილი უკვე მუშტით წავიდა მისკენ, დავით ჯაშმა უკანა ხტომით აიცილა მუშტი, აცილების შემდეგ დაიძრა გიორგი კუბლაშვილისკენ, გადადგა 03-04 ნაბიჯი, ირგვლივ ხალხი იყო შეკრებილი და ირეოდა ერთმანეთში, ამ დროს, დაინახა გიორგი კუბლაშვილის სახე, რომელსაც თვალები ჰქონდა გაფართოებული და ცხვირის ნესტოდან მოსდიოდა სისხლი. დავით ჯაშის აზრით, გიორგი კუბლაშვილს ხალხმრავლობაში მოხვდა ხელი. როდესაც დაინახა აღნიშნული დაიწყო ყვირილი ამათ გამო თავი არავინ გაიშაროთ, ხელი არავინ არ დაარტყათ, გარშემო იყო ბევრი თანამშრომელი და შესაძლოა რომელიმეს მიეყენებინა დაზიანება. ხალხი იყო შეკრებილი დავით მიქაბერიძესთან, მიდიოდა საქმის გარჩევა. დავით მიქაბერიძეს გაღებული ჰქონდა ავტომანქანის კარი, იდგა საფეხურზე და იგინებოდა. დავით ჯაში გამოეცალა სიტუაციას, შემოუარა ავტომანქანას, რომლის წინ იდგა კიდევ ერთი ავტომანქანა, გავიდა მისკენ და მარკეტთან გაჩერდა, რათა დამშვიდებულიყო. ამ დროს არაფერი აღარ ხდებოდა, იყო მხოლოდ ხალხი შეკრებილი, არ ჩხუბობდნენ. დავით მიქაბერიძე ისევ იგინებოდა, და ამბობდა ვინც ჩემ მეგობარს დარტყა... და ა.შ., იგინებოდა დამრტყმელის მისამართით. ამ დროს ცენტრალური გზიდან, გადმოირბინა პიროვნებამ, რომელსაც ეცვა წითელი მაისური და თქვა - ჩემი ძმაკაცია, ვის აგინებო და იქ რა მოხდა არ დაუნახავს, ხოლო დავით მიქაბარიძე ყვიროდა, რომ გამოიძახებდა პატრულს, ჩაჯდა ავტომანქანაში, კარი არ დაუკეტავს, ითხოვდა რაც შეიძლება მეტი ეკიპაჟის და სასწრაფო დახმარების მისვლას, რადგან თავს დაესხნენ ავტო ბაზრობის თანამშრომლები. აღნიშნულს თანამშრომლების მხრიდან მოყვა კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეუბნებოდნენ, რომ ,,წეღან ძველი ბიჭები იყავით და ახლა პატრულში რეკავთო“. დავით მიქაბერიძემ მიიხურა კარი და დაძრა ძალიან სწრაფად ავტომანქანა. რამდენიმე პირმა, მათ შორის დავით ყრუაშვილმა მიაყოლა გინება, იმის გამო, რომ დარეკეს პატრულში. ამის შემდეგ იქ მდგომი ხალხი დაიშალა და თავადა დავით ჯაშიც წავიდა დაცვის სამსახურის ოფისში, სადაც მენეჯერმა ჯაბა კუპრაძემ მარცხენა მკლავზე შენიშნა სისხლი და ჰკითხა რა ჭირდა, რაზეც დავით ჯაშმა უთხრა, რომ არაფერი არ ჭირდა უბრალოდ ვიღაცამ მოჰკიდა სისხლიანი ხელი. ასევე მაისურზეც ჰქონდა სისხლის წვეთი. შევიდა ოფისში, ჩამოიბანა მკლავი ისე რომ მაისური არ გამოუცვლია და წავიდა თავის სამუშაო ოფისში. მოიმზადა ყავა და ელოდებოდა პოლიციის თანამშრომლების მისვლას, რადგან იყო ერთ-ერთი მონაწილე მომხდარი კონფლიქტის. მალევე რადიო სადგურით გადასცეს, რომ ტერიტორიაზე შემოვიდა პოლიცია. მასთან ტერმინალზე შევიდა მისთვის ნაცნობი პირველი განყოფილების პოლიციელი და ჰკითხა რა მოხდა, რაზეც უთხრა, რომ არფერი არ მომხდარა და გავიდა გარეთ. ცენტრალურ გზასთან არის საბაჟო სამსახურის ჯიხური, რომლის გვერდითაც გაჩერებული იყო პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანა, რომელშიც იჯდა გიორგი კუბლაშვილი, ღია ჰქონდა ავტომანქანის კარი. გიორგი კუბლაშვილს ჩამოხეული ჰქონდა მაისური. ჯიხურის კუთხეში იდგა პიროვნება, რომელმაც ჰკითხა შენ იჩხუბეო, რაზეც დავით ჯაშმა უპასუხა, რომ არ უჩხუბია, რაზეც ხსენებულმა პირმა უთხრა აბა ეს სისხლი რა არისო.(როგორც შემდეგ აღმოჩნდა ხსენებული პირი იყო გამომძიებელი დავით ომანაძე) მივიდა მისი ნაცნობი პოლიციელი და უსაყვედურა, რატომ უთხრა, რომ არაფერი არ მომხდარა. რამდენიმე სიტყვით აუხსნა მას რაც მოხდა, ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ის და გოჩა აბაზაშვილი გადაიყვანეს გამოსაკითხად პოლიციის განყოფილებაში. გზაში ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჰკითხა რა ერქვა იმ ბიჭს, რომელსაც ეცვა ზოლიანი მაისური, ვინაიდან, დაზარალებულები მას ასახელებენ. მოწმის განმარტებით იმ დღეს ზოლებიანი მაისურით იყო ალექსი ჩაფიძე, რომელსაც დაურეკა და უთხრა, რომ განყოფილებაში იბარებდნენ და მისულიყო. ალეკო განყოფილებაში მივიდა დაახლოებით 15 წუთში და ჰკითხა გამომძიებელს რატო ჩამოყვანეს, პოლიციის თანამშრომელმა უთხრა, რომ დაზარალებულებმა ახსენეს პირი, რომელსაც ზოლიანი მაისური ეცვა. დავით ჯაშმა უთხრათ, რომ ალეკო მის გვერდით იყო, არავისთვის არ დაურტყამს ხელი, გადაეღოთ მისთვის სურათი და ეჩვენებინათ დაზარალებულისთვის. გამომძიებლებმა მას მართლაც გადაუღო ფოტო და დაახლოებით 10 წუთში გაიყვანეს ოთახიდან და გაუშვეს სახლში. იმავე დღეს დავით ომანაძემ გამოკითხა და ასევე უთხრა, რომ უნდა წარედგინა მაისური, ვინაიდან, მასზე იყო სისხლის ლაქა და საჭირო იყო ექსპერტიზაზე გაგზავნა. დავით ჯაში დათანხმდა, რის შემდეგაც პოლიციის ავტომანქანით ორმა თანამშრომელმა მიიყვანა სახლში, სადაც დავით ჯაშმა გამოიცვალა მაისური და გადასცა გამომძიებლებს, რომლებმაც მაისური ჩადეს პოლიეთილენის პარკში და დალუქეს, ასევე უთხრეს, რომ მეორე დღეს დილას 11:00 საათზე, მისულიყო განყოფილებაში, ამოცნობაზე. იმავე დღეს, ის ავიდა სამსახურში მეგობრის ავტომანქანით, რათა ენახა შემთხვევის ვიდეო ჩანაწერები. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაინტერესდა იყო, თუ არა მათთან ერთად ვინმე მათი თანამშრომლებიდან, უთხრეს რომ ჯაბა კუპრავა აქცევდა ყურადღებას. ამის შემდეგ წავიდა მოდულთან, სადაც ინახებოდა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც მას ხელი მიუწვდებოდა. ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანდა მისი ყველა ქმედება, ამის მერე დამშვიდებული წავიდა სახლში, რადგან არსებობდა მტკიცებულება და ვერ შეედავებოდნენ. მეორე დღეს მივიდა პოლიციის განყოფილებაში და დავით ომანაძეს უთხრა, რომ ჰქონდა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ყველაფერი იყო ასახული, აღნიშნულზე დავით ომანაძეს არ ჰქონია არანაირი რეაქცია, რადგან დავით ომანაძემ მას არაფერი არ უთხრა, ჩათვალა, რომ მისგან დამოუკიდებლად გამოითხოვდნენ ჩანაწერებს. ამის შემდეგ ჩატარდა ამოცნობა, ხოლო შემდეგ წაიყვანეს სამედიცინო ექსპერტიზაზე. დაზარალებულების შემდეგ, დავით ომანაძემ ექსპერტთან შეიყვანა დავით ჯაში. ექპერტმა ჰკითხა ჰქონდა თუ არა რაიმე დაზიანება. დავით ჯაშმა უთხრა, რომ გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია და მუცელზე ჰქონდა ჭრილობა, წინა დღეს არ მიუღია არანაირი დაზიანება, რადგან ის არავის შეხებია და არც მას შეხებიან ხელით. ექსპერტმა ჰკითხა დავით ომანაძეს რის გამო მიიყვანა მან დავით ჯაში. დავით ომანაძემ უთხრა, რომ საქმეს სჭირდებოდა. ექპერტმა დაუთვალიერა ხელის მტევნები, იდაყვები, მუცელი და ზურგი. აღნიშნულიდან დაახლოებით 10 დღეში, მას დაურეკა დავით ომანაძემ და უთხრა, რომ ურეკავდა პროკურორის დავალებით და ჰკითხა თანახმა იყო თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე. დავით ჯაშმა ითხოვა, აეხსნა რა იყო საპროცესო შეთანხმება. დავით ჯაშმა, გამომძიებლის განმარტებიდან გამომდინარე იფიქრა, რომ მას უნდა ეღიარებინა დანაშაული. რაზეც მას გაეცინა და დავით ომანაძეს, უთხრა, რომ არანაირ დანაშაულს არ აღიარებდა. ამის შემდეგ 03 დღეში დაიბარეს ბრალის წარდგენისთვის, განყოფილებაში, რასაც ესწრებოდა ადვოკატი მაკა ბერაძე. ბრალის წარდგენის შემდეგ, როდესაც გამოვიდა განყოფილებიდან გზაში დაურეკა გამომძიებელმა და უთხრა, რომ ბრალის შესახებ დადგენილებაში იყო შეცდომა, რადგან საქმე აღძრული იყო ჯგუფურ დანაშაულზე, უნდა ჩაესწორებინა და ხელი თავიდან მოეწერა.
მოწმემ განმარტა, რომ გამოძიებს მიერ შეთავაზებულ არც ერთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უარი არ განუცხადებია. ყველა საგამოძიებო მოქმედებებზე ცხადდებოდა დროულად და რასაც ეუბნებოდნენ ასრულებდა ყველაფერს. სისხლის ნიმუშის აღებაზე გამომძიებელს არ მიუმართავს. აღნიშნულის შესახებ გაიგო მაშინ, როდესაც მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი, რომელიც ითხოვდა სისხლის ნიმუშს, დავით ომანაძემ კი განუმარტა, რომ ბრალდებული უარს აცხადებდა სისხლის ნიმუშის აღებაზე. მისთვის არავის მიუმართავს, არც წერილობით, არც სიტყვიერად, რომ მიემართათ, აუცილებლად დათანხმდებოდა.
პროკურორის კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ კონფლიქტს ესწრებოდა ალექსანდრე ჩაფიძე, გოჩა აბაზაშვილი, დავით თაბაგარი (პრაქტიკანტი), დილერი - დავით ყრუაშვილი, დავით ჩაფიძე და მამუკა ჯოკოშვილი. ზოგი იდგა მასთან ახლოს, ზოგი მისგან მოშორებით. მოწმემ განმარტა, რომ არ დაუნახავს გიორგი კუბლაშვილმა როდის ან როგორ მიიღო დაზიანება. ვიდეო ჩანაწერი ასახავდა მთელ დღეს, მას როგორც თანამშრომელს ჰქონდა წვდომა ჩანაწერებზე. დავით ჯაშმა უყურა მხოლოდ მის და გიორგი კუბლაშვილის ერთმანეთთან ორჯერ მიახლოებას, ჩანაწერზე კარგად ჩანდა, რომ დავით ჯაშისგან მარცხნივ 02 მეტრში იდგა პიროვნება, რომელმაც ხელი დაარტყა გიორგი კუბლაშვილს. ასევე ჩანაწერში ჩანს, რომ ავტომანქანიდან გადმოდის პიროვნება, მიდის დავით ჯაშთან, უქნევს ხელს, რომელიც დავით ჯაშმა აიცილა, აცილების მომენტში დავით ჯაში ხტება 1,5 - მეტით უკან, ხოლო ვირაც პირი ურტყამს ხელს გიორგი კუბლაშვილს. პირი რომელიც ურტყამს არ ჩანს. გიორგი კუბლაშვილის სახე არ ჩანს კარგად თუმცა აღქმადია, რომ ერთი და იგივე პირია, რომელიც მიდის დავით ჯაშთან და შემდეგ ხვდება ხელი. მოწმემ განმარტა, რომ მეორე დაზარალებულის შესახებ არაფერი იცის. მოწმემ განმარტავს, რომ ჩანაწერიდან შეიძლებოდა პირების იდენტიფიცირება. გამოკითხვისას გამომძიებელს უთხრა, რომ კონფლიქტის დროს იყო დაახლოებით 10 ადამიანი. გამოკითხვისას იყო განერვიულებული, არ ახსოვდა ყველა დეტალი. თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ აღიდგინა ყველა წვრილმანი დეტალი.
(ტ.2.ს.ფ.206-209)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე აქედან ძალადობა მატერიალური შემადგენლობისაა.
ბრალის ფორმის მიხედვით აღნიშნული დანაშაული განზრახია, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს:
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენა და სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
გონივრული ეჭვის“ კონცეფცია სასამართლოს მიერ განისაზღვრა საქმეში ფოქსი, კემპბელი და ჰარტლი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Fox, Campbell and Hartley v. UK), როგორც „ფაქტების ან ინფორმაციის არსებობა, რომლებიც დააკმაყოფილებენ ობიექტურ დამკვირვებელს, რომ პირს შეეძლო ჩაედინა სამართალდარღვევა“. ხოლო ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს „გონივრულად“, დამოკიდებულია ყველა სათანადო გარემოებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა (იხილეთ ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK), No. 5310/71, 18.1.78, პარ. 161)
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა დავით ჯაშის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირელი პრიმა ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არასრულყოფილად იქნა გამოძიება ჩატარებული, რაც გულისხმობს ბრალდებულის ბრალად წარდგენილ ქმედებაში მამხილებელი მტკიცებულებების არასაკმარისობას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად გვევლინება მხოლოდ დაზარალებულების დავით მიქაბერიძის და გიორგი კუბლაშვილის ჩვენებები, რაც სასამართლოს მოსაზრებით არასაკმარისია, ვინაიდან სასამართლოს სხდომაზე დავით მიქაბერიძემ არაერთხელ დააფიქსირა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის ჩადენა მრავლობით რიცხვში, რაზეც სასამართლო არაერთგზის დაინტერესდა ვის მოიაზრებდა დაზარალებული აღნიშნულში, მხოლოდ სასამართლოს დაინტერესების შემდეგ მოწმემ განმარტა, რომ მას დაარტყა დავით ჯაშმა. მოწმის დაკითხვისას და მტკიცებულებების წარმოდგენისას სასამართლომ უნდა განახორციელოს გონივრული კონტროლი იმ მიზნით, რომ შემოწმებულ იქნას (მოწმის ჩვენების სარწმუნოობა და წარმოდგენილი მტკიცებულების რელევანტურობა) სამართლიანობა.
გამოძიების არასრულყოფილებაზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ბიოლოგიური განყოფილების მთავარი ექსპერტის დალი ტალიაშვილის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც ექსპერტმა ,,დავით ჯაშის ტანსაცმელზე არსებული სისხლის ნიმუშის ჯგუფის განსაზღვრა ვერ მოახერხა, ვინაიდან, არ იყო წარდგენილი დავით ჯაშის სისხლის ნიმუში, ამიტომაც დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ ტანსაცმელზე იყო ადამიანის სისხლი, თუმცა სისხლის ჯგუფი არ დაუდგენია, რადგან მოწმის განმარტებით ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისას, თუ არ არის წარდგენილი სრულყოფილად ყველა მონაწილის სისხლის ნიმუში შეუძლებელია კატეგორიულად განისაზღვროს ადამიანის ტანისამოსზე არსებული სისხლის ჯგუფი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ წარდგენილი ნივთმტკიცებების დათვალიერების შემდეგ, (2019 წლის 19 ივლისს) გამომძიებელ დავით ომანაძეს სთხოვა დავით ჯაშის სისხლის ნიმუშის წარდგენა, რადგან სისხლის ნიმუშის გარეშე შეუძლებელი იყო მის ტანისამოსზე არსებული სისხლის ჯგუფის დადგენა. დავით ომანაძისგან მიიღო განმარტება, რომ სისხლის ნიმუშის წარდგენა ვერ მოხდებოდა, რადგან ბრალდებული უარს აცხადებდა“. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მან ბრალდების მხარის მიერ შეთავაზებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, მისთვის გამომძიებელს არცერთ ეტაპზე არ შეუთავაზებია სისხლის ნიმუშის აღება, უფრო მეტიც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არანაირი საპროცესო დოკუმენტი, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ბრალდების მხარის მხრიდან ასეთ შეთავაზებას ან ბრალდებულის მხრიდან უარის თქმას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეს გარემოება ბუნებრივად ეჭვქვეშ აყენებს, როგორც ასეთი საპროცესო მოქმედების ჩატარების მცდელობას, ასევე გამომძიებლის მისწრაფებას კონკრეტულ საქმეზე მოეპოვებინა ობიექტური და უტყუარი მტკიცებულებები.
დავით ჯაშის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობასა და დამაჯერებლობაზე მსჯელობისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
განსახილველი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას და სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირების ჩვენებებით დგინდება, რომ ფაქტს შეესწრო ბევრად უფრო მეტი პირი, ვიდრე გამოიკითხა ბრალდების მხარის მიერ. იმ პირობებში, როცა გამოძიების ეტაპზევე ნათელი იყო, რომ ფაქტი მოხდა ავტო-ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურის სიახლოვეს, ბრალდების მხარეს არც კი უცდია საქმის ირგვლივ გამოეკითხა ავტო ბაზრობასა და სავაჭრო ჯიხურში მომუშავე თანამშრომლები (დაცვის თანამშრომლები, დილერები, გამყიდველები) და სხვა პირები რათა სასამართლოს მისცემოდა შესაძლებლობა შეეფასებინა, რამდენად სარწმუნო იყო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ორი მოწმის (დაზარალებულები: კუბლაშვილი და მიქაბერიძე) ჩვენება, რომელთაც ბუნებრივად შეიძლება გასჩენოდათ პირადი ინტერესი დავით ჯაშისადმი, რომლის მოთხოვნებსაც მოჰყვა შემდგომში განვითარებული კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ორივე დაზარალების ჩვენება, როგორც კონფლიქტის დაწყების, ასევე ფიზიკური დაზიანებების მიყენების ნაწილში, რადიკალურ წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მიერ წარდგენილ - ორი მოწმის დავით თაბაგარის, ალექსანდრე ჩაფიძის და თვით ბრალდებულის ჩვენებებთან, ხოლო სხვა ნეიტრალური მტკიცებულებების არ არსებობის გამო სასამართლოს არ ეძლევა შესაძლებლობა შეაფასოს და უარყოს ყველა გონივრული ეჭვი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისადმი რათა მიიჩნიოს ისინი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობად.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა ვიდეო გადაღება და ჩაწერა, რომლის ჩანაწერიც მოპოვებული იქნა ბრალდებულის მიერ, თუმცა ვინაიდან მოპოვებისას დარღვეული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები საქმეზე წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი. აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს შეეძლო ჩაეტარებინა ვიდეო ჩანაწერის დათვალიერება, რათა სასამართლოსთვის სულ მცირე ცხადი გამხდარიყო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები შემთხვევის ადგილზე და შეეფასებინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა სანდოობა, შესაბამისად ამ ნაწილში გამომძიებლის ჩვენებას, რომ ვიდეო ჩანაწერის არსებობის შესახებ იცოდა, მაგრამ ჩანაწერის გამოთხოვას ვერ მოახდენდა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი შეზღუდვების გამო, სასამართლო ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მართალია ადგენს შეზღუდვას, რომ კომპიუტერულ მონაცემის ამოღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუმცა აღნიშნული არ ზღუდავს ბრალდების მხარეს მოახდინოს ასეთი მონაცემის (ვიდეო ჩანაწერის) ადგილზე დათვალიერება, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს მიერ შეფასებულიყო, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების სანდოობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, შემდეგი გარემოებები: ბრალდებულ დავით ჯაშის სხეულზე (ხელის მტევნებზე, მკლავებზე) და მაისურზე არ აღინიშნება ძალადობაში მონაწილე პირისთვის დამახასიათებელი დაზიანებები; დაუდგენელია ვისი სისხლის ლაქა აღინიშნებოდა დავით ჯაშის მაისურზე; ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი ნეიტრალური და საქმის გარემოებებით დაუინტერესებელი, თუნდაც ერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულების ჩვენებებში აღწერილ გარემოებებს და უარყოფდა დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ხასიათი და ჩადენის დრო და ადგილი არ გამოირჩევა სპეციფიკით, როცა შეუძლებელია შემსწრე პირთა მოძიება და გამოკითხვა; არ არის წარმოდგენილი შემთხვევის ადგილზე მიმდინარე ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლისთვის ცნობილი იყო ასეთი ჩანაწერის არსებობის შესახებ და რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა სასამართლოსთვის სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობის შესაფასებლად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ უშუალოდ ბრალდებულმა დავით ჯაშმა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა , რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა დავით ჯაშის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დავით ჯაშის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, რის გამოც დავით ჯაში წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე-277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დავით ჯაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
2. დავით ჯაშის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე ამოღებული მაისურები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს;
დავით მიქაბერიძის სისხლის ნიმუში, გიორგი კუბლაშვილის სისხლის ნიმუში და მუქი ფერის ლაქები ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
4. განემარტოს დავით ჯაშს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე