განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
010100119003305997
დავის ტიპი
126 1
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003305997

საქმე #1-1264/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

სტაჟიორ-პროკურორის _ თ------------–--ის

ადვოკატის _ თ------------ის

ბრალდებულის - უ---------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172210719001 საქმე:

 

ბრალდებულ უ---------ის მიმართ

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 0--------- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–-----------–----–----------------–-----–------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ორი ეპიზოდი

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1. 2019 წლის 21 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ქობულეთში, მ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უ---------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ--------–- კ---–----ს, კერძოდ, ხელის სახის არეში დარტყმებით, ასევე ხელის კისერში მოჭერით და კბენით, ცემა ლ--------–- კ---–----, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

2. ბრალდებულმა უ---------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ უ---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. დაზარალებულ ლ--------–- კ---–----ს ჩვენება, მოწმეების - ლ--–-----------------------–------ის ჩვენებები; 2019 წლის 21 ივლისით დათარიღებული N1910026 შეტყობინება დანაშაულის შესახებ; 2019 წლის 22 ივლისით დათარიღებული, ბრალდებულ უ---------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; 2019 წლის 23 ივლისით დათარიღებული პირის ამოცნობის ოქმი, რომლის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენილი სამი პიროვნებიდან, დაზარალებულმა ლ--------–- კ---–----მ ამოიცნო ბრალდებული უ---------ე როგორც პიროვნება, რომელმაც 2019 წლის 21 ივლისს, შეყვა მას ქ. ქობულეთში, მ-----------------------ში მდებარე მის დროებით საცხოვრებელ ბინაში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც გაიქცა და მიიმალა. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 29 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006045119 დასკვნა, რომლის თანახმად, მოქალაქე ლ--------–- კ---–----ს, 2019 წლის 21 ივლისს, სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირზე მარცხენა წინამხრის, ცხვირის, მიკაპის, მარცხენა ქვედა ყბის ქვეშა და ქვედა ყბის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ხოლო მარცხენა წინამხრის მიდამოში - ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის მოქმედების შედეგად და როგორც ერთობლიობაში, ასევე ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს;

 

6. ამრიგად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა უ---------ემ ლ--------–- კ---–----ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

7. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

8. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

9. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

10. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უ---------ის ბრალდების დადასტურება.

 

11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

14. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

15. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

16. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

17. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

ბრალდებულ უ---------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალად ედება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მეორე ეპიზოდის ჩადენაც, კერძოდ:

 

ბრალდების არსი:

 

19. 2019 წლის 21 ივლისს, ღამის საათებში, ქ. ქობულეთში, მ-----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უ---------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ--------–- კ---–----ს, კერძოდ, ხელის კისერში მოჭერით და კბენით, ასევე ხელის სახის არეში დარტყმებით, ცემა ლ--------–- კ---–----, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

20. სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის შეფასებას უ---------ის მიერ დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სახეზეა ერთიანი მიზნით და განზრახვით, დროის ერთი და იგივე მონაკვეთში, სულ რამდენიმეწუთიანი სხვაობით ჩადენილი ქმედებები. დაზარალებულის და ბრალდებულის ჩვენებების თანახმად, პირველად განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას სახლის პირველ სართულზე მდებარე ოთახიდან ეზოში გაექცა დაზარალებული და მასთან ერთად ბრალებულმაც დატოვა ბინა, თუმცა დაზარალებული მაშინვე ისევ ბინაში შევარდა და კარის დაკეტვას ცდილობდა, რაშიც ხელი შეუშალა დადევნებულმა ბრალდებულმა, რომელმაც ისევ ფიზიკურად იძალადა კ---–----ზე. დროის სულ მცირე მონაკვეთით ერთმანეთთან დაშორებული აღნიშნული ქმედებები, ორ დამოუკიდებელ დანაშაულად შეაფასა ბრალდების მხარემ და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში დასდო ბრალი ზ----ეს, რაც სასამართლოს არასწორ სამართლებრივ შეფასებად და აღნიშნულის გამო არასწორად წარდგენილ კვალიფიკაციად მიაჩნია.

 

21. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ორ ეპიზოდად ასახული ფაქტობრივ გარემოებები დადასტურებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებით, თუმცა სახეზეა ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით ჩადენილი განგრძობადი დანაშაული, რომელიც დასრულდა ბოლო ეპიზოდის ჩადენის მომენტიდან და არა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისად, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მეორე ეპიზოდისთვის ბრალდება ზედმეტადაა წარდგენილად და ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი მასში, როგორც დანაშაულის დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენის ბრალდებაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ უ---------ემ, 2019 წლის 21 ივლისს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლ--------–- კ---–----ს, კერძოდ, ხელის სახის არეში დარტყმებით, ხელის კისერში მოჭერით და კბენით, ასევე ხელის სახის არეში დარტყმებით ცემა ლ--------–- კ---–----, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბრალდების მეორე ეპიზოდში, რომელიც ზედმეტადაა წარდგენილი, უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

23. უ---------ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებება არ გააჩნია.

 

24. უ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

26. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

27. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

28. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

29. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

30. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

31. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

32. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

33. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

34. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უ---------ეს, რომელმაც აღიარა და მოინანია დანაშაული, არ არის ნასამართლევი, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის თითოელი ეპიზოდისთვის - სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

35. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს უ---------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

36. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - დაზარალებულ ლ--------–- კ---–----ს დაკითხვის ამსახველი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით, ხოლო 2019 წლის 22 ივლისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული უ---------ის ტანისამოსი, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს უ---------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული უ-- გ---ს ძე ზ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული უ-- გ---ს ძე ზ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გაუქმდეს უ---------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობასა და სათანადო ქცევის შესახებ.

 

ნივთმტკიცებები - დაზარალებულ ლ--------–- კ---–----ს დაკითხვის ამსახველი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით, ხოლო 2019 წლის 22 ივლისს, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული უ---------ის ტანისამოსი, რომელიც ინახება ქობულეთის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს უ---------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი