განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4600-17
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ზ------ ქ-----–--ს
ბრალდებულ – კა------ ჯ------–---–ის
ადვოკატ – მ--- ს---–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– კა------ კ-------ის ძე ჯ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის (დანაშაულის ჩადენის დროისათვის), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ლ----------------------------–---------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კა------ ჯ------–---–მა ჩაიდინა დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
კა------ ჯ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
კა------ ჯ------–---–ი 2011 წლის 30 მაისს, რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ მეწარმედ და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა იმპორტირებული ბოსტნეულით ვაჭრობა.
კა------ ჯ------–---–ს ევალებოდა საწარმოს საქმეების გაძღოლა კეთილსინიდიერად, მასვე ევალეობდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
მიუხედავად აღნიშნულისა, კა------ ჯ------–---–მა არ შეასრულა თავისი მოვალეობა და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, არ ასახავდა მიღებულ შემოსავლებს და არ დარეგისტრირდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად, რითაც თავს არიდებდა დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარდა ი.მ. „კა------ ჯ------–---–ის“ საქმიანობის შემსწავლელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგადაც 2016 წლის 11 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით სულ დაერიცხა 223.041 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 135.617 ლარი და ჯარიმა - 87.424 ლარი. ხსენებული აქტის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ საგადასახადო მოთხოვნით, გადამხდელს დაერიცხა სულ 285.140 ლარი, აქედან ძირითადი თანხა - 138.378 ლარი და ჯარიმა - 87.424 ლარი და საურავი - 59.338 ლარი.
კა------ ჯ------–---–მა არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოხსენებული ძირითადი თანხის გადავადება ან კორექტირება.
ე.ი. კა------ ჯ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა კა------ ჯ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ კა------ ჯ------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ოქტომბრის შემოწმების აქტს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 ოქტომბრის №----- ბრძანებას და 2016 წლის 21 ოქტომბრის №------ საგადასახადო მოთხოვნას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წერილებს, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ კა------ ჯ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ კა------ ჯ------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დანაშაულის ჩადენის დროისათვის არ იყო ნასამართლევი, დღეის მდგომარეობით, გამოთქვამს მზადყოფნას აანაზღაუროს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია (განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ და ზიანის ნაწილობრივ (10.000 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დამადასტურებელი ქვითარი), რის გამოც მის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მეორეს მხრივ, სასამართლო ითვალისწინებს კა------ ჯ------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რომლის მცირე ნაწილი ბრალდებულმა აანაზღაურა საგადასახადო მოთხოვნის გამოცემიდან (2016 წლის 21 ოქტომბერი) რამდენიმე წლის შემდეგ, ასევე, შეთანხმების გაფორმების მიზნით შესაბამის სამსახურთან მოლაპარაკებების წარმოებაც დაიწყო მხოლოდ განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე თვით ადრე, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კი არ გამოუმჟღავნებია ზიანის ანაზღაურების სურვილი, რაც დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის სინანულსა და კეთილსინდისიერებაზე მიუთითებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ განსახილველი დანაშაულის ჩადენის შემდგომ მან კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რის გამოც იგი სი-------------------–-------------–--ს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 3 ივლისის წერილის თანახმად, მის მიერ ასევე არ იქნა გადახდილი. აღნიშნულიც მიუთითებს ბრალდებულის არაკანონმორჩილ ხასიათზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის გამოყენების თაობაზე არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და ბრალდებულის პიროვნებას, რამდენადაც მხოლოდ ჯარიმის დაკისრებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნების (მით უფრო, პრევენციის მიზნის) მიღწევა და ვერ შეაკავებს ბრალდებულის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია კა------ ჯ------–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, ხოლო დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამასთან, შესაძლებლობას მისცემს ბრალდებულს აანაზღაუროს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი. ამასთან, სასამართლოს მართებულად მიაჩნია კა------ ჯ------–---–ის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, რომლის გადახდის შესაძლებლობა მას აქვს ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კერძოდ, ბრალდებულის განმარტებით, ეწევა სოფლის მეურნეობას, საიდანაც მიღებული შემოსავლით და აგრეთვე ოჯახის წევრების მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარებით, აქვს გონივრულ ფარგლებში ზიანის ანაზღაურებისა და ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ კა------ ჯ------–---–ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლო - სი-------------------–-------------–--ს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ აქვს მოხდილი. შესაბამისად, კა------ ჯ------–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული წესით და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს სი-------------------–-------------–--ს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი,- ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კა------ ჯ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კა------ ჯ------–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სი-------------------–-------------–--ს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, კა------ ჯ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. მსჯავრდებულ კა------ ჯ------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. კა------ ჯ------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
5. გაუქმდეს კა------ ჯ------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი