განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
190100119003305295
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-978-19

(№012191019001)

განაჩენი

საქართველოს სახელით

18.12.2019 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისსხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი

ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი მარიკა ტყაბლაძე

დაცვის მხარე: ადვოკატი ცირა მაისურაძე,ბრალდებული: მ----------------ი

დაბადებული: 11.07.1--- წ.

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწილენული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ვ-----------–---–---------ში;

ფაქტობრივად მცხ: ქ. თბილისი, თ-------------------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სხდომის სახე: ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2019 წლის 19 ოტომბერს, დაახლეობით 01:00 საათიდან 02:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. რუსთავში, მე-1--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ----------------მა ლ--------------ეს კისრისა და გულმკერდის უკანა კედლის არეში, დანის გამოყენებით, მიაყენა ორი ღია ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ხანმოკლე მოშლით.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

სასამართლოს დასკვნა, მ----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების, დ------------–---–ის, ლ--------------ის და მ----------------ის გამოკითხვის ოქმებს, დ------------–---–ის ინფორმაციულ პატაკს, ლ--------------ესთანდა მ----------------თან ჩატარებულ ამოღების ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N007874219-ს და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

ზემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებები მხარეებს სასამართლოში 2019 წლის 05 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის უნდა არსებობდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ სხვა პირის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

ობიექტური მხრივ ბრალდებული მ----------------ის ქმედება გამოხატულია მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

 

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს რომ მართლსაწინააღმდეგოდ აყენებს ზიანს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

 

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.

 

დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში ილიაზ ისმაილოვის ჯანმრთელობა. ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, მ----------------ს სურს დაზიანება მიაყენოს ლ--------------ეს, რის რეალიზებასაც ახდენს გულ-მკერდის უკანა კედლის არეში დანის გამოყენებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №007874219 დასკვნის თანახად, მოქ. ლ--------------ეს 19.10.19 წ. ობიექტური შემოწმებით და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით დაუდგინდა: ნაკვეთი ჭრილობები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც ხანდაზმულობი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკვეთი ჭრილობები მიყენებულია რაიმე ჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ----------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდებულის პირადი და ეკონომიკურ პირობების, მისი ასაკის და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ----------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ აღზრდა-გამოსწორებას.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

6.1. მ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს (გადაუხდელია).

 

6.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული:

 

- ანაწმენდები და დანა, უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, ხის კულონი, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის რაიონული სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად.

 

2. მ----------------ს საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად პირობითი მსჯავრის დროს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვე.

 

3. მ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. მ----------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 2019 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით.

 

5. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული:

 

- ანაწმენდები და დანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

- ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, ხის კულონი, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან ან საამისოდ უფლებამოსილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის რაიონული სამმართველოს მესამე განყოფილებაში).

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი