განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1414-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი - თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ-------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-–-------------
ბრალდებული - ე-–--------–---- (პირადი #0----------) - დაბადებული 1----–-–-- 2--------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, სოფელი ფ-------–-, ი------------------ში
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
თარჯიმანი - ფ-------------------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
ე-–--------–-----, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 16,485 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც 2019 წლის 28 თებერვალს საქართველოს შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ე-–--------–----ს პირადი და საცხოვრებელი ბინის, მდებარე თბილისში, სოფელი ფ-------–-, ი------------------ში, ჩხრეკისას.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა და შენახვა
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 23 თებერვალს შ---–--------–---------------–----------–-–----------------------------------- თანაშემწე-გამომძიებელმა ლ------------- ოპერატიული წერილობითი პატაკით მიმართა ამავე დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოს უფროსს - გ--------------–----. პატაკში მითითებული ინფორმაციით, ე-–--------–----, მცხოვრები თბილისში, სოფელი ფ-------–-, ი------------------ში, იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი, იგი სისტემატურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და ამჟამადაც მის საცხოვრებელ მისამართზე იგი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს.
მოწმე ლ------------- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა ზემოთ მითითებული პატაკის შინაარსი და განმარტა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ე-–--------–---- იყო ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და სისტემატურად ეწეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, იგი მის საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, სოფელი ფ-------–-, ი-----------------, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს. აღნიშნულის თაობაზე მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე კ-------------–---–-- (შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებელი) სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე. 2019 წლის 28 თებერვალს, ზ-------------–---–---- და ი-----–------------------ ერთად, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, თბილისში, სოფელი ფ-------–-, დ------–-----–-- პ------–- შესახვევი #---სთან, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაატარა ე-–--------–----ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის მარცხენა გარეთა ჯიბიდან ამოღებულ იქნა სამ შეკვრად დაფასოებული, მუქი ფერის ნივთიერება, რომელიც ადგილზევე დაილუქა. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულმა სცადა მიმალვა და იგი ფიზიკური ძალის გამოყენებით იქნა შეჩერებული სამართალდამცავი პირების მიერ. პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე ე-–--------–---- დააკავეს, რის შემდგომაც, ასევე, გაიჩხრიკა მისი კუთვნილი ავტომანქანა, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი-----–--------------, რომელიც, კ-------------–---–---- და ზ-------------–---–---- ერთად, მონაწილეობდა ე-–--------–----ს პირად ჩხრეკასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკაში.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 28 თებერვალს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, სოფელი ფ-------–-, დ------–-----–-- პ------–- შესახვევის #---ს მიმდებარედ, ე-–--------–---- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შავი ფერის ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის სხვადასხვა ფერის ნაჭრებში სამ შეკვრად დაფასოებული მუქი ფერის ნივთიერება, ხოლო შარვლის ჯიბეებიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა და სხვა პირადი ნივთები, რაც დაილუქა სათანადო წესით 2 ცალ პოლიეთილენის პაკეტში. ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე (ოქმის შემდგენი: გამომძიებელი კ-------------–---–-; მონაწილე პირები: ი-----–------------- და ზ-------------–---–-; თარჯიმანი ა-–-----------–------------).
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 28 თებერვალს, თბილისში, სოფელი ფ-------–-, დ------–-----–-- პ------–- შესახვევი #---ს მიმდებარედ, პირადი ჩხრეკის დასრულებისთანავე, ე-–--------–---- დაკავებულ იქნა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 28 თებერვალს, თბილისში, სოფელი ფ-------–-, დ------–-----–-- პ------–- შესახვევი #---ს მიმდებარედ, გაჩხრეკილ იქნა ე-–--------–----ს ავტომანქანა. ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა (ოქმის შემდგენი: გამომძიებელი კ-------------–---–-; მონაწილე პირები: ი-----–------------- და ზ-------------–---–-; თარჯიმანი ა-–-----------–------------).
მოწმე ა-–-----------–------------ს (თარჯიმანი) სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მონაწილეობა აქვს მიღებული ე-–--------–----ს მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში. კერძოდ, 2019 წლის 28 თებერვალს დაურეკეს ბიუროდან და მისცეს კონკრეტული პიროვნების ნომერი, შეხვდა პოლიციის თანამშრომლებს და, მათთან ერთად, წავიდა სოფელ ფ-------–-ში, იქნებოდა დაახლოებით 7-8 საათი, კონკრეტული მისამართი არ ახსოვს, თუმცა ადასტურებს, რომ, სოფელ ფ-------–-ში, ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვიდა ე-–--------–----, რომელიც შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. ამ დროს ის იმყოფებოდა ავტომანქანაში და უყურებდა ამ პროცესს. აღნიშნულის შემდეგ, გამომძიებელთან ერთად, მივიდა ე-–--------–-------, რომელსაც სიტყვა-სიტყვით უთარგმნიდა ყველაფერს, რასაც საუბრობდნენ. ე-–--------–---- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, 3 შეკვრად, რაზეც ა-–----- განაცხადა, რომ მას არ ეკუთვნოდა. ამოღებული ნივთები დაილუქა მისი თანდასწრებით. ე-–--------–----- ოქმს ხელი არ მოაწერა.
მოწმე გ------------------- (შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- დეტექტივ-გამომძიებელი) სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კ------------------------- და გ------------------------ ერთად, ჩაატარა ე-–--------–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკას ესწრებოდა ბრალდებულის ოჯახის წევრი ჯ----–----–------------. ჩხრეკა ჩატარდა თარჯიმნის მონაწილეობით. ჩხრეკისას, საძინებელ ოთახში, კომოდის ქვედა უჯრაში ნანახი ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა პატარა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული მუქი ფერის ნივთიერება, ორ შეკვრად დაფასოებული, რაც დაილუქა სათანადო წესით. დამსწრე პირის - ჯ----–----–------------ს განმარტებით, აღნიშნული შარვალი ეკუთვნოდა მის ქმარს, ხოლო აღმოჩენილი ნივთიერების კუთვნილება მისთვის უცნობი იყო.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 28 თებერვალს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, სოფელი ფ-------–-, ი------------------ში, ე-–--------–----ს საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ე-–--------–----სა და მისი მეუღლის საძინებელ ოთახში არსებული კომოდის ქვედა უჯრაში ნანახი იქნა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომლის წინა გარეთა მარჯვენა მცირე ზომის ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის თავმომწვარ პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული მუქი ფერის გაურკვეველი ნივთიერება, დაფასოებული ორ შეკვრად, რაც დაილუქა სათანადო წესით. ჩხრეკის დამსწრე ოჯახის წევრის - ჯ----–----–------------ს განმარტებით, შარვალი, რომლიდანაც ამოღებულ იქნა ორი შეკვრა გაურკვეველი ნივთიერება, ეკუთვნის მის ქმარს, მაგრამ აღმოჩენილი ნივთიერება ეკუთვნის თუ არა მის ქმარს, არ იცის (ოქმის შემდგენი: გამომძიებელი გ------------------; მონაწილე პირები: კ-----------------------, გ-------------------, ადვოკატი ც----------–---------; თარჯიმანი: მ-----------------–---–-; პირი, ვისთანაც ჩატარდა ჩხრეკა: ჯ----–----–------------).
მოწმე კ-----------------------მ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა ზემოთ მითითებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და ე-–--------–----ს კუთვნილი შარვლიდან 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი.
ქიმიური ექსპერტიზის 2019 წლის 1 მარტის #--------------- დასკვნის თანახმად, ე-–--------–----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ყვითელი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, გამომშრალ მდგომარეობაში, წონით - 3,28 გრამი, და ვარდისფერ და მოლურჯო ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული, ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება, გამომშრალ მდგომარეობაში, საერთო წონით - 8,91 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, საერთო წონით - 12,19 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა 6,285 გრამი; ე-–--------–----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული, შავი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული, ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე ყავისფერი ფხვნილისებური ნივთიერება, გამომშრალ მდგომარეობაში, საერთო წონით - 17,36 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობაა 10,2 გრამი.
ექსპერტებმა - ი------------- და პ-------–--–---–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ზემოაღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ 2019 წლის 28 თებერვლის #------ დასკვნის თანახმად, ე-–--------–---- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა: ოპიუმის ჯგუფი და ტეტრაჰიდროკანაბინოლი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული: ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი; მოწმეების: გ--------------------, ზ-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ასევე, დასაკითხ პირთა სიაში მითითებულ პირთა: თ---------–-----, ს-----------------, ს-----------, ლ-------–--–---–--, მ-----------------–---–-ს, ნ---------------–---–--, გ-------–--------–---–-- მიერ განხორციელებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულია მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე, მთლიანად, პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.
პარალელურად, სასამართლო აღნიშნავს სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვან ასპექტზე, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და მიუთითებს, რომ იგი დაიძლევა იმ მოცემულობით, როცა პირის ბრალეულობა დამტკიცდება. ამასთან, ბრალეულობა უნდა დამტკიცდეს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა‘‘ და მისი მტკიცების ტვირთი, სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს, ბრალდების მხარესაა (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლი). ასეთი მტკიცება შესაძლებელია, თუ არსებობს საკმარისად მყარი, მკაფიო და თანხვედრი ვარაუდები, ან მსგავსი გაუბათილებელი პრეზუმფციები ფაქტებთან დაკავშირებით (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia, ECHR, #39630/09, §151, 13.12.2012, Hassan v The UK, ECHR, #29750/09, §48, 16.09.2014). ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
განსახილველ საქმეზე ე-–--------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდების (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუქნტი) საფუძვლიანობაზე მსჯელობისას სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონი, სადაც მითითებულია, რომ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი შედის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში. ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,თ‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებაა საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-–--------–----ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. თავად ფაქტი, რომ ბრალდებული ფლობდა ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას, კანონით ნებადართული მიზნობრიობის გარეშე, მიუთითებს რომ იგი ხორციელდებოდა უკანონოდ, სპეციალური უფლებამოსილების გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნულ ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ამავე მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის მიხედვით, შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება.
გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ე-–--------–----ს მიერ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტს, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მან შეიძინა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალება კანონით ნებადართული მიზნობრიობის გარეშე, რაც შემდეგში მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. მისი ქმედება, ასევე, მოიცავდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის ფლობას შენობაში (საცხოვრებელ სახლში), ასევე, პირადად, იმგვარად, რომ იგი არ იყო დაკავშირებული მის გადატანასთან (გადაზიდვასთან). შედეგად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის თაობაზე და ამგვარი დასკვნის საფუძვლად მიუთითებს შემდეგს:
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული გაეცნო სასამართლოს 2019 წლის 23 თებერვლის #1---------- განჩინებას პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ; განჩინება და ოქმი ბრალდებულს გადაეთარგმნა მისთვის გასაგებ აზერბაიჯანულ ენაზე, რასაც ადასტურებს თარჯიმანი ა-–-----------–------------ თავისი ხელმოწერით.
მითითებული საგამოძიებო მოქმედების კანონშესაბამისად ჩატარება და ოქმში ასახულ ჩანაწერთა სისწორე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა სამართალდამცავებმა - კ-------------–---–-- და ი-----–--------------, თარჯიმანმა ა-–-----------–-------------; მხარეებმა უდავოდ გახადეს პირადი ჩხრეკის მონაწილე კიდევ ერთი პირის - ზ-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, რაც წარმოადგენს უდავო მტკიცებულებას.
მოწმე ა-–-----------–------------ს (თარჯიმანი) სასამართლოში მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 28 თებერვალს იგი შეხვდა პოლიციის თანამშრომლებს და მათთან ერთად წავიდა სოფელ ფ-------–-ში, სადაც ავტომანქანიდან პირადად ადევნებდა თვალს ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოსული ე-–--------–----ს პოლიციის თანამშრომლების მიერ შეაჩერების ფაქტს, რის შემდეგაც, გამომძიებელთან ერთად, თავადაც მივიდა ე-–--------–-------, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, 3 შეკვრად. მის მიერ სიტყვა-სიტყვით ხორციელდებოდა თარგმნა.
ამდენად, ჩხრეკის ოქმში მითითებულ გარემოებათა სისწორე დადასტურებულია როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების, ასევე, თარჯიმნის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით. ისინი ერთმანეთთან თანხვედრილად მიუთითებენ იმ გარემოებებზე, რაც მითითებულია ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმში. შესაბამისად, სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, ეჭვი შეიტანოს პირადი ჩხრეკის ოქმის კანონიერებაში და გაიზიაროს დაცვის მხარის საპირისპირო პოზიცია, სათანადო მტკიცების გარეშე, იმის თაობაზე, რომ საპროცესო მოქმედების განხორციელების პროცესში თარჯიმანი მივიდა დაგვიანებით და ბრალდებულს არ ეცნობა, თუ რის საფუძველზე ჩატარდა მისი ჩხრეკა.
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ე-–--------–----ს საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში არსებული კომოდის ქვედა უჯრაში ნანახი შარვლის წინა ჯიბიდან ამოღებულია შავი ფერის პოლიეთილენის პარკებში მოთავსებული მუქი ფერის ნივთიერება, ორ შეკვრად დაფასოებული. ჩხრეკის დამსწრე პირის, ბრალდებულის მეუღლის - ჯ----–----–------------ს განმარტებით, აღნიშნული შარვალი ეკუთვნის ე-–--------–----. ჩხრეკის ოქმში მითითებულ გარემოებათა სისწორე და, ზოგადად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერება დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა: გ------------------მ და კ-----------------------მ (სამართალდამცავებმა). ამასთან, მხარეებმა უდავოდ გახადეს ჩხრეკის ოქმში მითითებული პირების: გ--------------------ა და თარჯიმან მ-----------------–---–-ს მონაწილეობა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები. რაც შეეხება ჩხრეკის დამსწრე პირს, ბრალდებულის მეუღლეს - ჯ----–----–------------ს, იგი საქმის არსებითი განხილვის დროს არ დაკითხულა, რამდენადაც ესწრებოდა სასამართლო განხილვის სხდომებს და სხვა მოწმეთა დაკითხვის პროცესს, მიუხედავად შეზღუდვის თაობაზე სასამართლოს განმარტებისა.
დაცვის მხარე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება ბრალდებულის შემხებლობა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ ნარკოტიკებთან. კერძოდ, ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეზე არ ჩატარებულა ბიოლოგიური ექსპერტიზა, არ არის ნივთმტკიცების სახით ამოღებული შარვალი, სადაც ნარკოტიკი აღმოჩნდა, არ დაკითხულა საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულის მეუღლე (ჩხრეკის დამსწრე პირი). შესაბამისად, ვარაუდის საფუძველზე პირის დამნაშავედ ცნობა, მხოლოდ სამართალდამცავი პირების ჩვენებების საფუძველზე, დაუშვებელია. ადვოკატი, ასევე, აღნიშნავს, რომ ნარკოტიკი ბრალდებულს პოლიციელებმა ,,ჩაუდეს‘‘.
სასამართლო აფასებს სადავო საკითხებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით და განმარტავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაბამისად, კონკრეტული მტკიცებულების წარუდგენლობა/მისი საეჭვოობა იმთავითვე უპირობოდ ვერ გამოიწვევს ფაქტის უარყოფას, სასამართლოს შეფასების გარეშე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებულ ჩანაწერთა ნამდვილობას, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების გარდა, ადასტურებენ ბრალდებულის მეუღლე და თარჯიმანი მ-----------------–---–-, რომლის დაკითხვაც დაცვის მხარეს სასამართლოში არ მოუთხოვია და მისი მონაწილეობით განხორციელებული მოქმედებები უდავოდ მიიჩნია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ, ზოგადად, პოლიციელთა ჩვენებებს მცირე მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა არა უპირობოდ, რადგან კუმულაციურად, პარალელურად, ეჭვქვეშ უნდა იყოს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა, მათი კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიების წარმოებასთან მიმართებით. ამგვარი შემთხვევისთვის აუცილებელია ჩვენებათა სარწმუნოობა სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდებოდეს (Ochelkov v. Russia, application no. 17828/05, &90, ECtHR, 11.04.13).
განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი პოლიციელთა ჩვენებების სანდოობაში არ არსებობს, ვინაიდან მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და, როგორც ერთმანეთთან, ისე, საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა სამართალდამცავების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებათა სისწორეს. მტკიცებულების გაბათილება, როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, ხოლო დაცვის მხარე მიუთითებს მხოლოდ ვერსიებზე ცალკეული დარღვევებისა და ნარკოტიკული საშუალების შესაძლო ჩადების შესახებ.
დაცვის მხარის პოზიციის გაზიარებისთვის სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი იმ კუთხითაც, რომ ჩხრეკის ოქმის ნამდვილობას ადასტურებს, ასევე, თარჯიმანი მ-----------------–---–- (უდავო მტკიცებულება). მისი მიკერძოების თაობაზე ეჭვი კი მხარეებს, მათ შორის, დაცვის მხარეს არ დაუფიქსირებია. ამასთან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არც სასამართლოს გააჩნია მსგავსი ვარაუდის საფუძველი.
რაც შეეხება ბრალდებულის შემხებლობას სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების კუთვნილებასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოღებულია ბრალდებულის საძინებელი ოთახიდან, შარვლიდან, რომელიც, ბრალდებულის მეუღლის განმარტებით, თავად ბრალდებულს ეკუთვნის. ამასთან, იგივე სახეობის ნარკოტიკი, ჰეროინის სახით, იმავე დღეს ამოღებულია ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად. შესაბამისად, გარემოებათა ამგვარი თანხვედრის პირობებში, სასამართლო ვერ დაუშვებს ეჭვს, რომ ბრალდებულის საძინებელ ოთახში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ყოფილიყო სხვისი.
ამასთან, ნივთზე გენეტიკური პროფილის დაუდასტურებლობასთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს ამ კუთხით ჩამოყალიბებულ მყარ სასამართლო პრაქტიკაზე და აღნიშნავს, რომ უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნივთზე შეიძლება არ აღმოჩნდეს პირის გენეტიკური პროფილი. თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა წახალისდეს კრიმინალი, იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინება #96აპ-17, 10.05.17).
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაშიც, გენეტიკური პროფილის დადასტურების აუცილებლობას არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა კონკრეტული საქმისთვის, რადგან საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბრალდებულის კავშირი ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებით.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის დანართი #2-ის ,,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის‘‘ მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინისთვის განსაკუთრებით დიდ ოდენობას წარმოადგენს ამ ნარკოტიკის საწყისი რაოდენობა 1 გრამიდან.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-–--------–----ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ჯამში საერთო წონით 16,485 გრამი. შესაბამისად, დანაშაულის კვალიფიკაცია იმ კუთხით, რომ ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, სრულიად მართებულია.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულ ე-–--------–----ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ე-–--------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნისას, ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების ფარგლებში, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს პრინციპით - ,,არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე‘‘ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი).
ე-–--------–----ს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის ზოგადსაზოგადოებრივ საშიშროებას და ამგვარ დანაშაულთან ბრძოლის მკაცრი პრევენციული მიდგომის საჭიროებას, ასევე, იმ გარემოებებს, რომ ბრალდებულს ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, წარსულში ნასამართლევი არ არის, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) მიღწევა შესაძლებელი იქნება ისეთი სახისა და ზომის სასჯელის დანიშვნით, რომელიც მიახლოებული იქნება სასჯელის მინიმალურ ვადასთან.
ამასთან, ე-–--------–----, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთას ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე-–--------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ე-–--------–---- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 28 თებერვლიდან.
ე-–--------–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ე-–--------–----, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული საშუალებები, შესაფუთი მასალა და ნერწყვის ნიმუში განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე