განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1343-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ბადრი კოჭლამაზაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი გარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----- ც--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ-------- ვ-–------–---ს ძე ვ---–--–--ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ქ-------–--–------------------------–---------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--–----------------------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში მყოფი.
ადვოკატი - ხ------ა ჩ-----
თარჯიმანი - ა-----– ხ-------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 10 თებერვალს, საღამოს საათებში, დ-------- ვ---–--–--ი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ მისამართზე - თ---–------------------------------ში, რა დროსაც ფიზიკური ძალადობა განახორციელა დედის - ლ------ ფ--–------ს მიმართ, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის მარჯვენა მხარეს და უკბინა მარჯვენა მხრის არეში, რის შედეგადაც ლ------ ფ--–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ბრალდებულმა დ-------- ვ---–--–--მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ხშირად მოსვლია კონფლიქტი დედასთან - ლ------ ფ--–------სთან, ვინაიდან დედამისი არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი, რაც მას ძალიან აღიზიანებდა და იწვევდა მათ შორის კონფლიქტს. ალკოჰოლის მიღების შემდეგ ლ------ ფ--–------ მიდიოდა სახლიდან და ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ღამით ქუჩაში დარჩენილა ნასვამი, ასევე უნახავთ მიწაზე დაწოლილი. შემდეგ მას უწევდა ხოლმე დედის მოძებნა და სახლში წამოყვანა. 2019 წლის 10 თებერვალს, სახლში დაბრუნებულმა ნახა, რომ დედა კვლავ ნასვამი იყო და ცდილობდა სახლიდან წასვლას. ამ ფაქტმა იგი ძალიან გააღიზიანა. შეეცადა შეეკავებინა იგი და არ გაეშვა სახლიდან, რა დროსაც მარჯვენა მკლავზე უკბინა დედას, ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში.
2.2. დაზარალებულმა ლ------ ფ--–------მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს იყო ნასვამი. აღნიშნულის გამო კონფლიქტი მოუვიდა შვილთან - დ-------- ვ---–--–--თან, რომელიც მისი ქცევის გამო გაღიზიანდა და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის მარჯვენა მხარეს, ასევე უკბინა მარჯვენა მხრის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, ხოლო კბენის შედეგად დარჩა შრამი. დ-------- ვ---–--–--ი მას უშლიდა ალკოჰოლის მიღებას, რადგან იყო შემთხვევები, როცა მას ქუჩაში დაუძინია ნასვამს, ხოლო დ-------- კი ეძებდა მას. დაზარალებული იხსენებს შემთხვევას, როცა ალკოჰოლისადმი მისი დამოკიდებულების გამო დ-------- ვ---–--–--ს იგი წაუყვანია საავადმყოფოში, თუმცა იგი იქ არ გაჩერებულა და გამოპარულა. დაზარალებულმა განმარტა, რომ დ-------- ვ---–--–--ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს სხვა დროს ადგილი არ ჰქონია და ამჯერადაც მის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს. იგი ითხოვს თავისი შვილის დაბრუნებას სახლში, რადგან იგი არის მისი ერთადერთი მარჩენალი და ყურადღების მიმქცევი.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ს-----–--- ბ--–-----------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–----------------------------ში. მის მეზობლად ცხოვრობენ ოჯახის ახლობლები - ლ------ ფ--–------ და დ-------- ვ---–--–--ი. მოწმემ განმარტა, რომ ლ------ ფ--–------საგან შეიტყო მასსა და მის შვილს შორის 2019 წლის 10 თებერვალს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, რა დროსაც დ-------- ვ---–--–--ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის. კონფლიქტის მიზეზი გამხდარა ლ------ ფ--–------ს ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც არ მოსწონებია მის შვილს. ლ------ ფ--–------მ ასევე უჩვენა ხელზე ნაკბენი, რომელიც შრამად ჰქონდა დარჩენილი მას.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ვ---------- ბ--–-----------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–----------------------------ში. მის მეზობლად ცხოვრობენ ოჯახის ახლობლები - ლ------ ფ--–------ და მისი შვილები. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ოჯახში ხშირად არის კონფლიქტი, რაც გამოწვეულია ლ------ ფ--–------ს ალკოჰოლზე დამოკიდებულებით, რასაც დ-------- აპროტესტებს და არ მოსწონს დედის ამგვარი საქციელი. იგი იხსენებს შემთხვევას, როცა რამდენიმე თვე მუდმივად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ლ------ ფ--–------, რომელიც ხშირად გადიოდა ქუჩაში და იქვე იძინებდა. 2019 წლის 10 თებერვალს დ-------- ვ---–--–--სა და ლ------ ფ--–------ს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით მან იცის დედის - ს-----–--- ბ--–-----------საგან, რომელმაც უთხრა, რომ დ--------ს უცემია დედამისი.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–----------------–--ის უბნის ინსპექტორ გამომძიებლები გ------- თ------–---–- და თ----- ბ----, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ მიერ ჩატარებულ იქნა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.6. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა სსიპ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი ჯ---–----- კ-------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ვ---------------–--------–-–----------------–---ში, სადაც დახმარება აღმოუჩინა პაციენტ ლ------ ფ--–------ს. პაციენტი უჩიოდა მხრისა და სახის არეში ტკივილს. პაციენტის გადმოცემით უკბინა მისმა ვაჟმა და სახეში ჩაარტყა მუშტი. დათვალიერების შედეგად პაციენტს მხრის არეში კბენის შედეგად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა ასევე თვალბუდის არეში.
2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 11 თებერვალს მოქალაქე ლ------ ფ--–------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–----- ტ------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 მაისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, დ-------- ვ---–--–--ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F61 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა, გართულებული ალკოჰოლიზაციით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ-------- ვ---–--–--ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. დ-------- ვ---–--–--ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. დ-------- ვ---–--–--ი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ი-------- ს--------–--ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.9. 2017 წლის 16 დეკემბერს გამოცემული #------ და 2019 წლის 10 თებერვალს გამოცემული #------ შემაკავებელი ორდერების და შემაკავებელი ორდერების ოქმების თანახმად, მსხვერპლის - ლ------ ფ--–------ს მიმართ, შვილმა - დ-------- ვ---–--–--მა განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნულის გამო მოძალადე დ-------- ვ---–--–--ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად (სხვა პირებთან ერთად) ითვლება დედა.
3.2. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ.
3.3. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით (ამ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობით) დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ამ დროს მნიშვნელოვანია დადგენილ იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოება, რომ პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: 1) სუბიექტთა წრე (მოძალადე უნდა იყოს დაზარალებულის ოჯახის წევრი); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება) და 3) აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა).
3.5. საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებული დ-------- ვ---–--–--ი არის დაზარალებულ ლ------ ფ--–------ს შვილი, რის გამოც ისინი ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი პირველი კომპონენტი - სუბიექტთა წრე.
3.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დ-------- ვ---–--–--ის მიერ ლ------ ფ--–------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა. მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: კერძოდ, გარდა ბრალდებულ დ-------- ვ---–--–--ის აღიარებითი ჩვენებისა, დაზარალებულ - ლ------ ფ--–------ს ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 10 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ-------–--–----------------------------ში ყოფნისას მის მიმართ დ-------- ვ---–--–--მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის მარჯვენა მხარეს და უკბინა მარჯვენა მხრის არეში. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენების ნამდვილობას, კერძოდ, ფიზიკური დაზიანებების ფაქტი დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, ლ------ ფ--–------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ასევე წარმოდგენილია პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომლის ირგვლივ დაიკითხა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის უფროსი ექიმი ჯ---–----- კ-------–--ე, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტი ლ------ ფ--–------ უჩიოდა მხრისა და სახის არეში ტკივილს. პაციენტის გადმოცემით, მას უკბინა მისმა ვაჟმა და სახეში ჩაარტყა მუშტი. დათვალიერების შედეგად პაციენტს მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, ასევე სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა თვალბუდის არეში, რაც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის განმარტებასთან დაზიანებების ლოკალიზაციასთან მიმართებით. დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები. ასევე ს-----–--- ბ--–-----------ს ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს მომხდარი კონფლიქტის შესახებ მას უამბო თავად დაზარალებულმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაზიანებები მიაყენა დ-------- ვ---–--–--მა. ამდენად, სახეზეა აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მეორე კომპონენტი ქმედების სახით - ფიზიკური ძალადობა.
3.7. დაზიანებების ხასიათის გათვალისწინებითა და თავად დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ------ ფ--–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის, კერძოდ, დადგენილია, რომ დ-------- ვ---–--–--ის მიერ განხორციელებული დარტყმებისა და კბენის შედეგად ლ------ ფ--–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, სახეზეა აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მესამე კომპონენტი შედეგის სახით - ფიზიკური ტკივილი.
3.8. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მტკიცებულებების სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისა და მოწმეების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მათ მიმართ უნდობლობის საფუძველი. დაზარალებულისა და მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების შესაძლებლობას და ეს ჩვენებები თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, რის გამოც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად მიჩნევისათვის.
3.9. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
3.11. ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულ იქნა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, საღამოს საათებში, დ-------- ვ---–--–--მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა დედის - ლ------ ფ--–------ს მიმართ, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის მარჯვენა მხარეს და უკბინა მარჯვენა მხრის არეში, რითაც ლ------ ფ--–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ყოველივე ზემოაღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, დ-------- ვ---–--–--ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. დ-------- ვ---–--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 მაისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, დ-------- ვ---–--–--ს დაუდგინდა შეზღუდული შერაცხადობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
4.2. დ-------- ვ---–--–--ი აღიარებს და ინანიებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას.
4.3. დ-------- ვ---–--–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, დ-------- ვ---–--–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც ბრალდებულის განმარტებით, გადახდილი არა აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულ დ-------- ვ---–--–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით განსაზღვრულ სანქციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის პირს სასჯელის სახით შესაძლოა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე.
5.4. ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (ბრალდებულს არ სურდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დედა წასულიყო სახლიდან და სურდა მისი შეკავება), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი (ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა დედის მიმართ, რომლის ჯანმრთელობის, ასაკის და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ძალადობრივი ქმედება უფრო მეტად მტკივნეულად აისახა მსხვერპლში), ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ბრალდებულის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი), დამნაშავის წარსული ცხოვრება (იგი ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, ასევე ბრალდებულის მიმართ წარსულში გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას აეკრძალა მსხვერპლთან - ლ------ ფ--–------სთან მიახლოება), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა (ბრალდებულის ოჯახი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველი ოჯახების კატეგორიას) მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების აღსრულებას.
5.5. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, თუმცა ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სასამართლოს საკმარისად მიაჩნია სასჯელის მიზნების მისაღწევად. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ბრალდებულის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენადაც იგი შეზღუდული შერაცხადია.
5.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ-------- ვ---–--–--ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-------- ვ---–--–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- ვ---–--–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
3. მსჯავრდებულ დ-------- ვ---–--–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 12 თებერვლიდან - 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. მსჯავრდებულ დ-------- ვ---–--–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. დ-------- ვ---–--–--ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი