განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4957-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ გ---------------,ადვოკატ თ--------------–---–--,თარჯიმან მ-------–------,ბრალდებულ შ----–------–----- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ----–------–----- - დაბადებულის 1--- წლის 2-----ისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების რუსეთის ფედერაციაში, დ---------- რესპუბლიკა, ბ-----–------ რაიონის სოფელ თ---–---–- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შამილ კამილოვმა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსეთის ფედერაციის მოქალაქე შ----–------–----, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2019 წლის 28 სექტემბერს, ღამის საათებში, მივიდა ლ---------- მუნიციპალიტეტის მიმდებარედ გამავალ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვართან და შეეცადა მის უკანონო გადაკვეთას, რა დროსაც შეჩერებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ შამილ კამილოვმა ჩაიდინა დანაშაული, რაც გამოიხატება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ შ----–------–----- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: ე-–-------–---–-------, მ------------–------–---–--- და გ---------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ ი----------–---–-- 2019 წლის 30 სექტემბრის წერილითა და თანდართული ტოპოგრაფიული რუკის ფრაგმენტით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დადასტურებულად მიაჩნია შ----–------–----- მიერ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----–------–----- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელი განესაზღვროს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ უნდა გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.
შ----–------–----- მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა.
შ----–------–----- მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყეს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შ----–------–---- წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისათვის, რა დროსაც მის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათები, თუმცა მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. იგი გასამართლებულია, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შენახვა-ტარებისათვის. ყოველივე აღნიშნული კი ქმნის დანაშაულის რეციდივს. ასეთ პირობებში სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია შ----–------–----- მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამდენად, შამილ კამილოვს სასჯელი უნდა დაენიშნოს ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ----–------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
შამილ კამილოვს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 28 სექტემბრიდან.
შ----–------–----- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები - შ----–------–----- კუთვნილი რუსეთის ფედერაციის პასპორტი და მართვის მოწმობა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე